ედიშერ ჭელიძე - დაცემულ ძალთა ბუნების შესახებ
მონაზონ გიორგის (ასკურავას) თეოლოგიური კითხვები თეოლოგიის დოქტორ ედიშერ ჭელიძესთან
კითხვა: მოგესალმებით, ბ-ნო ედიშერ. მე, საზოგადოდ, ლიტურგიკულ საკითხებზე მოგმართავთ თქვენ, თუმცა ამჯერად საკუთრივ საღვთისმეტყველო-დოგმატური კუთხით მაქვს შეკითხვები, გამომდინარე იმ გაურკვევლობიდან, რაც ბოლო ხანებში შეიქმნა დაცემულ ძალთა ბუნებასთან დაკავშირებით. ვგულისხმობ რამდენიმე პუბლიკაციას, აგრეთვე, ინტერნეტ-რესურსებით გავრცელებულ მასალას, საეთერო გამოსვლებს, ზოგიერთ ქადაგებას და პირად საუბრებსაც კი, რომლებშიც არაიშვიათად ზემომითითებული თემა განიხილება ბევრი ჩვენგანისთვის მეტად პრობლემურად.
პასუხი: მე, სამწუხაროდ, არ ვიცნობ თქვენს მიერ ნაგულისხმევ მასალებს და მხოლოდ თქვენგან ვიგებ პირველად, რომ ამ საკითხზე რაღაც გაურკვევლობაა, ვინაიდან დაცემულ ძალთა შესახებ საბოლოო დოგმატური პასუხი წმინდა ეკლესიას, რათქმაუნდა, გაცემული აქვს და არ ვიცი ამ მხრივ რა ბუნდოვანება უნდა არსებობდეს, თუმცა თუ უფრო დამიკონკრეტებთ იმ გაურკვევლობებს, რაც მხედველობაში გაქვთ, შევეცდები უფრო ნათლად გიპასუხოთ.
კითხვა: დავიწყოთ მთავარი გაურკვევლობით: ქვეყნდება წმინდა მოძღვართა გამონათქვამები, რომელთა საგანგებო დოგმატური განმარტება თქვენი მხრიდან, ვფიქრობთ, აუცილებელია, ვინაიდან ჩვენს მიერ მოხსენებულ მასალებში წარმოდგენილი განმარტების მიღება მეტად გვიძნელდება.
პასუხი: კერძოდ, წმინდა მოძღვართა რომელ გამონათქვამს გულისხმობთ?
კითხვა: პირველ რიგში, ალბათ, წმ. დიონისე არეოპაგელისას, რომლის თქმითაც, როგორც ციტირებენ, ერთი მხრივ, "არცა ეშმაკნი ბუნებით ბოროტ არიან", მეორე მხრივ კი, "არიან იგინი ყოვალდსავსე და ყოვლადბრწყინვალე". აღნიშნულ გამონათქვამთა საფუძველზე კეთდება დასკვნა, რომ "ეშმაკი ბუნებით უბოროტოა".
პასუხი: ქვემოთ, ალბათ, მოგვეცემა შესაძლებლობა უფრო ვრცელი განმარტებისა, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ შეუძრავი საეკლესიო დოგმატით (და ეს ცნობილია ყველა მორწმუნისთვის), ყოვლადკეთილი ღმერთი არის შემოქმედი ყველა ქმნილებისა, რის გამოც აბსოლუტურად ყველა ქმნილება, - მათ შორის ეშმაკიც, ისევე როგორც ჯოჯოხეთში დამკვიდრებული ადამიანური სულებიც, და ხრწნადი მატერიაც, - თავისი პირველ საფუძვლით ანუ ღვთივშექმნილი ბუნებით უთუოდ კეთილია. განსხვავებას გონითი ქმნილებების სიკეთე-ბოროტებას შორის ქმნის არა ამა თუ იმ ღვთივშექმნილი ბუნების რაობა, რაც როგორც აღვნიშნეთ ყოვ ლითურთ კეთილია, არამედ აღნიშნულ ბუნებათა ღვთიურობის ნებსითი შენარჩუნება-ვერშენარჩუნების საკითხი რომელიმე გონითი ქმნილების ჰიპოსტასში. ხაზს გავუსვამთ (და ქვემოთაც განვმარტავთ), რომ ქმნილებათა რაობასთან დაკავშირებით ტერმინი "ბუნება" წმინდა მოძღვართა შრომებში ნიშნავს "ღვთივშექმნილ არსობრივ პირველსაფუძელს". შესაბამისად, ეშმაკნიც და ჯოჯოხეთის მკვიდრი ადამიანებიც (აგრეთვე, მატერიაც) თავიანთი პირველქმნილი ბუნებით კეთილად არიან დაბადებულნი. ამიტომ, წმ. დიონისე არეოპაგელის სწავლება იმის შესახებ, რომ "არცა ეშმაკნი ბუნებით ბოროტ არიან", დოგმატური ჭეშმარიტებაა, ისევე როგორც ისიც, რომ ეშმაკი ვიდრე დაცემამდე საღვთო სინათლით იყო გაბრწყინებული. ამ საკითხზე თბილისის სასულიერო აკადემიის შრომებში და სხვა პუბლიკაციებშიც რამდენიმე სტატია გამოქვეყნდა (მათ შორის, ჩემიც) და აღნიშნულ სწავლებას ალტერნატივა არ აქვს.
კითხვა: თქვენი ეს პასუხი სავსებით გასაგებია და ამ მხრივ გაურკვევლობა არც არსებობს. დიდი სიძნელე სხვა მხრივ იჩენს თავს.
პასუხი: კერძოდ, რა მხრივ?
კითხვა: საკითხის პრობლემურობა რომ უფრო გამოიკვეთოს, აღვნიშნავთ, რომ წმ. დიონისე არეოპაგელის ზემორე გამონათქვამებზე და კიდევ რამდენიმე სხვა სახელგანთქმული წმინდანის სიტყვებზე დაყრდნობით კეთდება დასკვნა არა მხოლოდ იმის შესახებ, რომ, როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ყველა ქმნილება თავისი ღვთივშექმნილი ბუნებით ანუ თავისი არსობრივი პირველსაფუძვლით კეთილად არის შექმნილი ღვთისგან, არამედ - იმის შესახებაც, რომ კონკრეტულად ეშმაკნი დაცემის შემდეგაც ანუ სადღეისოდაც (და მარადიულად) თითქოსდა კვლავაც ზედმიწევნით იმავე დაუცემელ და ყოვლადღირსეულ ბუნებას შეიცავენ თავიანთ ჰიპოსტასებში, რაც დაცემამდე ჰქონდათ. უფრო დაკონკრეტებით თუ ვიტყვით, პირდაპირ ასკვნიან, რომ ზეციურ ძალთაგან ისინი, რომლებიც საკუთარი შეგნებული არჩევანით განუდგნენ ღმერთს და დაეცნენ ზეციდან ანუ გაუკუღმართდნენ და ეშმაკნი გახდნენ, მხოლოდ ამ არჩევანში არიან გაუკუღმართებულნი, ხოლო მათი ბუნებითი მდგომარეობა დაცემის შემდეგაც ისევე აბსოლუტურად წმინდაა და ღირსებითად შეუბღალავი, ისევე ყოვლადბრწყინვალეა და ყოვლადსრული, როგორიც იყო პირველშექმნისას და როგორიც მარადიულად აქვთ დაუცემელ ძალებს ანუ ღვთის ანგელოზებს, რაც, აღნიშნული თვალსაზრისის მიხედვით, ნიშნავს, რომ ეშმაკები მხოლოდ პიროვნულად, ჰიპოსტასურად დაეცნენ, მათ ჰიპოსტასებში არსებულ ბუნებას კი ეს დაცემა თითქოსდა არანაირად არ შეჰხებია, ანუ მათში (ეშმაკებში) დაცემის შემდეგაც ანგელოზური ბუნება კვლავაც თითქოსდა სრული სიწმინდითაა შენარჩუნებული. ამასთან, პარალელი გაივლება ადამიანთა დაცემასთან და ხაზი გაესმის იმ განსხვავებას, რაც თითქოსდა ამ ორ დაცემას შორის არსებობს. იგულისხმება, კერძოდ, ის, რომ, როგორც მიუთითებენ, ერთი მხრივ, ადამიანები დაეცნენ და გაუკუღმართდნენ პიროვნულადაც და ბუნებითაც ანუ დაეცა ადამიანური პიროვნებაც და ბუნებაც, ხოლო, მეორე მხრივ, ეშმაკები მხოლოდ პიროვნულად გაუკუღმართდნენ, ბუნებითი მდგომარეობით კი თითქოსდა მარადიულად კვლავაც ყოვლითურთ უბიწონი და ყოვლადკეთილნი ნარჩუნდებიან, ანუ ეშმაკთა დაცემას არ გამოუწვევია ანგელოზური ბუნების დაცემა, ეს კი, კვლავ ყურადღებას მივაქცევთ, თითქოსდა ნიშნავს იმას, რომ დაცემულ ანგელოზებში ანუ ეშმაკებში დაცემის შემდეგაც დაცულია ზედმიწევნით იგივე ბუნებითი ღირსებანი, ყოველგვარი გაუკუღმართების გარეშე, რაც მათ დაცემამდე ჰქონდათ და რაც მარადიულად აქვთ ღვთის ანგელოზებს.
აი, ამგვარია, შეჯამებულად, დაცემულ ძალთა ბუნების შესახებ ზემონახსენებ მასალებში გადმოცემული განმარტება, რაც ძალიან დიდ გაურკვევლობას გვიქმნის. თქვენი შეხედულება როგორია?
პასუხი: ის, რაც თქვენ შეჯამებულად წარმოადგინეთ, იმდენ მძიმე ცთომილებას შეიცავს, რომ არც კი ვიცი, რომლით დავიწყო, თუმცა ვინაიდან საქმე ეხება დაცემულ ძალთა ბუნებას (არსებას), ვფიქრობთ, უმჯობესია ჯერ ზოგადად "ბუნების" კვლევის მეთოდს შევეხო, ვინაიდან, როგორც ვხვდები, ცთომილების ძირითადი სათავე სწორედ არამართებული კვლევითი მეთოდია.
ვგულისხმობთ, კერძოდ, შემდეგს:
წმ. იოანე დამასკელმა დებულებითად შეაჯამა ის აუცი ლებელი პრინციპები, რითაც უნდა ვხელმძღვანელობდეთ მსჯელობის დროს ვინაიდან აღნიშნული პრინციპების არცოდნა ან დარღვევა გარდაუვლად განაპირობებს დოგმატის გაუკუღმართებას. ეს ნიშნავს, სახელდობრ, იმას, რომ ცნება "ბუნება" ყოველთვის იგივეობრივად არ განიხილება. უფრო კონკრეტულად, შესაძლებელია "ბუნების" რაობის სამგვარი განხილვა:
(1) "ბუნება" განყენებულად, განჭვრეტითად, რაც თუმცა რეალობაში არ არსებობს, მაგრამ შეგვიძლია ჩვენს გონებაში გავიაზროთ;
(2) "ბუნება" ამ "ბუნების" მქონე ყველა ჰიპოსტასში ანუ პირში;
(3) "ბუნება" ერთ ცალკეულ ჰიპოსტასში ანუ ერთ კონკრეტულ პირში.
აი, წმ. იოანე დამასკელის მითითება:
"ბუნება შეიცნობა ან ლიტონი განჭვრეტით (რადგან იგი თავისთავად არ გვამოვნობს), ან - ზოგადად ყველა თანასახოვან ჰიპოსტასში, არის რა მათი შემაკავშირებელი (და ითქმის სახეობაში განჭვრეტილ ბუნებად) ან კიდევ - მთლიანად იმავედ ერთ ჰიპოსტასში, შემთხვევითთა შემატებით (და ითქმის ინდივიდში განჭვრეტილ ბუნებად)" (გარდამოცემა, თბ. 2020, თ. 45).
როდესაც ერთ ჰიპოსტასზე (ერთ პირზე) ვმსჯელობთ, ყოველთვის უნდა განვიხილავდეთ "ბუნებას" მესამე გაგებით, ე. ი. არა ბუნებას განყენებულად ჩვენს გონებაში, ანთუ ბუნებას ყველა ჰიპოსტასში, არამედ - ბუნებას ერთ კონკრეტულ ჰიპოსტასში.
ეს არის ერთი აუცილებელი წინაპირობა ჩვენი მსჯელობისა.
ახლა მეორე:
როდესაც, მაშასადამე, ვმსჯელობთ ბუნებაზე ერთ ჰიპოსტასში, აღნიშნული ბუნება არსობრივად, ცხადია, ზედმიწევნით და აბსოლუტურად იგივე ბუნებაა, რაც - ყველა სხვა ჰიპოსტასში, თუმცა არა - მდგომარეობითად.
მდგომარეობა ბუნებისა ამ ბუნების მქონე ჰიპოსტასთა შორის იგივეობრივი არ არის, ვინაიდან ბუნების მდგომარეობა ექვემდებარება ცვალებადობას ანუ ბუნება თავისი მდგომარეობით ამა თუ იმ პიროვნებაში (ჰიპოსტასში) შეიძლება გაუკუღმართდეს ან განიღმრთოს (მსგავსად იმისა, როგორც, მაგალითად, სხვა მდგომარეობაშია რკინა მიწაზე დადებული და სხვა მდგომარეობაშია იგივე რკინა ცეცხლში ჩადებული), რაც ითქმის კიდეც ბუნების მდგომარეობად კონკრეტულ ჰიპოსტასში (და არა ზოგადად ყველა ჰიპოსტასში). ეს ნიშნავს, რომ, მაგალითად, განღმრთობილობა ან გაუკუღმართებულობა არის ადამიანური ბუნების (სულის, სხეულის) მდგომარეობა და არა თვით ბუნება, ვინაიდან თუ დავუშვებთ რომ, ვთქვათ, განღმრთობილობა (განწმენდილობა, გაბრწყინებულობა) ადამიანური ბუნებაა, მაშინ ამ ბუნების მქონე ყველა ადამიანი ბუნებით დაბადებითვე (და მარადიულად) უნდა იყოს განღმრთობილი (განწმენდილი, გაბრწყინებული, დაუცემელი). მეორე მხრივ, პირიქით, თუ დავუშვებთ, რომ გაუკუღმართებულობა (წარწყმედილობა, წახდენილობა, ცოდვილიანობა) არის ადამიანური ბუნება, მაშინ ყველა ადამიანი დაბადებითვე, შექმნითვე მარადიული წარწყმედის მკვიდრი უნდა იყოს.
როდესაც ადამიანი დაეცა, მას სხვა ბუნება კი არ მიუღია, არამედ მის ჰიპოსტასში გაუკუღმართდა ღვთივშექმნილი და განღმრთობილი ბუნება .
ზემოთ თქვენ აღნიშნეთ, რომ სხვაობას ხედავენ ადამიანთა დაცემასა და ეშმაკთა დაცემას შორის იმ მხრივ, რომ ადამიანთა პიროვნული დაცემით დაეცა ადამიანური ბუნებაც, ხოლო ეშმაკთა დაცემით არ დაცემულა ანგელოზური ბუნება. ეს აზრი, საზოგადოდ, სწორია და არაერთგზის აგვისახავს ჩვენს განხილვებში, თუმცა როგორც თქვენგან ვიგებ, აღნიშნული აზრი იმ უმძიმესი დოგმატური ცთომილების საფუძველი გამხდარა, რომლის მიხედვითაც დაცემულ ეშმაკებში, დაცემული ადამიანებისგან განსხვავებით, თითქოსდა ყოვლადდაუცემლად და ყოვლადბრწყინვალედ არის შენარჩუნებული ღვთივქმნილი ანგელოზური ბუნების ღირსებანი.
კითხვა: დიახ, სწორედ ამაზე მინდოდა გამეგო თქვენი აზრი.
პასუხი: გიპასუხებთ: როდესაც ადამიანთა დაცემას ზოგადად ადამიანური ბუნების დაცემა მოჰყვა, ხოლო ანგელოზთა დაცემას - არა, მიზეზი ამისა ანგელოზურ და ადამიანურ დაცემათა თვისობრივი განსხვავებულობა კი არ არის (ამგვარი დაშვება შეუძლებელია), არამედ აბსოლუტურად სხვა რამ. საქმე ისაა, რომ როდესაც ადამიანებში დაცემა მოხდა, პიროვნულად ორი ადამიანი არსებობდა და ორივე დაეცა. შესაბამისად, არავინ დარჩა ადამიანთაგან დაუცემელი, რომელშიც დაუცემლად იქნებოდა შენარჩუნებული ადამიანური ბუნება. სწორედ ამიტომ, ადამიანური ბუნება დაეცა ყველა მის ჰიპოსტასში ანუ დაეცა ადამიანური ბუნება ზოგადად. ჩვენ რომ დაგვეშვა შესაძლებლობა მხოლოდ ადამის დაცემისა, მაგრამ, მაგალითად, ევასი არა, ადამისეული დაცემა არანაირად არ იქნებოდა განვრცობილი ევაზე და ევას პიროვნებაში ადამიანური ბუნება კვლავაც დაუცემელი დარჩებოდა, რის გამოც აღნიშნული ადამიანური ბუნება დაცემულად წარმოჩნდებოდა მხოლოდ ადამის პიროვნებაში (ჰიპოსტასში) ანუ პიროვნულად ადამში, თუმცა არანაირად - პიროვნულად ევაშიც, და ასეთ შემთხვევაში ვეღარავინ იტყოდა, რომ დაეცა ზოგადად ადამიანური ბუნება, იქნებოდა რა, როგორც აღვნიშნეთ, ეს ბუნება დაუცემლად დაცული ევაში.
რაც შეეხება ანგელოზთა დაცემას, საეკლესიო სწავლებით, ეს დაცემა განიკუთვნა ანგელოზთა ცხრა დასიდან მხოლოდ უქვემოესში მყოფი ანგელოზების ჯგუფმა, ხოლო სრულიად დაუცემელი დარჩა რვა დასი და ამ დასებში შემავალი აურაცხელი ანგელოზი (ბევრის-ბევრად მეტი ვიდრე დაცემულთა რაოდენობა, თუმცა კაცობრივი წვდომისთვის თვით ამ დაცემულთა რიცხვიც დიდია). შესაბამისად, როგორ შეიძლებოდა თქმულიყო, რომ ერთი ქვემდგომი ჯგუფის დაცემით დაეცა ზოგადად ანგელოზური ბუნება, მაშინ როცა ეს ბუნება ყოვლადდაუცემლად და მარადიულად იყო შენარჩუნებული აურაცხელად ბევრ უწმინდეს ანგელოზში?
დღესაც, თუკი რომელიმე ადამიანი თავისი გაუკუღმართებული არჩევანით შერყვნის თავისსავე ბუნებას ანუ თავის სულსა და ხორცს (სული და ხორცი ბუნებანია), ეს როდი ნიშნავს, რომ მასთან ერთად შეირყვნება ადამიანური სული და ხორცი ყველა პიროვნებაში ანუ შეირყვნება ზოგადად ადამიანური ბუნება. ამასთან, თუ წარმოვიდგენთ, რომ უკლებლივ ყველა ადამიანი მიეცა რაღაც სიბილწეს, ცხადია, ვიტყვით კიდეც, რომ აღნიშნული სიბილწის მიმღები გახდა მთელი კაცობრიობა ანუ - ზოგადად ადამიანური ბუნება, ისევე როგორც ეს მოხდა ჩვენი პირველმშობლების და, აგრეთვე, მათი დაცემის შემდეგ მათგან შობილი ადამიანების ანუ მთელი კაცობრიობის შემთხევაში (რაც გულისხმობს კაცობრივი პირველცოდვის საყოველთაოობას მთელ კაცობრიობაზე).
ანალოგიურადვე, რომ დაგვეშვა წარმოუდგენელი რამ და წარმოგვესახა უკლებლივ ყველა ანგელოზი დაცემულად, ცხადია ვიტყოდით რომ დაეცა ზოგადად ანგელოზური ბუნება.
ამრიგად, ვინაიდან მხოლოდ ქვემორე ჯგუფი დაეცა ანგელოზებისა, შესაბამისად, რათქმაუნდა, არანაირად არ დაცემულა, არ შებღალულა, არ გაუკუღმართებულა ზოგადად ანგელოზური ბუნება, თუმცა ამის საფუძველზე იმ აზრის გამოტანა, რომ თითქოსდა დაუცემელი ანგელო ზური ბუნების უდიდესი ღირსებანი და ყოვლადი შეუბღალაობა თვით იმათშიც კი შეუბღალავად და წაუხდენლად (ანუ ყოვლითურთ წმინდად და ყოვლადბრწყინვალედ) დარჩა, რომლებიც დაეცნენ, გაუგონრად მცდარია, წარმოუდგენელია.
პირიქით, დაცემულ ანგელოზებში უწმინდესი და უბრწყინვალესი ანგელოზური ბუნების ყველა განმაღმრთობელი ღირსება უკიდურესად შეირყვნა,
გაუკუღმართდა, დაბნელდა, ჩაწყვდიადდა, სადაც არ ბჟუტავს უმკრთალესი ღირსებითი შუქიც კი, დარჩათ რა ხსენებულ დაცემულებს თავდაპირველი ბუნებითი მდგომარეობიდან მხოლოდ ყოფიერებითი ანუ არსებობისეული ნიშნები ყოველგვარი განმაღმრთობელი ღირსების გარეშე და, შესაბამისად, აღნიშნული უღირსებო ყოფიერებითი ნიშნებით ნარჩუნდებიან ისინი არსებობაში, აქვთ რა მასზე, რომელიც არის ბუნებითი სახიერება ანუ ყოვლადწმინდა სამება, კვლავაც არსებობისეული დამოკიდებულება სწორედ აღნიშნულ ნიშანთაგან გამომდინარე (დაცემულ ანგელოზებში ეს ნიშნებია: საკუთრივ არსებობა, აგრეთვე, უხორცოება, აზროვნება, თავისუფალი ნება, აღძრულობა, მსწრაფველობა, გულისთქმა და მისთ.), თუმცა არცერთი ამ ნიშანთაგან ეშმაკებში არარა ღირსებას, არარა სიკეთეს, არარა განმაღმრთობელ სინათლეს აღარ უკავშირდება და, პირიქით, მათი მარადიული ტანჯვის საფუძველი ხდება, ვინაიდან ისინი, როგორც თავისუფალი ნებით და სრული გააზრებულობით ამრჩევნი ანგელოზური სიკეთეებისგან ანუ განმაღმრთობელი მადლისგან ყოვლადი განდგომისა, დამკვიდრდებიან დაუსრულებელ და საუკუნო ცეცხლში ჰიპოსტასურადაც (პიროვნულადაც) და მათში არსებული გაუკუღმართებული ბუნებითი მდგომარეობითაც.
საზოგადოდ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჰიპოსტასი (პირი) და ბუნება (არსება), როგორც ერთი რეალობის, ერთი სინამდვილის ორი ასპექტი, აბსოლუტურად განუყრელნი არიან ერთიმეორისგან და, შესაბამისად, აბსოლუტურადვე განაპირობებენ ერთიმეორეს. სწორედ ამიტომაა წმინდა მოძღვართაგან დოგმატად განწესებული, რომ არ არსებობს ჰიპოსტასი ბუნების გარეშე და არ არსებობს ბუნება ჰიპოსტასის გარეშე, ანუ ყოველი ჰიპოსტასი თავის თავში ბუნებას გულისხმობს და გამოხატავს, ისევე როგორც ყოველი ბუნება თავის თავს გარდაუვლად ჰიპოსტასში ავლენს. ამიტომ იყო, რომ როგორც კი ადამმა და ევამ თავიანთ არჩევანში შესცოდეს ანუ დაიზიანეს
თავიანთი არჩევანი, რაც არის შეცოდება (ვინაიდან ადამიანში სწორედ არჩევანია ცოდვით პირველვნებული ანუ ცოდვით პირველდაზიანებული), ეს დაზიანება ანუ გაუკუღმართება შეეხო მათში არსებულ ადამიანურ ბუნებასაც და წაახდინა, გადააგვარა იგი ანუ დაუკარგა მას ღირსება, განმაღმრთობელი მადლი, ისევე როგორც, პირუკუ, გაუკუღმართებული და წახდენილი ადამიანური ბუნება შემდეგში ყოვლითურთ ავლენდა და ავლენს თავს დაცემის შემდეგ შობილ ადამიანთა ჰიპოსტასებში, არის რა, საზოგადოდ, აბსოლუტურად შეუძლებელი, რომ ვინმე ბუნებითი ღირსებით ყოვლადწმინდა, ყოვლადბრწყინვალე და ღვთიური იყოს, პიროვნულად და ჰიპოსტასურად კი - ყოვლადუწმინდური, ყოვლადბნელი და ღვთის-გარეგანი.
ჰიპოსტასისა და ბუნების ურთიერთმიმართებისა და ურთიერთგანუყოფლობის ეს ურყევი პრინციპი მოქმედებს მთელ ქმნილებაში.
კითხვა: ანუ თქვენ ამბობთ, რომ როგორიცაა თვისობრივად და ღირსებითად ბუნებითი მდგომარეობა, იმას ავლენს ჰიპოსტასიც, და რასაც ავლენს თვისობრივად და ღირსებითად ჰიპოსტასი, იგივე აქვს მას ბუნებაში.
პასუხი: ესაა ურყევი რჯულდება, ვინაიდან მაცხოვრის თქმითვე, "ხე ნაყოფით იცნობა", ანუ როგორიც არის ღირსებითად პიროვნება, იგივეა ბუნებითი მდგომარეობითაც.
