თეოდორიტე კვირელი - საეკლესიო ისტორია
წიგნი მესამე
თ ა ვ ი I
იმპერატორ იულიანეს244 შესახებ, თუ როგორ ყრმობიდანვე კეთილმსახურებით იზრდებოდა და უღმერთობაში გადავარდა, და თუ პირველად როგორ ფარავდა უღმერთობას, შემდეგ კი ის გამოააშკარავა
იგი ყმაწვილკაცობის ასაკში, ჯერ კიდევ უწვერული, მის ძმასთან გალუსთან ერთად წოვდა კეთილმსახურების მოძღვრების ძუძუს.
როდესაც მოწიფულობის ასაკს ცოტა აკლდა, და როდესაც ჭაბუკი იყო, იმავე [მოძღვრებას] იზიარებდა. მაგრამ ეშინოდა კონსტანციუსის, რადგან მან ძალაუფლების მიტაცების შიშით ამოწყვიტა მისი ნათესავები. იგი მკითხველთა245 დასში იყო აღრაცხული და საეკლესიო წიგნებს უკითხავდა ერს.
იგი აგებდა მოწამეთა საფლავებს, მაგრამ მოწამეები არ ღებულობდნენ, რადგან წინდაწინ ჭვრეტდნენ უღმერთობისაკენ მის გადადრეკას. მისი ზრახვის მიბაძვით მტკიცე არ იყო საძირკვლები და მის კურთხევამდე დაინგრა. ეს იყო მისი ადრეული ასაკის საქმეები, ხოლო მომდევნო ასაკისა აღარ იყო ასეთი.
როდესაც კონსტანციუსი დასავლეთისკენ გაემართა, რადგან იქითკენ ექაჩებოდა მაგნენციუსის წინააღმდეგ ომი, აღმოსავლეთის კეისრად გალუსი დანიშნა, რომელიც იყო კეთილმსახური და [153]ბოლომდე ასეთად დარჩა246. იულიანემ თავისი სულიდან განაქარვა მისთვის სასარგებლო შიში. ძალა მიეცა და აღეძრა საიმპერიო სკიპტრის წადილი, რაც არ მართებდა. ამიტომ, როდესაც საბერძნეთში დაეხეტებოდა, ეძებდა მჩხიბავებსა და მისნებს, სურდა გაეგო, საწადელს თუ მიიღებდა. იპოვა ერთი კაცი, რომელიც შეპირდა, რომ ამას უწინასწარმეტყველებდა. მან იგი წაიყვანა რომელიღაც საკერპოში, შეიყვანა საკურთხევლის შიგნით და მოუხმო ცრუ დემონებს. როდესაც ისინი მათთვის ჩვეული წარმოსახვებით გამოეცხადნენ, შიშმა აიძულა, შუბლზე ჯვრის ნიშანი აღებეჭდა. როგორც კი მათ მეუფის გამარჯვების სიმბოლო იხილეს და თავიანთი მარცხი გაახსენდათ, მყისვე უკვალოდ გაქრნენ. ეს მოგვი მიხვდა გაქცევის მიზეზს და გაკიცხა იგი. იულიანემ აღიარა თავისი შიში და თქვა, რომ ჯვრის ძალის გაუკვირდა, რადგან დემონებმა ვერ გაუძლეს მისი გამოსახულების ყურებას და გაიქცნენ. მოგვმა მიუგო: "კეთილო, ამას გულში ნუ გაივლებ, არ შეშინებიათ, როგორც შენ თქვი, არამედ შენი საქციელი შესძაგდათ და წავიდნენ". ასე მოატყუა ეს საბრალო, საიდუმლოებებში განდობილი გახადა და სიბილწით აავსო247 საიმპერიო ძალაუფლუბის წადილმა კეთილმსახურებისაგან განძარცვა ეს სამგზის უბადრუკი. თუმცა, როდესაც ძალაუფლება მიიღო, დიდ ხანს მალავდა ურჯულოებას. რადგან განსაკუთრებით ეშინოდა ჯარისკაცების, რომლებიც განსწავლული იყვნენ კეთილმსახურების საგნებში. ყოვლად სახელოვანმა კონსტანტინემ პირველად ისინი გაანთავისუფლა თავდაპირველი საცთურისაგან და ჭეშმარიტების სწავლუბებით აღზარდა. შემდეგ კი მისმა შვილებმა მამისაგან მიღებული მოძღვრება მათში კიდევ უფრო განამტკიცეს. და თუ მასზე გავლენის მქონეთა მიერ მოტყუებული კონსტანციუსი არ ეთანხმებოდა სიტყვა "თანაარსს", მასში ჩადებულ აზრს მაინც უმწიკვლოდ აღიარებდა: საუკუნეთა უწინარეს მამისაგან შობილ ნამდვილ ძეს უწოდებდა ღმერთ-სიტყვას, და ვინც გაბედავდა [მასზე] ქმნილების თქმას, პირდაპირ აძევებდა, კერპების მსახურებას [154]კი სრულებით კრძალავდა. მოგითხრობთ მის სხვა ღირსადქებულ საქმეებსაც, რაც საკმარისად ამტკიცებს ღვთის მიმართ მის მოშურნეობას. მაგნენციუსთან ომში შეკრიბა მთელი ჯარი და ყველას ურჩია საღვთო საიდუმლოებებში მიეღოთ მონაწილეობა. იგი ამბობდა: "ყოველთვის დაფარულია ცხოვრების აღსასრული, განსაკუთრებით ომში, როდესაც ყველა მხრიდან მოფრინავს ისრები, ჰოროლები და შუბები, როცა იქნევენ ხმლებს, დაშნებს და სხვა იარაღს, რომელთა მეშვეობით მოდის ძალადობრივი სიკვდილი. ამიტომ, თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს ეს ძვირფასი სამოსი, რომელიც განსაკუთრებით საჭიროა იმ ცხოვრებაში. მაგრამ თუ ვინმეს ეს სამოსელი გახდილი აქვს, ახლავე მოწყდეს აქაურობას და სახლში წავიდეს, რადგან ვერ მოვითმენ, რომ განდობის არმქონესთან ერთად ვიომო".
თ ა ვ ი II
ეპისკოპოსთა უკან დაბრუნებისა და პავლინეს ხელდასხმის შესახებ
იულიანემ ეს კარგად იცოდა და არ ამხელდა სულის ურჯულოებას. ყველას იზიდავდა კეითილგანწყობის მოსაპოვებლად და ბრძანა, კონსტანციუსის მიერ განდევნილი და მსოფლიოს უკიდურესი მხარეებში გადასახლებული ეპისკოპოსები დაებრუნებინათ თავიანთ ეკლესიებში. როდესაც ეს კანონი გამოსცა, ანტიოქიაში დაბრუნდა საღვთო მელეტი, ალექსანდრიაში კი - მრავალსაგალობელი ათანასე"248.
მაგრამ ევსები249, ჰილარიუსი250 იტალიიდან და სარდინიის კუნძულთა მწყემსი ლუციფერუს251 ეგვიპტის მახლობლად თებეში ცხოვრობდნენ, რადგან კონსტანციუსმა ისინი იქ გადაასახლა. ამ დროს ისინი სხვა თანამოაზრეებთან ერთად იმყოფებოდნენ, ამბობდნენ, რომ საჭირო იყო ეკლესიების ერთსულოვნებაში [155]შემოკრება. რადგან არა მხოლოდ მათი საწინააღმდეგო აზრის მქონენი უტევდნენ მათ, არამედ ისინი ერთმანეთსაც უმხედრდებოდნენ. ანტიოქიაში ორად იყო გაყოფილი ეკლესიის ჯანსაღი სხეული. რადგან თავიდან სახელოვანი ევსტათის გამო სხვებისაგან გამოყოფილნი თავისთვის იკრიბებოდნენ, ასევე საკვირველ მელეტისთან ერთად არიანული დაჯგუფებისაგან განშორებულები ეგრედ წოდებულ პალაიაში აღასრულებდნენ საღვთო ლიტურგიას. სარწმუნოების აღსარება მათიც და ამათიც ერთი იყო, რადგან თითოეული დაჯგუფება ნიკეაში გადმოცემული მოძღვრების გამო იბრძოდა. მათ ერთმანეთს მხოლოდ შუღლი განაშორებდა და წინამძღვრების მიმართ სიყვარული. ვერც ერთი მათგანის აღსასრულმა ვერ მოსპო განყოფა, რადგან მელეტის ხელდასხმის წინ აღესრულა ევსტათი და კეთილმსახურების მიმდევრები, მელეტის გადასახლებისა და ევძოიოსის ხელდასხმის შემდეგ, გამოეყვნენ ურჯულოებთან ზიარებისაგან და თავისთან შეიკრიბნენ, ევსტათისგან სახელის მატარებლები ვერ იქნენ დარწმუნებული იმაში, რომ მათ შეერთებოდნენ. ამ კავშირის გზის აღმოჩენას ეძებდნენ ევსებისა და ლუციფერის მომხრეები. ევსებიმ ლუციფერს სთხოვა, ამ საკითხზე სასაუბროდ ალექსანდრიაში ათანასე დიდთან ჩამოსულიეო. მან მოისურეა, შერიგების გამო თავს ედო ეს ღვაწლი.
მაგრამ ლუციფერი ალექსანდრიაში არ წავიდა, არამედ ჩავიდა ანტიოქიაში. ბევრი ესაუბრა შერიგების შესახებ როგორც ერთ, ასევე მეორე მხარესაც. შემდეგ დაინახა, რომ ევსტათის დაჯგუფებიდან უპირისპირდებოდნენ, მას წინამძღვრობდა პრესვიტერი პავლინე. მან მათთვის ეპისკოპოსად ხელი დაასხა პავლინეს. ეს არ იყო მართებული საქციელი.
ამან ეს გაყოფა კიდევ უფრო გაზარდა. ოთხმოცდახუთი წელი გასტანა ალექსანდრეს252 ყოვლად სახელგანთქმულ და ღირსეულ თავმჯდომარეობამდე, რომლისთვისაც მინდობილ იქნა ანტიოქიის ეკლესიის სადავეები. მან ყველა გზას მიმართა და ერთსულოვნების [156]მისაღწევად მთელი მოშურნეობა და გულმოდგინება გამოიჩინა, და ეკლესიის განშორებული ასო დანარჩენ სხეულს შეუერთა. ლუციფერი, ვინც მაშინ განყოფა გააღრმავა, ანტიოქიაში დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა. როდესაც ევსები ანტიოქიაში ჩავიდა და შეიტყო, რომ ცუდი მკურნალობით ვნება უკურნებელი გამხდარიყო, დასავლეთისკენ გაცურა. ლუციფერი კი სარდინიაში დაბრუნდა და საეკლესიო დოგმატებს სხვა რამ შემატა, ხოლო მათ, ვინც ეს გაიზიარა, მისი სახელიდან მიიღეს სახელწოდება და დიდი ხნის განმავლობაში ლუციფერიანელები ეწოდებოდათ. მაგრამ ეს დოგმატი გაქრა და დავიწყებას მიეცა253. ამრიგად, ეპისკოპოსთა უკან დაბრუნების შემდეგ მოხდა შემდეგი მოვლენები.
