Georgian (Georgia)English (United Kingdom)
268–269

ქართლის ცხოვრება

ჩვენს წინა გადაცემაში შევჩერდით კვართის მცხეთაში მობრძანების ამბავზე, წმ. სიდონიას სასწაულებრივ აღსასრულზე და ზოგადად შევქმენით გარკვეული შთაბეჭდილება იმ წინაპირობებთან დაკავშირებით რის საფუძველზეც საქართველოც, ქართლიც (ძველი წოდებით) მყისიერად, შეიძლება ასე ითქვას, პირველი საუკუნიდანვე უდიდესი პასუხისმგებლობის ტვირთვით შეუერთდა იმ საღვთო გზას, რაც მაცხოვარმა თავისი მიწიერი ცხოვრების ჟამს დააფუძნა და რა გზაც გულისხმობს კაცობრიობის ახლად შობას ცხონებისათვის.

ეს ღვაწლი მაცხოვრისეული, მოციქულთაგან ნატვირთი და ეკლესიის მამათადმი გადაცემული, საკუთრივ ეკლესიის ამქვეყნიური დაფუძნებულობის გეზია, [1]მიმართულებაა და ეკლესიის შვილად და ეკლესიის განუყოფელ ნაწილად ქართლი იქცა სწორედ იმ სიწმინდეების მეოხებით და იმ სიწმინდეების ძალმოსილებით რომელთაგან უმთავრესი ჩვენ წინა საუბარში მოვიხსენეთ. ძველი აღთქმიდან ეს გახლავთ სიწმინდე ელიას ხალენი, ახალი აღთქმიდან გვირგვინი ყოველთა სიწმინდეთა – მაცხოვრის კვართი, წმ. კურთხევითი მიმადლებულობა ქართველი ერისადმი ბაგრატიონთა დინასტიისა, როგორც გენეტიკურად მომდინარესი ბიბლიურ დავით წინასწარმეტყველისგან რაც, კვლავ ხაზს გავუსვამთ, სწორედ ბიბლიური წინამძღოლობის სულით მსჭვალავდა ქართველ მეფეთა ღვაწლს, ეს ძველი აღთქმისა, ამბავი, გადმოცემა, და ახალი აღთქმისა ასევე ყოველთა გადმოცემათა გვირგვინი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობა. რა თქმა უნდა, წმინდა თხრობანი, [2]სხვაც მნიშვნელოვანნი ქართლის მიწასთან დაკავშირებით არსებობს, შემონახულია, მაგრამ ჩვენ ამ მიმოხილულსაც საკმარისად ვთვლით იმ დასკვნის გამოსატანად რა დასკვნაც თუნდაც “მოქცევაი ქართლისაი”-ში, თუნდაც “ქართლის ცხოვრებაში” მკაფიოდ არის გამოთქმული, რომ პირველითგანვე ქართველთა მიწა,  ქართველთა სამკვიდრო, ისევე როგორც ყველა სხვა ერის სამკვიდრო, მოწოდებული და ხმობილი იყო მაცხოვნებელი ჭეშმარიტებისკენ. ხმობილი ყველა არის, მათ შორის ქართლიც, მაგრამ თუ ქრისტიან ისტორიას ქართლისას ჩვენ შევისწავლით ვნახავთ, რომ მან ეს ხმობა მიიღო, გაითავისა და არა მხოლოდ ჩინებული, ანუ წვეული აღმოჩნდა საუფლო ტაბლასთან, არამედ რჩეულიც. კვლავ აღვნიშნავთ ჩინებულნი (ძველი ქართული ტერმინი “ჩინებული” ნიშნავს წვეულს, ხმობილს, მოხმობილს) [3]ყველანი არიან, ყოველი ადამიანია, ყველა ერია, მთელი კაცობრიობაა, მაგრამ როგორც უფლისგან გვისწავლია “მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ”. ქართლის ისტორია გვიკარნახებს რომ, ერთი მხრივ, ამ რჩეულთა შორისაც უნდა ვიგულისხმოთ და შევრაცხოთ ერი ქართლისა, როგორც წადიერებით და წრფელად შემწყნარებელი მაცხოვნებელი სარწმუნოების, მეორე მხრივ კი იმ დიდი ღვაწლის ცნობიერად და შეგნებულად მტვირთველი, რაც მაცხოვრისგან დაფუძნებული მომაქცეველობითი მოსაგრეობის ანუ ბრძოლის ჟამს, მის უერთგულეს მხედრად საკუთარი თავის წარმოდგინებას გულისხმობს ქართველი ერისგან. აი ეს სიწმინდენი ამ ღვაწლისათვის (ძველ ქართულად ღვაწლი ბრძოლას, ასპარეზობას ნიშნავდა) ანუ მოსაგრეობისათვის ანუ ჭეშმარიტების გამო [4]თავდადებისათვის ამზადებდა ქართლს და ქართლიც ამ პასუხისმგებლობის ღირსეულად მიმღები აღმოჩნდა, რაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ ზე ისტორიულ ისტორიასა და ჟამზე ღირსებით აღმატებულ გადმოცემებში არ გამოვლენილა მხოლოდ, არამედ კონკრეტული ჟამიერებითი, ისტორიული ახოვანებითი მოღვაწეობით.

