ედიშერ ჭელიძე - არიანულ-ნესტორიანული გაუკუღმართების შესახებ
ნესტორიანული ორჰიპოსტასობა გულისხმობს იმას, რომ თუ განკაცებული ლოგოსი ღირსებითად სრულიქმნებოდა და ვითარდებოდა, იგი ბუნებითი ღმერთი არ უნდა ყოფილიყო. მაგრამ ნესტორი აღიარებდა ლოგოსის ღმერთობას, რის გამოც იგი მამის სიტყვას ანუ ღმერთ-ლოგოსს ჰიპოსტასურად განაშორებდა სრულქმნადი კაცობრივი ბუნებისგან და რადგან, ამასთან, შეუძლებელი იყო, რომ ბუნებას ჰიპოსტასი არ ჰქონოდა, საკუთრივ კაცობრივი ბუნების ჰიპოსტასად მას შემოჰყავდა გონებრივ-სულიერი განვითარებადობის დამტევი კაცი-პიროვნება იესო, რომ ამა გზით ლოგოსი (მამის ძე) გათავისუფლებულიყო სიბრძნესა და მადლში ეტაპობრივი განვითარებადობა-სრულქმნადობის ბრალდებისგან, ე.ი. იმ ბრალდებისგან, რაც გარდაუვალ საფრთხეს უქმნიდა ლოგოსის ბუნებითი ღმერთობის უეჭველობას [ვინაიდან, კვლავ აღვნიშნავთ, განვითარებადი არსის ბუნებითი ღმერთობა შეუძლებელია], მაგრამ ნესტორი ჩავარდა მეორე უმძიმეს გაუკუღმართებაში, ვინაიდან მან, როგორც ვნახეთ, ლოგოსი ჰიპოსტასურად განაშორა გონებრივ-სულიერად ანუ ღირსებითად სრულქმნადი კაცობრივი ბუნებისგან და ამ უკანასკნელის [ე.ი. სრულქმნადი კაცობრივი ბუნების] ჰიპოსტასად, ნაცვლად ყოვლადსრული ლოგოსისა ანუ ბუნებითი ღმერთ-ჰიპოსტასისა [ე.ი. ნაცვლად მამა-ღმერთის ბუნებითი ძისა], მან შემოიყვანა მეორე პიროვნება, სრულქმნადობა-განვითარებადობას დაქვემდებარებული ადამიან-ჰიპოსტასი იესო, ძე მარიამისა, ვინაიდან, კვლავ აღვნიშნავთ, ნესტორის გაგებით, განვითარებადი და ეტაპობრივად სრულქმნადი კაცობრივი ბუნების მქონედ ძე-ღმერთის ჰიპოსტასის მიჩნევა გამოიწვევდა თავად ძე-ღმერთის ანუ ლოგოსის განვითარებადობის აღიარებას [რეალურად განვითარებადი ბუნების მქონე ჰიპოსტასი უთუოდ თავადაც განვითარებადია] და, შესაბამისად, მისი (ძე ღმერთის, იგივე ლოგოსის) ბუნებითი ღმერთობის უარყოფას ანუ მის აღიარებას ოდენ ქმნილებად [სრულქმნად-განვითარებადი არსი უთუოდ ქმნილებაა].