თ ა ვ ი III
რა და რამდენი დანაშაული ჩაიდინეს ელინებმა254 ქრისტიანების წინააღმდეგ, როდესაც მისგან მიიღეს ამის უფლება
როდესაც იულიანემ გააცხდა თავისი უღმერთობა, ქალაქები ამბოხებებით აღივსო. რადგან გათამამდნენ კერპთა საცთურს დამონებული ადამიანები, გააღეს კერპთა საკურთხვლები და აღასრულებდნენ იმ საძაგელ და დავიწყების ღირს საიდუმლოებებს. სამსხვერპლოზე ცეცხლი ააგიზგიზეს, მიწა მსხვერპლის სისხლით შებღალეს, ჰაერი მსხვერპლის სუნითა და ვვამლით წაბილწეს. მათ მიერ თაყვანისცემული დემონებისგან ცნობამიღებულები, გაცოფებულები და გაშლეგებულები ქუჩებში დაეხეტებოდნენ. წმინდანებს მანჭვა-გრეხითა და ტაკიმასხარობით თავს ესხმოდნენ, ძაგებისა და დაცინვის არცერთ სახეობას არ აკლებდნენ.
კეთილმსახურების მიმდევრებს255 კი არ ძალუძდათ მათი მკრეხელობის მოთმენა და მათ საპასუხოდ კიცხავდნენ, და ამხელ[157]დნენ მათთვის სათაყვანებელ საცთურს. უღმერთობის მუშაკნი წყრებოდნენ და რადგან მბრძანებელისაგან მიღებული ჰქონდათ კადნიერება, შეეძლოთ თამამად ეგრძნოთ თავი, და მათ აყენებდნენ სასიკვდილო დარტყმებს.
ყოვლად უწმინდური იმპერატორი, მაშინ როცა მას მართებდა ქვეშევრდომთა მშვიდობაზე ზრუნვა, თავად აშლეგებდა ხალხს ერთმანეთის წინააღმდეგ; ყურადღებას არ აქცევდა უფრო გაკადნიერებულთა მიერ უფრო თვინიერთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებს, ხოლო სახელმწიფო და სამხედრო თანამდებობებს სასტიკ და ურჯულო ადამიანებს ანდობდა. კეთილმსახურების მოყვარულთ აშკარად არ აიძულებდა მსხვერპლის შეწირვას, მაგრამ ყველა სახის შეურაცხყოფას აყენებდა მათ. გააუქმა პრივილეგიები, რაც დიდმა კონსტანტინემ გამოუყო მღვდელმსახურთ.
თუ რა დანაშაულები ჩაიდინეს იმ დროს კერპთა საცთურზე მიჯაჭკულებმა, ამას ცალკე ნაშრომი დასჭირდება, რადგან ისინი ძალიან ბევრი არის. მე კი მრავალთაგან მცირეს მოგითხრობთ. ასკალონსა და ღაზაში (ესენი არის პალესტინის ქალაქები) მღვდლობით ღირსქმნილ კაცებს და ცხოვრების განმავლობაში ქალწულობის აღთქმის დამდებ ქალებს მუცელს უფატრავდნენ, შემდეგ ქატოთი გამოტენიდნენ და საკვებად ღორებს უგდებდნენ. სებასტიაში კი, რომელიც ასევე ზემოხსენებულ ქვეყანას ეკუთვნის, იოანე ნათლისმცემელის სამარხი გახსნეს, ცეცხლში ჩაყარეს ძვლები და ფერფლი გაფანტეს.
უცრემლოდ ვინ გადმოცემს ფინიკიაში მომხდარ ბოროტებას? ლიბანის მახლობლად ქალაქ ჰელეოპოლში იყო დიაკონი, ვინმე კირილე. იგი კონსტანციუსის ზეობის დროს საღვთო შურით იყო ანთებული და იქ მრავალი თაყვანისსაცემი კერპი დაამსხვრია. ეს საქციელი გაიხსნეს ცუდი სახელის მქონე ადამიანებმა და არა მხოლოდ მოკლეს, არამედ მუცელი გაუფატრეს და მისი ღვიძლი იგემეს. თუმცა, ყოვლისმხედველ თვალს არ დაემალა, და ისინი გადასცა დანაშაულის შესატყვის სასჯელს. რადგან ვინც ამ [158]ბოროტებაში მონაწილეობდა, დაკარგა კბილები, ყველა ერთდროულად დაცვივდა; ასევე დაკარგეს ენებიც, ლპობა მოედო მათ და გადმოუვარდათ; ასევე მხედველობაც დაკარგეს. ისინი ვნებების მეშვეობით ქადაგებდნენ კეთილმსახურების ძალას.
ემესაში, საზღვრისპირა ქალაქმი, ქალის მსგავსი დიონისესთვის აკურთხეს ახლად აგებული ეკლესია და აღმართეს სასაცილო ანდროგინის ქანდაკება. დორისტოლიში (ეს არის თრაკიის სახელგანთქმული ქალაქი) ემილიანე, ძლევამოსილი მებრძოლი მთელი თრაკიის მმართველმა, კაპიტოლინმა ცეცხლით დაწვა. ხოლო არეთუსიელების ეპისკოპოსის, მარკოზის ღვაწლი ესქილეს და სოფოკლეს ქების ღირსი არის, რათა მისი ვნება ღირსეულ ტრაგედიად დაიწეროს. მას შემდეგ, რაც მან კონსტანციუსის ზეობისას დაანგრია კერპების ბომონი და ააგო ეკლესია, არეთუსელებმა შეიტყვეს იულიანეს მიზანი და გამოააშკარავეს თავიანთი სიძულვილი. პირველად იგი სახარებისეული კანონის თანახმად ცდილობდა, თავი აერიდებია. მაგრამ როდესაც გაიგო, რომ მისი [მმართველობის] ქვეშ მყოფი ზოგიერთი პირი მის მაგივრად შეიპყრეს, დაბრუნდა და საკუთარი თავი გადასცა მკვლელ წარმართს. მათ შეიპყრეს და არც მისი მხცოვანება შეიბრალეს, არც სათნოებაზე მის ზრუნვას მიაგეს პატივი, არამედ ცხოვრებითა და სიტყვით შემკული კაცი ჯერ გააშიშვლეს და ტანჯეს [მისი] სხეული, ყველა ასო შოლტით ცემეს, შემდეგ მიწისქვეშა არხის სიმყრალეში ჩააგდეს, აქედან ამოიყვანეს და ახალაგაზრდების ბრბოს გადასცეს, და მათ უბრძანეს, საწერი ჯოხები უშიშრად გაეყარათ მისთვის. ამის შემდეგ დაწნულ კალათში ჩააგდეს, თევზის წვენსა და თაფლში ამოავლეს, შემოსასვლელთან ჩამოკიდეს შუა ზაფხულში, კრაზანებსა და ფუტკრებს სანადიმოდ მოუხმეს. როდესაც ამას იქმოდნენ, აიძულებდნენ, გაეკეთებინა ორიდან ერთი, ან დანგრეული საკურთხეველი აეგო, ან მშენებლობის ხარჯი გაეწია. მაგრამ ის იტანდა ამ მძიმე ვნებებს, ხოლო რაც შესთავაზეს, იქიდან არაფრის გაკეთებას არ პირდებოდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ მისი სიღარიბის [159]გამო არ აძლეედა ფულს, რაც საჭირო იყო, იმის ნახევარი მიუტევეს, და უბრძანეს, დანარჩენი გადაეხადა. მან კი მას შემდეგ რაც ჩამოკიდეს, საწერი ჯოხებით დაჩხვლიტეს, კრაზანებმა და ფუტკრებმა დაჭამეს, არათუ ტკივილი არ გასცა, არამედ დასცინოდა კიდევაც ბოროტმოქმედებს და ეუბნებოდა, რომ ისინი იყვნენ მიწიერნი და მიწიერის მოსწრაფენი, თავად კი ზენა და ამაღლებული. ბოლოს, ფულის მცირე რამ ნაწილი მოითხოვეს, მან კი მიუგო: "უღმერთობისათვის ერთი ობოლის256 გაცემა ყველაფრის გაცემის ტოლფასია". ასე დამარცხებულებმა იგი გაანთავისუფლეს, მისი სიმტკიცით აღფრთოვანებულებმა და საწინააღმდეგოს მეშვეობით საწინააღმდეგო მხარეს გადავიდნენ. რადგან მისი ენის მეშვეობით ახალი კეთილმსახურება ისწავლეს.
თ ა ვ ი IV
რა კანონები იქნა მიღებული ქრისტიანების წინააღმდეგ
ამ დროს ურჯულოთა მხრიდან კეთილმსახურთა წინააღმდეგ ყველგან მიწაზეც და ზღვაზეც სხვა ათასი დანაშაული იქნა ჩადენილი. რადგან ღვთისმოძულე ღიად გამოსცემდა კანონებს კეთილმსახურების წინააღმდეგ.
გალილეველთა შვილებს (ასე უწოდებდა ჩვენი მხსნელის მიმდევრებს) პირველ რიგში აუკრძალა პოეზიის, რიტორიკისა და ფილოსოფიის შესწავლაში მონაწილეობის მიღება. ამბობდა: "ანდაზის თანახმად, საკუთარი ფრთებისგან გვხვდებოდა. რადგან ჩვენი ნაწერებიდან აღჭურვილები ომს ჩვენს წინააღმდეგ აწარმოებენ". ამის შემდეგ სხვა კანონიც გამოსცა, ბრძანა, გალილეველები ჯარიდან გაეძევებინათ.