საკუთრივ სამწერლობო კუთხით, რაც ჩვენთვის ამ შემთხვევაში ძირითადია, საქართველოში საეკლესიო მადლმოსილება დატევნისებრ სრულად გამოვლინდა და უძველესი ეპოქიდანვე, V საუკუნიდანვე ქრისტიანული მწერლობა ფუძემდებლური და უმთავრესი გახდა ქართველი ერის ცხოვრებაში, ქართველი ერის ისტორიაში. ვფიქრობთ განსაკუთრებით ყურადღებამისაქცევია და უაღრესად საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ქართლის ისტორია როდესაც დაიწერა ამ ისტორიას კრებსითი [5]ძეგლების სახით, არ ეწოდა მას უბრალოდ ისტორია ანდა მისი ქართული შესატყვისები, გნებავთ “თხრობაი”, გნებავთ “მატიანე”, “უწყებაი”, რითაც გადმოიცემოდა ბერძნული “ჰისტორია” ქართულად. თუმცა ზოგიერთ წიგნს და ზოგიერთ მონაკვეთს ეს თავისთავად ცხადია ეწოდებოდა, მაგრამ მთლიანად კრებულს ქართლის ისტორიის მაუწყებელი ძეგლებისას ეწოდა “ცხოვრებაი ქართლისაი”. ამას იმიტომ ვაქცევთ ყურადღებას, რომ ტერმინი “ცხოვრება” საეკლესიო აზრით, საეკლესიო რწმენით იგივე ცხონებას უიგივდება და როდესაც ჩვენ მხსნელს მაცხოვარს ვუწოდებთ ამით მას ვაღიარებთ ჭეშმარიტი ცხოვრების მომნიჭებლად. თუ ჩვენ “ქართლის ცხოვრებას” სიწმინდეთმცოდნეობითი თვალით განვჭვრეტთ, ე.წ. საკრალული ხედვით აღვიქვამთ “ქართლის ცხოვრებას” ვნახავთ, რომ ეს ისტორია ნაუწყები წერილობითად ორ მონაკვეთადაა [6]განყოფილი, ერთი გაქრისტიანებამდელი, ქრისტიანობამდელი და მეორე ქრისტიანობის შემდგომდროინდელ. მაგრამ ეს ორი მონაკვეთი არსებითად კი არაა ერთიმეორისგან განყოფილი, არამედ წინარეც, ე.ი. მოქცევამდელიც, ქრისტიანობამდელი ეპოქაც გადმოცემულია სწორედ ქრისტიანული განჭვრეტით, ამ სიწმინდისკენ, გაქრისტიანებისკენ, ჭეშმარიტი მოძღვრების მიღებისკენ მავალი ერის ისტორიაა იმ წინარე ეპოქაშიც ნაუწყები და ჩვენ შეგვიძლია პარალელი გავავლოთ ქართლის ცხოვრებასა და ზოგადად საღვთო წერილთან. საღვთო წერილი მოგეხსენებათ ორ ნაწილად განიყოფება, ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა, ძველი აღთქმა არის წინასწარმეტყველება მხსნელის მოვლინების შესახებ, იგივე ახალი აღთქმის შესახებ, ხოლო ახალი აღთქმა არის აღსრულება ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებისა, ანუ განცხადებულად, მახარებლურად და სამოციქულოდ [7]მხსნელის მოვლინების მთელი კაცობრიობისთვის უწყება. “ქართლის ცხოვრებასაც” თუ ჩვენ სწორედ ამგვარი, გამომხსნელობითი, მაცხოვარებითი, ანუ როგორც ეს მიღებული ბერძნული ტერმინია, “სოტერიოლოგიური” თვალით შევხედავთ და ამ თვალთახედვით აღვიქვამთ ვნახავთ, რომ ქართლის განვლილი გზა ვიდრე გაქრისტიანებამდე, ვიდრე მაცხოვრის მიღებამდე მომზადება იყო ამ უდიდესი საიდუმლოსთვის. ხოლო უკვე მიღებული საიდუმლოს შემდგომდროინდელი, ამ საიდუმლოს ფლობის, ამ უდიდესი სიწმინდის საკუთარ თავში დატევნისა და აღქმის უდიდესივე პასუხისმგებლობის გრძნობით გამსჭვალული წინსვლაა უკვე საზეპურო ერისა (ყველა ჭეშმარიტად ქრისტიანი ერი საზეპუროა ანუ რჩეული ერია ანუ უფლის ერია), ამ შემთხვევაში ქართლის ერისა იმ ერთა შორის, [8]რომლებიც ჯერ კიდევ ბნელეთის წიაღში რჩებოდნენ, რომელთათვისაც ქრისტეს ნათელი ჯერ კიდევ არ ნათლობდა, გადმოცემული “ქართლის ცხოვრების” მეორე ნაწილში. ასე რომ ქართლის ისტორია ერთი მთლიანია და ამ ისტორიის სანიშნე, ამ ისტორიის სამიზნე ანუ როგორც ძველ ქართულად არის ასეთი ტერმინი “ბეჭთსაშუალი”, ერთი მხრივ გამყოფი ორ ნაწილად და მეორე მხრივ ამ ორი ნაწილის თავის თავში გამაერთიანებელი გახლავთ ქართლის გაქრისტიანება, იგივე ქართლის ცხონება. ამ ცხონებამდელი ეპოქა არის სვლა ცხონებისკენ, ხოლო შემდგომი ეპოქა არის უკვე ცხონებული ერისგან მაცხოვარებითი სიწმინდის ანუ მრავალსასყიდლისეული მარგალიტის, უძვირფასესი განძის შენარჩუნებისთვის ბრძოლა იმ წყვდიადისა და ბნელეთის წინაშე, რომელიც ამ ყველაზე ძვირფასის წართმევასა და შებილწვას ლამობდა ებრძოდა რა ქართლს, ქართლს, რომელიც აბო თბილელის მარტვილობაში [9]იოანე საბანისძისგან ასეა წოდებული: “დედად წმინდანთა”, წმინდანთა და სიწმინდეთა დედაა ქართლი, ამ სიწმინდეებს იმარხავს თავის თავში და მიიღო რა მაცხოვარება უფლისგან, თავად მაცხოვარი მიიღო რა თავის წიაღში, შემდგომად ამისა ამ უძვირფასესი მარგალიტის დასაცავად სწირავს თავის თავს. ასე რომ ერთი მხრივ გზა ცხონებისკენ, ანუ მომზადება ცხონებისათვის, წინ გამზერა იმისკენ, რომ ცხონება და მაცხოვარება მივიღოთ ესაა ქართლის გაქრისტიანებამდელი ისტორია, ხოლო შემდგომი ეს გახლავთ, კვლავ გავიმეორებთ, სიწმინდემიღებული ერის ურთულესი გზა მიღებული სიწმინდის შენარჩუნებისა და უბიწოდ დაცვისათვის ბრძოლაში. ამიტომაა, რომ ქართლის ცხოვრების მთლიანობითი რედაქციის შემქმნელი რუისის ეპისკოპოსი ლეონტი სწორედ მაცხოვარებისკენ, [10]ცხონებისკენ ქართლის სვლის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს გახაზავს ქრისტიანობამდელ ისტორიაში ამ ერისა. ჩვენ ვხედავთ ზეციური ნათლის გამობრწყინებას უკვე ფარნავაზთან, პირველ მეფესთან, ვხედავთ კვართის მცხეთაში დავანებულობას პირველ საუკუნეში ჩვენი წელთააღრიცხვით, მაგრამ ეს ჯერ კიდევ ქართლის ისტორიისთვის ცხონებამდელი პერიოდია, ცხონებისკენ მავალი გზა არის მისთვის. შემდგომაა მეფეთა შესახებ უწყება, რომლებიც უფლის კვართს, ზოგადად რომ ვთქვათ საუფლო სიწმინდეებს გამოეძიებდნენ. წყაროთა ერთი ნაწილით ესაა ადერკი მეფე, წყაროთა მეორე ნაწილის მიხედვით კი არმაზაერი. შემდგომ უაღრესად საგულისხმო მითითებას ვხვდებით III საუკუნის შუა წლებში მეფე რევ მართალთან, რომელსაც თვით ეს წოდება მართალი აახლოებს ბიბლიურ სინამდვილესთან, სადაც მართალთა [11]მთელი კრებულია, მაგრამ მის შესახებ უწყებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ “მას მცირედ რაიმე ასმიოდა სახარებაი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეისი”, რომელმაც აკრძალა ბარბაროსული ყრმათა შეწირვა კერპებისადმი და ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო წინ გადადგმული ერის ზნეობრივი გაკეთილშობილებისკენ, და სხვა მრავალი ამგვარი წმინდა მოძღვრებით ნათელმიღებული მოვლენა ქართლის ისტორიისა ვიდრე ცხონებამდე, ანუ ვიდრე ცხოვრებამდე და შემდგომი გზა როგორც უკვე აღვნიშნეთ, გაცილებით რთული, სიწმინდის უწმინდურთაგან დაცვის გზაზე. მაგრამ კვლავ გავიმეორებთ ჩვენი ეს განმარტება რას მოყვა, თუ რატომ ეწოდა ქართლის ისტორიას ქართლის ცხოვრება, ცხოვრება ეწოდა იმიტომ, რომ ქართლის წინარე ისტორია სხვა არაფერია თუ არა სწრაფვა [12]ცხოვრებისკენ და ქართლმა მიიღო ეს ცხოვრება ანუ იგივე ცხონება, იგივე მაცხოვარება და ამით ფასობს ქართლი, ამით იძენს შინაარსს მისი არსებობა, ამით წარმოჩნდება ის ღვთის წინაშე და ეს წერილობითი ძეგლიც, კრებული ძეგლებისა, სწორედ ამით ფასობს. არა როგორც მშრალი ისტორია, არამედ ისტორია, რომელიც ღვთის განგებულებით და ამ განგებულების ქართველი ერისგან წადიერი მიღებით მსვლელობს ცხონებისკენ, აღსრულდება ეს ცხონება და იფარავს და იცავს ამ თავის ცხონებულობას, ანუ უფლისმიერ სიწმინდეს. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე, კვლავ აღვნიშნავთ იმას რაც თავში მივუთითეთ, მხოლოდ წმინდა გადმოცემებში არ არის ნაგულვები და ნაგულისხმევი, წერილობითი მხრივაც რაც ამჯერად ჩვენთვის მნიშვნელოვანია შეგვეძლო ზოგიერთ მომენტზე ყურადრების მიქცევა.

