მცირე ხნის წინ გამოქვეყნდა ფილოლოგიის და თეოლოგიის დოქტორის ედიშერ ჭელიძის მიერ მომზადებული "მრავალენოვანი ბიბლია" (I ნაწილი, "შესაქმე"). გთავაზობთ ამ წიგნის შესავალ ნაწილს
წინათქმა
„მრავალენოვანი ბიბლია“ ანუ “Biblia Polyglotta” ბიბლეისტური კვლევის უმნიშვნელოვანესი შენაძენია, ვინაიდან მასში პარალელურ სვეტებად არის წარმოდგენილი მთელი ბიბლიის სხვადასხვაენოვანი ტექსტი. ამ მხრივ პირველი ნაბიჯი არსებითად ორიგენემ გადადგა, როდესაც მან შეადგინა თავისი სახელგანთქმული „ჰექსაპლები“, თუმცა აღნიშნული ნაშრომი მხოლოდ ებრაულ-ბერძნულ ტექსტებს შეიცავდა (პირველი სვეტი - ებრაული ტექსტი, მეორე - ებრაული ტექსტის ბერძნული ტრანსლიტერაციაა, მესამე - აკვილას თარგმანი, მეოთხე - სვიმაქოსის თარგმანი, მეხუთე - სეპტუაგინტა, მეექვსე - თეოდოტიონის თარგმანი).
პირველი „მრავალენოვანი ბიბლია,“ ამ ტერმინის თანამედროვე გაგებით, ესაა კომპლუტუმის ცნობილი პოლიგლოტას ექვსტომეული, გამოცემული Diego López de Zúñiga -ს ხელმძღვანელობით 1514-1520 წწ-ში1. მასში „ძველი აღთქმა“ წარმოდგენილია სამ სვეტად (ებრაულად, ლათინურად და ბერძნულად), რასაც ემატება ონკელოსის თარგუმის არამეული ტექსტი, (ლათინური თარგმანითურთ) და ახალი აღთქმა ბერძნულ-ლათინურად. წიგნში აღნიშნული ტექსტების განლაგება კარგად ჩანს ქვემოთ წარმოდგენილ სქემაზე: