Georgian (Georgia)English (United Kingdom)

წიგნი მეოთხე

 

თ ა ვ ი I

იოვიანუსის280 ზეობისა და კეთილმსახურების შესახებ


[181]იულიანეს სიკვდილის შემდეგ სარდლებთან ერთად პრეფექტებიც შეიკრიბნენ და ითათბირეს, თუ ვის უნდა მიეღო იმპერია, ომში ჯარი გადაერჩინა და რომაელთა საქმეები გაეძლიერებია, მაშინ როცა ისინი სულით დაცემის გამო, როგორც იტყვიან, სამართებლის პირზე იყვნენ. როდესაც ისინი ამის შესახებ თათბირობდნენ, ჯარი ერთად იყო შეკრებილი და იმპერატორად ითხოვდნენ იოვიანუსს, რომელიც არც სარდალი იყო, არც მათი მომდევნო წოდების მქონე, მაგრამ პატივცემული კაცი იყო,  წარჩინებული და მრავალი საქმეებითაც სახელგანთქმული. აღნაგობით ძალიან დიდი იყო, სულით - ამაყი, ომებსა და დიდ ბრძოლებში პირველობა სჩვეოდა. უღმერთობის წინააღმდეგ კადნიერი იყო და ტირანის ძალაუფლების არ ეშინოდა, არამედ გულმოდგინების მიხედვით ქრისტეს მოწამეებთან ერთად იყო განწესებული. მაშინ სარდლებმა ჯარის ერთსულოვნება ღვთის გადაწევეტილებად ჩათვალეს, ეს ყველაფრით საუკეთესო კაცი შუაში გამოიყვანეს, სახელდახელოდ მოამზადეს ამაღლებული ადგილი და მასზე დააყენეს.

შემდეგ ყველამ მას საიმპერატორო შეძახილებით მიმართა, უწოდეს ავგუსტუსი და კეისარი. ამ ღირსადქებულმა კაცმა მისთვის ჩვეული კადნიერება გამოიჩინა, არც მეთაურების, არც ჯარისკაცების ახლანდელი ცვლილების281 შეეშინდა, და თქვა: "ქრისტიანი ვარ და არ ძალმიძს ასეთი [მოქალაქეების] მართვა, არც იულიანეს ჯარზე მეფობა, მაშინ როცა იგი უკეთური სწავლებებით არის აღზრდილი. რადგან ასეთები განძარცვული არიან საღვთო [182]წინაგანგებისაგან და მტრებისათვის ადვილად შესაპყრობი და სიხარულის მომგვრელი გახდებიან". როდესაც ჯარისკაცებმა ეს სიტყვები მოისმინეს, ერთი ხმა აღმოუტევეს: "იმპერატორო, ნუ იყოყმანებ, ნურც ჩვენს, როგორც უკეთურთა, მბრძანებლობას გაექცევი, რადგან იმეფებ ქრისტიანებსა და კეთილმსახური სწავლებებით გამოზრდილებზე. ჩვენს შორის უხუცესები კონსტანტინეს მოძღვრებითაც კი დატკბნენ, ხოლო მათი მომდევნო თაობები კონსტანციუსის სწავლებებს ეზიარებოდნენ. ამ მიცვალებულის ზეობის მცირე ჟამი საკმარისი არ ყოფილა იმისათვის, რომ მოტყუებულებშიც კი დამკვიდრებულიყო მანკიერება".

 

თ ა ვ ი II

წმინდა ათანასეს უკან დაბრუნების შესახებ


ამ სიტყვებით ნასიამოვნებმა იმპერატორმა შემდეგ ითათბირა რესპუბლიკის ხსნის შესახებ და თუ როგორ გამოეყვანა ომიდან ჯარი უვნებლად. არ დასჭირდა ბევრი თათბირი, არამედ დაკრიფა კეთილმსახურების თესლთა ნაყოფები. მყისვე აჩვენა მისეული მზრუნველობა ყოვლიერების ღმერთმა და დახსნა იმისა, რაც გამოუვალ მდგომარეობად მოჩანდა. როდესაც სპარსელთა მეფემ მისი გამეფება შეიტყო, ელჩები გაუგზავნა მშვიდობისათვის შუამავლებად. შემდეგ ჯარისკაცებისთვის საკვები გაუგზავნა და ბრძანა, მათთვის უდაბნოში ბაზარი გაემართათ. ოცდაათწლიანი ზავი დადო და გაძლიერებული ჯარი ომიდან უკან დააბრუნა. როგორც კი მისი იმპერიის მიწაზე შევიდა, დაწერა პირველი კანონი, რომელიც ეპისკოპოსებს გადასახლებიდან უკან დასაბრუნებლად მოუხმობდა და მიუთითებდა ეკლესიების გადაცემას ნიკეაში [განჩინებულ] უმწიკვლო მრწამსის დამცველებისთვის. წარგზავნა ათანასესთან, მათი დოგმატების ამ წინამბრძოლთან, სთხოვდა მას, რომ დაეწერა [183]საღვთო საკითხების შესახებ ზედმიწევნითი მოძღვრება. მან კი მოიწვია ეპისკოპოსთა შორის ყველაზე განსწავლულები, მიწერა და სთხოვდა, რომ დაეცვათ ნიკეაში გადმოცემული მრწამსი, როგორც სამოციქულო დოგმატებთან თანხმობაში მყოფი. ვინაიდან მკითხველთა სარგებელისათვის ვზრუნავ, ჩავურთავ ამ ეპისტოლესაც