 

ნებროთის წიგნი

ძველ აღთქმასთან ქართლს გაქრისტიანებამდელ ეპოქაშიც და უშუალოდ ქრისტიანობის მიღების ჟამს [13]აკავშირებდა არა მხოლოდ ის სიწმინდენი და წმინდა სწავლებანი და წმინდა გადმოცემანი რაც აღვნიშნეთ, ელიას ხალენი, ბიბლიური წინამძღვრობითი წარმოშობა ქართველი მეფეებისა, ძველი აღთქმის იუდეველთა მრავალგზისი, ნაკადისებრ მოვლინება მცხეთაში, რომელთაც, რა თქმა უნდა, მოჰქონდათ კიდეც ძველი აღთქმის მოძღვრება, არა მხოლოდ ესენი, არამედ აგრეთვე კონკრეტული წერილობითი დოკუმენტიც, რაც ქართლის ცხოვრებაში რამდენიმეგზის გამოკრთება. პირველად მკაფიოდ ის წარმოჩენილია მირიანთან დაკავშირებით, პირველ ქრისტიან მეფესთან მირიანთან, რომელიც გახდა თავის მეუღლე ნანასთან ერთად ქრისტიანობისკენ ყველაზე უფრო გაბედულად მეწინამძღვრე ქართველი ერისა, სწორედ ამ მირიანთან დაკავშირებით, მოგვიანებით კი წმ. ვახტანგ გორგასალთან დაკავშირებით, გაკრთება [14]ცნობა იმის შესახებ, რომ ქართლში არსებობდა წიგნი სახელწოდებით “წიგნი ნებროთისი”, რომელიც, როგორც ეს ვახტანგ გორგასალთან დაკავშირებითაა თქმული მისივე პირით “მამათა ჩვენთა დაფარულად ეპყრა წიგნი ესე”. “ნებროთის წიგნმა” როდესაც დაამტკიცა ანუ დაადასტურა წმ. ნინოსგან ხარებული ღვთისმეტყველება ანუ მოძღვრება ჭეშმარიტი ღვთის იესო ქრისტეს შესახებ, საბოლოოდ მაშინ ირწმუნა მირიანმა ქრისტიანობა. ვახტანგ გორგასლისთვისაც ეს წიგნი უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. სხვათაშორის იქ ვრცელი ციტატაც არის მოტანილი, სადაც მიქაელ მთავარანგელოზია ხსენებული, ანგელოლოგიური სწავლებაა ნაუწყები, რითაც სრულიად უეჭველად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ “წიგნი ნებროთისი” ეს იყო ძველი აღთქმის ერთ-ერთი [15]აპოკრიფი, ასე შეგვიძლია ვთქვათ ამ შემთხვევაში, რომელიც ქართლში სწორედ იმ ყველაზე წარჩინებულთა შორის, ამ შემთხვევაში ამქვეყნიური პატივითა და ძალმოსილებით და განგებულებით წარჩინებულთა შორის, მეფეთა შორის გადაეცემოდა თაობიდან თაობას და დაფარულად ჰქონდათ მათ. თვითონ ეს ტერმინი დაფარული “ნებროთის წიგნის” აპოკრიფულობას თავისთავად ნიშნავს იმიტომ, რომ აპოკრიფი ქართულად ითარგმნებოდა ტერმინით “დაფარული”. ნებისმიერი წიგნი, როგორც ჩვენ თავის დროზე აპოკრიფების შესახებ მსჯელობისას აღვნიშნეთ, შეიძლებოდა დაფარულიყო ორი მიზეზით, ერთი როდესაც ამა თუ იმ წიგნში ისეთი მოძღვრება იყო ნაუწყები რაც შეიძლებოდა უმეცართა სიმრავლეს შეებილწა, ანუ როგორც წმ. დიონისე არეოპაგელი ამბობს საროკველ ეყო, ანუ გაეშარჟებინა და ამიტომ მათგან უნდა დაფარულიყო, როგორც [16]თუნდაც მოციქულთა 85-ე კანონში  პირდაპირაა მითითებული ისეთი წიგნის შესახებ როგორიც იყო მოციქულთა განწესებანი, “რომლისაი არა ჯერ არს ყოველთა შორის საანჯმნო ყოფაი”, ანუ ყველას წინაშე წასაკითხად ის არაა განწესებული, იმიტომ, რომ “მის შორის მყოფთათვის მათ საიდუმლოთა”, იმ საიდუმლოთა გამო რაც ამ წიგნშია. აქ იგულისხმება ამ შემთხვევაში შვიდი საეკლესიო უწმინდესი საიდუმლოს წერილობითი აღწერილობანი, რაც ჩვეულებრივ ამგვარი სახით არ გადაიცემოდა, გადაიცემოდა ზეპირად, მაგრამ არა წერილობით, თუ როგორ უნდა შესრულებულიყო მღვდლობა, მღვდლობის ცალკეული საიდუმლონი, იქნებოდა ეს ნათლისღება, მირონცხება, ზიარება... შვიდი საეკლესიო საიდუმლოს მთლიანობა ამ წიგნში წერილობითი წესით იყო განმარტებული და მხოლოდ იმ პირთათვის იყო განკუთვნილი, რომლებიც ამ საიდუმლოთა აღმსრულებლები უნდა გამხდარიყვნენ და არა ყველასთვის, არა დავუშვათ ერისკაცთათვის, [17]კანკელის გარეთ მდგომთათვის. ამიტომ ეს წიგნი ყველასთვის საანჯმნოდ დასადები ანუ საჯაროდ საკითხავად არ იყო მიზანშეწონილი. ვგულისხმობთ ამ შემთხვევაში მოციქულთა განწესებას და ეს წიგნია დამადასტურებელი იმისა, რომ დაფარულობა ერთი მხრივ სწორედ ამ კუთხით განისაზღვრებოდა, უნდა დაფარულიყო რაღაც წმინდა სწავლება, წმინდა მღვდელმოქმედება უმეცართა სიმრავლისაგან და მზაკვართა სიმრავლისაგან. უმეცარმა შეიძლება თავისდაუნებურად შერყვნას სიწმინდე, ხოლო მზაკვარს შეგნებულად აქვს მიზანდასახული სიწმინდის შერყვნა. მაგრამ მეორე მხრივ დაფარულობა გულისხმობდა ამა თუ იმ ძეგლში არსებული მიუღებელი, მცდარი, შერყვნილი სწავლების მრავალთაგან დაფარვას, რომ ეს სწავლება მათ მიერ არ შეთვისებულიყო და უკეთურება, როგორც სნეულება არ გავრცობილიყო საზოგადოებაში. კონკრეტულად ნებროთის წიგნთან [18]დაკავშირებით ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ტერმინი დაფარულობა გამოიყენებოდა სწორედ პირველი მნიშვნელობით. ერი წარმართი იყო, რა თქმა უნდა, ის ჯერ ბიბლიურ ჭეშმარიტებას ვერ შეითვისებდა, ამიტომ განმგებელთა, დაწინაურებულთა, მეფეთა, ქვეყნის ხელისუფალთა წრეში ინახებოდა იგი და რადგან ეს წიგნი ებოძა ქართლის მეფეებს ამ მხრივაც უფლისმიერი კეთილგანწყობა მათდამი ცხადლივ გამოჩნდა, რომ მათ უკვე შესაძლებლობა მიეცათ გარკველი წინამომზადებისა იმ დიდი მოვლენისათვის, რასაც ცხოვრება ქართლისა ეწოდება, ანუ ქართლის ცხონება, მაცხოვნებელი ჭეშმარიტების ქართლში დაფუძნება.