თ ა ვ ი V
წმინდა ათანასეს მეოთხედ გადასახლებისა და გაქცევის შესახებ
[160]ამ დროს ჭეშმარიტების უძლეველი მორკინალი ათანასე სხვა საფრთხეში ჩავარდა. რადგან დემონებმა ვერ აიტანეს ათანასეს ენისა და ლოცვის ძალა, თავიანთი მსახურები მის წინააღმდეგ საძაგებლად შეჭურვეს. მრავალი სხვა ხმებიც დაუყარეს, ითხოვდნენ "უღმერთობის წინამძღოლის", ათანასეს განდევნას, და ამასაც დასძენდნენ: "თუ ათანასე დარჩება, არცერთი ელინი არ დარჩება, არამედ ყველა საკუთარ ქვეყანაში გადასახლდება". იულიანემ შეიწყნარა ეს ვედრებები და ბრძანა ათანასეს არა მხოლოდ გაძევება257, არამედ განადგურებაც. როდესაც [მისი] მიმდევრები დაფრთხნენ, ამბობენ, რომ იწინასწარმეტყველა ამ ხმაურის სწრაფად დაცხრომა, მას უწოდებდა დრუბელს, რომელიც მალე გაქრებოდა. თუმცა, დაუთმო და გამოგზავნილ პირებს აუწყა, რომ წავიდოდა. მდინარის ნაპირთან მონახა ბორანი და თებელთა მხარეში გაემგზავრა. მის განადგურებაზე ბრძანების გამცემმა, როდესაც შეიტყო მისი გაქცევა, მთელი ძალით დაედევნა. როდესაც ერთმა მისმა ნაცნობმა დაასწრო და მას უთხრა, რომ მოსდევდნენ, მასთან ერთად მყოფთაგან ზოგიერთი ევედრებოდა, უდაბნოში გარიდებოდა, მაგრამ მან მესაჭეს უბრძანა, ალექსანდრიისკენ მიემართა ბორანი. როდესაც ასე მდევნელის შესახვედრად მიდიოდნენ, მოვიდა სიკვდილის ბრძანების მიმღები და იკითხა: "რამდენად შორს არის ათანასე?" მან მიუგო, რომ ის ახლოს იყო; იგი გაგზავნა, თავად კი ალექსანდრიაში ჩავიდა და იულიანეს დანარჩენი ცხოვრების განმავლობაში იქ იმალებოდა.
თ ა ვ ი VI
დაფნაში აპოლონთან და ასევე წმინდა ბაბილასთან დაკავშირებული ამბები
[161]იულიანეს განზრახული ჰქონდა სპარსეთზე გალაშქრება და რომაელთა მთელ იმპერიაში [მცხოვრებ] ყველა მისანთან დაგზავნა მის ქვეშევრდომთაგან ყველაზე ერთგული პირები, თვითონ კი დაფნას პითიას ევედრებოდა მისთვის მომავლის გაცხადებას. მან მიუგო, რომ მჩხიბაობისათვის მისთვის უნდა მოეტანათ იქვე ახლოს დამარხულ მიცვალებულებულთა გვამები და საჭირო იყო პირველ რიგში მათი სხვა ქვეყანაში გადატანა, და შემდეგ აუწყებდა წინასწარმეტყველებას. რადგან თქვა: "ვერაფერს ვიტყვი, თუ არ განიწმინდება წმინდა ხეივანი".
ამ დროს იქ ესვენა ბრწყინვალე გამარჯვების მომპოვებელი მოწამის258, ბაბილას და მასთან ერთად მორკინალ ყმაწვილთა ნეშტი. ცხადი იყო, რომ მისი მადლით ბრკოლდებოდა ცრუ მჩხიბავის ჩვეული ცრუმეტყველება. ამას იულიანეც მიხვდა, რადგან ადრინდელი კეთილმსახურებიდან იცოდა ძლევამოსილ მოწამეთა ძალა. მან სხეული ამ ადგილიდან სხვაგან არ გადაიტანა, მხოლოდ ქრისტეს მსახურებს უბრძანა, ძლევამოსილ მოწამეთა ნეშტი გადაეტანათ. ისინი სიხარულით გაემართნენ წმინდა ხეივნისაკენ და ურემზე დადგეს კუბო დავითის ფსალმუნებს გალობდნენ და ყოველ მუხლზე გაიძახოდნენ: "შერცხვენილ იყოს ქანდაკების ყველა თაყვანისმცემელი" (ფს. 116.7). რადგან მიხვდნენ, რომ მოწამის გადასვლა დემონის მარცხს ნიშნავდა.
თ ა ვ ი VII
თეოდორე აღმსარებლის შესახებ
[162]იულიანემ ვერ აიტანა იქ მისთვის მიყენებული სირცხვილი და მეორე დღეს ბრძანა ამ ქოროს წინამძღოლთა შეპყრობა. იმ დროს პრეფექტი იყო სალუსტიუსი, თუმცა ურჯულოებას იყო დამონებული, სურდა, ტირანი დაერწმუნებინა და არ დაეშვა, რომ დიდების მაძიებელ ქრისტიანებს მიეღოთ მათთვის საწადელი. მაგრამ როდესაც ხედავდა, რომ იმპერატორს არ ძალუძდა გულისწყრომის დაოკება, ერთი ყმაწვილი, საღვთო შურით შემკული, აგორაზე მიმავალი შეიპყრო, სახალხოდ ძელზე ჩამოკიდა და ტყავის შოლტებით ზურგს უფლითავდა, ბრჭყალებით კი ფილტვები დაუგლიჯა. ამას იქმოდა დილიდან მოყოლებული დღის დასასრულამდე. შემდეგ მას რკინის ბორკილი დაადო და ბრძანა მისი დაცვა. დილით ეს იულიანეს შეატყობინა, ყმაწვილის სიმტკიცეზეც აუწყა, ეუბნებოდა, რომ რაც მოხდა, მათთვის მარცხი იყო, ხოლო ქრისტიანებისთვის - სახელი. ასე დარწმუნდა ღვთისმოძულე და ამგვარად აკრძალა სხვების ვნება. თუმცა, ბრძანა თეოდორეს (ასე ერქვა ამ ყმაწვილსა და ჭეშმარიტების ნამდვილ მორკინალს) საპყრობილეში ჩამწყვდევა. ზოგიერთმა ჰკითხა მას, თუ გრძნობდა წუხილს, როდესაც ამ მწარე და სასტიკ ტანჯვა-წამებას იტანდა. მან მიუგო, რომ პირველად მცირე ტკივილს გრძნობდა, შემდეგ კი ვიღაც გამოეცხადა, ნაზი და გრილი ტილოთი განუწყვეტლად უწმენდდა სახიდან ოფლს და ამხნევებდა. ამბობდა: "ამიტომ, როდესაც ჯალათებმა შეწყვიტეს [წამება], არა თუ მეამა, არამედ დამტანჯა. რადგან წავიდა სულის სიმხნევის მომტანი". ცრუ მჩხიბავმა დემონმა აღაზევა მოწამის სახელი და გამოააშკარავა საკუთარი სიცრუე. ციდან მეხი ჩამოვარდა და მთელი საკურთხეველი დაწვა, და თვით პითიას ქანდაკება უწვლილეს მტვრად აქცია, რადგან იყო ხის და გარედან მოოქროვილი. ეს იულიანეს [163]ბიძამ იულიანუსმა შეიტყო. რიჟრაჟი იყო. მან სწრაფად გაქუსლა და დაფნაში ჩავიდა, ესწრაფოდა მათთვის სათაყვანებელი ღმერთის დაცვას. როდესაც იხილა, რომ ღმერთად წოდებული ფერფლად იყო ქცეული, ტაძრის მცველები აწამა, ფიქრობდა, რომ რომელიმე ქრისტიანმა დაწვა. მათ კი წამებისას აღარ შეეძლოთ სიცრუის თქმა. თქვეს, რომ ხანძარის სათავე არათუ ქვემოდან, არამედ ზემოდან იყო. ასევე მახლობელი სოფლების მაცხოვრებლებიდან მოსული ზოგიერთი ამბობდა, რომ იხილეს ზეციდან მეხის დაცემა.
თ ა ვ ი VIII
ტაძართა ქონების კონფისკაციისა და საკვები მარაგის განადგურების შესახებ
უღმერთოებმა შეიტყვეს ეს ამბები და აღიჭურვნენ ყოვლიერების ღმერთის წინააღმდეგ. ტირანმა ბრძანა წმინდა საჭურჭლის საიმპერიო ხაზინაში გადაცემა და კონსტანტინეს მიერ აგებული დიდი ეკლესიის კარის აჭედვა, და მათთვის, ვინც იქ იკრიბებოდა, შეუვალი გახადა. იმ დროს იგი არიოზის მიმდევრებს ეჭირათ. იულიანესთან ერთად ღვთის ტაძარში შევიდა აღმოსავლეთის პრეფექტი, იმპერიის ხაზინადარი ფელიქსი, ელპიდიოსი, იმპერატორის ფულისა და ქონების განმგებლობის თანამდებობის მქონე, რასაც რომაელები ჩვეულებით უწოდებენ "Comes privalarum"- ს259. ამბობენ, ფელიქსიც და ელპიდიოსიც ქრისტიანები იყვნენ და უღმერთო იმპერატორის გასახარად განუდგნენ კეთილმსახურებას. იულიანემ წმინდა ტრაპეზს მცველი მიუჩინა, ხოლო როდესაც ევძოიოსმა ხელის შეშლა სცადა, ლოყაში გაარტყა, ამბობენ, უთხრა, რომ ქრისტიანთა [საქმეები] საღვთო მზრუნველობისაგან გაუდაბურებული იყო. როდესაც ფელიქსმა ტაძრების საჭურჭლეთა სიმდიდრე იხილა, რადგან კონსტანტინემაც და კონსტანციუსმაც [164]ამით უხვად შეამკეს, თქეა: "აჰა, როგორი ჭუჭლით ემსახურებიან მარიამის ძეს".
მაგრამ ამ უღმერთთებისა და შლეგების ბოროტმოქმედებს სასჯელი მალევე მიეზღო.
