Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ერთ-ერთი სქოლიო (96-ე) დართული წმ. იოანე დამასკელის სიტყვებზე :ნების განღმრთობასაც ვამბობთ, მაგრამ არა ისე, რომ თითქოს შეიცვალა ბუნებითი მოძრაობა, არამედ იმგვარად, რომ შეუერთდა იგი სიტყვის საღვთო და ყოვლადძლიერ ნებას და გახდა განკაცებული ღვთის ნება. ამიტომ, როდესაც ქრისტემ, ერთი მხრივ, ინება დაფარულიყო, ვერ შეძლო ეს, სათნოიჩინა რა ღმერთმა-სიტყვამ, რომ თავისი თავის მიერ გაეცხადებინა მასში ჭეშმარიტად მყოფი უძლურება ადამიანური ნებისა. მეორე მხრივ, ინება მან და იმოქმედა კეთროვნის განწმენდა საღვთო ნებასთან ერთობის შედეგად" ("მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", თავი 61).

აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს ხსენებული ნაშრომის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილს, სადაც დამასკელი ზედმიწევნით განმარტავს მაცხოვართან დაკავშირებულ ცნობილ სახარებისეულ უწყებას იმის შესახებ, თუ როგორ ვერ შეძლო უფალმა დაფარულიყო, ნებავდა რა ეს. სწორედ აღნიშნული უწყება მოიხმობოდა და მოიხმობა ნესტორიანელთა მხრიდან იმის საჩვენებლად, თუ როგორ იყო თითქოსდა რეალურად უძლური მაცხოვარი კაცობრივად, არ უკვირდებიან რა, რომ იქვე იმავე წმინდა უწყებაში უცხადესადაა ნამცნები კაცობრივი ნებისთვის აბსოლუტურად შეუძლებლის აღსრულება უფლისგან სწორედ იმავე კაცობრივი ნებით. კერძოდ, ვგულისხმობთ კეთროვნის განკურნებას, რასაც ქალკედონური ღვთისმეტყველება და თვით იოანე დამასკელიც სწორედ მაცხოვრის კაცობრივ ნებას განუკუთვნებს. შესაბამისად რა დასკვნას ვაკეთებთ ზემოთქმულიდან? ნუთუ წმინდა სწავლება თავის თავს ეწინააღმდეგება, როდესაც, ერთი მხრივ, მიგვითითებს იმაზე, რომ მაცხოვრის კაცობრივი ნება მოქმედებს მისთვის ბუნებითად აბსოლუტურად შეუძლებელს, მეორე მხრივ კი იგივე ნება თითქოსდა ბუნებითი უძლურების ქვეშაა დაკირთებული და მოკლებულია ძალმოსილებას ანუ რეალურად მარად-უძლურია.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 07 OCTOBER 2020 12:56)

დაწვრილებით...

 

ნესტორიანული ორჰიპოსტასობა გულისხმობს იმას, რომ თუ განკაცებული ლოგოსი ღირსებითად სრულიქმნებოდა და ვითარდებოდა, იგი ბუნებითი ღმერთი არ უნდა ყოფილიყო. მაგრამ ნესტორი აღიარებდა ლოგოსის ღმერთობას, რის გამოც იგი მამის სიტყვას ანუ ღმერთ-ლოგოსს ჰიპოსტასურად განაშორებდა სრულქმნადი კაცობრივი ბუნებისგან და რადგან, ამასთან, შეუძლებელი იყო, რომ ბუნებას ჰიპოსტასი არ ჰქონოდა, საკუთრივ კაცობრივი ბუნების ჰიპოსტასად მას შემოჰყავდა გონებრივ-სულიერი განვითარებადობის დამტევი კაცი-პიროვნება იესო, რომ ამა გზით ლოგოსი (მამის ძე) გათავისუფლებულიყო სიბრძნესა და მადლში ეტაპობრივი განვითარებადობა-სრულქმნადობის ბრალდებისგან, ე.ი. იმ ბრალდებისგან, რაც გარდაუვალ საფრთხეს უქმნიდა ლოგოსის ბუნებითი ღმერთობის უეჭველობას [ვინაიდან, კვლავ აღვნიშნავთ, განვითარებადი არსის ბუნებითი ღმერთობა შეუძლებელია], მაგრამ ნესტორი ჩავარდა მეორე უმძიმეს გაუკუღმართებაში, ვინაიდან მან, როგორც ვნახეთ, ლოგოსი ჰიპოსტასურად განაშორა გონებრივ-სულიერად ანუ ღირსებითად სრულქმნადი კაცობრივი ბუნებისგან და ამ უკანასკნელის [ე.ი. სრულქმნადი კაცობრივი ბუნების] ჰიპოსტასად, ნაცვლად ყოვლადსრული ლოგოსისა ანუ ბუნებითი ღმერთ-ჰიპოსტასისა [ე.ი. ნაცვლად მამა-ღმერთის ბუნებითი ძისა], მან შემოიყვანა მეორე პიროვნება, სრულქმნადობა-განვითარებადობას დაქვემდებარებული ადამიან-ჰიპოსტასი იესო, ძე მარიამისა, ვინაიდან, კვლავ აღვნიშნავთ, ნესტორის გაგებით, განვითარებადი და ეტაპობრივად სრულქმნადი კაცობრივი ბუნების მქონედ ძე-ღმერთის ჰიპოსტასის მიჩნევა გამოიწვევდა თავად ძე-ღმერთის ანუ ლოგოსის განვითარებადობის აღიარებას [რეალურად განვითარებადი ბუნების მქონე ჰიპოსტასი უთუოდ თავადაც განვითარებადია] და, შესაბამისად, მისი (ძე ღმერთის, იგივე ლოგოსის) ბუნებითი ღმერთობის უარყოფას ანუ მის აღიარებას ოდენ ქმნილებად [სრულქმნად-განვითარებადი არსი უთუოდ ქმნილებაა].