ძალიან ძნელია ჩვენთვის დღეისათვის ამ წიგნის რაობის დადგენა, რადგანაც რაიმე ფაქტობრივი მასალა მოღწეული არ გახლავთ, მხოლოდ ცნობებეზე დაყრდნობით უნდა ვიმსჯელოთ რაც არსებობს. მაგრამ ერთი რამ უეჭველად შეიძლება ითქვას, რომ ეს არ იყო უარყოფითი გაგებით აპოკრიფი, ანუ აპოკრიფი რომელიც [19]როგორც აღვნიშნეთ რაღაც მცდარი მოძღვრების გამო იფარებოდა საზოგადოებისგან. მოგეხსენებათ, რომ ტერმინი აპოკრიფი და აპოკრიფთა რაოდენობა წიგნებისა სწორედ ამ ორი კუთხით ხასიათდება, ერთი ნაწილია აპოკრიფები, რასაც ეკლესია იღებს და პირველდაწყებითი სწავლების შემცველ ძეგლად აღიარებს და არაფერს მცდარს მასში არ ჰპოვებს, მაგრამ მეორე ნაწილი აპოკრიფებისა როგორც უარყოფითად, როგორც მცდარი მოძღვრების შემცველი განიდევნება, იფარება, მრავალთა საკითხავად არასოდეს არ დაიდება. ასე რომ “წიგნი ნებროთისი” სწორედ იმ პირველი კატეგორიის აპოკრიფი უნდა ყოფილიყო. თუმცა შეიძლებოდა ჩვენ ასეთი რამეც გვეგულისხმა, რადგან ეს წიგნი რაღაც განსაკუთრებული პატივითაა ქართლში დაცული და თუნდაც ყველაზე ღირსეული აპოკრიფი ასეთ პატივს ჩვეულებრივ არ განიკუთვნებს, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ აპოკრიფთაგან ერთი ნაწილი შეიძლება მიღებული იყოს ეკლესიაში, [20]მაგრამ ეს აპოკრიფები არანაირად არ უთანაბრდებიან იმ ღვთივსულიერ წიგნებს რასაც წმ. კანონი შეიცავს ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმისა. აი ამის ფონზე ჩვენ შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ განსაკუთრებული სითათუთით ამ ძეგლის დაცულობიდან გამომდინარე ქართლის მეფეთა დინასტიურ ტრადიციაში, ეს წიგნი აპოკრიფზე უფრო აღმატებული იყო, წმ. წერილთან განსაკუთრებულად დაკავშირებული იყო, თუმცა ალბათ ამ საკითხის შესახებ ჩვენ უკვე შემდგომ საუბარში ვიმსჯელებთ.

 

268–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=-gxCmq-3gJw

 

ნებროთის წიგნი (გაგრძელება)