თ ა ვ ი IX
ამბები იმპერატორის ბიძასთან, იულიანუსთან და ფელიქსთან დაკავშირებით
ანაზდად იულიანუსი მძიმე სენმა მოიცვა, შიგნეულობა დაულპა, განავალი კი გამოყოფის ორგანოებიდან მეტად აღარ გამოსდიოდა, არამედ მისი ბილწი პირი, რომელიც გმობის ორგანოდ გაეხადა, იქცა განავლის გამოყოფის ორგანოდ. ამბობენ, მისმა რწმენით გაბრწყინებულმა ცოლმა მეუღლეს უთხრა: "ქმარო, გმართებს, უგალობო მხსნელ ქრისტეს, რადგან განსწავლის მეშვეობით გიჩვენებს შენ თავის ძალას. რადგან ვერ გაიგებდი, ვის ეომებოდი, მისთვის ჩვეული სულგრძელობით რომ იქცეოდეს და არ გიგზავნიდეს შენ ამ დვთივმოვლენილ დარტყმებს". ამ სიტყვებიდან და მისი ვნებებისგან ეს უბადრუკი მიხვდა სენის მიზეზს. იმპერატორს შეევედრა, უკან დაებრუნებინა ეკლესია მათთვის, ვისაც ეს წაართვა, მაგრამ ვერ დაარწმუნა და თვითონაც მიიღთ ცხოვრების აღსასრული. მაგრამ უცაბედად ფელიქსმაც იგემა ღვთივმოვლენილი შოლტი: მთელი დღეები და ღამეები პირიდან სისხლი სდიოდა, დრუებიდან ყველა მხრიდან პირის ამ ორგანოში ჩაედინებოდა. როდესაც ასე მთელი სისხლისგან დაიცალა, იგიც ჩაქრა და საუკუნო სიკვდილისკენ გაემგზავრა. ასე რომ, მათ ურჯულოებისთვის ასეთი სასჯელი მიეზღოთ.
თ ა ვ ი X
მღვდლის ვაჟიშვილის შესახებ
[165]ერთი ყმაწვილი, მღვდლის ვაჟიშვილი, რომელიც ურჯულოებაში ცხოვრობდა, იმ დროს გადავიდა კეთილმსახურთა დასში. რადგან მისი დედის ახლობელი იყო ერთი ქალი, კეთილკრძალულებით გამოჩენილი და დიაკონისას მადლით ღირსქმნილი. როდესაც იგი თავის დედასთან ერთად მასთან დადიოდა, მაშინ ჯერ კიდევ სრულიად ნორჩი იყო. ეს ქალი თბილად ღებულობდა და კეთილმსახურებისაკენ შეაგონებდა. როდესაც დედა აღესრულა, ყმაწვილი მასთან მივიდა და ამ ქალისთვის მახლობელი მოძღვრებით დატკბა. და როდესაც რჩევები მყარად შეიწყნარა, მოძღვარს260 ჰკითხა, თუ რა გზით შეძლებდა, გაქცეოდა მამის სიშლეგეს და ზიარებოდა მისგან ნაქადაგებ ჭეშმარიტებას. მან მიუგო, რომ საჭირო იყო მამას გაქცეოდა და უპირატესობა მისი და თავისი შემოქმედისთვის მიენიჭებია; სხვა ქალაქში ჩასულიყო, რომეღლიც შეძლებდა დამალვას და დაუსხლტებოდა ურჯულო იმპერატორის ხელს; იგი შეპირდა, რომ მასზე იზრუნებდა. მაშინ ყმაწვილმა თქვა: "შემდეგ მოვალ და ჩემ სულს შენ ჩაგაბარებ". გამოხდა მცირე ხანი. იულიანე დაფნაში სახალხო ნადიმობის აღსასრულებლად ავიდა. მასთან ერთად ავიდა მისი მამაც, რომელიც იყო ქურუმი და როგორც წესი იმპერატორს თან ახლდა, ხოლო მამასთან ერთად იქ ისიც და მისი ძმაც იმყოფებოდა, რადგან ტაძრის ზედამხედველებად იყვნენ დადგენილი და იმპერატორის კერძებს ასხურებდნენ. წესად იყო დაფნაში შვიდი დღე დღესასწაულობა. ამრიგად, პირველ დღეს იგი იმპერატორის სარეცელთან იდგა და ჩვეულებისამებრ ასხურა კერძებს, ისინი სიბინძურით აავსო, და გაიქცა. ჩავიდა ანტიოქიაში და ამ საკვირველ ადამიანთან მივიდა, და უთხრა: "მე შენთან მოვედი, პირობა არ გავტეხე. შენ კი თითოეულის ხსნაზე იზრუნე და აღთქმა შეასრულე". იგი მყისვე [166]ადგა და ყმაწვილი ღვთის კაცთან, მელეტისთან მიიყვანა. მან უბრძანა, ჯერხანად ზედა ოთახში ეცხოვრა. მამა კი ეძებდა შეილს, მოიარა დაფნა და ქალაქში წავიდა. დადიოდა ქუჩებსა და ბილიკებზე, ყველგან მოავლო თვალი, ესწრაფოდა მისი კვალის მიგნებას. შემდეგ იმ ქვეყანაში მოხვდა, სადაც ცხოვრობდა საღვთო მელეტი. და დაინახა, როდესაც იგი მოაჯირიდან იყურებოდა. გაიქცა, მოკიდა ხელი და ქვემოთ ჩამოიყვანა, და სახლში წაიყვანა. ჯერ მას მათრახით ძლიერ სცემა, შემდეგ შამფურები გაახურა და ხელებზე, ფეხებსა და ზურგზე დაადო. შემდეგ ოთახში დაამწყვდია და გარედან ბოქლომი დაადო. თვითონ დაფნაში ავიდა. ეს მე მოხუცი კაცისგან მოვისმინე, როდესაც იგი მომხდარ ამბავს ყვებოდა. მან ესეც დაურთო, რომ მან როგორც ღვთივშთაგონებულმა და საღვთო მადლით აღვსილმა დაამსხვრია მამის ყველა კერპი, დასცინა მათ უძლურებას. შემდეგ დაუფიქრდა იმას, რაც გააკეთა, შეეშინდა მამის მოსვლის და მეუფე ქრისტეს სთხოვა დაყოლოდა მის ნებას, დაემსხვრია ურდული და კარები გაეღო; ამბობდა: "შენი გულისთვის დავეშურე ამას და გავაკეთე კიდევაც". ამბობდა: "როდესაც ამას ეუბნებოდა, ჩამოვარდა ბოქლომი და გაიღო კარები, და მე კვლავ მოძღვართან გავიქეცი. მან ქალის სამოსით შემმოსა და მასთან ერთად დამსვა მოჩარდახებულ ურემზე და კვლავ საღვთო მელეტისთან მიმიყეანა. მან კი იერუსალიმის ეპისკოპოსს გადამცა. იმ ხანად იყო კირილე. და ასე ღამით დავიძარით იერუსალიმისკვნ". იულიანეს აღსასრულის შემდეგ იგი მამას ჭეშმარიტებისკენ წარუძღვა. ეს გვიამბო სხვა ამბებთან ერთად. ამ გზით ისინი ღვთისმცოდნეობისაკენ წარმართულნი ეზიარნენ ხსნას.
თ ა ვ ი XI
წმინდა მოწამეების, იუვენტინუსის და მაქსიმინუსის შესახებ
[167]იულიანე მეტი კადნიერებით, უფრო კი უშიშობოთ აღიჭურვა კეთილმსახურების წინააღმდეგ. თავაზიანი სახე მიიღო, მაგრამ უსაფრდებოდა და ხაფანგებს უწყობდა, რითაც დამღუპველი უღმერთობისათვის მოინადირებდა მოტყუებულთ. პირველად ქალაქში და დაფნაში წყაროები საძაგელი მსხვერპლით წაბილწა, რათა ყველა, ვინც წყალს დალევდა, სიბილწეს ზიარებოდა. შემდეგ ბაზარიც აავსო სიბინძურით: ასხურა პურს, ხორცს, ხილს და ბოსტნეულს, და სხვასაც, რაც კი საჭმელი იყო. როდესაც ეს დაინახეს მათ, ვისაც მხსნელის სახელი აქვთ მიღებული, წუხდნენ და იგლოვდნენ მომხდარით წაბილწულები. თუმცა, ეზიარებოდნენ, რადგან ემორჩილებოდნენ სამოციქულო კანონს, რომელიც ამბობს: "ყველაფერი საყასბოში ნაყიდი ჭამეთ, არაფერი განსაჯოთ სინდისის გამო" (1 კორ. 10.25). მაგრამ ორი ჯარისკაცი, იმპერატორის ქვეით რაზმში ფარის მტვირთველები იყვნენ, ერთ ნადიმზე მხურვალედ დაიჩივლეს მომხდარ სისაძაგლეზე და ბაბილონში გამოჩენილ ყმაწვილთა საკვირველი სიტყვები წარმოთქვეს: "გადაგვცა ჩვენ დედამიწაზე ყველა ერზე უფრო ურჯულო და განდგომილ მეფეს" (სამი ყრმის საგალობელი 5, 8., ასევე 32). ეს ერთმა მათმა თანამეინახემ გაამჟღავნა. იმპერატორმა მყისვე წაიყვანა ეს საუკეთესო ადამიანები და ჰკითხა, რას ნიშნავდა ეს სიტყვები. მათ იმპერატორის შეკითხვიდან საბაბი მიიღეს კადნიერებისთვის და ღირსადქებული შური აღეძრათ. მათ მიუგეს ასე: "იმპერატორო, კეთილმსახურებით გამორჩეულნი და კანონებს ღირსეულად დამონებულნი (რადგან კონსტანტინე და მისი შვილები იყვნენ კანონები) ვგლოვობთ, როდესაც ვხედავთ, რომ ყველაფერი სილირწით აღსავსე არის და შემოღებული მსხვერპლით საკვები და სასმელი წაბილული არის. ამაზე სახლშიც ვჩივით და შენს წინაშეც ვგლოვობთ. შენი [168]მმართველობის მხოლოდ ამ საქმით ვართ შეწუხებული". როდესაც ეს სიტყვები მოისმინა ყველაზე მშვიდმა და ყველაზე სიბრძნისმოყვარემ, მათგან ამ სახელებით წოდებულმა, ჩამოიხსნა თავაზიანობის ნიღაბი და გამოაჩინა უღმერთობის სახე261, ბრძანა, ისინი მწარედ და სასტიკად ეწამებინათ; მოაკლო მათ ამქვეყნიური ცხოვრება, უფრო კი გაანთავისუფლა ამ უბადრუკი ჟამისგან და ძლევამოსილი გვირგვინებით პატივი მიაგო. სასჯელს სათანადო მიზეზიც მიუსადაგა: არათუ კეთილმსახურება, რის გამოც მოკლა, არამედ კანონდარღვევა. თქვა, რომ დასაჯა იმპერატორის შეურაცხმყოფელები, ბრძანა, ეს ხმა გაევრცელებინათ, ცილი დასწამა ჭეშმარიტების მორკინალთ, ამასთან მოწამეობის სახელსაც და პატივსაც. მათი სახელები იყო იუვენტიუსი და მაქსიმინუსი. ქალაქმა ანტიოქიამ პატივი მიაგო მათ როგორც კეთილმსახურების მებრძოლთ, ძვირფას სამარხში ჩააწვინეს და დღემდე ყოველწლიური სახალხო ნადიმობით მიაგებენ პატივს.