ნესტორს წინ ჰქონდა მაგალითი არიანელებისა, რომლებმაც ერთ ჰიპოსტასად მოიაზრეს რა ძე ღვთისა და ძე კაცისა ანუ აღიარეს რა კაცობრივი ბუნების მქონედ თავად ძე ღვთისა, აქედან გამომდინარე კაცობრივი ბუნების გონებრივ-სულიერი ანუ ღირსებითი სრულქმნა-განვითარებადობაც სწორედ ძე-ღმერთზე გადაიტანეს და ეტაპობრივ წარმატებადობას დაქვემდებარებულ განღმრთობილ ქმნილებად ანუ მადლით ღმერთქმნილ ჰიპოსტასად [ე.ი. არა ბუნებით ღმერთად] დასახეს იგი. არიანელობაც და ნესტორიანელობაც იმიტომ გავრცელდა თავის დროზე ესოდენ ფართოდ და საუკუნეების შემდეგაც კი [მათ შორის, სადღეისოდაც] იმიტომაა უაღრესად რთული მათი მომაკვდინებელი საცეცების მოკვეთა, რომ ამ ცრუსწავლებათა არგუმენტაცია გარეგანი, ყოფითი თვალისთვის საკმაოდ სარწმუნო ჩანს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სწორედ ის არგუმენტაცია არიოზისა და ნესტორისა, რაც ესოდენ სარწმუნოა ქვეყნიური (გნებავთ ლოგიკურად მოაზროვნე) გონებისთვის, ამავდროულად წარმოადგენს ხსენებულ ერესიარქთა კატასტროფული შეცდომის სათავეს. მაგრამ რა არის ის ეგზომ ორსახოვანი პოსტულატი, რაც, ერთი მხრივ, მეტად სარწმუნოა გარეგანად, მეორე მხრივ კი მეტად [აბსოლუტურად] წარმწყმედიც - შინაგანად? როგორც აღვნიშნეთ, არიოზი და ნესტორი გამოდიოდნენ ერთი და იმავე [თავისთავად მართებული და, როგორც აღვნიშნეთ, სრულიად სარწმუნო] დებულებიდან, რომ კაცობრივი ბუნება, როგორც ნაკლოვანი და არასრული, ექვემდებარება წარმატება-განვითარებას, თუმცა ამ დებულების შემდგომი ლოგიკური განგრძობა სამ სხვადასხვა ცთომილ შესაძებლობას იტევდა. ამ სამი ცთომილი შესაძლებლობიდან ერთი, რაც აირჩია არიოზმა, გულისხმობდა აღიარებას იმისას, რომ თვით ძე-ღვთისა [და არა რომელიმე სხვა ძე] გახდა მიმღები ეტაპობრივად-განვითარებადი კაცობრივი ბუნებისა და ამის გამო თავადაც [ე.ი. თავად ძე-ღვთისაც] ეტაპობრივად წარემატებოდა. ამგვარი აღიარება ერთჰიპოსტასობას უნარჩუნებდა ძე-ღვთისას, თუმცა, ამავე დროს, აუქმებდა მის ბუნებით ღმერთობას [ვინაიდან რეალურად განვითარებადი ბუნების მქონე ჰიპოსტასი თავადაც განვითარებას დაქვემდებარებული უნდა ყოფილიყო, ხოლო განვითარებას დაქვემდებარებული გარდაუვალად ქმნილებაა და არა ბუნებითი ღმერთი];
მეორე შესაძლებლობა, რაც გამოიყენა ნესტორმა, ეს იყო მცდელობა იმისა, რომ ლოგოსისგან გამიჯნულიყო სრულქმნადი კაცობრივი ბუნება როგორც ჭეშარიტი ღმერთისთვის ყოვლად შეუფერებელი რამ. ამგვარი დაშვებით ძე ღმერთს, მართალია, უნარჩუნდებოდა ბუნებითი ღმერთობა, მაგრამ ყოვლითურთ უქმდებოდა მისი განკაცება, ვინაიდან იგი [ძე ღვთისა] განცალკევებული წარმოჩნდებოდა კაცობრივი ბუნებისგან, რომლის ჰიპოსტასადაც, ნაცვლად ღვთის ძისა, სხვა ძის [განვითარებადობის დამტევი ადამიან-ჰიპოსტასის] შემოყვანის აუცილებლობა დგებოდა დღის წესრიგში.