 

თ ა ვ ი III 

სინოდალური ეპისტოლე იმპერატორ იოვიანუსისადმი, ასევე მრწამსის შესახებ

"ყველაზე კეთილკრძალულ და კაცთმოყვარე, მძლე ავგუსტუს იოვიანუსს, ათანასე და დანარჩენი ეპისკოპოსები, რომლებიც მოსული არიან ყველა ეგვიპტელი, თებელი და ლიბიელი ეპისკოპოსის სახელით.

ღვთისსათნო იმპერატორს შეშვენის სწავლისმოყვარეობის არჩევანი და ციური [საკითხებისადმი] წადიერება. რადგან ჭეშმარიტად ღვთის ხელში იქნება გული და იმპერიაც მრავალი წელი - მშვიდობაში. აწ როდესაც შენს კეთილმსახურებას სურს, ჩვენგან ისწავლოს კათოლიკე ეკლესიის სარწმუნოება, ამის გამო უფლის მიმართ მადლიერებმა ყველაზე მეტად ის განვიზრახეთ, რომ მამათა მიერ ნიკეაში აღსარებული მრწამსი შეგვეხსენებია შენი ღვთისმოსაობისათვის. ზოგიერთები განუდგნენ [ამ მრწამსს] და ჩვენს წინააღმდეგ მრავალი სახის სივერაგე მოაწყვეს, რადგან არ ვერწმუნეთ არიანულ მწვალებლობას, და ისინი კათოლიკე ეკლესიისათვის შეიქნენ მწვალებლობებისა და განხეთქილებების მიზეზი. ხოლო ყველასათვის ნათლად დაადგინეს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიმართ ჭეშმარიტი და კეთილმსახური მრწამსი, საღვთო წერილიდან ცნობილი და ამოკითხული. მასში სრულიქმნენ და დაამოწმეს282 წმინდანებმა და აწ განსვენებულნი უფალთან [184]იმყოფებიან. მრწამსი ყველგან ყოველთვის შეუბღალავი რჩებოდა, თუ მას არ შეურაცყყოფდა ზოგიერთი მწვალებლის მიერ ჩადენილი უკეთურება. რადგან ვინმე არიოზმა და მასთან ერთად მყოფებმა სცადეს მისი გახრწნა და მის წინააღმდეგ ურჯულოების შემოტანა. ისინი ამბობდნენ, რომ ღვთის ძე არის არარსებულიდან, არის ქმნილება, დაბადებული და ცვალებადი. ამ სიტყვებით მრავალი მოატყუეს, ისე რომ ისინი, ვინც რაიმედ მიიჩნეოდა (შდრ. გალ. 6,3), აყვნენ იმას, რაც მათ სახელს უტეხდა. ჩვენი წმინდა მამები დროულად შეიკრიბნენ, როგორც ზემოთ ვთქვი, ნიკეის კრებაზე, და შეაჩვენეს არიანული მწვალებლობა, ხოლო კათოლიკე ეკლესიის მრწამსი წერილობითად აღიარეს, ისე რომ ყველგან იქადაგა იგი, და ჩაცხრა მწვალებლების მიერ აღგზნებული ერესი. იგი ყველა ეკლესიებში იყო ცნობილი და ნაქადაგები. მაგრამ არიანული მწვალებლობის განახლების მოსურნეებმა, ზოგიერთებმა გაბედეს, ნიკეაში მამების მიერ აღიარებულ მრწამსს განდგომოდნენ, ზოგმა კი ისეთი სახე მიიღო, რომ თითქოს აღიარებდა მას, მაგრამ სინამდვილეში კი უარყოფდა, არამართებულად განმარტავდნენ "თანაარსს" და გმობდნენ სულიწმინდას, როდესაც ამბობდნენ, რომ იგი მის მეშვეობით იყო შექმნილი და დაბადებული. ჩვენ იძულებული ვიყავით, გვეყურებია ასეთი მკრეხელობისგან ერისთვის მოტანილი ზიანისათვის და დავეშურეთ, რომ შენი კეთილმსახურებისათვის გადაგვეცა ნიკეაში აღიარებული მრწამსი, რათა შენს ღვთისმოსაობას ცოდნოდა, რა სიზუსტითაც არის დაწერილი და თუ როგორ ცდებიან, რომლებიც მის საპირისპიროს ასწავლიან. ღვთისსათნო ავგუსტუსო, იცოდე, რომ იგი არის საუკუნიდან ნაქადაგები. იგი აღიარეს ნიკეაში შეკრებილმა მამებმა, და ამ განჩინებას ეთანხმებიან ყველა ადგილას მყოფი ეკლესიები: ესპანეთში მყოფი [ეკლესიები], ბრიტანეთში283, გალიაში, მთელს იტალიაში, კამპანიაში, დალმაციასა და მიზიაში, მაკედონიასა და მთელ საბერძნეთში, მთელს აფრიკაში [მყოფი ეკლესიები], სარდინიაში, კვიპროსში, კრეტაში, პამფილიასა და ისავრიაში, ლიკიაში და მთელს ეგვიპტეში [185][მეოფი ეკლესიები], ლიბიაში, პონტოში, კაბადოკიასა და მის მეზობელ მხარეში284, და აღმოსავლეთში მყოფი ეკლესიები, გარდა მცირერიცხოვანი არინულად მოაზროვნეებისა. ღვთისსათნო ავგუსტუსო, გამოვცადეთ და შევიცანით ყველა ზემოდასახელებული [ეკლესიების] აზრი, წერილებიც გვაქვს და ვიცით, რომ თუმც ცოტანი უპირისპირდებიან ამ მრწამსს, მაგრამ არ ძალუძთ გადაწყვეტილების მისაღებად წინასწარი აზრი შექმნან მთელ მსოფლიოში.