კითხვა: ამრიგად, თუნდაც თქვენი ამ მსჯელობის საფუძ ველზე, აბსოლუტურად შეუძლებელი ჩანს იმ აზრის გაზიარება, რომელიც ზემოთ ვახსენებთ და რომლის თანახმადაც ეშმაკები თითქოსდა მხოლოდ პიროვნული არჩევანით არიან გაუკუღმართებულნი ანუ ღირსებისგან დაცლილნი, ხოლო ბუნებითი მდგომარეობით თვით ამ უკიდურეს პიროვნულ გაუკუღმართებაშიც კი კვლავ და კვლავ თითქოსდა ყოვლადკეთილნი და ყოვალდღირსეულნი ანუ ისევ საღვთო მადლით აღსავსენი წარმოჩნდებიან.
პასუხი: მართლმადიდებლურ დოგმატიკაში არსებობს ერთადერთი დასკვნა, რაც, კვლავ ხაზს გავუსვამთ, ნიშნავს შემდეგს: ბუნებით ყოვლითურთ კეთილად და მანათობლად შექმნილ ანგელოზთაგან უქვემოესნი, გაუკუღმართდნენ რა და გაუცხოვდნენ რა სიკეთისგან პიროვნული არჩევანით, გაუკუღმართდნენ და სიკეთისგან განდგნენ უთუოდ თავიანთი ბუნებითი მდგომარეობითაც, ბუნებითი უღირსებითაც, და თუმცა მათი ეს ბუნება, არსებობის წესით, კვლავაც, ცხადია, იგივეა როგორიც აქამდე იყო (ანუ დაცემულ ანგელოზებს სხვა რამ ახალი ბუნება არ შეჰქმნიათ ღვთისგან), მიუხედავად ამისა, ღვთივშექმნილი ანგელოზური ბუნება დაცემულ ძალთა ჰიპოსტასებში ღირსები თად ყოვლითურთ გაუკუღ მართდა როგორც აბსოლუტურად მადლდაკარგული, არ დარჩა რა ხსენებულ დაცემულ ძალებში ანგელოზური ბუნების თავდაპირველი საღვთო სიკეთეებიდან არც განმაღმრთობელი სინათლის, არცთუ სხვა რამ ღირსების არარა ნიშანწყალი, იმ ზომამდე, რომ წმინდა მოძღვარნი პირობითად საუბრობენ დაცემულ ძალთა საერთოდ გასვლაზეც კი ანგელოზური ბუნებიდან, იმდენად გადააგვარეს, იმდენად შერყვნეს და იმდენად გაანადგურეს ამ ძალებმა ანგელოზური ბუნების თავდაპირველი ღირსებები.
სწორედ ამაზე გვაუწყებს წმ. დიონისე არეოპაგელი, რომლის სიტყვებსაც უდიდესი თეოლოგიური წვდომით შემდეგნაირად გადმოგვცემს წმ. ეფრემ მცირე:
"ამისთჳს არა ბოროტ არს ნათესავი ეშმაკთაჲ, ვითარ-იგი დაბადებულ არს ბუნებით, არამედ მით განბოროტნების, რომლითა განვალს გარეშე ბუნებისა" (საღმრთოთა სახელთათჳს, 4.23).
ამრიგად, როგორც უნათლესად არის ნაუწყები, ეშმაკთა მოდგმა ბოროტი არ არის იმგვარი ბუნების, იმგვარი პირველსაფუძვლის მიხედვით, როგორითაც დაიბადა ანუ როგორითაც შეიქმნა ღვთისგან (ძველ ქართულში სიტყვა "დაბადება" მხოლოდ "შექმნას" ნიშნავს), მაგრამ ეს მოდგმა ბოროტი ხდება სწორედ იმით, რითაც გადის ამ თავდაპირველი ანგელოზური ბუნების ანუ განღმრთობილი ბუნებითი მდგომარეობის გარეთ.
მართლაც, თუ ეშმაკები გავიდნენ ანუ განდგნენმიმ პირვანდელი საღვთო ბუნებისგან, რომლითაცმშეიქმნენ, კვლავ იმავე მდგომარეობისა და იმავემღირსების ბუნებას როგორღა ინარჩუნებენ ყოვლადი განღმრთობითი სისავსითა და ყოვლადი მადლისმიერი ბრწყინვალებით თავიანთ თავში, არიან რა, როგორც ითქვა, გასულნი ხსენებული ღვთივშექმნილი ბუნების გარეთ?
წმინდა იოანე დამასკელმა ზედმიწევნით დაგვიდგინა იგივე:
"ბოროტია კი ეშმაკი? როგორიც შეიქმნა, არ არის იგი ბოროტი, არამედ კეთილი, რადგან დაბადებული იყო შემოქმედისგან მბრწყინავ და ნათელ ანგელოზად, ამასთან, თვითუფლებრივად, როგორც მოაზროვნე, რომელიც ნებსით განუდგა ბუნებისეულ სათნოებას და ბოროტების წყვდიადში აღმოჩნდა, განშორებული ღვთისგან, რომელიც არის მხოლო კეთილი და ნათლისმოქმედი, რადგან მისგან კეთილდება ყველა სიკეთე. ამიტომ, ვინაიდან განშორდა იგი მას თავისი განზრახულებით (არათუ ადგილით), ბოროტებაში აღმოჩნდა" (გარდ. 93).
რა შეიძლება იყოს აქ გამოთქმულ სწავლებაზე უფრო მკაფიო?
როგორც ვხედავთ, ეშმაკი არ არის ბოროტი თავისი პირველადი შექმნილობით, თავისი პირველსაფუძვლით, როგორითაც დაიბადა ღვთისგან, ვინაიდან იგი შეიქმნა ღვთიური სინათლით სავსე ანგელოზად, მაგრამ შემდეგ თავისი გააზრებული არჩევანით განდგა ამ პირვანდელი ბუნებისეული სათნოებისგან, ხოლო ის, რაც ღვთივბოძებული ბუნებისეული ღირსებაა, მისგან განდგომაც ბუნებისეულად ხდება, რასაც ნიშნავს სწორედ თავდაპირველი ბუნებისგან გასვლა.
ამრიგად, ეშმაკი, საღვთო სინათლის მატარებელ ანგელოზად შექმნილი, განუდგა თავისი თავდაპირველი ბუნების, თავისი ღვთივშექმნილი პირველსაფუძვლის ყველა ღირსებას და აღმოჩნდა ამ თავდაპირველი ბუნებითი მდგომარეობის სრულიად საწინააღმდეგო მდგომარეობაში, აბსოლუტურ წყვდიადში, დაჰკარგა რა ბუნებისეული სათნოება და უკლებლივ ყველა სხვა ბუნებისეული ღირსება.
წმ. იოანე დამასკელი, მცირედით ზემოთ, ზოგად სწავლებასაც გვაწვდის ბოროტების წარმოშობის შესახებ და განგვიმარტავს:
"შეუძლებელია, რომ ბოროტებას სიკეთისგან ჰქონდეს წარმოშობა. ამიტომ, ვამბობთ, რომ ბოროტება სხვა არაფერია,თუ არა სიკეთის ნაკლებობა და ბუნებისეულისგან არაბუნებისეულისკენ გადახრა, რადგან არაფერია ბუნებით ბოროტი. მართლაც, ყოველივე, რაც შექმნა ღმერთმა, კეთილსათნოა ძალიან, როგორიც დაიბადა. ამიტომ, დარჩებიან რა იმ სახით, რა სახითაც შეიქმნენ, ძალიან კეთილსათნონი არიან, მაგრამ ნებსით განუდგებიან რა ბუნებისეულს და წავლენ რა ბუნებისგარეგანისკენ, ბოროტებაში იქნებიან. ... ბოროტებაა არა რამ არსება ანდა თვისება არსებისა, არამედ შემთხვევითობა ანუ ბუნებისეულისგან ბუნების გარეგანისკენ ნებსით გადახრა, რაც არის ცოდვა".
ამრიგად, ბოროტების რაობა ცხადყოფილია:
ესაა ღვთივშექმნული ბუნებისგან (არსობრივი პირველსაფუძვლისგან) და ამ ბუნების შესაბამისი მადლისმიერი და ღირსებითი მდგომარეობისგან არაბუნებითისკენ ანუ ბუნებისგარეგანისკენ, უღირსებითისკენ, უმადლოსკენ ნებაყოფლობითი მიდრეკა, რასაც ეწოდება "ბუნებისგან გასვლა".
შესაბამისად, როგორ უნდა ითქვას, რომ ეშმაკები თუმცა ყოვლითურთ განდგნენ და გაიმიჯნენ იმ ბუნებისეული ღირსებებისგან ანუ იმ უაღმატებულესი მადლმოსილებისგან, რაშიც შეიქმნენ, მაგრამ მაინც თურმე იმავე ბუნებისეულ ღირსებებს და იმავე უაღმატებულეს ბუნებისეულ მადლმოსილებას ინარჩუნებენ ყოვლადი სისრულით დაცემის შემდეგაც და აბსოლუტურად არ კარგავენ მას?
კითხვა: მაშასადამე, ამბობთ, რომ ამ აზრის მატარებელია წმინდა მოძღვართა ყველა ის გამონათქვამი, სადაც ნაუწყებია, რომ ეშმაკები არ არიან ბუნებით ბოროტნი!
პასუხი: ცხადია, ყველა ამგვარ გამონათქვამში იგულისხმება მხოლოდდამხოლოდ დაცემულთა პირველშექმნითი, წარმოშობითი, ღვთივშექმნითი მდგომარეობა, ანუ ის, რომ თავისი წარმოშობით, თავისი ღვთივქმნილი ბუნებითი პირველსაფუძვლით, არსით, რაობით არანაირად არ არის ბოროტების მქონე არა მხოლოდ ეშმაკი, არამედ, საზოგადოდ, არცერთი ქმნილება, ვინაიდან ეს რომ ასე არ ყოფილიყო, უნდა დაგვეშვა, საპირისპიროდ, ის, რომ რომელიღაც ქმნილება ბოროტი არის ბუნებით ანუ წარმოშობით, არსობრივი პირველსაფუძვლით (ამას ნიშნავს ბუნება), თუმცა ვინაიდან ბუნებათა შემოქმედი მხოლოდ ღმერთია, გარდაუვლად იმ განცოფებულ აზრამდე მივიდოდით, რომ ღმერთი ყოფილა შემოქმედი ბოროტებისა. მართლაც, თუნდაც უმცირესად, სადმე ქმნილებაში რაიმე სახით რომ დაშვებულიყო არსებობა ბუნებითი ბოროტებისა, თავად ღმერთი გამოჩნდებოდა ამ ბუნებითი ბოროტების შემქმნელად და მიზეზად, გამომდინარე იქიდან, რომ, კვლავ ხაზს გავუსვამთ, ბუნებათა ერთადერთი შემოქმედი მხოლოდ ღმერთია (შდრ. ქრისტეს შობისადმი მიძღვნილი საგალობელი: "ბუნებათა შემოქმედი ვცანით შენგან, ჰოჲ ბეთლემო").
ამიტომ განეწესება ურყევ რჯულდებად, რომ ბოროტება ბუნების პირველსაფუძველში არ არსებობს და რომ იგი (ბოროტება) მხოლოდ თავდაპირველი ღვთივშექმნილობის, თავდაპირველი ბუნებითი ანუ არსობრივი პირველსაფუძვლის ნებსითი (და არა აუცილებლობითი) გაუკუღმართებაა, საღვთო მადლისა და ღირსების დაკარგვაა, თავდაპირველი ბუნებისეული გასხივოსნებულობის გადაგვარებაა, ჩაწყვდიადებაა ანუ ბუნებისეული სიკეთისგან, მადლისგან, ღირსებისგან, განმაღმრთობელი სინათლისგან ნებელობითი დაკლებულობაა, "განვარდნილობაა".
შესაბამისად, თუ ვინმე პიროვნული არჩევანის შედეგად აკლდება თავის ბუნებაში თავდაპირველად არსებულ ღვთივმომადლებულ სიკეთესა და ღირსებას ანუ თუკი ვინმე ნებსით "გადის" თავისი ამ თავდაპირველი ბუნების განღმრთობილობისგან, თავდაპირველი მდგომარეობისგან, კვლავ თავისსავე ბუნებაში როგორღა უნდა ინარჩუნებდეს იგი ხსენებულ სიკეთესა და ღირსებას ყოვლადსრულად?
კითხვა: გასაგებია, რაც ითქვა, მაგრამ როგორ ავხსნათ წმინდა მოძღვართა ის ციტატები, რომლებშიც თითქოსდა სწორედ ისაა ნაუწყები, რომ ეშმაკები, ამჟამადაც ანუ დაცემის შემდეგაც (და მარადიულად) თავიანთი ბუნებითი მდგომარეობით, როგორც ამბობენ, კვლავ და კვლავ ყოვლადღირსეულნი, ყოვლადსავსენი, ყოვლადბრწყინვალენი და ყოვლადმადლმოსილნი არიან, თანასწორად დაუცემელი ანგელოზებისა?
პასუხი: წარმოუდგენელი აზრია, რომლის დამადასტურებელი ციტატები წმინდა მოძღვრებაში, ცხადია, არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს.
კითხვა: მაინც, თქვენი ნებართვით, განვიხილოთ ისინი.
