"სიტყუაჲ ჯუარისათჳს და წმიდათა ხატთა, ჴელითქმნულთა და ჴელითუქმნელთათჳს, მწვალებელთა მათ მიმართ, რომელნი ჯუარსა ხოლო თაყუანის-სცემენ და ხატთა არა"
ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, შენიშვნები, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო იოსებ გელუკაშვილმა
საქართველოში პირველად ქვეყნდება VII-VIII ს-ის სახელგანთქმული მოძღვრის, წმინდა გერმანე კონსტანტინეპოლელის სახელით ცნობილი ქადაგება, რომელიც ბერძნულ ორიგინალში დაკარგულია. ძეგლში ეკლესიური პოზიციიდან არის მხილებული ხატმებრძოლთა ერესი და, სავარაუდოდ, ამ თემისადმი მიძღვნილ ჰომილიებს შორის უძველესია. მისი ძველი ქართული თარგმანი შესრულებულია XI ს-ში დიდი ქართველი მოღვაწის, წმინდა ეფრემ მცირის მიერ.
გვსურს ქედდადრეკით უღრმესი მადლობა გადავუხადოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ეს, ვისი ლოცვა-კურთხევითაც, სხვებთან ერთად, საშუალება მოგვეცა თბილისის სასულიერო აკადემიაში სწავლა-განათლების მიღებისა; ასევე, სასწავლებლის მთელს პროფესურას, განსაკუთრებით, სემინარია-აკადემიის ლექტორებს: პროფ. ედიშერ ჭელიძესა და პროფ. დოდო (მარიამ) ღლონტს, რომლებმაც წინამდებარე ნაშრომზე მუშაობისას ფასდაუდებელიდახმარება გაგვიწიეს; აგრეთვე, თბილისის ხელნაწერთა ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებს და უანგარო მორწმუნეს, ბატ. ამირან გაფრინდაშვილს.
ბოლოს განახლდა (THURSDAY, 24 JANUARY 2019 13:27)
დაწვრილებით...
|
წინამდებარე პუბლიკაცია ღვთის ბუნებითი უხილავობის შესახებ მსჯელობას ორი მიმართულებით წარმართავს. კერძოდ, ხუთწიგნეულში აღწერილია, თუ როგორ განიზრახა სინას მთაზე განმარტოებულმა წინასწარმეტყველმა მოსემ საღთო დიდების ხილვა1, რაზეც ღმერთი ამგვარად უპასუხებს მას: "არა იხილოს კაცმან პირი ჩემი და ცხონდეს" (გამოს. 33.20). საეკლესიო ლიტერატურაში აღნიშნული ბიბლიური მუხლი ორნაირად განიმარტება. განხილვას პირველი მნიშნელობით დავიწყებთ. წმინდა გრიგოლ ნოსელის თანახმად, მთაზე ამაღლებული დიდი მოღვაწე საღვთო ბუნების განჭვრეტას დაეშურა. დავიმოწმებთ შესაბამის ადგილს: "... ევედრების [მოსე], რაჲთამცა გამოუჩნდა მას ღმერთი, არათუ ვითარ მას ძალ-ედვა ხილვად, არამედ ვითარცა იგი თავადი არს"2.
პირველი მნიშვნელობის თანახმად, ღვთის პირის უხილავობა გულისხმობს, რომ ქმნილება ვერასოდეს შეიმეცნებს საღვთო ბუნებას, რადგან შეუძლებელია, დროითა და სივრცით გარეშემოწერილი გონიერი არსება (ანგელოზი თუ ადამიანი) მარადიულ, ყველგანმყოფ ღმერთს არსობრივად ჭვრეტდეს; ხოლო თუკი ვინმე დაუსაბამო ბუნების მხილველობას მიაწერს საკუთარ თავს, ჭეშმარიტებისაგან გარემიქცეული, სიცრუის მქადაგებელი აღმოჩნდება. აი, რას ბრძანებს აღნიშნულის შესახებ ღირსი გრიგოლ ნოსელი:
ბოლოს განახლდა (THURSDAY, 21 DECEMBER 2017 21:58)
დაწვრილებით...