"არიანელი მწვალებლები დიდი ხნის განმავლობაში აზიანებდნენ კეთილმსახურებას, და აწ ქიშპობით უპირისპირდებიან მას. იმისათვის, რომ უწყოდეს შენი კეთილმსახურება, და თუმც უწყის, მაინც დავეშურებით, განვაწესოთ ნიკეაში სამას თვრამეტი ეპისკოპოსის მიერ აღსარებული მრწამსი. იგი არის შემდეგი სახის:

"გვწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისმპყრობელი, ყოველივე ხილულის და უხილავის შემოქმედი; და ერთი უფალი იესო ქრისტე, ღვთის ძე, მამისაგან შობილი მხოლოდშობილი, რაც ნიშნავს მამის არსისაგან, ღმერთი ღმერთისაგან, ნათელი ნათლისაგან, ჭეშმარიტი ღმერთი ჭეშმარიტი ღმერთისაგან, შობილი და არა ქმნილი, მამის თანაარსი, რომლის მეშვეობით შეიქმნა ყოველივე, ცაშიც და მიწაზეც, რომელიც ჩვენ, ადამიანებისა და ჩვენი ხსნის გამო ჩამოვიდა, და განხორციელდა და განკაცდა, ევნო და აღსდგა მესამე დღეს, ავიდა ცაში, და არის მომავალი ცოცხალთა და მკვდართა განსასჯელად. და ერთი წმინდა სული. ხოლო მათ, რომლებიც ამბობენ: "იყო დრო, როდესაც არ იყო", და, "შობამდე არ იყო", და, რომ არარსებულიდან შეიქმნა", ან ამბობენ, რომ ღვთის ძე არის სხვა გვამოვნებისგან ან არსისგან, ქცევადისა და ცვალებადისაგან, შეაჩვენებს წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია.