პასუხი: კეთილი, თუმცა გიმეორებთ წყლის ნაყვაა ამგვარი "ციტატების" ძიება, ვინაიდან არ არსებობს ისინი.
კითხვა: დავიწყებთ იმ ყველაზე მთავარი ციტატით, რასაც უკავშირებენ წმინდა დიონისე არეოპაგელს და რაც ზემოთ უკვე მოვიტანეთ. ამჯერად დავიმოწმებთ რამდენიმე ტექსტს ზედმიწევნით იმ სახით, როგორც ეს ინტერნეტმასალებში ვნახეთ და პირად საუბრებშიც მოვისმინეთ. აი, ხსენებულ წყაროებში დამოწმებული სიტყვები წმ. დიონისე არეოპაგელისა:
"არიან იგინი (ეშმაკები) ყოვლადსავსე და ყოვლადბრწყინვალე".
შემდეგ, აღნიშნული სიტყვების გავრცელებული შეფასება: "წმინდა დიონისე ეშმაკებსაც ყოვლადსავსესა და ყოვლადბრწყინვალეს უწოდებს".
კიდევ: "როგორ ხასიათდებიან ეშმაკები? წმ. არეოპაგელი ბრძანებს: "არიან იგინი ყოვლადსავსე (ὀλόκληροι) დაყოვლადბრწყინვალე (παμφαεῖς)".
პასუხი: რაგინდ ციტატებიც არ უნდა მოიტანოთ (ალბათ, კიდევ გექნებათ), გარკვევით გეტყვით: თქვენგან ციტირებული სიტყვები რომ წმ. დიონისეს მართლაც ეშმაკებზე ეთქვა იმ გაგებით, თითქოს ეშმაკები დაცემის შემდეგაც მატარებელნი არიან ყოვლადსავსეობისა და ყოვლადბრწყინვალების ბუნებითი ღირსებებისა, იგი მართლმადიდებელი მოძღვარი ვეღარ იქნებოდა, თუმცა, რათქმაუნდა, ეს ასე არანაირად არ არის და მსგავსი გამონათქვამი ეშმაკებთან დაკავშირებით მას (ანდა ვინმე სხვას) არასოდეს გამოუყენებია.
კითხვა: მაგრამ ზემოდამოწმებული სიტყვები ხომ სწორედ დიონისე არეოპაგელის ნაშრომის ეფრემ მცირისეულ თარგმანში დასტურდება (გამოცემულიცაა). მაშ, რასთან გვაქვს საქმე?
პასუხი: ძველი ქართული ტექსტის სამწუხარო ვერგაგებასთან.
კითხვა: ანუ თქვენ ამბობთ, რომ ორიგინალშიც და ეფრემისეულ თარგმანშიც ხსენებული სიტყვები კონკრეტულად ეშმაკებს არ მიემართება?
პასუხი: რათქმაუნდა, არანაირად არ მიემართება.
კითხვა: იქნებ უფრო ვრცლად განმარტოთ.
პასუხი: ვინაიდან წმ. დიონისეს აღნიშნული სიტყვები ესოდენ მცდარად იქნა გაგებული, ვალდებულნი ვართ ეფრემისეული თარგმანის მთელი კონტექსტი მოვიტანოთ. აი, ეს კონტექსტი:
"ამისთჳს არა ბოროტ არს ნათესავი ეშმაკთაჲ, ვითარ იგი დაბადებულ არს ბუნებით, არამედ მით განბოროტნების, რომლითა განვალს გარეშე ბუნებისა. და არათუ ყოველი კეთილი, მიცემული მათდა, შეეცვალა, არამედ თჳთ იგინი განვარდეს მიცემულისა მის მათდა ყოვლისა კეთილისაგან და მინიჭებულთა მათ მათდა ანგელოზებრთა ნიჭთაგან. ამისთჳს არაოდეს ვთქუნეთ იგინი შეცვალებულად, არამედ არიან იგინი ყოვლადსავსე და ყოვლადბრწყინვალე არიან, დაღაცათუ იგინი ვერ ხედვენ, რამეთუ თავით თჳსით დაუწუხვან კეთილად მხედველობისა ძალნი".
ახლა მოვიტანთ ამ სიტყვების ახალქართულ თარგმანს:
"ამიტომ, ეშმაკთა მოდგმა, იმის შესაბამისად, როგორც არის იგი შექმნილი ბუნებით, არ არის ბოროტი, თუმცა იმით ბოროტდება, რითაც ბუნების გარეთ გადის. ამასთან, არათუ მთელი ის სიკეთეც შეცვლილი გახდა, რაც მათდამი იყო მიცემული, არამედ თვით ისინი [ეშმაკნი] განვარდნენ მათდამი მიცემული ყველა სიკეთისგან და მათდამი მინიჭებული ანგელოზური ნიჭებისგან. ამის გამო, არასოდეს ვიტყვით ამათ [ანგელოზურ ნიჭებს] შეცვლილად, არამედ ესენი [ეს ნიჭები] ყოვლადსავსე და ყოვლადბრწყინვალე არიან, თუმცაღა ისინი [ეშმაკები] ვერ ხედავენ მათ, რადგან თვითვე დაუხუჭავთ [=დაუხშავთ] კეთილმხედველობის უნარები".
ამრიგად, როგორც უდიდესი სიცხადით არის ნაუწყები, როდესაც ეშმაკთა მოდგმა (რომელიც თავისი ბუნებითი შექმნილობით კეთილია) გავიდა თავისი ღვთივქმნილი და კეთილი ბუნების გარეთ, ბოროტი გახდა ანუ გაუკუღმართდა და წარიწყმიდა, თუმცა მთელი ის სიკეთე და ის ანგელოზური ნიჭები, რაც ხსენებული ეშმაკებისადმი პირველშექმნისას იყო მიცემული, თან როდი გაუყოლებიათ მათ, არამედ, პირიქით, მოხდა საკუთრივ აღნიშნულ დაცემულ ძალთა განვარდნა ანგელოზური სიკეთეებისა და ნიჭებისგან, თვით ეს სიკეთენი და ნიჭნი კი კვლავაც აბსოლუტურად შეუცვლელნი და შეუბღალავნი შენარჩუნდნენ, არიან რა მარადიულად "ყოვლადსავსენი და ყოვლადბრწყინვალენი", ხოლო დაცემული ძალები, როგორც სიკეთისადმი დაბრმავებულნი, ვერანაირად ვერ ხედავენ მათ (ხსენებულ სიკეთეებსა და ნიჭებს).
ამრიგად, ვინაიდან ძველ ქართულ ტექსტში ორგზის გვხვდება ნაცვალასახელი "იგინი", გამომდინარე ძველი ქართული წინადადების მცდარი გააზრებიდან, აღნიშნული ნაცვალსახელი ორივეგან ეშმაკების აღმნიშვნელად იქნა გაგებული, მაშინ როცა ხსენებული ნაცვალსახელი პირველ შემთხვევაში, უპირობოდდა უეჭვოდ, "ანგელოზებრივ ნიჭებს" მიუთითებს, მეორე შემთხვევაში კი - ეშმაკებს.
ეს რომ ასეა, ამას, სრულიად მარტივი აღქმით, გვიდასტურებს ბერძნული ორიგინალი: Οὐκ ἄρα κακὸν τὸ δαιμόνιον φῦλον͵ ᾗ ἔστι κατὰ φύσιν͵ ἀλλ΄ᾗ οὐκ ἔστι. Καὶ οὐκ ἠλλοιώθη τὸ δοθὲν αὐτοῖς ὅλον ἀγαθόν͵ἀλλ΄αὐτοὶ τοῦ δοθέντος ἀποπεπτώκασιν ὅλου ἀγαθοῦ. Καὶ τὰς δοθείσας αὐτοῖς ἀγγελικὰς δωρεάς͵ οὐ μήποτε αὐτὰς ἠλλοιῶσθαί φαμεν͵ ἀλλ΄ εἰσὶ καὶ ὁλόκληροι καὶ παμφαεῖς εἰσι͵ κἂν αὐτοὶ μὴ ὁρῶσιν ἀπομύσαντες ἑαυτῶν τὰς ἀγαθοπτικὰς δυνάμεις.
მოვიტანთ ახალქართულ თარგმანს:
"ამრიგად, არ არის ბოროტი ეშმაკეული მოდგმა იმით, რაც არის [იგი] ბუნებით, მაგრამ [ბოროტია]იმით - რაც არ არის. და არ შეიცვალა მთელი სიკეთე, მიცემული მათდამი, არამედ ისინი [ეშმაკნი] განვარდნენ მთელი მიცემული სიკეთისგან და არ ვამბობთ ოდესმე შეცვლილად მათდამი მიცემულ ანგელოზურ საბოძვარებს, - ამათ, - არამედ არიან ყოვლად მრთელნიც და არიან ყოვლადბრწყინვალენიც, თუმცაღა ესენი [ეშმაკები] ვერ ხედავენ, დახშეს რა თავიანთი კეთილმხედველობითი ძალები".
დამოწმებულ ტექსტში სიტყვები: εἰσὶ καὶ ὁλόκληροικαὶ παμφαεῖς εἰσι ("არიან ყოვლადმრთელნიც და არიან ყოვლადბრწყინვალენიც") ქვემდებარედ გულისხმობს არა ეშმაკებს, არამედ მხოლოდდამხოლოდ წინმსწრებ სიტყვებს ἀγγελικὰς δωρεάς ("ანგელოზურნი ნიჭნი"), რასაც იქვე შეესაბამება მდედრობითი ნაცვალსახელი "ამათ" (αὐτὰς).
თუ ვინმე არ ეთანხმება ბერძნული ტექსტის წარმოდგენილ თარგმანს (რაც, კვლავ აღვნიშნავთ, სინატქსურადაც ერთადერთი გაგებაა დამოწმებული მონაკვეთისა), დავიმოწმებთ სხვაენოვან თარგმანებს: რუს.Таким образом, демонский род представляет собой зло нетем, чем он является по природе, а тем, чем он не является.И все данное демонам добро не изменилось, но они от всегоданного им добра отпали. О ДАННЫХ ИМ АНГЕЛЬСКИХДАРАХ мы никогда не скажем, что ОНИ изменились, ОНИВЕДЬ существуют и невредимы и лучезарны, ХОТЯ ТЕ ине видят ИХ, лишив самих себя способности видеть Добро (Восточные Отцы и Учители Церкви V Века, М. 2000, с. 292).
დავუკვირდეთ თარგმანში განსხვავებულად გამოყენებულ ნაცვალასახელებს, სახეზეა რა, ერთი მხრივ, ОНИ (რათქმაუნდა, გულისხმობს წინმსწრებ "ანგელოზურ ნიჭებს"), მეორე მხრივ კი - ХОТЯ ТЕ (="თუმცა ესენი" რაც, რათქმაუნდა, აღნიშნავს ეშმაკებს).
ზედმიწევნით იგივე გაგებაა სხვა თარგმანებშიც:
ინგლ.
The tribe of demons then is not evil, so far as it is according to nature, but so far as it is not; and the whole good which was given to them was not changed, but themselves fell from the whole good given. And THE ANGELIC GIFTS which were given to them, we by no means affirm that THEY were changed, but THEY exist, and are complete, and all luminous , ALTHOUGH THE DEMONS THEMSELVES do not see, through having blunted their powers of seeing good (Dionysius the Areopagite, Works, 1897 p. 37).
ფრანგ.
Donc, la nature des démons n’est pas mauvaise en ce qu’elle se conforme à ses lois constitutives, mais en ce quelle ne s’y conforme pas. Le bien dont ils étaient ornés n’a pas subi de mutation; ce sont eux qui déchurent de leur glorieuse destinée. Et nous ne disons pas que LES GRÂCES qu’ils REÇURENT COMME ANGES aient été détruites: non, ELLES subsistent dans leur intégrité et dans leur richesse; mais ils n’en ont pas conscience, parce qu’ils se sont pour jamais privés de la faculté de voir le bien (Denys L’aéropagite, Traité des noms divins: Précédé de La hiérarchie ecclésiastique, Paris 2022, p. 96).
გერმ.
Sonach ist das Geschlecht der Dämonen nicht böse, soweit es von Natur aus existiert, sondern insoweit es ihnen am Sein gebricht. Und nicht das ganze Gute, das ihnen verliehen worden, ist verändert worden, sondern sie sind ihrerseits von dem verliehenen Gesamt guten abgefallen. Von den ihnen verliehenen Gaben der Engelnatur wollen wir durchaus nicht sagen, sie seien verändert worden, sondern sie existieren fort, behalten ihr volles Sein und sind ganz helleuchtend, wenn auch die Dämonen es selbst nicht sehen, weil sie ihre Sehkraft, die das Gute zu sehen geschaffen ist (BKV, 168, s. = "ასე რომ, დემონთა მოდგმა არ არის ბოროტი იმდენად, რამდენადაც ის ბუნებით არსებობს, არამედ- იმდენად რამდენადაც მათი არსებობა დაზიანებულია. და ყველა სიკეთე, რაც მათ მიეცა, არ შეცვლილა, თუმცა თვით ისინი, თავის მხრივ, ჩამოშორდნენ მთლიან სიკეთეს, რაც მიეცათ. ჩვენ კი არ ვიტყვით, რომ ანგელოზური ბუნების ნიჭები, რომლებიც მათ მიეცათ, შეიცვალა, არამედ ისინი [ეს ნიჭები] განაგრძობენ არსებობას, ინარჩუნებენ სრულ არსებას და სრულიად მანათობელნი არიან, მაშინ როცა თავად დემონები ამას ვერ ხედავენ, რადგან მათი მხედველობა დახშულია კეთილის საჭვრეტად").