ჩვენს წინა გადაცემაში შევეხეთ უკვე წერილობით გამოვლინებას ქართლის ისტორიაში ბიბლიური ჭეშმარიტებისას და კონკრეტულად შევეხეთ “ნებროთის წიგნის” საკითხს. აღვნიშნავდით, რომ ამ წიგნის კვლევა პრობლემურია, რადგანაც იგი ჩვენამდე შემორჩენილი არ გახლავთ, თუმცა ის კი უეჭველად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველშემთხვევაში ვახტანგ გორგასლის დროისთვის ეს წიგნი ჯერ კიდევ არსებობდა და კვლავაც იმავე პატივით იყო შემოსილი როგორც მირიან მეფის დროს, მირიან მეფის და ქართლის გაქრისტიანებამდეც. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ ეს წიგნი არ შემოსულა ქართლში გაქრისტიანების თანადროულად ანდა გაქრისტიანების შემდეგ, არამედ მანამდელი დოკუმენტია, მანამდელი სიწმინდეა, ქართლის მეფეთა დინასტიურ ტრადიციაში სათუთად შემონახული. ამგვარ უადრესობას “ნებროთის წიგნისას” ქართლის გაქრისტიანებასთან შედარებით უეჭველად ადასტურებს ის, რაც ჩვენს წინა საუბარშიც [1]აღვნიშნეთ, რომ მირიანმა “ნებროთის წიგნისგან” დამტკიცების შემდგომ უფრო ღრმად და წრფელად ირწმუნა წმ. ნინოს ქადაგება, იქ პირდაპირ წერია “და ნებროთისა წიგნიცა დაამტკიცებდა” იმას რასაც წმ. ნინო ქადაგებდა. ასე რომ ნებროთის წიგნი მანამდე ჰქონდა ხელთ და არა უბრალოდ ხელთ ქონდა მირიანს, არამედ უდიდესი ავტორიტეტი იყო მისთვის ეს წიგნი, ისევე როგორც შემდგომში ვახტანგ გორგასალისთვის. და თუ მირიან მეფის დროისთვის ამ წიგნის დაფარულობა ჩვენთვის ადვილი ასახსენელია იმიტომ, რომ ქვეყანა კვლავ აღვნიშნავთ, წარმართულია, გაქრისტიანებული არაა და მეფეთა შორის ღვთის წყალობით ბოძებულია წიგნი, რომელიც მიგვაახლოებს ბიბლიურ ჭეშმარიტებასთან, რა თქმა უნდა ეს წიგნი მხოლოდ იმ წრეშია ჯერ კიდევ დაცული, მაგრამ როცა გაქრისტიანება მოხდა და ეს წიგნი კვლავაც ასე ფიგურირებს ქართლის ისტორიაში და პირდაპირაა თქმული ვახტანგ გორგასლისგან, რომ “მამათა ჩვენთა დაფარულად ეპყრა წიგნი ესე”, თუ აქ წმ. ვახტანგ გორგასალი [2]მირიანის უწინარე ეპოქას არ გულისხმობს და გულისხმობს ეპოქას უშუალოდ მის მეფობამდე რაც იყო, ანუ ქრისტიანობის შემდგომდრონდელ პერიოდსაც, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ წიგნის ღირსებანი ქრისტიანული სარწმუნეობის ფონზე არათუ გახუნებულა, არამედ კიდევ უფრო წარმოჩენილა, რადგანაც სწორედ ამ წიგნს შეუშველებია ხელი ქრისტიანული სარწმუნოების მცხეთაში დამკვიდრებისათვის, ანუ წინამორბედ ლამპრად მიუძღოდა ეს წიგნი ქრისტიანობას საქართველოში, წინასწარ მოსწავება იყო იგი ქრისტიანული ჭეშმარიტებისა. როდესაც ამ მხარეს და ამგვარ ღირსებას აღნიშნული წიგნისას ჩვენ აღვნიშნავთ, ხაზს ვუსვამთ, რა თქმა უნდა, უკვე გვიჭირს, რომ ეს წიგნი მხოლოდ უბრალო აპოკრიფად მივიჩნიოთ, უბრალო აპოკრიფად, რომელიც თავისი ღირსებით როგორც ვთქვით არასოდეს არ უთანაბრდება ღვთივსულიერ წიგნებს, მიუხედავად იმისა, [3]რომ შეწყნარებული ანუ მიღებული აპოკრიფი ეკლესიის მიერ გამოიყენება, მაგრამ გამოიყენება თავის ადგილას და არასოდეს არ უთანაბრდება ღვთივსულიერ წიგნებს. და ასეთ დროს “ნებროთის წიგნის” აღმატებულება უბრალოდ კითხვის სახით შეგვიძლია ჩვენ ეს მხარე წარმოვადგინოთ, შეკითხვის სახით, რომ ხომ არ გვიბიძგებს ეს აღმატებულება იქითკენ, რომ ამ წიგნში დავინახოთ რაღაც უფრო მეტი ვიდრე აპოკრიფია, დავინახოთ წმ. წერილის რაღაც გარკვეული ნაწილი და არა ის ნაწილი წმ. წერილისა, რასაც არაკანონიკური, ანდა ზოგი მამის ტერმინოლოგიით აპოკრიფული ნაწილი ეწოდება, ე.ი. აპოკრიფზე უფრო ზევით ავამაღლოთ ამ წიგნის ღირსება. მის შესახებ დაცული ცნობები ჩვენ არაორაზროვნად ამისკენ გვიბიძგებს, განსაკუთრებული პატივით შემოსილობა ამ წიგნისა. მაგრამ აქ მეორე კითხვა დაისმის, თუ დავუშვებთ რომ “ნებროთის წიგნში” წმ. წერილის რაღაც ნაწილი, არა აპოკრიფული, არამედ ის ღვთივსულიერი ნაწილი იგულისხმება, [4]მაშინ როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ ამგვარი წიგნი უცნობია წმ. წერილის კანონში. ამ შემთხვევაში წმ. წერილში იგულისხმება, რა თქმა უნდა, ძველი აღთქმა. კვლავ აღვნიშნავთ, რომ ეს წიგნი მირიანს ხელთ ეპყრა გაქრისტიანებამდე, ამ წიგნიდან მოტანილი ციტატა აშკარად ძველი აღთქმის შინაარსითაა დატვირთული, ე.ი. ეს წიგნი არ შეიძლებოდა ყოფილიყო რაღაც ზოროასტრული, მაზდეანური, მანიქეველური თუ სხვადასხვა, არამედ აუცილებლად ძველ აღთქმასთან დაკავშირებული ძეგლი იყო ეს თხზულება და ამას სათაური გარკვეულწილად მიუთითებდა, ნებროთის ამბავი მოგეხსენებათ ბიბლიაშია გადმოცემული. და თუ ვსვამთ ჩვენ საკითხს ასე, რომ იქნებ ეს წიგნი უფრო მეტი იყო ვიდრე ძველი აღთქმის აპოკრიფი და უფრო მეტობა სხვა არაფერი არ შეიძლება იყოს თუ არა საკუთრივ ღვთივსულიერი ძველი აღთქმის ნაწილად ყოფნა, რომ რაღაც ნაწილს ძველი აღთქმისას შეიძლება ეს წიგნი შეიცავდა, უშუალოდ კანონიკურ ნაწილს, ანდა ზოგადად რომ ვთქვათ, თუ არ გავართულებთ მსჯელობას, ძველი აღთქმის ღვთივსულიერ [5]ნაწილს, აი ასეთ დროს თუ ამგვარ შეკითხვას