"ღვთისსათნო იმპერატორო, ამ მრწამსში დარჩენა აუცილებელია, როგორც საღვთოსა და სამოციქულოში, და იგი არავითარი დარწმუნებისადმი სწრაფვითა და პაექრობით არ უნდა შეიცვალოს, რაც დასაბამიდან გააკეთეს შლეგმა არიანელებმა, რომლებიც [186]ამბობდნენ, რომ ღვთის ძე იყო არარსებულიდან, და რომ იყო ჟამი, როდესაც არ იყო, და რომ არის ქმნილება, დაბადებული და ცვალებადი. ამიტომ, როგორც ზემოთ ვთქვით, ნიკეაში კრებამ შეაჩვენა ეს მწვალებლობა და აღიარეს ჭეშმარიტების მრწამსი. რადგან არათუ მარტივად მამის მსგავსად ითქმება ძე, რათა არ იყოს მარტივად ღმერთის მსგავსი, არამედ გვწამს ღმერთისაგან ღმერთი ჭეშმარიტი. ასევე დაწერეს "თანაარსი", რაც არის ჭეშმარიტი და ბუნებითი მამისგან ჭეშმარიტი და ნამდვილი ძის საკუთრივი თვისება. მაგრამ არც სულიწმინდას განვაშორებთ მამისგან და ძისაგან, არამედ უმეტესად განვადიდებთ მას მამასთან და ძესთან ერთად, წმინდა სამების ერთი მრწამსით, რადგან ერთი არის წმინდა სამების ღმრთეება".


თ ა ვ ი IV

ეკლესიებისათვის სანოვაგის დაბრუნების, და იმპერატორის აღსასრულის შესახებ


როდესაც იმპერატორმა ეს წერილები მიიღო, განმტკიცდა საღვთო საკითხების მიმართ ის ცოდნა და მოძღვრება, რაც მას ჰქონდა, დაწერა სხვა კანონი და ბრძანა ეკლესიებისთვის დაწესებული სარჩოს დაბრუნება, რაც მათ გამოუყო დიდმა კონსტანტინემ. იულიანეს აკრძალული ჰქონდა ამ ხარჯების გაწევა, რადგანაც ჩვენი ღვთისა და მხსნელის წინააღმდეგ ომი წამოიწყო. როდესაც მისი ურჯულოების გამო [იმპერიას] თავს დაატყდა შიმშილი, შეწყდა კონსტანტინეს მიერ დაწესებული გადასახადების შემოსვლა, იმ დროს იოვიანუსმა ბრძანა, ებოძებიათ მესამედი და აღუთქვა შიმშილობის დასრულების შემდეგ სანოვაგის სრული ოდენობის მიცემა.

ასეთი კანონებით შეამკო მისი მეფობის დასაწყისი და ანტიოქიიდან ბოსფორისკენ დაიძრა, მაგრამ დადასტანში (ეს არის [187]სოფელი ბითვინიისა და გალატიის საზღვარზე) მიიღო მისი ცხოვრების აღსასრული285. იგი გარდაიცვალა უდიდესი და საუკეთესო საგზლით, მაგრამ ტკივილი დაუტოვა მათ, ვინც იგემა მისი მეფობის სიმშვიდე. ვფიქრობ, ყოვლიერების განმგებელმა ამხილა ჩვენი უკეთურება, გვიჩვენა კეთილი საქმეები, და კვლავ განგვძარცვა მათგან. პირველი ქმედებით გვასწავლა, რომ ძალიან იოლად მოგვანიჭებდა, რაც მას სურდა. მეორე ქმედებით კი გვამხილა, რომ არ ვიყავით სიკეთეთა ღირსი და უკეთესი ცხოვრებისაკენ მოგვაქცევდა.

 

თ ა ვ ი V

ვალენტინიანეს ზეობის შესახებ, და იმის შესახებ, თუ როგორ გახადა მისი ძმა ვალენტი [თავისი ძალაუფლების] მოზიარე