სხვებმაც სახელმწიფო თანამდებობით და ღირსებით გამორჩეულებმა გამოიჩინეს მსგავსი კადნიერება და დატკბნენ მათი სწორი გვირგვინებით.
თ ა ვ ი XII
ვალენტინიანეს შესახებ, რომელიც მოგვიანებით იმპერატორი გახდა
ეს ვალენტინიანე262, რომელიც ცოტა მოგვიანებით იმპერატორი გახდა, იმ დროს ტრიბუნი იყო, სასახლისათვის განწესებულ შუბოსანთა263 მეთაური. იგი არ მალავდა იმ შურს, რაც კეთილმსახურების გამო ჰქონდა აღძრული. როდესაც მეხის დაცემა მოხდა, იმპერატორი როკვით შევიდა ფორტუნას ტაძარში, კარიბჭის ორივე მხარეს ნეოკორები264 დააყენა, რომლებიც, როგორც ფიქრობდა, შემავალთ სხურებით განწმენდნენ. როდესაც იმპერატორის [169]სარდალმა, ვალენტინიანემ დაინახა, რომ წვეთი ეცემოდა მის მოსასხამს, მუშტი უთავაზა ნეოკორს და უთხრა, რომ არათუ განწმენდდა, არამედ ბილწავდა. ეს მას ორივე იმპერიის გამო შეემთხვა. იმ წყეულმა, როდესაც მომხდარი დაინახა, იგი უდაბნოში ციხესიმაგრეში გაგზავნა, უბრძანა, იქ გაეტარებია ცხოვრება. მაგრამ მან წელიწადი და რამდენიმე თვე დაჰყო გადასახლებაში და აღსარების საზღაურად იმპერია მიიღო. რადგან სამართლიანი მსაჯული საღვთო [მსახურებაზე] მზრუნველებს არა მხოლოდ იმ ცხოვრებაში მიაგებს პატივს, არამედ მაშინაც, როცა კეთილი ღვაწლის მისაგებელს ესწრაფვიან, და სარწმუნო არის განგებულ საბოძვარზე მოიმედეებისთვის.
მაგრამ ტირანმა კეთილმსახურების წინააღმდეგ სხვა სივერაგეც გამოიგონა. რადგან ძველი ჩვეულების თანახმად ოქრო გაუნაწილა ჯარისკაცთა სიებში აღრაცხულთ. თვითონ დაჯდა საიმპერატორო ტახტზე, ჩვეულებისამებრ გამოიტანა ნახშირით სავსე ბომონი და დადგა საკმეველი რომელიღაც ტაბლის წინ. და ბრძანა, რომ თითოეულ ოქროს წამღებს ჯერ ბომონზე უნდა დაედო საკმეველი, შემდეგ მისი მარჯვენიდან მიეღო ოქრო. ეს ხაფანგი ბევრმა საერთოდ არ იცოდა, ხოლო ვინც წინდაწინ იცოდა, ავადმყოფობას იმიზეზებდა და გაურბოდა ამ სასტიკ მხეცს. სხვები ფულს ეხარბებოდა და საკუთარ ხსნას ღუპავდა, სხვები კი ლაჩრულად ღალატობდნენ კეთილმსახურებას.
თ ა ვ ი XIII
სხვა აღმსარებელთა შესახებ
ფულის ამ დამღუპველი გაცემის შემდეგ ზოგიერთი ოქროს მიმღები რომელიღაც ნადიმზე ერთად ილხენდა. ერთმა მათგანმა, როდესაც აიღო ფიალა, მანამდე არ შესვა, სანამ მხსნელი ბეჭედი არ გამოისახა. მაშინ ერთმა თანამეინახემ გაკიცხა და უთხრა, რომ ეს [170]ეწინააღმდეგებოდა ცოტა ხნის წინ მის მიერ ჩადენილს. მან ჰკითხა, თუ რას უწოდებდა მისი საქციელებიდან ურთიერთსაწინააღმდეგოს. მან კი შეახსენა ბომონი, საკმეველი და [მის მიერ] ჩადენილი [რწმენის] უარყოფა, რომ ეს ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანულ აღსარებას.
როდესაც ეს მოისმინა მრავალმა თანამეინახემ, გმინვა აღმოხდა და მოთქვამდა, და თმებს ბღუჯებად იგლეჯდა; წამოდგა ნადიმიდან და ფორუმის გავლით გაიქცა და გაჰყვიროდა, რომ ქრისტიანები იყვნენ და იმპერატორის მზაკვრობით იყვნენ შეცდომაში შეყვანილი, უარს ამბობდნენ [განდგომაზე] და უმეცრებით შემთხვეული მარცხიდან ფეხზე დგებოდნენ. მათთან ერთად მორბენალნი ყვირილით შევარდნენ სასახლეში, ტირანის მზაკვრობებს აბრალებდნენ და ცეცხლით დაწვას მოითხოვდნენ, რათა ცეცხლით წაბილწულებს სხვა ცეცხლით მიეღოთ განწმენდა. ამ სიტყვებმა და რაც ამათი მსგავსი ითქვა მათ მიერ, გააცხარეს უწმინდურის გულისწყრომა და პირველ რიგში ბრძანა, მათთვის თავი მოეკვეთათ. როდესაც ისინი ქალაქის გარეთ გაიყვანეს, თან დაედევნა ქალაქის მოსახლეობა, რომელიც აღფრთოვანებული იყო მათი ახოვანებით და უკვირდა კეთილმსახურების გამო მათი კადნიერება. როდესაც იმ ადგილას მივიდნენ, სადაც წესად იყო ბოროტმოქმედთა დასჯა, სხვებზე უხუცესი შეეხვეწა ჯალათს, რომ პირველად ყველა მათზე უმრწემესისათვის მოეკვეთა თავი, რათა სიმხდალეს არ ეძლია, როცა დაინახავდა სხვათა სიკვდილს. შემდეგ როდესაც იგი მუხლებზე დადგა, მან კი მახვილი გააშიშვლა, მოვიდა კაცი და [სასჯელის] გაუქმების ცნობა მოიტანა, და შორიდან ყვირილით აკავებდა მკვლელობას. მაშინ უმრწემესი მკვლელობის გაუქმების გამო შეწუხდა და თქვა: "ოჰ, არ ყოფილა რომანუსი (ეს იყო მისი სახელი) ქრისტეს მოწამედ წოდების ღირსი". მაგრამ ამ ბოროტებათა მომგონმა შურით აღძრულმა არ დაუშვა სიკვდილი და ცილი დასწამა სახელოვან მორკინალთ. თუმცა, ნება არ დართო მათ, რომ ქალაქში ეცხოვრათ, არამედ რომაელთა სახელმწიფოს უკიდურეს მხარეებში წარგზავნა.
თ ა ვ ი XIV
არტემიოს დუქსის265 და დიაკონისა პუბლიას ღვთის მიმართ [გამოჩენილი] კადნიერების შესახებ
[171]არტემიოსი ეგვიპტეში მყოფი ჯარისკაცების მხედართმთავარი იყო, მას ეს თანამდებობა კონსტანციუსის ზეობისას ჰქონდა მიღებული. მან მრავალი კერპი დაამსხვრია, არა მხოლოდ მათი ნამდვილი არსი გააშიშვლა, არამედ შემდეგ თავებიც დააცალა სხეულებს.
ეს და ასეთი საქმეები ჩაიდინა მან, ვისაც უღმერთოები მშვიდსა და რისხვისაგან თავშეკავებულს უწოდებდნენ.
მე კი კეთილშობილი და ღირსადქებული ქალის ამბავსაც ჩავურთავ ამ ნაშრომში. რადგან მის სიცოფეს ქალებიც არად აგდებდნენ, რომლებიც საღვთო შურით იყვნენ შეჭურვილი.
იმ დროს ცხოვრობდა ვინმე პუბლია, ყველაზე სხელოვანი და სათნო საქმეებით ცნობილი. მან მცირე ხნით ატარა ქორწინების უღელი და ღმერთს ღირსეული ნაყოფი მიუძღვნა. რადგან ანტიოქიაში დიდი ხნის განმავლობაში პრესვიტერებს წინამძღვრობდა იოანე და ხშირად სამოციქულო თავმჯდომარეობის წილსაც ღებულობდა, მაგრამ მუდამ გაურბოდა ამ ძალაუფლებას. იგი ამ საკვირველი წიაღიდან იშვა. მას ყავდა ქალწულთა დასი, რომლებმაც მთელი ცხოვრება ქალწულების აღთქმა დადეს, და განუწყვეტლივ უგალობდნენ შემოქმედ და მხსნელ ღმერთს. როდესაც იმპერატორი იქ იმყოფებოდა, ერთობლივად უფრო ხმამაღლა ფსალმუნებდნენ, დამღუპველს უგულებელყოფის ღირსად და დასაცინად მიიჩნევდნენ. განსაკუთრებით იმ სიმღერას გალობდნენ, რომელიც კერპების უძლურებას დასცინოდა და დავითთან ერთად ამბობდნენ: "წარმართთა კერპები ვერცხლია და ოქრო, ადამიანთა ხელის საქმე" (ფს. 113.4). [კერპების] უგრძნობლობის აღწერის შემდეგ ამბობდნენ: "მათი მსგავსი [172]გახდნენ მათი შემქნელები და ყველა, ვინც მათ ერწმუნება" (ფს. 113,8). როდესაც მან მოისმინა მათი [სიტყვები], ძალიან აღშფოთდა და მათ უბრძანა, დადუმებულიყვნენ, ვიდრე იგი არ გაივლიდა. მაგრამ მას ნაკლებად ადარდებდა მისი კანონები, ქორო უფრო მეტი სიმხნევით აღავსო, და როცა მან კვლავ ჩაიარა, [პუბლიამ] უბრძანა, ეფსალმუნათ: "დაე, აღდგეს ღმერთი და განიბნიოს მისი მტრები" (ფს. 67.1). იგი განრისხდა და ბრძანა ქოროს მოძღვრის მასთან მიყვანა. თუმცა მისი პატივსაცემი მოხუცებულობა იხილა, მაგრამ არც სხეულის ჭაღარა შეიბრალა, არც სულის სათნოებას მიაგო პატივი, არამედ რომელიღაც შუბოსანს უბრძანა, ეცემა ყვრიმალებზე და ხელით აეწითლებინა ღაწვები. მაგრამ მან უპატიობა უმწვერვალეს პატივად მიიღო, ავიდა სახლში და ჩვეულებისამებრ სულიერი საგალობლებით უტევდა მას, როგორც ამ საგალობლების მწერალი და მოძღვარი266 აცხრობდა იმ უკეთურ სულს, რომელიც საულს აწუხებდა.