ჩვენ დავსვამთ და ასეთ ვარაუდს შემოვიტანთ, როგორ ავხსნათ ის, რომ ამგვარი წიგნი წმ. წერილის და კონკრეტულად ძველი აღთქმის კანონის ისტორიაში უცნობია? ჩვენ ეს შეგვიძლია ავხსნათ ამგვარი არგუმენტით: ეკლესიის მამათა სწავლება ხშირად შეიცავს უწყებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბიბლიის, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ძველი აღთქმის ყველა ნაწილი ჩვენამდე მოღწეული არ არის, ვგულისხმობ წმ. ნაწილს. რა თქმა უნდა, რაც მოღწეულია ცხონებისთვის შემცველი ყოვლადი სწავლების დამტევია და ეს სწავლება მაცხოვნებელია, მაგრამ ტექსტობრივად, მოცულობითად ძველი აღთქმის ყველა ძეგლი და ყველა ძეგლის ყველა ნაწილი ჩვენამდე შემონახული არ არის. განსაკუთრებით მკაფიოდ მსჯელობს ამ საკითხზე წმ. იოანე ოქროპირი, როდესაც იგი განმარტავს მათეს სახარებას და კონკრეტულად [6]მახარებლისგან უფლის შესახებ ნაუწყებს, რომ ამისთვის წინასწარმეტყველთა მიერ ნაზარეველ ეწოდა მას, “წინასწარმეტყველთა მიერ თქუმულ არს ნაზორეველ ეწოდოს”, ანდა ნაზარეველ ეწოდოს მას (ძველ ქართულ თარგმანშია ნაზარეველ ფორმა, ბერძნულში არის “ნაძორაიოს”) და ეს სიტყვები რაც მახარებლის თქმით წინასწარმეტყველთაგან ითქვა ძველი აღთქმის არცერთ წინასწარმეტყველებაში, არც ერთ წიგნში, არც ერთ მუხლში არ არის. ეს ფაქტი სხვადასხვა მკვლევარის მიერ სხვადასხვანაირად იხსნება. დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიძიოს კონკრეტულად ლოპუხინისგან დართული განმარტება აღნიშნულ მუხლზე, სადაც ის სხვადასხვა თვალსაზრისებს წარმოაჩინებს, თუმცა სამწუხაროდ იქ მას მითითებული არ აქვს ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ მუხლის იოანე ოქროპირისეული განმარტება. იოანე ოქროპირი მომხრეა და არა უბრალოდ მომხრეა, არამედ უყოყმანოდ იღებს იმ თვალსაზრისს, რომ აქ მართლაც [7]ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებაა მინიშნებული, რომ ძველ აღთქმაში იყო წერილობითი წინასწარმეტყველება იმაზე რომ მაცხოვარს ნაზორეველი ეწოდება, “მაგრამ, - ამბობს იოანე ოქროპირი, ჩვენ დღეისათვის ამ წინასწარმეტყველებას ძველი აღთქმის ვერცერთ წიგნში ვერ ვპოულობთ იმიტომ, რომ ყველაფერი ძველი აღთქმიდან ჩვენამდე შემონახული არ არის. არათუ ყველაფერი, არამედ “მრავალნი წიგნნი და ნაწილნი წიგნთანი ჟამთაგან აღხოცილ არიან”. თუ ჩვენ ამ სიტყვებს იოანე ოქროპირისას და ამგვარ განმარტებას იმის შესახებ, რომ წმ. წერილს ტექსტობრივად (აქ კვლავ ხაზს გავუსვამ მოძღვრებითად კი არ აკლია რაიმე წმ. წერილს და ზოგადად უფლისმიერ გამოცხადებით ნაუწყებ სწავლებას, რაც ყოვლად სრულია თავის თავში) რაღაც მონაკვეთი, რაღაც ნაწილი ღვთივსულიერ უწყებას ძველი აღთქმისას შეიძლება აკლდეს და არათუ შეიძლება აკლდეს, ამას მკაფიოდ და [8]სრულიად არაორაზროვნად და მტკიცებითად გვაუწყებს ჩვენ იოანე ოქროპირი. და ასეთ დროს ხომ არ შეგვეძლო ჩვენ გვეფიქრა, კვლავ ვარაუდის სახით აღვნიშნავ, რომ “ნებროთის წიგნიც” იმ დაკარგული ძველი აღთქმის რაღაც ნაწილს წარმოადგენდა, რაც ჩვენ სხვა ენებზეც არ შემოგვრჩენია, ხოლო ქართულად შემორჩენილი იყო V საუკუნის მიწურულამდე თუ უფრო გვიანდელ ეპოქამდე არა. იქნებ ყურადღება მიგვექცია კვლავ იმ ფაქტზეც რაც ჩვენ ვახსენეთ, რომ ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელნი დავით მეფის შთამომავალნი არიან, ხომ არ შეიძლებოდა, რომ ამ ცნობაში ჩვენ დაგვენახა უფრო მეტი, უფრო მეტი იმ მხრივ, რომ ქართლის მეფენი რაღაცნაირად, გნებავთ გენეტიკურად, გნებავთ სამოღვაწეო მიმართულებით, შეხებაში იყვნენ ძველი აღთქმის, კონკრეტულად ისრაელის, ისტორიასთან და ამ კავშირის შედეგი იყოს ქართლში [9]“ნებროთის წიგნის” დაცულობა. ჩვენ სამწუხაროდ მინიმალურიც კი არ ვიცით იმის შესახებ თუ როგორ ცხოვრობდნენ ქართლში იერუსალიმიდან დევნილი ებრაელები, რომლებიც პირველად ნაბუქოდონოსორისგან იერუსალიმის წარტყვენის ჟამს მოვიდნენ 586 წლის ახლო ხანებში (ძველი წელ. აღრიცხვით). შემდგომ პერიოდულად ხდებოდა მათი მცხეთაში მოსვლა, რა თქმა უნდა, მათ მოჰქონდათ თავიანთი სიწმინდეები, კონკრეტულად წერილობითი სიწმინდეები ძველი აღთქმისა და უეჭველად ამ სიწმინდეთა შორის უნდა ყოფილიყო “ნებროთის წიგნი”, ცხადია, ასევე თარგმნილი სახით, თორემ ქართლის მეფეები ებრაულს ვერ წაიკითხავდნენ.ამის მაჩვენებლია ის, რომ ციტატაც მოტანილი ამ ძეგლისგან ქართულად გახლავთ. აი ეს ძეგლი თარგმნილი ქართულ ენაზე, აღმატებული მნიშვნელობისაა, ხოლო ეს აღმატებული მნიშვნელობა როგორც ჩანს იმაში მდგომარეობდა, რომ ქართლის ისტორიის სამომავლო ვითარებას ეხმიანებოდა და წინდაწინ აუწყებდა ქართველ მეფეებს მათი სამეფო ქვეყნის [10]ცხონებულობას, სამომავლო ცხონებულობას. აი ეს წიგნი ამგვარი განსაკუთრებული სულიერების გამო სამეფო წიგნად იქცა და მეფეთა შორის ტრადიციულად გადაეცემოდა თაობიდან თაობას, სანამ დადგებოდა ჟამი ამ წიგნში ნაუწყები წინასწარმეტყველების აღსრულებისა, ქართლის ცხოვრებისა, ქართლის ცხონებისა.