იყო, როგორც აღვნიშნეთ, მესამე ცთომილი შესაძლებლობაც, კერძოდ მონოფიზიტური, რომელიც, ერთი მხრივ, ასევე უნარჩუნებდა ლოგოსს ბუნებით ღმერთობას, თანაც, ამავე დროს, ერთი შეხედვით არც კაცობრივი ბუნებისგან მიჯნავდა მას ანუ აღიარებდა განკაცებას - ლოგოსის მიერ ადამიანური ბუნების მიღებას, თუმცა ყველაზე არსებით საკითხს ანუ ზემორე მთავარ პრობლემას, თუ როგორღა უნარჩუნდებოდა ასეთ შემთხვევაში [ე.ი. ნაკლოვანი კაცობრივი ბუნების მიღების შემთხვევაში] ლოგოსს, მამის ძეს ბუნებითი ღმერთობა, იგივე მონოფიზიტობა ამ კითხვას არა მხოლოდ დოგმატურად, არამედ ზოგადად ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო თვალთახედვითაც და, მარტივად, თვით საღი გონების პრინციპებიდან გამომდინარეც კატასტროფულად არასწორ პასუხს სცემდა, მიიჩნევდა რა, რომ ის კაცობრივი ბუნება, რაც მიღებული იქნა ღმერთ-ლოგოსის მიერ, ბუნებითადვე ანუ თავისი არსობრივი საფუძვლითვე შეიცვალა და გარდაიქმნა ღმრთეებად ანუ ერთ ბუნებად შედგა ღმრთეებასთან, მაშინ როცა, ერთი მხრივ, ფუძემდებლური აზროვნებითი დებულება იყო და არის ის, რომ ორი ბუნება არასოდეს შედგება ერთ ბუნებად, მეორე მხრივ კი, საზოგადოდ, საღ გონებას სრულიად მოკლებულია შესაძლებლობა კაცობრივი ბუნების ბუნებითი განღმრთობისა ანუ კაცობრივი ბუნების, პირდაპირი მნიშვნელობით, ღმერთად ქცევისა, ვინაიდან ის, რაც უკვე ქმნილებაა [და ჭეშმარიტად ამგვარია კაცობრივი ბუნება], ვერასოდეს გახდება შეუქმნელი, არის რა იგი უკვე ქმნილება [შეუქმნელი კი ყოველთვის და უსასრულოდ შეუქმნელი უნდა იყოს], ისევე როგორც - ის, რაც დასაბამიერია, ვერასოდეს ვერ გახდება დაუსაბამო, არის რა უკვე დასაბამიერი [დაუსაბამო კი ყოველთვის და უსასრულოდ დაუსაბამო უნდა იყოს], ანთუ, მსგავსადვე - ის, რაც გარეშეწერილია, ვერასოდეს გახდება გარეშეუწერელი, არის რა უკვე გარეშეწერილი [გარეშეუწერელი კი ყოველთვის და უსასრულოდ გარეშეუწერელი უნდა იყოს].
წმინდა სწავლებამ სწორედ ამ სამი წარმწყმედი უფსკრულის ცთომილებითი სათავე უარყო, რამაც შედეგად მოგვცა განკაცების შესახებ ჭეშმარიტი და ურთიერთგანუყოფელი ორნაწილედი დოგმატის ყოვლადუცთომელი დასაძირკვლება. მართლმადიდებელ მოძღვართა ფუნდამენტური, სწავლება, რაც ერთადერთი საფუძველია განკაცების მოძღვრების ჭეშარიტი წვდომისა, გულისხმობს, ერთი მხრივ, ამ ცხოველმყოფელ დებულებას, რომ მარადის არსებობს და ჰგიეს მხოლოდ ერთი იესო ქრისტე, რომელიც არის იგივე განკაცებული ღმერთ-ჰიპოსტასი, მეორე პირი ყოვლადწმინდა სამებისა ხორცშესხმული, ძე ღმერთი, დაუსაბამოდ და დაუსრულებლად შობილი მამა-ღმერთისგან, და იგივე ძე-კაცისა, შესაბამის ჟამს კაცობრივად შობილი მარაქალწულ მარიამისგან, ერთი ძე ორი სრული და ჭეშარიტი შობით [დაუსაბამოდ ანუ საღვთოდ - მამისგან და დასაბამიერად ანუ კაცობრივად - მარიამისგან] ანუ ერთი ჰიპოსტასი [გვამოვნება] ორი სრული და ჭეშარიტი ბუნებით. ამ დებულებისგან განუყოფლად, მართლმადიდებლური სწავლება ცხონების საფუძვლად განგვიწესებს მეორე ფუძემდებლურ დებულებას, რომ ძე-ღმერთის ანუ ლოგოსის მიერ ჭეშარიტად და სრულად მიღებული კაცება, რაც თავისთავად (ე.