როგორც ვხედავთ, ყველა თარგმანში აზრი უმკაფიოესია. თუ ვინმე მაინც ეჭვობს, დაუკვირდეს თუნდაც ფრანგულ თარგმანს, სადაც "ყოვლადმრთელთა და ყოვლადბრწყინვალეთა" (ფრანგ. ... subsistent dans leur intégrité et dans leur richesse) აღმნიშვნელად გამოყენებულია მდედრობითი სქესის ELLES, რაც მხოლოდ წინსმწრებ LES GRÂCES-ს გულისხმობს, მაშინ როცა მეორე შემთხვევაში მოხმობილი მამრობითი სქესის ils მხოლოდ მამრობითი სქესის démons-ს მიემართება.
მაშასადამე, წმ. დიონისე არეოპაგელი არათუ ეშმაკთა დაცემისშემდგომი ყოვლადსავსეობისა და ყოვლადბრწყინვალების მაუწყებელია, არამედ - დიამეტრულად საწინააღმდეგოსი, კერძოდ- ხსენებულ ეშმაკთა სრულ განვარდნილობისა თავიანთი თავდაპირველი ბუნებითი ყოვლადსავსეობისა და ყოვლადბრწყინვალებისგან.
მართლაც, როგორ შეიძლებოდა წმ. დიონისეს ესწავლებინა, რომ ეშმაკნი დაცემის შემდეგაც თითქოსდა კვლავაც მათივე დასაბამიერი ყოვლადუმწიკვლო ბუნების თვისებათა მატარებლება დრჩებიან, მაშინ როცა სწორედ ხსენებული მოძღვარი რჯულმდებლობს პირვანდელი ბუნებისგან ანუ ყველა ზეციური სიკეთისა და ბრწყინვალებისგან აღნიშნულ დაცემულ ძალთა სრულ გასვლა-განვარდნილობას?
აღარაფერს ვამბობთ იმ გაუგებრობაზე, რომ თითქოსდა შესაძლებელი იყოს რომელიმე კონკრეტული ქმნილების, ერთი მხრივ, ზეცაში (ნეტარებაში, ცხონებაში) მკვიდრობა თავისი ბუნებითი მდგომარეობით, მეორე მხრივ კი - ქვესკნელში, გამოუხსნელ ჯოჯოხეთში, გეჰენიაში, სრულ წყვდიადსა და წარწყმედილობაში თავისი ჰიპოსტასით. ასეთ შემთხვევაში ხომ უთუოდ უნდა დაგვეშვა ეშმაკთა ჰიპოსტასების სრული გამიჯვნა-გათიშულობა მათივე ბუნებითი მდგომარეობისგან, რაც წარმოუდგენელია!
კითხვა: მიუთითებენ სხვა წყაროებსაც, თუმცა ერთი კითხვა აქვე მინდა დაგისვათ: როგორც თქვენს ლექციებზე გაქვთ ნათქვამი, სწორედ წმინდა დიონისე ასწავლის (და წმ. მაქსიმეც თავის სქოლიოებში მკაფიოდ ამბობს), რომ "ბუნება" შეუძრავობაა, მდგრადობაა, ხოლო "ბოროტება" - შემთხვევითობა, არამდგარობა. ეშმაკთა ბუნებასთან დაკავშირებით ეს საკითხი როგორ განიმარტება?
პასუხი: სწორედ ამ საკითხზე ვაპირებდით მცირე განმარტების მოწოდებას, ვინაიდან ბუნებითისა და არაბუნებითის მცდარად გააზრება მძიმე გაუკუღმართებას იწვევს.
როდესაც წმინდა მოძღვრება ბუნების შეუძრაობას გვასწავლის (რაც თავად "ბუნების" ცნებაში შედის), აქ იგულისხმება არა ბუნების მდგომარეობა, არამედ - ბუნების არსობრივი რაობა, რაზეც ნაწილობრივ ზემოთაც მივანიშნეთ. ეს ნიშნავს, რომ როდესაც იცვლება ბუნების მდგომარეობა ანუ როდესაც ხდება გადაგვარება ბუნებისა, თავად ბუნება და მისი არსობრივი თვისებები კი არ ისპობა ასეთ დროს, არამედ - სხვა მიმართულებას იძენს, უკუღმართდება, მრუდდება. უფრო გასაგები რომ იყოს, მოვიშველიებთ საკუთრივ ადამიანის მაგალითს. ადამიანი შეიქმნა თავისუფალი ნებისა და მოაზროვნეობის თვისებებით, რომლებიც ადამიანის ბუნებას გულისხმობს და, რათქმაუნდა, ეს თვისებები ბუნებითია ანუ შეუძრავია, მდგრადია. როდესაც დაეცა ადამიანი, აღნიშნული ბუნებითი თვისებების მდგრადობა ანუ არსობრივი რაობა კი არ მოისპო, არამედ სხვა (ღვთის საწინააღმდეგო) მიმართულებით ამოქმედდა, რაც გამრუდებად, გაუკუღმართებად ანუ ღირსებისა და მადლის დაკარგვად ითქმის. მართლაც, ერთი და იგივე ბუნებითი თვისება- თავისუფალი ნება - შეიძლება ერთნაირი სიძლიერით გამოყენებული იყოს როგორც საღვთოდ ანუ ღირსეულად (როდესაც ვინებებთ იმას, რაც საღვთოა, ღირსეულია), ასევე ბოროტად ანუ უღირსად (როდესაც ვინებებთ იმას, რაც უკეთურია, წარმწყმედია, უღირსებითია). ამრიგად, დაცემულ ადამიანში თავდაპირველი ბუნება და შესაბამისი ბუნებითი თვისებები, როგორც ასეთი, კი არ მოსპობილა, კი არ გამქრალა, არამედ გაუკუღმართებული მიმართულებით გამოვლინდა და, შესაბამისად, ღირსება დაკარგა, ვინაიდან თუ დაცემამდე ადამიანი თავის ღვთივბოძებულ ბუნებისეულ ნებასა და ბუნებისეულ აზროვნებას მყარად იყენებდა მხოლოდ ღვთისკენ (ბუნებითი სიკეთისკენ) ნებაყოფლობითი გონისმიერი სწრაფვისთვის ანუ მხოლოდ განღმრთობისთვის, დაცემის შემდეგ იგივე ადამიანი, რომელიც ნებსით გახდა უკეთურების ამრჩევი, იმავე ბუნებისეულ ნებასა და აზროვნებას ასევე მყარად იყენებს უღირსი, წარმწყმედი მოქმედებისთვის, რასაც შესაძლოა გარეგნულად, მოჩვენებითად, მაცთუნებლობითად სიკეთისა და ღირსების სახე ჰქონდეს. ამრიგად, ის ბუნება და ის ბუნებითი თვისებები ადამიანისა, რაც თავდაპირველად მიმართული იყო ღვთისკენ (ცხონებისკენ) და, შესაბამისად, აღვსებული იყო საღვთო ღირსებით, დაცემის შემდეგ გახდა მიმართული უკეთურებისკენ (წარწყმედისკენ) და აღივსო ანუ განიმსჭვალა უღირსებით, ვინაიდან, კვლავ აღვნიშნავთ, რომ ერთი და იმავე ბუნებითი თვისების (თავისუფალი ნების) სხვადასხვაგვარი გამოყენებით ჩვენ შეიძლება ვინებოთ კეთილიც (რაც ღირსებაა) და შეიძლება ვინებოთ უკეთურიც (რაც უღირსებაა), ისევე როგორც ერთი და იმავე ბუნებითი აზროვნების უნარით ჩვენ შეგვიძლია, ერთი მხრივ, ვიაზროვნოთ ღვთიურად და დიდი სიკეთენი აღვასრულოთ (რაც ღირსებაა), მეორე მხრივ კი, შეგვიძლია ვიაზროვნოთ ბოროტად და, აქედან გამომდინარე, გააზრებულად ჩავიდინოთ უმძიმესი ბოროტებანი (რაც უღირსებაა). საღვთოდ ვნებელობთ და ვაზროვნებთ, როდესაც ჩვენი ბუნება, ღვთისკენ ჩვენი მიდრეკის შედეგად, ღვთიურდება და ღირსეულდება, ხოლო ბოროტად ვნებელობთ და ვაზროვნებთ, როდესაც ჩვენი ბუნება, ეშმაკისკენ ჩვენი მიდრეკის შედეგად, უკუღმართდება, ეცემა, გადაგვარდებადა უღირსი ხდება.
ამრიგად, ადამიანის დაცემით მისმა ბუნებამ დაკარგა არა, ცალკე აღებული, თავისი არსობრიობა, არა, ცალკე აღებული, თავისი რაობითი თვისებები, არამედ - ის, რაც სამოქმედო მიმართულების მიმცემია არსებისა და არსობრივი თვისებებისთვის. ესაა ღირსება და მადლი, რაც ვლინდება არა მხოლოდ ადამიანურისულის, არამედ ადამიანური ხორცის მიმართაც, ვინაიდან დაცემისას ადამიანის ხორცი კი არ გამქრალა, არამედ ამ ხორცმა დაკარგა მადლი და, შედეგად, დაკარგა ის მდგომარეობაც, რაც მას თავის ბუნებაში ჰქონდა მადლის მიერ, კერძოდ - უკვდავება, უხრწნადობადა უვნებობა, თუმცა ეს ხორცი არც დაცემის შემდეგ ქრება ანუ არ გადადის არარსებობაში, უმყოფობაში, არამედ არსებობს დაცემით შეძენილი ხრწნადობის, ვნებითობისა და მოკვდავობის თვისებებში და ამავე თვისებების მიზეზით გარკვეულ ჟამს დროებით განეშორება თავის სულს, აღდგომის ჟამს კი კვლავ და მარადის განუახლდება იგი ადამიანს თავდაპირველი სახით.
ეშმაკებთან დაკავშირებითაც იგივე ვითარებაა: როდესაც დაეცა ანგელოზი, თვით ანგელოზური ბუნება, როგორც ასეთი, თავისი არსობრივი თვისებებით, რათქმაუნდა კვლავაც შეუძრავი დარჩა, თუმცა ამ ბუნებასა და ბუნებისეულ თვისებებს მასში (ეშმაკში) დაეკარგა აბსოლუტურად ყველა ბუნებითი ღირსება. ეს ნიშნავს, რომ დაცემული ანგელოზიც აზროვნებს ანუ სრულად ინარჩუნებს აღნიშნულ ბუნებისეულ თვისებას, მაგრამ იგი აზროვნებს ყოვლად უკეთურად ანუ ყოვლად უღირსად, წარმწყმედელობითად, ისევე როგორც ნებელობს და განმზრახველობს მხოლოდ უკეთურად, ადამიანთა დაღუპვის დაუოკებელი ჟინით.