თ ა ვ ი XV
ამბები იუდეველებთან, მშენებლობის მცდელობასა და მათზე ღვთივმოვლენილ უბედურებებთან დაკავშირებით
იგი, დამღუპველი დემონების შემწყნარებელი, შლეგურ ცხოვრების აღმასრულებელი, გაცოფებული იყო კეთილმსახურების წინააღმდეგ. ამიტომ, იუდეველებიც აამხედრა მათ, ქრისტეს მორწმუნეების, წინააღმდეგ. პირველად ერთად შეკრიბა ისინი და ჰკითხა, თუ რატომ არ წირავდნენ მსხვერპლს, მაშინ როცა რჯული ბრძანებდა მსხვერპლის შეწირვას. როდესაც მიუგეს, რომ ერთი ადგილით იყო შემოსაზღვრული მათი მსახურება, ამ ღვთისმოძულემ მყისვე ბრძანა დანგრეული ტაძრის აგება, ეს არარაობა ფიქრობდა მეუფის წინასწარმეტყველების მხილებას, მაგრამ უფრო მისი [173]ჭეშმარიტება წარმოაჩინა. მათ267 ხალისით შეისმინეს მისი სიტყვები და ნაბრძანები მსოფლიოში მცხოვრებ ყველა თანატომელს აუწყეს. ისინიყ მხრიდან შეიკრიბნენ, და ფული და გულმოდგინება ამ მშენებლობისთვის მოიტანეს. დიდად ხელს უწყობდა თვით ის, ვინც ბრძანება გასცა, არათუ პატივმოყვარეობის გამო, არამედ როგორც ჭეშმარიტებასთან მებრძოლი. მან ასევე გაგზავნა ერთი მმართველი, ურჯულო ბრძანებების ღირსეული მსახური. ამბობენ, რომ მათ წერაქვები, ნიჩბები და კალათები ვერცხლისგან დაამზადეს. როდესაც დაიწყეს თხრა და მიწის გატანა, მთელი დღის განმავლობაში ათასობით ადამიანი იქმოდა ამას, მაგრამ ღამით ორმოდან მიწა თავისით უკან გადაინაცვლებდა. ყველაფრის ახლად აგების მოიმედეებმა თვით შენობის ნაშთიც კი დაანგრიეს. როდესაც მრავალი ათასი მედიმნი კირი და ცარცი მოზიდეს, უცაბედად ძლიერმა ქარებმა დაბერეს, გრიგალმა, ქარიშხალმა და ღელვატეხვამ ყველაფერი ერთბაშად გაფანტა. როდესაც კიდევ გაშლეგებული იყვნენ და ღვთის სულგრძელებას ვერ იაზრებდნენ, ჯერ უდიდესი მიწისძვრა მოხდა და საღვთო [საიდუმლოებებში] გაუნდობელთ ერთიანად ძლიერი თავზარი დასცა. მაგრამ, რადგანაც არ შეშინდნენ, გაჭრილი საძირკვლიდან ცეცხლი ამოვარდა და მრავალი მიწის მთხრელი დაწვა, სხვები კი გაყარა. ღამით კი როდესაც მრავალ ადამიანს ეძინა რომელიღაც სვეტის მახლობლად, ერთბაშად ჩამოინგრა შენობა სახურავთან ერთად. ხოლო მძინარენი ყველა გასრისა. იმავე ღამით და მომდევნო ღამითაც ცაში მოსჩანდა მხსნელი ჯვრის მანათობელი გამოსახულება და თვით იუდეველთა სამოსიც ჯვრებით იყო აღვსებული, თუმცა, არა მანათობელით, არამედ შავი ფერისგან დამზადებული.
ეს იხილეს ღვთის მოწინააღმდეგეებმა და შეეშინდათ ღვთივმოვლენილი შოლტის, გაიქცნენ და სახლებში შევიდნენ; წინაპართა მიერ ძელზე მიმსჭვალულს ღმერთად აღიარებდნენ. ეს შეიტყო იულიანემ, - რადგან ყველგან გავრცელდა ხმა, - მაგრამ ფარაონის მსგავსად გასასტიკდა გული.
თ ა ვ ი XVI
ლაშქრობა სპარსელების წინააღმდეგ
[174]მას შემდეგ, რაც სპარსელებმა შეიტყვეს კონსტანციუსის აღსასრული, გაკადნიერდნენ, მივიდნენ რომაელთა საზღვრებთან და ომი გამოაცხადეს. იგი ფიქრობდა ლაშქრის შეკრებას, მაშინ როცა არ ყავდა მისი წინამბრძოლი. გააგზავნა დელფოში, დელოსსა და დოდონაში, და სხვა სამისნოებში268; მჩხიბავებს ეკითხებოდა, უნდა გაელაშქრა თუ არა. ისინი უბრძანებდნენ გალაშქრვას და გამარჯვებას აღუთქვამდნენ. მათი წინასწარმეტყველებიდან ერთს ჩავურთავ ნაშრომში სიცრუის სამხილებლად. ხოლო ეს არის: "აწ ყველა ღმერთები დაიძრნენ მხეცის მდინარესთან გამარჯვების ნადავლის მოსაპოვებლად, ხოლო წარვუძღვები მე, შეუპოვარი და მქუხარე მეომარი269, არესი". ისინი, ვინც პითიას გონიერ ღმერთს და მუზების წინამძღოლს უწოდებენ, დასცინოდნენ მის სასაცილო სიტყვებს. მე კი აღმოვაჩინე მისი სიცრუე და დავსტირი [მისგან] მოტყუებულს. მხეცის მდინარე ტიგროსს უწოდეს, რადგანაც ამ მდინარისა და მხეცის სახელი ერთიდაიგივეა. იგი სომხეთის საზღვრებიდან ძალუმად გამოვარდა და ასირიის მდინარეების გავლით შეიჭრა სპარსეთის შუაგულში. ამ უბადრუკს, ამ მისნების მიერ მოტყუებულს გამარჯვება ეზმანებოდა და სპარსელებთან ბრძოლის შემდეგ გალილეველებთან ომზე ოცნებობდა. ქრისტიანებს იგი გალილეველებს უწოდებდა, ეგონა, რომ ამ სახელით მათ შეურაცხყოფას მიაყენებდა. უნდა სცოდნოდა ლიტერატურაში განსწავლულს, რომ დიდებას ოდნავ თუ აკნინებს სახელის ცვლილება, რადგან თუ სოკრატეს კრიტიას უწოდებ და პითაგორას ფილარისს დაარქმევ, არავითარ მანკიერებას არ ეზიარება რომელიმე მათგანი ამ სახელების შეცვლით, არც ნირევსი თერსიტედ სახელდებული დაღუპავდა იმ მშვენიერებას, რაც ბუნებისგან მიეღო. [175]მაგრამ მას ნასწავლი ჰქონდა რა ესენი, აზრს არ ატანდა ამას, ფიქრობდა, რომ ჩვენთვის ყველანაირად შეუფერებელი სახელით ზიანს მოგვაყენებდა, მისნების ცრუმეტყველებას ენდობოდა და იმუქრებოდა, რომ ეკლესიებში უწმინდური დემონის კერპს აღმართავდა.
თ ა ვ ი XVII
ბეროას დეკურიონის270 კადნიერების შესახებ
ამ მუქარებით აღძრული ერთმა კაცმა დაამარცხა ბეროაში. ეს იყო კაცი, სხვა მხრივაც წარჩინებული, რადგან დეკურიონი იყო იმ ქალაქში, მაგრამ მოშურნეობამ იგი უფრო გამოჩენილი გახადა. როდესაც მან დაინახა, რომ მისი ვაჟი იმ დროს გაბატონებულმა უღმერთობამ დასცა, იგი სახლიდან გააძევა და ღიად განკვეთა. ის კი მახლობელ ქალაქში იმპერატორთან მივიდა და მოახსენა მისი ზრახვაც და მამის მიერ მისი განკვეთაც. მან ყმაწვილს უბრძანა, რომ მშვიდად ყოფილიყო, და მამასთან შერიგებას დაპირდა. შემდეგ ჩავიდა ბეროაში და ვინც კი თანამდებობისა და დირსების მქონე იყო, სტუმრად მოიწვია. მათ შორის მამამისიც იყო. იულიანემ მას უბრძანა, შვილთან ერთად წამოწოლილიყო მის საწოლზე. შუა ნადიმობისას მიმართა მამას: "ვფიქრობ არ არის სამართლიანი, აიძულო სხვა მხარეს გადახრილი აზრი, რომელსაც არ სურს სხვა მიმართულებით სვლა. ასე რომ, ძალას ნუ დაატან შვილს, როდესაც არ სურს, შენს დოგმატებს მიყვეს". ამბობდა: "რადგან მე შენ არ გაიძულებ, მე მომყვებოდე, თუმცა ძალიან იოლად შემიძლია, გაიძულო". მან კი საღვთო რწმენით აღაგზნო გონება და მის შესახებ მიუგო: "იმპერატორო, ნუთუ დამღუპველის, ღვთისმოძულისა და იმის [სიტყვებს] ამბობ, რომელმაც ჭეშმარიტებას სიცრუე [176]ამჯობინა?" მან კვლავ თვინიერების ნიღაბი მოირგო და უთხრა: "ადამიანო, შეწყვიტე ყვედრება". შემდეგ ყმაწვილისკენ მიაბრუნა პირი და უთხრა: "მე შენზე ვზრუნავ, რადგან მამაშენი ვერ დავარწმუნე, რომ ეს გააკეთოს". ეს ამბავი ამაოდ როდი ვახსენე, არამედ მსურს, ვაჩვენო არა მხოლოდ ამ საკვირველი კაცის ღირსადქებული კადნიერება, არამედ ისიც, რომ მრავალი არად აგდებდა მის ძალაუფლებას.