აღნიშნულ კითვაზე დოგმატური პასუხი მართლმადიდებელმა ეკლესიამ გასცა თავისი ამქვეყნიური დაფუძნებისთანავე. მეტიც, თვით წმინდა ოთხთავში უცხადესადაა ნაუწყები, რომ მაცხოვრის ყოვლადპატიოსანი და ყოვლადუცოდველი ხორცი უკლებლივ ყველა თავისი ბუნებითი თვისებით იყო აბსოლუტურად იმგვარი, როგორიც გახდა ადამის ხორცი ცოდვითდაცემის შემდეგ. მართლაც, წმინდა მოძღვართა მიერ შეუძრავ და ცხონების ქვაკუთხედ დებულებად არის დადებული სწავლება იმის შესახებ, რომ პირველცოდვამ ადამის სხეული, რაც მანამდე ღვთის მადლით იყო უხრწნადი, უკვდავი და უვნებო (ანუ ცოდვამდელი სხეული არ ექვემდებარებოდა სიკვდილს და არ განიცდიდა არანაირ ვნებულებას - არც შიმშილს, არც წყურვილს, არც დაღლას, არც ძილს და არაფერს ამგვარს სხვას, რაც კი უყვედრელ ვნებულებად იწოდება), ცოდვისა და დაცემის შემდეგ გახდა ბიოლოგიურად ხრწნადი, მოკვდავი და ვნებული (ანუ დაექვემდებარა უყვედრელ ვნებულებებს: შიმშილს, საზრდოს მსაჭიროებლობას, წყურვილს, მოწყლვადობას, ხორციელ ტკივილს, ძილს, გამონადენს, დაღლადობას და ა.შ.). შესაბამისად, უნათლესია, რომ მაცხოვარი, რომელსაც კაცობრივად ჭეშმარიტად მოშივდა, ჭეშმარიტად მოსწყურდა, ჭეშმარიტად დაიღალა, ჭეშმარიტად ეძინა, ჭეშმარიტად ჰქონდა ოფლი, ცრემლი, სისხლი, ჭეშმარიტად იტანჯა (ივნო) ჯვარზე და ა.შ., თავისი კაცობრივი სხეულით ბუნებითად უიგივდებოდა ადამის ცოდვითდაცემულ ხორცს, იმ განსხვავებით, რომ მაცხოვარმა ამგვარი (ცოდვითდაცემული და დასნეულებული) სხეული მიიღო ყოვლად უცოდველად ანუ სრული უცოდველობით, მაშინ როცა ადამმა (და ადამში მთელმა კაცობრიობამ) სწორედ საკუთარი ცოდვით და დანაშაულით (გარდასვლით) თვით დაისნეულა თავისი თავი და სამართლიანად მიიღო სასჯელი, ერთ მხრივ, ხორციელი მოკვდავობა, ხრწნადობა და ვნებადობა, მეორე მხრივ კი, ხორციელი სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში შთაკვეთებულობა ანუ სულიერი სიკვდილი.
ბოლოს განახლდა (TUESDAY, 15 AUGUST 2017 16:38)
დაწვრილებით...
მონაკვეთი წიგნიდან "საეკლესიო დოგმატიკა და ერესები"
ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტი (ორიგინალის და პარალელური თარგმანების დართვით, წყაროზე მითითებით და დამატებითი სქოლიოებით) მოთავსებულია ხსენებული წიგნის 830-868 გვერდებზე
მოვუსმინოთ წმ. იოანე დამასკელის საუკუნოვან განჩინებას
"წარმატების შესახებ
ამასთან, ითქმის, რომ იგი "წარემატებოდა სიბრძნით, ასაკითა და მადლით" (ლუკა 2,52), რადგან, ერთი მხრივ, იზრდებოდა ასაკით, და ასაკის ზრდის შედეგად სააშკარაოზე გამოჰქონდა თავის თავში არსებული სიბრძნე, მეორე მხრივ კი - ყოვლითურთ განიკუთვნებდა რა ჩვენეულს, საკუთარ წარმატებად აქცევდა იგი ადამიანთა წარმატებას სიბრძნეში და მადლში, აგრეთვე მამისეული სათნოჩენის სრულყოფას, რაც არის ადამიანთა ღვთისმცოდნეობა და ხსნა. მაგრამ ვინც ამბობს, რომ წარემატებოდა იგი სიბრძნით და მადლით როგორც მიმღები ამათი შემატებისა, ამგვარი ვინმე არც იმას ამბობს, რომ ხორცის პირველწარმოქმნიდანვე1 მოხდა შეერთება2, არცთუ ჰიპოსტასურ შეერთებას თვლის იგი რადმე, არამედ ერწმუნება ამაოდ-მბრძნობ ნესტორს და შეფარდებითი შეერთებისა3 და ლიტონი შთამკვიდრებულობის4 მეზღაპრე ხდება, "არ უწყის რა არც ის, რას ამბობს, და არც ის, რის შესახებ ამტკიცებს" (1 ტიმ. 1,7). მართლაც, თუ ჭეშმარიტად შეუერთდა ღმერთ-სიტყვას ხორცი5 თავისი პირველწარმოქმნიდანვე ანდა, უკეთ, თუ ღმერთ-სიტყვაში მყოფობდა იგი და ჰიპოსტასისეული იგივეობა ჰქონდა მასთან, როგორღა არ გამდიდრდებოდა იგი სრულყოფილად ყველა სიბრძნითა და მადლით, თუმცა არა როგორც წილმიმღები მადლისა, არცთუ მომადლებით წილმქონე სიტყვისეულთა, არამედ, უმალ შედეგად ჰიპოსტასური ერთობისა და, აგრეთვე, ადამიანურთა და საღმრთოთა ერთი ქრისტესად მყოფობის გამო, რადგან თვითვე იყო ერთდროულად ღმერთიც და ადამიანიც, ქვეყნიერებისათვის მადლის, სიბრძნისა და ყოველგვარ სიკეთეთა სისავსის აღმომაცნებელი" (გარდამოცემა, თ. 66; დასახ. გამოც. გვ. 415-416).
ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 JULY 2017 09:51)
დაწვრილებით...
|
|