თავისთავად აზროვნებაც და ნებელობაც უდიდესი ღვთივბოძებული ბუნებითი სიკეთენია, თუკი ისინი სწორედ იმ მიზნით იქნება გამოყენებული, რისთვისაც ებოძა ქმნილებას (განღმრთობისთვის), განაპირობებენ რა ხსენებული გონითი და ნებელობითი ქმნილების ხატისებრობას ღვთისადმი, მაგრამ თუკი აღნიშნული სიკეთენი ბოროტად, გაუკუღმართებულად, დამღუპველობითად იქნება გამოყენებული, ამით მითითებული ბუნებითი სიკეთენი (ანუ, მოცემულ შემთხვეაში, ნებელობა და აზროვნება), ცხადია, არსობრივად ანუ ბუნებითად არანაირად არ გაუქმდება, თუმცა ამოქმედდება და გამოვლინდება დამღუპველობითად, წარწმყმედელობითად, ეშმაკეულად. ამიტომ ითქმის, რომ რაღაც გაგებით (კერძოდ, არსებობისეული, ონტოლოგიური, ყოფიერებითი გაგებით) ეშმაკებშიც ნარჩუნდება ანგელოზებისადმი ბოძებული ბუნებითი სიკეთენი ანუ ბუნებითი ნიჭნი, კერძოდ - საკუთრივ არსებობა ანუ მყოფობა, აგრეთვე, მოაზროვნეობა, თავისუფალი ნება, მსწრაფველობა, მეძიებლობა, მსურველობა და ა. შ., ამ თვისებების შენარჩუნებულობით კი აღარც ეშმაკნი წარმოჩნდებიან ყოფიერებითად გამიჯნულებად შემოქმედისგან - ბუნებითი სიკეთისგან (არც არაფერი შეიძლება გაემიჯნოს მას), თუმცა ამავე ღვთივბოძებული ბუნებითი თვისებების გამრუდებული გამოყენებით ყოვლითურთ იუკუღმართებენ საკუთარ თავში, საკუთარ ჰიპოსტასში თავიანთ ღვთივქმნილ ანგელოზურ ბუნებას, ვინაიდან თუმცა, მაგალითად, არსებობენ, ყოფიერებენ, ცოცხლობენ, ანუ, ძველი ქართულით "ცხოვლობენ", ისინი (რაც, თავისთავად, ღვთივბოძებული სიკეთეა ქმნილებებისადმი), მაგრამ ყოველთვის არსებობენ, ყოფიერებენ, ცოცხლობენ, "ცხოვლობენ", მხოლოდ ბოროტად, ისევე როგორც თუმცა აზროვნებენ და ნებელობენ (ნებელობაც და აზროვნებაც, თავისთავადი სახით, ღვთივბოძებული სიკეთენია ქმნილებებისადმი), მაგრამ ყოველთვის აზროვნებენ და ნებელობენ კვლავაც მხოლოდ ბოროტად. ანალოგიურადვე, მსწრაფველობენ და აღიძვრიან მხოლოდ ბოროტად, მეძიებლობენ მხოლოდ ბოროტად, მოსურნეობენ მხოლოდ ბოროტად და ა. შ. მეტიც, როდესაც აღიძვრიან ისინი რაიმეს შესაცნობად, შეიცნობენ მხოლოდ იმას, რაც არაჭეშმარიტია, რაც ფსევდოა, ვინაიდან ჭეშმარიტი უკვე უარყოფილი აქვთ მთელი შეგნებულობით, მთელი გააზრებულობით. ამიტომ, თუმცა თავიანთი პირველსაფუძვლით აქვთ მათ სურვილი ღვთისა, მაგრამ დახშული აქვთ რა სულიერი ხედვა, ეშურებიან მხოლოდ მოჩვენებითს, ღვთის საწინააღმდეგოს, მიხედავად იმისა, რომ თავად უფალი, რომელიც მარადის ყოვალდუშურველია მთელი ქმნილების მიმართ, სხვებთან ერთად ენათება ეშმაკებსაც, ვინაიდან მხოლოდ ბუნებითი სინათლეა სუბსტანციის ანუ არსების მქონე, თუმცა ეს სინათლე არასოდეს ხდება მათი (ეშმაკთა) კუთვნილება, რაც ნიშნავს შემდეგს: მართალია, საღვთო სინათლე, კვლავ აღვნიშნავთ, ყოველმხრივ ენათება მათ (ისევე როგორც სხვა ყველაფერს) გარედანაც და შიგნიდანაც, ანუ მყოფობს მათ გარეთაც და მათ შიგნითაც (ამასთან, მათ გარეთ იმიტომ,რომ ყველგან მხოლოდ საღვთო სინათლე ჰგიეს, მათ შიგნით კი იმიტომ, რომ მათსავე პირველსაფუძველშიც მხოლოდ სინათლეა შექმნილობითად, წარმომშობლობითად), მიუხედავად ამისა (ანუ მიუხედავად საღვთო სინათლის მათდამი, და მთელი ქმნილებისადმი, ყოვლადი საყოველთაოობისა), ეს სინათლე, კვლავ ხაზს გავუსვამთ, არასოდეს ხდება მათეული, ვინაიდან მათეული რომ გახდეს, უნდა შეეძლოთ კიდეც ამ სინათლის (მათ გარეთ თუ მათ შიგნით მყოფის) ჭვრეტა, დანახვა, რისი უნარიც მათვე აბსოლუტურად დაუხშეს თავიათ თავს ნებაყოფლობით. ესაა იმ ბრმის მდგომარეობა, რომელსაც გინდ სხეულის გარედან გაუნათონ, გინდ სხეულის შიგნიდან, მაინც ვერასოდეს ვერაფერს დაანახებენ მხედველობითი ორგანოს აბსოლუტური დახშულობის გამო, რაც ნიშნავს, რომ დაცემული ძალები ვერც თავიანთი თავის გარეთ, ვერც თავიანთი თავის შიგნით ვერასოდეს იხილავენ ვერარა ნათელს , თუმცა ცდილობენ ამ სახითაც აცთუნონ ადამიანები, ევლინებიან რა მათ ელვისებრ მანათობლებად, მოკაშკაშეებად, რითაც, ამასთან, დამმოწმებელნიც ხდებიან იმისა, რომ მათაც წარმოშობითად სინათლე აქვთ თავიანთ პირველსაფუძველში.
და ბოლოს - იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გვესმოდეს ბუნების მდგომარეობა. როდესაც ითქმის, რომ ბუნება თავისი არსობრივი თვისებებით შეუძრავია, ხდება კი მდგომარეობითი გაუკუღმართება ბუნებითი ღირსებებისა, ეს არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, თითქოსდა მდგომარეობითი გაუკუღმართება რაღაც უფრო ნაკლებ უბედურებას გულისხმობდეს და ამით თითქოსდა რაღაც "შერბილება" ეძლეოდეს დაცემულობას. ანუ, თუკი ვამბობთ, რომ ეშმაკნი ბუნებითი პირველსაფუძვლით არ არიან ბოროტნი, მაგრამ ბოროტნი არიან იმ გაუკუღმართებული მდგომარეობით, რაც საკუთარ ბუნებას შესძინეს, ამის თქმა არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ვამსუბუქებდეთ მათ უკეთურებას. საქმე ისაა, რომ ცნება "მდგომარეობა" არის უმნიშვნელოვანესი მონაცემი, მეტიც - ის სინამდვილე ანუ რეალობა, რაშიც მოცემულ შემთხვევაში არის ესა თუ ის ქმნილება. ადამიანი რომ თავისი პირველსაფუძვლით საღვთო მადლში მკვიდრობდა, მაგრამ შემდეგ ცოდვით დაეცა და გაუკუღმართებულ მდგომარეობაში ჩაიგდო ნებაყოფლობით თავი, რეალობა მისთვის ამის შემდეგ სწორედ ესაა და არა ის თავდაპირველი მდგომარეობა, რაშიც შეიქმნა. როდესაც რკინას ცეცხლში ვდებთ და ამის შედეგად ხსენებული რკინა ცხელდება, მიუხედავად იმისა, რომ რკინისთვის ეს სიცხელე და გავარვარებულობა არის არა თავდაპირველი ბუნებითი თვისება, არამედ შეძენილი, მაინც მოცემულ მომენტში რკინისთვის რეალური სწორედ ეს გავარვარებული მდგომარეობაა და რამდენიც არ უნდა წარმოვისახოთ ის ბუნებითი სიგრილე, რაც არსობრივად აქვს რკინას, ამის წარმოდგენა ვერაფერს გვიშველის, თუკი გავარვარებულ რკინას ხელს შევახებთ.
ამ ყოველივეს აღვნიშნავთ იმიტომ, რომ არავინ უნდა წარმოსახოს წმ. დიონისე არეოპაგელი როგორც თითქოსდა შემამსუბუქებელი ეშმაკთა უკეთურებისა და თითქოსდა მათი რაღაცგვარად გამაკეთილებელი, როდესაც ამბობს, რომ ეშმაკნი თავიანთი ბუნებითი პირველშექმნილობით არ არიან ბოროტნი. ამ უდიდესი წმინდანის (ისევე როგორც ყველა სხვა მოძღვრის) განხილვები ბოროტებასთან დაკავშირებით მხოლოდ იმ ერთი უტყუარი ჭეშმარიტების ცხადყოფას ემსახურება, რომ ღმერთი არ არის მიზეზი ბოროტებისა და რომ სუბსტანციურად, არსობრივად, ბუნებითად მხოლოდ სიკეთე სუფევს, ბოროტება კი ოდენ დაცემულობაა, დაკლებულობაა ამ სიკეთისგან და არა თავისთავადი არსებობის მქონე რეალობა.
ვფქირობთ, საჭიროა იმაზე მითითებაც, რომ წმ. დიონისე არეოპაგელის სწავლებანი არა მხოლოდ აზრობრივადაა მეტად ღრმა, არამედ ტექსტობრივადაც უაღრესად რთულია (ამიტომ არ იყო მეექვსე საუკუნემდე ეს სწავლებანი ფართო გამოყენებისთვის დაშვებული), რის გამოც დიდი ღვწა და სიფრთხილეა საჭირო, რომ მართებული მწვდომელობა გვქონდეს ამ სწავლებებისა.
კითხვა: საინტერესო იყო, რაზეც მსჯელობდით, თუმცა დავუბრუნდეთ ჩვენი განხილვის მთავარ საგანს. შეგახსენებთ, რომ ვსაუბრობდით იმ წყაროებზე, რომლებიც წმ. დიონისე არეოპაგელის ზემოგანხილულ სიტყვებთან ერთად მოიხმობა ეშმაკთა დაცემისშემდგომი, ასე ვთქვათ, ყოვლადსრული ღირსებების და ანგელოზთა ბუნებითი ღირსებებისგან მათი სრული დაუკლებლობის შესახებ.პ
პასუხი: მაინც, რომელია ეს წყაროები?
კითხვა: მაგალითად, იმოწმებენ წმ. პალადი ჰელენოპოლელის შემდეგ სიტყვებს:
"განყოფილებაჲ არს ეშმაკთა შორისცა და თითოსახეობა, ვითარ ჩუენ, კაცთა შორის, არათუ არსებით შეცვალებულებაჲ, არამედ სახითა განყოფილებაჲ, გინათუ ქცეულებაჲ".
მიიჩნევენ, რომ ამ სიტყვებში ხაზგასმულია ეშმაკების ერთარსობა დაუცემელ ანგელოზებთან.
პასუხი: თუნდაც ასე იყოს, რა არის აქ მიუღებელი? ეშმაკები, რათქმაუნდა ერთარსნი არიან ანგელოზებთან, თუმცა არა თავიანთი ცოდვიშემდგომი ბუნებითი უღირსებით, არამედ თავიანთი ბუნებითი პირველსაფუძვლით. მიუხედავად ამისა, ზემორე ძველი ქართული ტექსტი ამჯერადაც სრულიად მცდარად არის გაგებული, ვინაიდან იგი აბსოლუტურად არ ეხება ანგელოზთა და ეშმაკთა ერთარსობას. მეტიც, "ლავსაიკონის" მთელ იმ თავში, რომლისგანაც მოიტანება ზემორე ციტატა და რომელიც წმ. მაკარი ეგვიპტელს ეხება, ერთხელაც არ არის ნახსენები ანგელოზები. დამოწმებული ტექსტი გულისხმობს მხოლოდდამხოლოდ იმას, რომ ეშმაკებშიც, ისევე როგორც ადამიანებში, მრავალი განსხვავებაა, თუმცა განსხვავებაა არა მათი (ეშმაკთა) არსების, არამედ მათი განზრახულების მხრივ, რაც ნიშნავს ეშმაკები თუმცა განსხვავებულნი არიან, მაგრამ მათ არათუ სხვადასხვა არსება აქვთ, არამედ - სხვადასხვა განზრახულება (შდრ. ბერძნ. Διαφοραὶ γάρ εἰσι δαιμόνων͵ ὥσπερ καὶ ἀνθρώπων͵ οὐκ οὐσίας ἀλλὰ γνώμης - "არსებობს განსხვავებანი ეშმაკებისა, ისევე როგორც ადამიანებისა, თუმცა არა არსების, არამედ განზრახულების მხრივ". შდრ. რუს. თარგმანი: Между демонами, как и между людьми, есть различия, зависящие, впрочем, от разности нев существе, а в воле ). რა შუაშია აქ ეშმაკთა და ანგელოზთა ერთარსობა? თუ ასე გავიგებდით, მაშინ მოცემულ კონტექსტში თანაბრად შეიძლებოდა დაგვენახა ადამიანთა და ანგელოზთა ერთარსობაც.
კითხვა: იშველიებენ, ასევე, წმ. ბასილი დიდის შემდეგ სიტყვებს: "უკეთურია ეშმაკი, რომელსაც არჩევანისგან აქვს უკეთურება, თუმცა ბუნება არაა საწინააღმდეგო სიკეთისა".
პასუხი: სავსებით განმაღმრთობელი სწავლებაა, ვინაიდან, რათქმაუნდა, ამ სიტყვებშიც ხაზგასმულია მხოლოდ და მხოლოდ ის ბუნება, რითაც თავდაპირველად შეიქმნენ ღვთისგან ეშმაკები და რაც შემდეგ მათვე უკიდურესად გააუკუღმართეს. შესაბამისად, ამჯერადაც უკიდურესი ცთომილებაა ამ სიტყვების იმგვარად გაგება, თითქოსდა საუბარი იყოს ეშმაკთა დაცემისშემდგომი ბუნებითი უბიწოების შესახებ, ვინაიდან ეს რომ ასე იყოს, იგივე ბასილი დიდი ხაზგასმას არ გააკეთებდა ეშმაკთა ბუნებაზე როგორც ანგელოზურისგან მკვეთრად განსხვავებულზე.