თ ა ვ ი XVIII
აღმზრდელის წინასწარმეტყველების შესასებ
კვლავ ანტიოქიაში ერთ საუკეთესო კაცს მინდობილი ჰქონდა ყმაწვილი ქალების აღზრდა. იგი იმაზე უფრო მეტად იყო განსწავლული, ვიდრე ეს სჭირდებოდა პედაგოგს271, და იცნობდა იმ დროის მასწავლებლების წინამძღვარს, რომელიც იყო ლიბანიოსი272, სოფისტებს შორის სახელგანთქმული. მაგრამ იგი იყო ურჯულო და გამარჯვებას წინასწარმეტეველებდა, იულიანეს მუქარას [გონებაში] წარმოისახავდა. მან ჩვენს აღმზრდელს დაცინვით ჰკითხა: "რას აკეთებს ხუროს ვაჟი?" იგი საღვთო მადლით აღივსო და მცირე ხნის შემდგომ მოსახდენი მოვლენები უწინასწარმეტყველა. მიუგო: "სოფისტო, კუბოს ამზადებს ყოვლიერების შემოქმედი, რომელსაც შენ დაცინვით ხუროს ვაჟს უწოდე". რამდენიმე დღის შემდეგ აღსრულდა ამ დამღუპველის სიკვდილი, კუბოში ჩააწვინეს და წარმოჩნდა [მისი] მუქარების ფუჭი ქადილი, და განდიდდა ღმერთი.
თ ა ვ ი XIX
წმინდა იულიანე მონაზვნის წინასწარმეტყველების შესახებ
[177]უსხეულოთა ცხოვრებას სხეულში ბაძავდა. ვამბობ იულიანეზე, სირიელთა ენაზე მას საბა ეწოდებოდა. მისი მოქალაქობა აღვწერე "ღვთისმოყვარეთა ისტორიაში". იგი ყოვლიერების ღმერთისადმი მოშურნედ აღავლენდა ყვდრებებს, როდესაც შეიტყო იმ უღმერთოს მუქარები. იმ დღეს, როდესაც მან მიიღო ჭრილობა, იგი ლოცულობდა და ეს შეიტყო, მიუხედავად იმისა, რომ ოც სტათმოსზე273 მეტი მანილი აღირიცხებოდა მისი კელინიდან274 სამხედრო ბანაკამდე. ამბობენ, იგი ცრემლებით ემუდარებოდა და სთხოვდა კაცთმოყვარე მეუფეს. უცებ შეწყვიტა ცრემლების ღვრა, გამხიარულდა და სიხარულით აღივსო, სახე გაუბრწყინდა და ამით იძლეოდა სულის სიამის ნიშანს. როდესაც მისმა ნაცნობებმა დაინახეს მისი ასეთი ცვლილება, ევედრებოდნენ, მათთვის გაემხილა სიხარულის მიზეზი. მან მიუგო, რომ საღვთო ვენახთან მებრძოლი მხეცი ამის გამო ჩადენილ დანაშაულებზე სასჯელს მიიღებდა, შეწყვეტდა შეთქმულების მოწყობას და მკვდარი დაწვებოდა [მიწაზე]. როდესაც ასეთი [ამბავი] შეიტყვეს, ყველამ როკვა დაიწყო და ღვთისადმი სამადლობელო საგალობელი აღავლინეს. მისი აღსასრულის მაცნეთაგან შეიტყვეს, რომ იმავე დღეს და საათს მოხდა, როცა ამ საღვთო მოხუცმა შეიცნო და იწინასწარმეტყველა უწმინდურის დაღუპვა275.
თ ა ვ ი XX
იმპერატორ იულიანეს სპარსეთში დაღუპვის შესახებ
[178]მისი აშკარა უგუნურება სიკვდილმა წარმოაჩინა. რადგან, როდესაც გადადიოდა რომაელთა იმპერიის სპარსეთისგან გამყოფ მდინარეზე და ჯარი გადაყავდა, უცბად ცეცხლი წაუკიდა ხომალდს, ჯარისკაცებს არათუ არწმუნებდა, რომ ეომათ, არამედ აიძულებდა. საუკეთესო სარდლებს სჩვევიათ მათი მმართველობის ქვეშ მყოფთა სიმხნევით აღვსება, თუნდაც ხედავდნენ, რომ დაკარგული აქვთ სიმამაცე, ახალისებენ მათ და იმედს უსახავენ. მაგრამ იულიანემ პირდაპირ წარკვეთა კეთილი სასოება და უკან დასაბრუნებელი ხიდი გადაწვა. გარდა ამისა, მაშინ როცა ვალდებული იყო, ყველა გზით მოეტანა და მოეპოვებია ჯარისკაცებისთვის აუცილებეილი საკვები, ბრძანა, რომ სახლიდანაც არ მოეტანათ ეს, არც მაშინ გამოიჩინა გულუხვობა, როცა მტერი გაძარცვა. რადგან დატოვა დასახლებული მსოფლიო276 და უდაბნოში გადავიდა. აქედან ჯარისკაცებს შემოაკლდათ სასმელიც და საჭმელიც, არ პყავდათ მოგზაურობის წინამძღოლები, არამედ გზა აებნათ უდაბურ მხარეში და შეიცნეს უბრძენესი იმპერატორის უგუნურება. ჩიოდნენ და წუხდნენ, და მყისვე იპოვეს შემოქმედის წინააღმდეგ გაცოფებული კაცი ძირს დაცემული; დაპირების თანახმად მქუხარე მეომარი არესი არ აღმოჩნდა მის მფარველად, ლოქსიამ სიცრუე უმკითხავა, ხალისით მეხთამტეხელმა277 მკვლელების წინააღმდეგ არ გამოიყენა მეხი, და მუქარათა ქადილი ძირს დაეცა. თუმცა, ეს სამართლიანი დარტყმა დღემდე არავინ გაიაზრა. მაგრამ ზოგი ამბობს, რომ რაღაც უხილავმა აძგერა მას, ზოგი ამბობს, რომ ერთმა მომთაბარემ, რომელსაც ისმაელიტებს უწოდებენ, სხვები კი ამბობენ, რომ შიმშილითა და უდაბნოთი უკმაყოფილო ჯარისკაცმა. მაგრამ ადამიანი იყო, ანგელოზი, თუ მახვილი, ცხადია, რომ ეს გააკეთა [179]საღვთო წამისყოფის მსახურმა. ამბობენ, რომ როდესაც მან მიიღო დარტყმა, მყისვე ხელები სისხლით აევსო, მან ის ჰაერში ააფრქვია და თქვა: "გაიმარჯვე, გალილეველო!" მან ერთსა და იმავე დროს გამარჯვებაც აღიარა და მკრეხელობაც ჩაიდინა. ასეთი გამოთაყვანებული კაცი იყო.
თ ა ვ ი XXI
მისი დაღუპვის შემდეგ კარაში გამოაშკარავებული გრძნეულების შესახებ
მკვლელობის შემდეგ გამოაშკარავებულ იქნა მისი გრძნეულების ხრიკები. კარაი არის ქალაქი, სადაც ახლაც უპყრიათ უღმერთობის ნაშთები. მისი გავლით მიემგზავრებოდა ეს არარაობა, რადგან ედესა როგორც კეთილმსახურებით შემკული სახელის მქონე დატოვა და ურჯულოთაგან პატივდებულ საკურთხეველში შევიდა. იქ მის თანამოზიარეებთან ერთად რაღაც სისაძაგლეები ჩაიდინა, კარებს ბოქლომები და ბეჭდები დაადო, განკარგულება გასცა, რამდენიმე ჯარისკაცი მიეჩინათ და უბრძანა, მის უკან დაბრუნებამდე არავინ შეეშვათ კარებს შიგნით. როდესაც მოვიდა მისი სიკვდილის ცნობა და ურჯულო იმპერატორი კეთილმსახურმა შეცვალა, საკერპოს შიგნით შევიდნენ და აღმოაჩინეს იმპერატორის ქებული სიმამაცე და სიბრძნე, ამასთან ერთად უღმერთობაც. რადგან ნახეს ქალი თმებით დაკიდებული, მოკვეთილი ხელებით. ამ უწმინდურს გაეფატრა მისი მუცელი, ალბათ სპარსელებზე გამარჯვებას ღვიძლის მეშვეობით შეიცნობდა.
ეს სისაძაგლე კარაიში იქნა გამოაშკარავებული.
თ ა ვ ი XXII
ანტიოქიაში სასახლეში აღმოჩენილი თავების შესახებ, და ანტიოქიაში გამართული სახალხო ზეიმის შესახებ
[180]ამბობენ, ანტიოქიაში სასახლეში აღმოაჩინეს მრავალი კიდობანი ადამიანთა თავებით სავსე, ასევე მრავალი აუზი მიცვალებულთა სხეულებით ავსებული. რადგან ასეთი სწავლებები აქვთ საშინელ ღმერთებს.
როდესაც ქალაქმა ანტიოქიამ შეიტყო მისი ეს მკვლელობა, გამართა სახალხო ნადიმები და ზეიმები. არა მხოლოდ ეკლესიებში და მოწამეთა საფლავებთან როკავდნენ, არამედ თეატრებშიც ქადაგებდნენ ჯვრის ძლევაზე და დასცინოდნენ მის მჩხიბაობას. მე მათ ქების ღირს სიტყვას ჩავურთავ, რათა მომავალი თაობებისთვის დაცული იყოს ამისი ხსოვნა. ყველა ერთად გაჰყვიროდა: "სად არის შენი გრძნეულება, უგუნურო მაქსიმე? გაიმარჯვა ღმერთმა და მისმა ქრისტემ278."
მაქსიმე იმ დროს ფილოსოფიას აფარებდა თავს, მაგრამ გრძნეულებით იყო წაბილწული და მზვაობრობდა, რომ მომავლის წინასწარმეტყველება შეეძლო. რადგან ანტიოქიელებს უდიდესი წყვილის, პეტრეს და პავლეს, საღვთო დოგმატების მიმღებებს და ყოვლიერების მეუფისა და მხსნელის მხურვალედ მოყვარულებს ყოველთვის სძაგდათ და ბოლომდე მისი მაწყევარი დარჩნენ. თვითონაც ამბობდა ამას ღიად. ამიტომ მათ წინააღმდეგ თხზულებაც დაწერა და მას "მისოპოგონი"279 უწოდა.
მე ტირანის აღსასრულის გამო ზეიმი [ამ] წიგნის ბოლოს დავურთე რადგან უჯეროდ მივიჩნიე, კეთილმსახურის მეფობისათვის მიმება უღმერთოს ზეობა.
--------------------------------------------------------------------------
თარგმანი შესრულებულია შემდეგი გამოცემიდან: J. P. Migne, Patrologiae Cursus Completus, Patrologiae Graecae Tomus 82, p. 881-1280.
