ქართული გალობა
ძველი იადგარიჯერ კიდევ ადრეულ შუა საუკუნეებში, საეკლესიო კალენდრის შევსებასთან ერთად, მოზღვავდა დიდი რაოდენობა საგალობლებისა; შეიქმნა ჰიმნის ახალი სახეობები. სამგალობლო რეპერტუარის მნიშვნელოვანმა ზრდამ ხელი შეუწყო ერთ-ერთი უძველესი ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულის, იადგარის ჩამოყალიბებას. იადგარი ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის განვითარების ადრეულ ეტაპს ასახავს (ტერმინი "იადგარი" სპარსული წამომავლობისაა, ნიშნავს "ხსოვნას", "მოგონებას", "გახსენებას", "სახსოვარს"). იგი წმინდანთა მოსახსენებელ საგალობელთა კრებულს უნდა აღნიშნავდეს. საგალობელთა ამ ტიპის ბერძნული ხელნაწერები "ტროპოლოგიონის" (ტროპარების კრებული) ან "მენაიონის" (იგივეა, რაც თვენი) სახელითაა ცნობილი. ჩვენამდე მოღწეულია ძველი იადგარის რამდენიმე ნუსხა. მათგან ყველაზე ვრცელია ე.წ. ჭილ-ეტრატის იადგარი. მისი უნივერსალობის შესახებ კ. კეკელიძე აღნიშნავდა: "ამ ხელნაწერში ჩვენ გვაქვს ერთადერთი ნიმუში იმ წიგნისა, რომელიც სრულებით აკმაყოფილებდა ლიტურგიკულ მოთხოვნილებას VIII-IX საუკუნეებამდე, ვინაიდან იმაში მოთავსებულია ყველა ის დიდი წიგნი, რომლებიც აუცილებელია ეკლესიაში სახმარებლად". აქ თავმოყრილია თვენი, მარხვანი, ზატიკნი და პარაკლიტონის ადრეული, თავისებური სახე. ბოლოს განახლდა (FRIDAY, 17 FEBRUARY 2012 18:21) |
|
|