კითხვა: ნუთუ ბასილი დიდი ეშმაკთა გაუკუღმართებულ ბუნებას ახსენებს?
პასუხი: და გასაკვირი რა არის?
კითხვა: ის, რომ, როგორც კატეგორიულად აღნიშნავენ, მართლმადიდებელ მოძღვართა შრომებში არ არსებობს რაიმე მითითება ეშმაკთა ბუნებაზე როგორც გაუკუღმართებულზე და ანგელოზური სიწმინდისგან განსხვავებულზე.
მართლაც, თუ ეშმაკთა ბუნება გაუკუღმართებულად ითქმის მამათა მიერ, მაშინ ის ერთადერთი დასკვნა გამოდის, რომ ეშმაკებში არ ყოფილა შენარჩუნებული ანგელოზური ბუნების თავდაპირველი უბიწოება და, შედეგად, არა მხოლოდ პიროვნული არჩევანის გაუკუღმართების მიზეზით ყოფილან ისინი ზეციდან განვარდნილნი და დაცემულნი, არამედ - ბუნებითი თვისებების გაუკუღმართებითაც.
პასუხი: არათუ წმ. ბასილი, არამედ ყველა წმინდა მოძღვარი, ვინც ზემორე საკითხს შეჰხებია, ამასვე ამბობს, თუმცა ჯერ თქვენეული ციტატები დავასრულოთ, თუ კიდევ გაქვთ.
კითხვა: ვფიქრობ, ცალკე განხილვის საჭიროება აღარ არის, ვინაიდან თუმცა, მაგალითად, უთითებენ წმ. მაქსიმე აღმსარებელსაც, მაგრამ მისი აზრიც ზედმიწევნით იგივეა, რაზეც ზემოთ განმარტავდით, კერძოდ, რომ არ არიან ეშმაკნი ბუნებით ბოროტნი, იგულისხმება რა, როგორც თქვენი განხილვიდან გამოჩნდა, ეშმაკთა ბუნების მხოლოდ თავდაპირველი და არა დაცემის შემდგომი უბოროტობა. ასე რომ, უმჯობესია ის წყაროები გაგვაცნოთ, რომლებშიც, როგორც უკვე თქვით, ეშმაკთა ბუნებითი გაუკუღმართება არის ხაზგასმული.
პასუხი: კეთილი, თუმცა ჯერ აღვნიშნავთ შემდეგს: საზოგადოდ, ბუნებისეული გაუკუღმართება ზოგ შემთხვევაში იმ მასშტაბისაა, რომ ამგვარ გაუკუღმართებას ყოფითად (გნებავთ, სქეტიკურად ანუ შეფარდებითად, რელატიურად, და არა არსობრივად) ცალკე ბუნებაც კი შეიძლება ეწოდოს. მაგალითად, როდესაც ადამიანი დაეცა, მისი ბუნების მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, ვინაიდან ეს ბუნება, - თავდაპირველად მადლით უკვდავი, უხრწნადი და უვნებო, - ცოდვით დაცემის შემდეგ გახდა მადლდაკარგული და, შედეგად, მოკვდავი, ხრწნადი და ვნებულებითი. ამ შემთხვევაში არსობრივი კუთხით, ცხადია, საქმე გვაქვს ღვთივქმნილი ადამიანური ბუნების გაუკუღმართებულ, დაცემულ მდგომარეობასთან (ვინაიდან ადამიანი იმ ბუნებით დაეცა, რაც დაცემამდე ჰქონდა), მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს დაცემული მდგომარეობა ადამიანისთვის ბუნებითი გახდა, პირობითი წესით ვსაუბრობთ ადამიანის ხრწნად, დაცემულ მოკვდავ ბუნებაზე, თუმცა, ამასთან, ზედმიწევითი განსაზღვრების ანუ ე. წ.საკუთრივმეტყველების (კვირიოლოგიის) წესით, ესაა, კვლავ აღვნიშნავთ, არა შექმნილობითად ახალი ადამიანური ბუნება, არამედ თავდაპირველი ადამიანური ღვთივქმნილი ბუნების გაუკუღმართებული მდგომარეობა. ამას აღვნიშნავთ იმიტომ, რომ, თქვენს ზემორე მითითებაზე პასუხად (ანუ იმაზე პასუხად, როდესაც გაკვირვებით იკითხეთ, არის კიო სადმე მოძღვართა შორის საუბარი ანგელოზურისგან განსხვავებულ ეშმაკისეულ ბუნებაზე), ხაზგასმით უნდა ვთქვათ შემდეგი: არათუ არის ამგვარი საუბარი წმინდა მოძღვართა შორის (ანუ საუბარი ეშმაკებში თავდაპირველი ანგელოზური ბუნების გაუკუღმართებაზე), არამედ, პირიქით, მსგავსი რამ მათი საუბრებისთვის უაღრესად ნიშანდობლივია, იმ ზომამდე, რომ ხშირად დასტურდება მკვეთრი ხაზგასმა ეშმაკთა თვით გაუკუღმართებულ ბუნებაზეც კ ი(და არა მხოლოდ ბუნების მდგომარეობაზე), რის შედეგადაც მრავალ შემთხვევაში ხსენებულ მოძღვართა მიერ ცალკეც გამოიყოფა და ღვთის ანგელოზთა წმინდა ბუნებისგან განყოფილად განიხილება აღნიშნულ დაცემულ ძალთა არაწმინდა ბუნება (თუმცა, ყველა ასეთ შემთხვევაში, პირდაპირი გაგებით, ცხადია, იგულისხმება არა ახალი რამ ბუნება ეშმაკებისა, არამედ თავდაპირველი ანგელოზური ბუნების გაუკუღმართებული, გადაგვარებული მდგომარეობა მათ ჰიპოსტასებში).
ახლა შევეხოთ შესაბამის წყაროებს.
თქვენ ზემოთ ბასილი დიდის სიტყვები დაიმოწმეთ ეშმაკთა ბუნების უბოროტობაზე, რასთან დაკავშირებითაც აღვნიშნავდით, რომ ბასილის მიერ იგულისხმებოდა მხოლოდდამხოლოდ ის ბუნება, რითაც თავდაპირველად შეიქმნენ ღვთისგან ეშმაკები და რაც შემდეგ ამავე ეშმაკებმა უკიდურესად გააუკუღმართეს, ვინაიდან იმგვარი წარმოდგენის შექმნა, თითქოსდა თქვენგან მითითებულ სიტყვებში ბასილის მხრიდან საუბარი იყოს ეშმაკთა დაცემისშემდგომი ბუნებითი უბოროტობისა და ღირსეულობის შესახებ, უკიდურეს ცთომილებამდე მიგვიყვანდა, იმდენად რამდენადაც ასეთ შემთხვევაში (ე. ი. იმ შემთხვევაში, თუ ბასილი დიდს მართლაც დაცემულ ეშმაკთა ცოდვისშემდგომი ბუნებითი უბოროტობა ექნებოდა მიღებული ჭეშმარიტებად), იგივე ბასილი დიდი, ცხადია, ვერანაირად ვეღარ იქნებოდა წარმომჩენი ეშმაკთა გაუკუღმართებული ანუ ანგელოზურისგან განსხვავებული ბუნებისა (მართლაც, თუ ეშმაკებს დაცემის შემდეგაც წმინდა ბუნება ექნებოდათ შენარჩუნებული, როგორღა გახდებოდა შესაძლებელი მათ ბუნებაში გაუკუღმართების დანახვა?). მაგრა მხსენებული მოძღვარი მკაფიოდ ამბობს: Οὐ γὰρ εὐθὺς διάβολος ἐκτίσθη ὁ διάβολος͵ ἀλλ΄ ἀγγέλου ἐξουσίαν λαβὼν͵ κατεστράφη εἰς τὴν τοῦ δαίμονος φύσιν. Καὶ ἐγένετο πονηρὸς δαίμων ὁ ταύτῃ τῇ πονηρίᾳ χαρακτηρισθεὶς͵ καὶ ἀπαλλοτριωθεὶς τῆς πρὸς τὸν Θεὸν οἰκειότητος.
აი, სიტყვა-სიტყვითი თარგმანი: "მართლაც, არათუ მყისვე შეიქმნა ეშმა ეშმად1, არამედ მიიღო რა მან ანგელოზის უფლებამოსილება, ქვედაეკვეთა ეშმაკის ბუნებამდე და გახდა უკეთური ეშმაკი, რომელიც ნიშანდებული იყო უკეთურებით" (PG 31, Homilia dicta in Lacisis, col. 1452 A).
შდრ. ინგლ. თარგმანი:
The devil was not outright created an accuser, but having the authority of an angel, he was perverted into the demonic nature. And he became the evil demon characterized by this particular evil (Lee W. Brainard, Apostasia in 2 Thessalonians 2:3 — Rapture or Apostasy?, Soothkeep Press, 2021, p. 137) .
ამრიგად, როგორც ვხედავთ, ის ანგელოზი, რომელიც ეშმა გახდა, ანგელოზური უფლებამოსილებიდან უკიდურესად დაეცა ანუ ქვედაეკვეთა ეშმაკის ბუნებამდე, და სწორედ ამ ბუნებით არის იგი უკეთური.
ნუთუ აქ "ეშმაკის უკეთური ბუნება" ყოვლადბრწყინვალე ანგელოზური ბუნების სიწმინდეს უიგივდება?
წმ. ბასილის ზემორე სწავლება თავალნათლივ განგვიცხდებს,რომ ქვე-დაკვეთებულია, დასჯილია და დაცემულია ეშმაკი არა მხოლოდ იმით, რომ თავისი გაუკუღმართების გამო განიკუთვნა პიროვნული დასჯილობა ღვთისგან, არამედ იმითაც, რომ შეეფარდა მას ასებისეული დასჯილობაც, როგორც განგვიწესებს ამას წმ. ლეონ დიდი პრისცილიანისტების წინააღმდეგ მიმართულ თავის სახელგანთქმულ XV ეპისტოლეში. მოვუსმინოთ:
"ღმერთს, რომელიც არის ყოვლიერების შემქმნელი, არაფერი შეუქმნია არაკეთილი. აქედან გამომდინარე, ეშმაკიც კეთილი იქნებოდა, რომ შენარჩუნებულიყო იმად, რადაც შეიქმნა, მაგრამ ვინაიდან ბოროტად გამოიყენა მან ბუნებითი აღმატებულება და "არ დაადგრა ჭეშმარიტებაში" (იოანე 8.44), არათუ საპირისპირო არსებაში გადავიდა, არამედ უმწვერვალესი სიკეთიდან,რომელსაც უნდა შემსჭვალვოდა, განვარდა.... რის გამოც, მაშასადამე, ბოროტება მათშივეა და თვით ეს ბოროტება არის არა არსება, არამედ დასჯილობა არსებისა” (შდრ. Deus, qui universitatis est conditor, nihil non bonum fecit. Unde et diablous bonus esset, si in eo quod factus est permeneat. Sed quia naturali excellentia male usus est, ‘et in veritate non stetit’, non in contrariam transiit substaniam, sed a summon bono, cui debuit adhaerere, descivit; sicut ipsi qui talia asserunt a veris in falsa proruunt, et naturam in eo arguunt in quo sponte delinquunt, ae pro sua voluntaria perversitate damnantur. Quod utique in ipsis malum erit, et ipsum malum non erit substantia, sed POENA SUBSTANTIAE, PL 54, col. 683 B; შდრ. ინგლ. თარგმ. God, who is the Maker of the Universe, made nothing that was not good. Thus even the devil would be good, if he had remained as he was made. But because he made a bad use of his natural excellence, and ‘stood not in the truth,’1 he did not pass into the opposite substance, but from the highest good, to which he should have adhered, he revolted: just like those who assert such things and run from the truth into error, accusing nature of their own spontaneous delinquencies, and so they are condemned for their voluntary perversity. Certainly this evil is in them, but is itself not a substance but A PENALTY SUBSTANCE SUFFERS).
ნუთუ ანგელოზური ბუნების უბიწოებას აქვს "დასჯილობა არსებისა"?
ანდა მოვუსმინოთ წმ. ავგუსტინეს უაღრესად ცხად განმარტებას ეშმაკთა ბუნების გაუკუღმართების შესახებ:
"ამრიგად, ბოროტია არა ეშმაკის თვით ბუნება, რამდენადაც ის ბუნებაა, არამედ გაუკუღმართება ხდის მას [ბუნებას] ბოროტს" ("ღვთის ქალაქი" 19.13; შდრ. Proinde nec ipsius diaboli natura, in quantum natura est, malum est; sed PERVERSITAS EAM MALAM FACIT. დავუკვირდეთ ნაცვალსახელს "მას", რაც ლათინურში მდედრობითი სქესისაა [eam] და, რათქმაუნდა, გულისხმობს არა მამრობითი სქესის diabolus-ს, არამედ მდედრობითი სქესის natura-ს. შდრ. რუს. თარგმანი: И природа самого дьявола, насколько она природа, не есть зло; ЗЛОЮ СДЕЛАЛА Е Е РАЗВРАЩЕННОСТЬ).