შენიშვნები
244 – [334]იულიანეს შესახებ ცნობებს გვაწვდის წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი თავის ცნობილ სიტყვებში "იულიანეს წინააღმდეგ".
245 - ტერტულიანე (De Praesc. 41) არის უადრესი ავტორი, რომელიც ახსენებს "ანაგნოსტეს" (ბერძ.),"Lector" (ლათ.),"მკითხველის" მსახურებას, როგორც ცალკე ხარისხს ეკლესიაში. ამის შემდეგ ის მიიჩნევა ერთ-ერთ მცირე ხარისხად და მას ხშირად ახსენებს წმ. კვიპრიანე კართაგენელი. იუსტინიანეს ერთ-ერთი ნოველის მიხედვით მკითხველად არ უნდა დაედგინათ თვრამეტ წლამდე, მაგრამ წინათ ადგენდნენ უფრო ნაკლები ასაკის მქონეთაც.
246 - გალუსი კეისრად გახადა კონსტანციუსმა 350 წ. 25 წლის ასაკში. მისი მმართველობა ანტიოქიაში წარუმატებელი იყო და საჭურის ევსების წაქეზებით ის დასჯილ იქნა 354 წელს ქ. პოლაში, რომელიც უკვე იმით იყო ცნობილი, რომ იქ მოკლეს კონსტანტინეს დიდი ვაჟი კრისპუსი.
247 - ἐμύησέ τε καὶ τοῦ μύσους ἐνέπλησε, აქ არის სიტყვების - "განდობა" და "სიბილწე", - თამაში, რაც ქართულად ვერ გადმოიცემა.
248 - იულიანეს გაიმპერატორება ალექსანდრიაში ცნობილი გახდა [335]361 წლის ნოემბერში, წარმართები აუმხედრდნენ ეპისკოპოს გიორგი კაბადოკიელს, დააპატიმრეს და 24 დეკემბერს სასტიკად სცემეს და მოკლეს. არიანელებმა მის მონაცვლედ დაადგინეს ლუკიუსი, მაგრამ 22 თებერვალს ათანასე კვლავ გამოჩნდა თავის მრევლში და მაშინათვე გამართა კრება, სადაც განიხილა მოძღვრებისა და დისციპლინის ცალკეული საკითხები.
249 - ევსები ვერცელელი სკვითოპოლიდან გადასახლებულ იქნა კაბადოკიაში და შემდეგ თებაიდაში, სადაც მან მიწერა ეპისტოლე ესპანეთში ელვირის ეპისკოპოს გრგოლს, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია.
250 - ზოგიერთი მკვლევარის აზრით აქ იგულისხმება ჰილარიუს პიქტავიელი, მაგრამ სირთულეს ქმნის სიტყვა "იტალიიდან". შესაძლოა ეს არის ჰილარიუსი, რომელიც გადმოცემით იყო პავიის ეპისკოპოსი 358 წლიდან 376 წლამდე.
251 - ლუციფერუსი იყო კალიარის ეპისკოპოსი და პირველად გადასახლებულ იქნა ელევთეროპოლისში 355 წელს, სადაც ის წერდა პოლემიკურ პამფლეტებს, რომლებიც დღემდე არის შემორჩენილი. ის ძალიან კიცხავს კონსტანციუსს და მას უგზავნის მისი თხზულების ასლს; კონსტანციუსი, როგორც ჩანს, არ დაეთანხმა მის შეხედულებებს და ის გადაასახლა თებაიდაში, საიდანაც ის დაბრუნდა 361 წელს.
252 - ევსტათი ანტიოქიელი გარდაიცვალა 337 წ. ფილიპიაში, სავარაუდოდ მისი განყენებიდან ექვსი წლის შემდეგ. ალექსანდრე ეპისკოპოსი არ გამხდარა 413 წლამდე.
253 - ლუციფერიანელების ცალკე დაჯგუფებად ჩამოყალიბების მთავარი მიზეზი იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი უარს ამბობდნენ თანაზიარებაში მიეღოთ ისინი, რომლებიც ოდესმე ჩავარდნილან არიანელობაში.
254 – [336]ახალი აღთქმის წიგნებში ელინებში ხშირად არა მხოლოდ ეთნიკური ბერძნები, არამედ იმ დროინდელი წარმართები იგულისხმებოდნენ, რადგან იმ დროის ეკლესიის მსოფლმხედველობრივი გარემო ბერმნული კულტურის გავლენით იყო შექმნილი.
255 – θιασώτας, საინტერესოა, რომ წარმართებთან ქრისტიანების დაპირისპირებისას ამ უკანასკნელთა აღსანიშნავად ნეტარი თეოდორიტე ასევე წარმართული რიტუალურ მსვლელობაში, კერძოდ დიონისეს მსვლელობაში მონაწილეთა აღმნიშვნელ ტერმინს იყენებს.
256 - "ობოლი" ყველაზე წვრილი ფულის ერთეულს ნიშნავს.
257 - იულიანესთვის ათანასეს გადასახლების ედიქტის გამოცემის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ეპისკოპოსმა მონათლა რამდენიმე წარმართი ქალბატონი.
258 - καλλινικου μαρτυρος. ბაბილა იყო ანტიოქიის ეპისკოპოსი 238- 251 წ.წ.-ებში, მოწამეობრივად აღესრულა დეკიუსის დევნულების დროს ან საპყრობილეში, ან ძალადობის შედეგად.
259 - კონსტანტინე დიდის კონსტიტუციით იყო ფინანსთა ორი მინისტრი: 1) Comes sacrarum largitionum, იმპერიის სახალხო ხაზინის მეჭურჭლე, 2) Comes rei privatae, რომელიც განაგებდა კერძო ხაზინას და აწარმოებდა "წყალობათა წიგნს" (Iiberbeneficionun), იმპერატორის მიერ მინიჭებული პრივილეგიების ანგარიშებს.
260 - τὴν διδάσκαλον, ძალიან საყურადღებო შემთხვევაა, როდესაც დიაკონისა მოძღვრადაც იწოდება. ძნელი სათქმელია, აქ მოძღვარი საეკლესიო კანონიკური მსახურების აღმნიშვნელი ტერმინია, თუ მხოლოდ ერთი კონკრეტული შემთხვევა იგულისხმება, როდესაც [337]მას, ისევე როგორც ნებისმიერ ქრისტიანს, შეუძლია და ვალდებულიც არის, უქადაგოს და ასწავლოს ჭეშმარიტი მოძღვრება არაქრისტიანს და ამ თვალსაზრისითაც შეიძლება, რომ ის მოძღვრად იწოდებოდეს.
261 - აქ არის სიტყვათა თამაში, რაც ქართულად ვერ გადმოიცემა, προσωπεῖν (ნიღაბი) და προσώπον (პირისახე).
262 - ვალენტინიანე დაიბადა კიბალისში, პანონიაში (თანამედროვე ბოსნია), იმპერატორად არჩეულ იქნა 364 წლის 26 თებერვალს და მეფობდა 375 წლის 17 ნოემბრამდე. მიუხედავად იმისა, რომ ის ქრისტიანი იყო, შემწყნარებლურად ეპყრობოდა წარმართებს.
263 - ასე უწოდებდნენ დაცვას.
264 - νεωκόρος, ტაძრის ზედამხედველი.
265 - კონსტანტინეს კანონმდებლობის მიხედვით უმაღლესი სამხედრო თანამდებობა იყო "Magister equitum " (მხედართა მეთაური) და "Magister peditum " (ქვეითთა მეთაური). მათ ექვემდებარებოდათ რამდენიმე დუკა და კომიტი ტერიტორიული ტიტულატურით.
266 - იგულისხმება დავით წინასწარმეტყველი.
267 - იუდეველებმა.
268 - ეს იყო ალბათ ბოლო შემთხვევა, როდესაც რჩევა ჰკითხეს გადაშენების პირას მყოფ მისნებს. დელფოს უწოდებდნენ "დედამიწის ჭიპს ". მაგრამ უკვე პლუტარქე (გარდაიცვ. 120 წ.) წერდა სამისნოს დანგრევის შესახებ. აპოლოს მისანს დელფოში რჩევას ეკითხებოდნენ მხოლოდ ზაფხულის თვეებში, რადგან ითვლებოდა, რომ ზამთარში [338]ღმერთი მიდიოდა პატარაში. დოდონას სამისნო ეპიროსში იყო ერთ-ერთი უძველესი და ის ითვლებოდა ზევსის ნების გამაცხადებლად.
269 - πολεμόκλονος, ომის ღმერთის, არესის წოდება.
270 - πολιτευουμένου, ლათ. nobilis civis. ბერძნული ტერმინი აღნიმნავს ქალაქის კურის (თანამედროვე საკრებულოს) წევრის კურიალის ანუ დეკურიონის თანამდებობას. ბეროა სავარაუდოდ არის სირიის ბეროა, თანამედროვე ალეპო.
271 - სავარაუდოდ აქ სიტყვა "პედაგოგი " გამოიყენება უფრო ათენური მნიშვნელობით, რაც ეწოდებოდა მონას, რომელსაც დაყავდა ბიჭები სახლიდან სკოლაში და უკან, და არა უფრო ზოგადად მასწავლებლის მნიშვნელობით; ეს კარგად ჩანს, როცა ის შეპირისპირებულია სიტყვა " დიდასკალთან ", - მოძღვართან.
272 - ლიბანიოსი იყო იმ დროის ერთ-ერთი სახელგანთქმელი სოფისტი, რომელიც, მიუხედავად მისი წარმართობისა და იულიანე განდგომილთან სიახლოვისა, იყო კაბადოკიელი მამების მეგობარი და იოანე ოქროპირის რიტორიკის მასწავლებელი.
273 - სპარსეთში მანძილი გაჩერებებს შორის.
274 - φροντιστηριου - სამუშაო ოთახი.
275 - იმპერატორი იულიანე დაიჭრა სიმბრიის ანუ ჰუკუმბრას მახლობლად ტიგროსზე 26 ივნისს დილით, 363 წ. და გარდაიცვალა შუაღამეს.
276 - οἰκουμένη.
277 - ზევსის ზედწოდება.
278 - [339]ე.ი. ცხებულმა.
279 – Μισοπώγων - წვერებისმოძულე.
ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ზურაბ ჯაშმა
საეკლესიო ბიბლიოთეკა, ტ. X, გამომცემლობა "ახალი ივირონი", 2008 წ.
კავებში ([]) ჩასმული ნუმერაციით მითითებულია გამოცემის გვერდები
ბოლოს განახლდა (FRIDAY, 31 მაისი 2013 17:01)