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 23 APRIL 2020 16:54)

დაწვრილებით...

 

ერთ-ერთი სქოლიო, დართული იაკობ ხუცესის თხზულებაზე "წამება წმინდა მოწამე შუშანიკ დედოფლისა"

 

ქრისტიანულ მწერლობაში არაიშვიათია "ქნარის" (ბერძნ. κιθάρα) ანუ "ებანის" სახისმეტყველებითი განმარტებანი. მაგალითად, ორიგენე ასეთ კომენტარს უკეთებს 56.9 ფსალმუნურ მუხლს ("გაიღვიძე, დიდებავ ჩემო; გაიღვიძე, საფსალმუნევ და ქნარო; გავიღვიძებ განთიადისას"): "დავითი თავის თავს უბრძანებს, რომ საღვთო საგალობელი შეთხზას მან (ἐξυφαίνειν). იგი "თავის დიდებად" ("დიდებავ ჩემო") სახელდებს წინასწარმეტყველურ მადლს, საკუთარ თავს კი უწოდებს "საფსალმუნეს" და "ქნარს" (=ებანს, κιθάραν), როგორც სულიწმიდის ორღანოდ (ὄργανον) ქმნილს, მოასწავებს რა "საფსალმუნის" მიერ სულს (ψυχήν), ხოლო "ქნარის" მიერ - სხეულს. სწორედ ამ ჩვეულ ორღანოებს (=საკრავებს) განასახიერებს იგი კვლავ, რომ ჩვეულებისამებრ ააჟღეროს, სულიწმიდისგან რაც შთაეგონა. და ბოლოს, დასძენს: "მე გავიღვიძებ განთიადისას", ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა: "წინასწარმეტყველური სულით განათლებული არა მხოლოდ ამჟამად ვუგალობებ [უფალს], არამედ მზე რომ ამოვა და სამომავლო დღის განთიადს რომ გამოაჩინებს, ყველა ხალხისა და მორწმუნე ერის მემწყობრეთმოძღვარი (χοροδιδάσκαλος1) ვიქნები" (ორიგენე, ფსალმუნთა შესახებ, 56.9).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 21 მაისი 2020 10:23)

დაწვრილებით...

 

ერთ-ერთი სქოლიო, დართული "მშვენიერებათმოყვარეობის" (I.II) ქართულ თარგმანზე, წმ. ნილოს სინელის სიტყვებზე: წმ. ნილოს სინელის სიტყვებზე: „ამრიგად გაქვს ოთხკუთხედი გამოსახულება სათნოებათა ოთხეულობის გამო“ (სქოლიო 17).

ანტიკური ეპოქიდან მომდინარე მიიჩნეოდა, რომ არსებობს ოთხი უმთავრესი სათნოება, რომლებისგანაც იშვებიან სხვა სათნოებანი. მათ შესახებ პლატონი აღნიშნავდა: „არის კი, მაშ, რამ უმჯობესი კანონმდებლისა და კანონთმცველისთვის... იმაზე მეტად, რაზეც ამჟამად ვსაუბრობთ და რაც არის ახოვანება, მრთელცნობიერება, სამართლიანობა და ცნობადობა“? (Leges 12, 964.b.3-b.6: Μεῖζον δή τι νομοθέτῃ τε καὶ νομοφύλακι, καὶ ὃς. ἀρετῇ πάντων διαφέρειν οἴεται καὶ νικητήρια τούτων αὐτῶν. εἴληφεν, ἢ ταῦτα αὐτὰ περὶ ὧν νῦν λέγομεν, ἀνδρεία, σωφροσύνη, δικαιοσύνη, φρόνησις; Platonis Opera, Recognovit Breviqve Adnotatione Critica Instrvxit Ioannes Burnet, Tomus V, Tetralogiam in Definition et Spuria Continens, Pars II, Oxonii, 1900).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 08 AUGUST 2019 19:15)

დაწვრილებით...

 
More Articles...