ი. თავისი ლიტონი მდგომარეობით) ღირსებითად ნაკლოვანია და გონებრივ-სულიერად განვითარებადი, ბუნებითად ყოვლადდაცულად ნარჩუნდება ღმერთ-ჰიპოსტასში და ღმრთეებასთან უმწვერვალეს შეერთებულობაში, თუმცა მიუხედავად ამისა (ე.ი. ამგვარი სრული ბუნებითი დაცულობისა), ხსენებული კაცება აბსოლუტურად არანაირ საფრთხესე არ უქმნის ბუნებითი ღმერთის ანუ განკაცებული ლოგოსის ღმერთობას, ვინაიდან (და სწორედ ესაა უმთავრესი და გადამწყვეტი) კაცობრივი ბუნების არასრულყოფილება არანაირად [ოდნავადაც კი] არ განივრცობა თავად ღმერთ-ჰიპოსტასზე. მაგრამ რა შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ კაცობრივი ბუნების ღირსებითი არასრულყოფილება მიღებულიც იყოს ღმერთ-ჰიპოსტასისგან და, ამავე დროს, არანაირად არ აისახებოდეს ხსენებულ ჰიპოსტასზე? მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლოგოსთან კაცობრივი ბუნების შეერთებისთანავე მოხდება მყისიერი აღვსება თავად ამ კაცობრივი ბუნების ღირსებითი არასრულყოფილებისა, ანუ თუ ეს ბუნება თავადვე გახდება ყოვლადსრულად ღირსეული. მაგრამ შეიძლება კი რაიმეგვარად, რომ იგი, - არასრული, - ამავე დროს ყოვლადსრული გახდეს? წმინდა მოძღვართა უხრწნელი სწავლებით, როგორც ზემოთ ვნახეთ, მაცხოვრის კაცობრივი ბუნების ყოვლადსრულობა აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, თუმცა არა, მონოფიზიტთაებრ, ბუნებითად [ვინაიდან კაცება, როგორც მარადის ქმნილებად მყოფი, ბუნებითად მარადის არასრულყოფილია], არამედ გამდიდრებითად, ხოლო გამდიდრებითი ყოვლადსრულობა მაცხოვრის კაცობრივი ბუნებისა ნიშნავს არა რაიმეგვარად თავად კაცობრივ ბუნების თუნდ უმცირეს არსობრივ ცვლილებას [ნუ იყოფინ!], არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ღმრთეებასთან ჰიპოსტაური შეერთებისთანავე ანუ ხსენებული კაცობრივი ბუნების პირველშექმნისთანავე ხდება მისი [მაცხოვრისგან მიღებული კაცობრივი ბუნების] საღვთო ღირსეულობებით აღვსება და, ამასთან, აღვსება ყოვლადსრულად!
დიახ, კვლავ ხაზგასმით გავიმეორებთ, რომ საკრებოდაც და ცალკეული რჯულდებითი განჩინებებითაც წმინდა მოძღვარნი [აბსოლუტურად ყველა], ნესტორიანელთა და ფარულნესტორიანელთა მარად-საანათემოდ, საღვთო დოგმატად განგვიწესებენ მაცხოვრის კაცობრივი ბუნების ოდენ სრული ღირსებითი აღვსებულობის ანუ საღვთო ღირსეულობებით მისი სრული გამდიდრებულობის დოგმატს, და აქ არანაირად არ იგულისხმება რაიმე სახის ღირსებითი არასრულობა, ოდნავ მაინც ნაკლულევანება სისრულეში, ოდნავ მაინც ნაწილედობა გამდიდრებულობაში, ვინაიდან თუ, საღვთო ღირსეულობებით გამდიდრებისდა მიუხედავად, მაცხოვრის კაცება, თუნდ უმისხლესად, კვლავაც ნაკლულევანი დარჩებოდა, ნესტორიანული საფრთხე ორჰიპოსტასობისა ანდა არიანული საფრთხე ლოგოსის ქმნილებად აღიარებისა უცვლელად შენარჩუნდებოდა, იმდენად რამდენადაც ნაკლოვანების მოცულობას ან ხანგრძლივობას [უმცირესზე-უმცირესი იქნება იგი თუ წამზე უწამიერესი] შესაბამისი დასკვნისთვის არ აქვს აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა, ვინაიდან ღვთისთვის ყოვლითურთ შეუსაბამოა თუნდ ყველაზე მცირე ზადი და ხარვეზი სისრულეში, რაც ნიშნავს, რომ რაიმე სახის ღირსებითი ნაკლოვანების უმცირესად ანთუ უწამიერესად თავის თავში რეალურად გამომავლენელი ჰიპოსტასი უთუოდ ქმნილებაა და არანაირად ბუნებითი ღმერთი.