ამრიგად, უნათლესია, რომ ბუნება ეშმაკისა, თავისთავად (პირველშექმნითად) კეთილი, ბოროტი გახადა გაუკუღმართებამ, რაც ცხადყოფს, რომ ეშმაკი არა მხოლოდ პიროვნულად გახდა ბოროტი, არამედ - ბუნების გაუკუღმართებითაც.
კითხვა: ვითარება უაშკარესია. თუმცა თქვენ აღნიშნეთ, რომ სხვა წმინდა მამებიც ამასვე ასწავლიან. ხომ ვერ დაიმოწმებთ კიდევ რამდენიმე მათგანს, რომ უფრო ნათლად წარმოჩნდეს დაცემულ ძალთა ბუნებითი მდგომარეობის უღირსება?
პასუხი: დავიმოწმოთ, თუნდაც ხსენებული ბასილი დიდის ძმა, წმინდა გრიგოლ ნოსელი, რომელიც სრული სიმკვეთრით მიუთითებს, რომ ფატალისტების ზოგიერთი წინასწარმეტყველების მოჩვენებითი ახდენა "ეშმაკთა მაცთუნებელი ბუნებით" არის წაქეზებული (შდრ. τὸ ἐν τοῖς πλείοσι διαμαρτάνειν τό τε ἔντισι δοκεῖν μὴ ἔξω τῆς τῶν ἐκβησομένων ἀληθείας ἄγειν τὴν πρόρρησιν͵ καὶ τῇ ἀπατηλῇ τῶν δαιμόνων φύσει ὁμοίως καὶδιὰ ταύτης καὶ πάσης ἐπινοίας ὁ σκοπὸς κατορθοῦται, PG 45, col. 173 C).
ამ შემთხვევაშიც, ნუთუ ღვთის ანგელოზებსაც იგივე " მაცთუნებელი ბუნება" აქვთ, რაც - ეშმაკებს?
იქვე წმ. გრიგოლ ნოსელი შენიშნავს, რომ ასტროლოგიის მიმდევარი ადამიანი განდგომილია ღვთისგან და მიჰყვება "ეშმაკთა მავნებელი ბუნების მიზანდასახულობას" (შდრ. πρὸς τὸν σκοπὸν τῆς βλαπτικῆς τῶν δαιμόνων φύσεως βλέπει, PG 45, col. 173 C-D).
კვლავაც, ნუთუ ღვთის ანგელოზებსაც იგივე "მავნებელი ბუნება" აქვთ, რაც ეშმაკებს?
სხვა შემთხვევაში ხსენებული მოძღვარი, როდესაც საუბრობს გაუკუღმართებულ ადამიანებზე, აღნიშნავს, რომ ზოგმა მათგანმა "სათაყვანებელი გახადა ეშმაკთა ბუნება", გაიგივებულია რა იქვე "ეშმაკთა ბუნების" ეს "თაყვანისცემა" კერპთაყვანისმცემლობასთან (შდრ. ἄλλοι δὲ τὴν τῶν δαιμόνων φύσιν ἐποιοῦντο σεβάσμιον͵ πολλοῖς δὲ τὸ Θεῖον ἐδόκει καὶ ἡ χειροποίητος τῶν εἰδώλων μορφὴ͵ οἷς βωμοί τε͵ καὶ ναοὶ͵ καὶ τελεταὶ͵ καὶ θυσίαι͵ καὶ τε μένη͵ καὶ ἀφιδρύματα͵ καὶ πάντα τὰ τοιαῦτα παρ΄ αὐτῶν ἀνετίθετο εἰς θεραπείαν τῶν ψευδωνύμων, PG 46, col 696).
ახლა წმ. იოანე ოქროპირი ვნახოთ, რომელიც გვასწავლის:
"ნუ შეშინდებით, როდესაც გაიგონებთ "საშიში მთავრის" - მარხვის შესახებ, ვინაიდან იგი საშიშია არა თქვენთვის, არამედ - ეშმაკთა ბუნებისთვის" (შდრ. Ἀλλὰ μὴ πτήξητε φοβερὸν ἄρχοντα τὴν νηστείαν ἀκούσαντες· οὐ γὰρ ἡμῖν ἐστι φοβερὰ͵ ἀλλὰ τῇ τῶν δαιμόνων φύσει, PG 49, col. 307).
ამრიგად, ეშმაკთა ბუნებას ეშინია სათნოებისა - მარხვისა, ვინაიდან სწორედ მარხვაა მისი უკუმგდები, მაშინ როცა ანგელოზთა ბუნება, პირიქით, ყოვლითურთ შემწეა მარხვისა.
შემდეგ, თეოდორიტე კვირელი ამგვარად გვიხასიათებს "ეშმაკთა ბუნებას":
"თუმცა უსხეულოა ეშმაკთა ბუნება, მაგრამ სჩვევია მას ადამიანთა შემაცდენლობა" (შდრ. Ἀσώματος μὲν ἡ τῶν δαιμόνων φύσις͵ ἐξαπατᾶν δὲ τοὺς ἀνθρώπους εἰωθυΐα, PG 81, 332 A).
ამრიგად, ეშმაკთა ბუნებას გამოკვეთილად ახასიათებს ადამიანთა შემაცდენლობა, რასაც, ცხადია, ვერ ვიტყოდით ანგელოზურ ბუნებაზე.
ცალკე გამოყოფს, უარყოფითი კონტექსტით, "ეშმაკთა ბუნებას" წმ. ანასტასი სინელი თავის სახელგანთქმულ "წინამძღვარში", ხაზს უსვამს რა, რომ მათი ეს ბუნება, ქრისტეს თქმით, ლოცვითა და მარხვით უნდა იქნეს გაძევებული (შდრ. "სხვაა მოდგმა ანუ ბუნება ადამიანებისა და სხვაა მოდგმა ანუ ბუნება ეშმაკებისა, როგორც ამბობს ქრისტე მათ შესახებ, რომ "ეს მოდგმა ვერ გავა, თუ არა ლოცვითა და მარხვით" - ἄλλο γένος ήτοι φύσις ἀνθρώπων, καὶ ἕτερον γένος, ἤτοι φύσις δαιμόνων. Καθά φησιν ὁ Χριστὸς περὶ αὐτῶν, ὅτι "Τὸ γένος τοῦτο οὐκ ἐξέρχεται, εἰ μὴ ἐν προσευχῇ καὶ νηστείᾳ, PG 89, col. 121 C).
ამასთან, იგივე მოძღვარი ანგელოზთა ბუნებისგან კვლავაც ყოვლითურთ განაცაკლევებს "შემცოდე ეშმაკთა ბუნებას" და ამ "ბუნებას", განსხვავებით ცოდვილ ადამიანთა "ბუნებისგან", "სინანულის ვერმიმღებად" განგვიწესებს, როდესაც ამბობს (წმ. ექვთიმე მთაწმინდელის თარგმანით): "ხოლო სინანულისა არა შემწყნარებელ არს ბუნებაჲ მათი" (წინამძღუარი, 2007, გვ. 184).
ცხადია, ამ შემთხვევაშიც წმ. ანასტასი მხოლოდ ეშმაკთა ბუნებაზე საუბრობს, ანგელოზების ბუნებისგან [=ბუნებითი მდგომარეობისგან] დიამეტრულად გამიჯნულად, ვინაიდან ანგელოზებთან დაკავშირებით გამოირიცხება სინანულის შესახებ საუბარი, მათი უცოდველობის გამო (საგულისხმოა, რომ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ანგელოზებზე საუბრისას მათ ბუნებას, ღვთის ბუნების მსგავსად, "უცოდველს"უწოდებს, რაც, ცხადია, არანაირად არ გულისხმობს ეშმაკებსაც, ვინაიდან ანგელოზთა ბუნებითი უცოდველობის მიზეზად წმ. გრიგოლი ღმერთთან მათ სიახლოვეს უთითებს, რაც შეუძლებელია ეშმაკებისთვის. შდრ. "ანგელოზთაცა ბუნებისაჲ არს უცოდველობაჲ მახლობელობისათჳს ღმრთისა", Sancti Gregorii Nazianzeni Opera, Versio Iberica V, p. 140).
შემდეგ, წმ. ფოტი პატრიარქს შიში აქვს იმისა, რომ "არ შეინიღბოს ეშმაკთა ბუნება ადამიანური სახით" (δέδοικα μὴ δαιμόνων φύσις ἀνθρώπου μορφὴν ὑποκρίνεται, PG 102, 888 A).
ნუთუ აქაც იგივეობაა ეშმაკთა ბუნებითი მდგომარეობისა ანგელოზური ბუნების უბიწოებასთან?
წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველიც, წინარეთა კვალობაზე, ცალკე გამოყოფს "ეშმაკთა ბუნებას"და თავის მეორე ჰიმნში (სტრიქონი 54) ასეთ შეფასებას გვთავაზობს: "მოშურნე ბუნება ეშმაკებისა", ამბობს რა, სახელდობრ, თავის თავზე შემდეგს:
"რაოდენს განმცდის [მე] მოშურნე ბუნება ეშმაკებისა" (შდრ. ὅσα δαιμόνων πειράζει φθονερά φύσις, Syméon le Nouveau Théologien, Hymnes, I, I-XV [Sources Chrétiennes 196], Paris, 1969, p. 180).
ნუთუ ანგელოზთა ბუნებაა მოშურნე და ჩვენი განმცდელი?
წმ. გრიგოლ პალამაც მკვეთრად გამოყოფს ანგელოზთაგან ეშმაკთა ბუნებას, რომლის მძლეველადაც დაგვისახავს სულიერ მოღვაწეებს, მიმართავს რა მათ შემდეგი სიტყვებით:
"თუკი თქვენ შეეჯიბრეთ ანგელოზებს, გარემოსილნი მოკვდავი ხორცით, და თუკი ზეაღმატებულნი გამოჩნდით ეშმაკისეულ ბუნებაზე, არაფერია ამაში ახალი" (შდრ. εἰ τοῖς ἀ γγέλοις παρημιλλήθητε, θνητὰ σαρκία περικείμενοι, καὶκαθυπέρτεροι δαιμονίας φύσεως διεδείχθητε, καινὸν οὐδὲν, PG 150, col. 1350 C).
და ა. შ და ა. შ.
კითხვა: ვფიქრობთ, არსებითი განიმარტა, თუმცა ჩვენის მხრივ დავძენთ, რომ ზედმიწევნით ამავე სწავლებას შეიცავს, აგრეთვე, მონაზონ ექვთიმეს (კრუპიცკის) მიერ თარგმნილი უმნიშვნელოვანესი საღვთისმეტყველო ძეგლი, წმ. ათენაგორა ათენელის "აპოლოგია". დავიმოწმებთ შესაბამის მონაკვეთს:
"ისინი ღვთის მიერ თავისუფალი არჩევანის მქონეებად შეიქმნენ. ზოგიერთები დარჩნენ იმაში, რისთვისაც ისინი შექმნა და დაადგინა ღმერთმა, ზოგიერთებმა კი შერყვნეს არსების ქვესაძირკველიც (ἐνύβρισαν καὶ τῇ τῆς οὐσίας ὑποστάσει) და [მათდამი ბოძებული] მთავრობაც” (აპოლ. 24.6. შდრ. ბერძნ. Οἱ μὲν γὰρ ἄλλοι—αὐθαίρετοι δὴ γεγόνασιν ὑπὸ τοῦ θεοῦ—ἔμειναν ἐφ´ οἷς αὐτοὺς ἐποίησεν καὶ διέταξεν ὁ θεός, οἱ δὲ ἐνύβρισαν καὶ τῇ τῆς οὐσίας ὑποστάσει καὶ τῇ ἀρχῇ, ინგლ. o is it among the angels. Some, free agents, you will observe, such as they were created by God, continued in those things for which God had made and over which He had ordained them; but some outraged both the constitution of their nature and the government entrusted to them).
პასუხი: ცხადია, იგივე სწავლებაა, ისევე როგორც - არაერთი სხვა ამგვარი, თუნდაც, მათ შორის, ჩვენი ცნობილი საეკლესიო მოღვაწის, წმ. გაბრიელ ქიქოძის შემდეგი შეგონება:
"კაცნი წმინდანი, გაღონიერებულნი სარწმუნოებითა, მიიღებენ ძლევასა არათუ მხოლოდ ბუნებასა ზედა კაცისასა, არამედ თვით უმძლავრესსა ბუნებასა ზედა არაწმინდა სულთა, ეშმაკთა ზედა" (https://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/martlmadideblobis4.htm; შდრ. წმ. გრიგოლ პალამას ზემოდამოწმებული სიტყვები).
კითხვა: ვფიქრობთ, საკმარისია. მადლობა, დრო რომ დაგვითმეთ.
იხ. სტატიის PDF ფაილი: დაცემულ ძალთა ბუნების შესახებ
ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 17 APRIL 2024 20:12)