ასე რომ ქართლის ცხოვრებაში შედის ნებროთის წიგნი, შედის ეს წიგნი ქართლის ცხოვრების იმ ნაწილში რაც ცხოვრებამდელი ანუ ცხონებამდელი ეპოქაა ქართლის ისტორიისა. მიუძღვის ეს წიგნი ქართლის ერს კონკრეტულად ცხოვრებისკენ ანუ ცხონებისკენ, მაცხოვნებელი მოძღვრების მცხეთაში დამკვიდრებისკენ და დამკვიდრდება რა ეს მოძღვრება, სწამებს და ადასტურებს ამ მოძღვრების ჭეშმარიტებას ქადაგებულს წმ. ნინოსგან. რა თქმა უნდა, იქ სხვა რეალიებიც იქნებოდა უეჭველად, შესაძლოა ამ წიგნშივე იყო დაცული ცნობები მცხეთის წიაღში [11]კვართის დაფლულობასთან დაკავშირებით, მცხეთელი ებრაელების მაცხოვრის ჯვარცმის ჟამს იერუსალიმში წასვლის თაობაზე, მათგან ამ უდიდესი სიწმინდის წამოღების ამბავი, მცხეთაში დაბრუნება მათი, აბიათარის მიერ თხრობილი ისტორია იუდეველთა, ებრაელთა განსაკუთრებული სულიერების შესახებ I-II საუკუნეებში. განსაკუთრებული სულიერება სრულიად თვალსაჩინოა ერთის მხრივ როგორც აღვნიშნეთ ელიოზის დედისა, რომელიც ფაქტობრივად მოწამეა, წმ. სიდონიასი, კვართთან თანადაფლულისა, თვითონ ელიოზისა და სხვებისა და აბიათარისაც მათ შორის. ასე რომ ქართლის მოქცევა და ქართლის ცხოვრება, ვინც ამ ძეგლებს გულდასმით წაიკითხვას, განსაკუთრებულ ღირსებას აკუთვნებს ქართლის ებრაელებს, ეს სრულიად უეჭველია. თვით ქართლის მოქცევის უდიდესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის ავტორებიც თვითონ ამ ძეგლის მიხედვით გაქრისტიანებული ებრაელები არიან, ისინი დგანან ქართლის [12]ქრისტიანობის სათავეებთან, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამიტომ ჩვენ შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ იერუსალიმიდან ქართლში ლტოლვილმა ებრაელებმა ქართლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი რამ მოიტანეს და მეფეებს და მეფეთა სახით მთელ ერს ქართლისას, მიმართულება მისცეს წინგამზერისკენ, სამომავლო ცხონებისკენ, რომ მათ ევლოთ შეუმცდარად და ამ ცხონებას ზიარებოდნენ.