ამიტომაა შეუძრავად და ურყევად დადგენილი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მარადსაუკუნო დოგმატი იმის შესახებ, რომ განკაცებისთანავე ანუ ლოგოსის ჰიპოსტასში ღმრთეებასთან კაცობრივი ბუნების შეერთებისთანავე, აბსოლუტურად ყოველგვარი დროითი შუალედისა და დაყოვნების გარეშე ანუ ყოვლითურთ მყისიერად და დაუყოვნებლივ, მოხდა ღმრთეებისეული ღირსებებით ყოვლადსრულად აღვსება კაცობრივი ბუნებისა ანუ კაცობრივი ბუნების ყოვლადსრული ღირსებითი (და არანაირად ბუნებითი) გამდიდრება [მსგავსად ცეცხლში ჩადებული რკინისა, რომელიც ვარვარდება რა, ნაცვლად სიგრილისა, ყოვლადსრულად განიმსჭვალება ცეცხლის მხურვალებით და ვიდრე იგი (რკინა) ცეცხლში რჩება, ნიშანწყალიც კი არ ვლინდება მასში აქამდე არსებული სიგრილისა, თუმცა გამოგვაქვს, რა, მაგალითად, რკინა ცეცხლისგან, იგი კვლავ გრილდება, რაც უეჭვოდ გვიდასტურებს, რომ რკინისთვის მხურვალება ოდენ გამდიდრებითია. ამასთან, ნათელია, რომ ვიდრე რკინა ცეცხლშია ანუ გავარვარებულია, არა ადრინდელი სიგრილე, არამედ სწორედ ცეცხლისგან შეძენილი გამდიდრებითი მხურვალება ვლინდება მასში ყოვლადქმედითად და აბსოლუტური რეალურობით]. ამრიგად, მაცხოვრისგან მიღებულ კაცებას რომ თავისთავადი ღირსებითი ნაკლოვანება და გონებრივ-სულიერი განვითარებადობის საჭიროება თუნდაც ერთი წამის ხანგრძლივობით შეენარჩუნებინა, გარდაუვალად უნდა გამოევლინა კიდეც იგი ჰიპოსტასურად [ბუნების მოქმედება ყოველთვის ჰიპოსტასში ვლინდება], რაც, თავის მხრივ, შედეგად მხოლოდ იმას მოგვცემდა, რომ, თუნდაც იმ ერთი წამის ხანგრძლივობაში, მაცხოვრის ჰიპოსტასი რეალურად წარმოგვიჩნდებოდა ნაკლოვან და სრულქმნა-განვითარებას დაქვემდებარებულ ჰიპოსტასად ანუ, ხსენებული ერთი წამის განმავლობაში, აბსოლუტურად გაუქმებული აღმოჩნდებოდა მისი ბუნებითი ღმერთობა [ვინაიდან ნაკლოვანი და განვითარებადი ჰიპოსტასის ბუნებითი ღმერთობა ყოვლითურთ გამოირიცხება].
ამრიგად, მაცხოვრის ღმრთეებასთან ერთჰიპოსტასურად შეერთებული კაცობრივი ბუნების ღირსებითი ანუ გონებრივ-სულიერი და სათნოებითი განვითარებადობისა და სრულქმნადობის აღიარება უმძიმესზე-უმძმესი გაუკუღმართებაა და მისი წარმწყმედი შედეგი გარდაუვალად ან არიანელობაა [თუკი ეტაპობრივი სრულქმნადობის რეალურად გამომავლენელი კაცობრივი ბუნების მქონედ თავად ძე-ღვთისა იქნება მიჩნეული, რაც მასაც (ძე-ღმერთსაც) სრულქმნადობა-განვითარებადობას დაქვემდებარებულ და, შესაბამისად, ბუნებითი ღმერთობის არმქონე ქმნილებად წარმოაჩენს] ანდა - ნესტორიანელობა [თუკი რეალურად და ეტაპობრივად განვითარებადი კაცობრივი ბუნება ლოგოსისგან როგორც ბუნებითი ღმერთისგან გამიჯნულად იქნება აღიარებული, რაც გააუქმებს განკაცების ჭეშარიტებას და შექმნის იმის დამღუპველ აუცილებლობას, რომ ხსენებული კაცობრივი ბუნების ჰიპოსტასად, ნაცვლად ლოგოსისა, კაცობრივი განვითარებადობის თავის თავში რეალურად დამტევი და მადლით-განღმრთობილი ადამიან-ჰიპოსტასი იქნება შემოყვანილი]. ამიტომ ასწავლის მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის კაცობრივი ბუნების დაუყოვნებელ და სრულ აღვსებას ღმრთეებისეული ღირსეულობებით.
მონაკვეთი წიგნიდან "საეკლესიო დოგმატიკა და ერესები", (ედიშერ ჭელიძე), თბილისი, 2016 წ. (გვ. 1390-1395)
ბოლოს განახლდა (THURSDAY, 23 APRIL 2020 16:54)