ზეპირ საუბარში, რა თქმა უნდა, ციტატების განხილვა რთულია, ამიტომ ჩვენ იმ კონკრეტულ ციტატს რაც ნებროთის წიგნისგან შემოგვრჩენია ამ შემთხვევაში არ დავიმოწმებთ, აღსაქმელადაც რთული იქნება, მაგრამ კვლავ აღვნიშნავთ, რომ თუნდაც ეს ციტატა და ქართლის ცხოვრებაში დაცული წყაროები ეჭვმიუტანლად ადასტურებენ ამ წიგნის რეალურობას. ჩვენ ამას ხაზს ვუსვამთ იმიტომ, რომ იყო მცდელობა ამ წიგნის რაღაც [13]ილუზიად წარმოჩენისა, თითქოს ეს წიგნი არ არსებობდა, ამ წიგნის არსებობა შეთხზა ლეონტი მროველმა და სხვა, მაგრამ თვით ის მკვლევარებიც კი ვინც ამ აზრს ამბობდნენ ბოლომდე ამ აზრის მტკიცებას ვერ ახერხებდნენ. ერთგან ამას ამბობდნენ სხვაგან კი მათგანვეა თქმული, რომ ნებროთის წიგნი მცხეთაში არსებობდა, რომ ნებროთის წიგნში იყო ეს ამბები უწყებული, ანუ რეალობად მიიჩნევენ ასეთი წიგნის არსებობას. საერთოდ შემთზველობა ჩვენ შეგვიძლია ყველაფერს განვუკუთვნოთ, ბევრი თვით სახარებასაც კი მოგეხსენებათ და საღვთო წერილსაც კი მხოლოდ ყალბისმქნელობად თვლის და სხვად არაფრად. მაგრამ ამგვარი ყალბისქმნელობანი მათ დავუტოვოთ, როგორც უფალი იტყვის “მკვდრებს ვაცალოთ დაფლონ თავისი მკვდრები”, ჩვენ კი წმინდა ისტორიის იმ ცნობებს დავეყრდნოთ, რომლებიც აბსოლუტურად ზედმიწევნით, ყოველგვარი ხელოვნურობისა და შეთხზულობის გარეშე, სავსებით არაორაზროვნად გვაუწყებენ [14]იმას, რომ წმინდა მოვლენები, წმინდა რელიქვიები და წმინდა წიგნი (ამ შემთხვევაში წმინდა წიგნში “ნებროთის წიგნს” ვგულისხმობთ) ქართლის ერს ამზადებდნენ იმ დიდი ღვაწლისთვის, რაც ქრისტიანული სინათლის საკუთარ წიაღში დავანებულობას გულისხმობს და ამ სინათლის უბიწოდ, შეურყვნელად და დაუკარგავად დაცვას საუკუნეთა მანძილზე.

აი ამ კუთხით შეგვიძლია ჩვენ კონკრეტულად ქართლის, ქართველი ერის გზა ეკლესიისკენ, ტაძრისკენ და კონკრეტულად საეკლესიო მწერლობისკენ წარმოვაჩინოთ, იმ მწერლობისკენ რომლის უერთგულესი და რომლის განუყოფელი ნაწილი V საუკუნიდან, მთელი თავისი მოცულობით, ხდება ქართველი ერი.

 

269–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=l0QrFd29pQY

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button