როდესაც ჯარისკაცებმა შეიტყვეს იმპერატორის უცაბედი აღსასრული, როგორც მამის დაკარგვა ისე იგლოვეს. იმპერატორად ის ვალენტინიანე წამოაყენეს, რომელმაც ხელით სცემა ტაძრის ზედამხედველს და ციხე-სიმაგრეში იქნა გაგზავნილი. იგი გამოირჩეოდა არა მხოლოდ სიმამაციო, არამედ გონიერებით, თავშეკავებულობით, სამართლიანობით და სხეულის დიდი აღნაგობით. იგი ასე სამეფო და დიდსულოვანი იყო, რომ როდესაც ლაშქარმა სცადა შეთქმულიყო მისი იმპერატორად წამოსაყენებლად, მან წარმოთქვა სიტყვა, რასაც ყველგან იმეორებდნენ: "ჯარისკაცებო, როცა არ ვარ იმპერატორი თქვენს ხელშია მე მომეცეს იმპერიის სადავეები, მაგრამ ვინაიდან ის მე მივიღე, შემდეგ უკვე არათუ თქვენს ხელშია არამედ ჩემში რესპუბლიკის საქმეთა განხილვა". ამ სიტყვების გაუკვირდათ და მოეწონათ ჯარისკაცებს, და მის წამისყოფას მორჩილად მიყვნენ. მას პანონიიდან გადმოიყვანა თავისი ძმა286, რომელსაც დოგმატების არავითარი დავა არ [188]შეუწყნარებია, და თუმცა ვალდებული არ იყო, თავისი იმპერიის თანაზიარი გახადა და ასიისა და ეგვიპტის სკიპტრა მას გადასცა, თავისთვის კი ევროპა დაიტოვა287. იგი ჩავიდა დასავლეთში, ისინი ყოველგვარი კეთილგონიერებით განსწავლა და დაიწყო კეთილმსახურების ქადაგებით. მედიოლანის ეკლესია მინდობილი ჰქონდა ავქსენტიოსს, რომელსაც არიოზის მანკიერება ჰქონდა შეწყნარებული და მრავალ კრებაზე იყო განკვეთილი. როდესაც იგი ამა ცხოვრებიდან გავიდა, იმპერატორმა მოიწვია ეპისკოპოსები და ამ სიტყვებით მიმართა: "საღვთო სიტყვებით გამოზრდილებმა უწყით, თუ როგორი უნდა იყოს მდვდელმთავრობით ღირსქმნილი [პირი], და რომ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ცხოვრებითაც უნდა აღზრდიდეს სამწყსოს და საკუთარ თავს ყოველგვარი სათნოების ნიმუშად უსახავდეს, მოძღვრების მოწმობად მოქალაქობა უნდა ჰქონდეს. ასე რომ, აწ ასეთი კაცი დასვით სამღვდელმთავრო საყდარზე, რათა ჩვენც იმპერიის მმართველებმა უზადოდ მოვუდრიკოთ მას ჩვენი თავი, და მისგან მომავალი მხილება (რამეთუ კაცნი ვართ და აუცილებლად წავბორძიკდებით) როგორც გამაჯანსაღებელი მკურნალობა, ისე შევიწყნაროთ".


თ ა ვ ი Vl

მედიოლანის ეპისკოპოს ამბროსის ხელდასხმის შესახებ

როდესაც იმპერატორმა წარმოთქვა ეს სიტყვები, კრებამ მას, ბრძენსა და კეთილმსახურებით შემკულს, სთხოვა, გაეკეთებია არჩევანი. მაგრამ მან მიუგო: "ეს საქმე ჩვენზე აღმატებულია. რამეთუ თქვენ ხართ საღვთო მადლით ღირსქმნილი და ამ ბრწყინვალების მიმღები, და უკეთეს არჩევანს თქვენ გააკეთებთ". ისინი გავიდნენ და თავისთვის თათბირობდნენ. მაგრამ ამ ქალაქის [189]მაცხოვრებლები აჯანყდნენ, ზოგი ერთის, ზოგი მეორის გამოყვანაზე ქიშპობდა. ავქსენტიუსის სენის წილმქონეები თავიანთ თანამოაზრეებს აძლევდნენ ხმას, ხოლო საღი ნაწილი კვლავ თავის თანამოაზრეს ეძებდა წინამძღვრად. როდესაც ეს ამბოხი შეიტყო ამბროსიმ, ვისაც მინდობილი ჰქონდა სამოქალაქო მაგისტრატურის მეთაურობა288, შეეშინდა, რაიმე გადატრიალება არ მომხდარიყო და სწრაფად ეკლესიაში მივიდა. მათ შეწყვიტეს ეს დავა და ერთხმად შესძახეს, მოითხოვეს, ამბროსი დაედგინათ მათთვის მწყემსად; მაგრამ ის ჯერ კიდევ არ იყო განდობილი [ნათლობის საიდუმლოში].

როდესაც ეს შეიტყო იმპერატორმა, მყისვე ბრძანა განდობა გადაეცათ მისთვის და ხელი დაესხათ ამ დირსადქებული კაცისათვის. რადგან უწყოდა მისი დურგლის ყოველგვარ ზონარზე289 უფრო სწორი აზრისა და ყველანაირ სასწორზე290 უფრო ზუსტი მსჯავრის შესახებ. მიხვდა, რომ საღვთო მსჯავრი იყო, ეს დასკვნა მან იქიდან გამოიტანა, რომ საპირისპირო შეხედულებების მქონენი შეთანხმდნენ. ამბობენ, მას შემდეგ, რაც იგი დატკბა ყოვლადწმინდა ნათლისღების საღვთო ნიჭებით და სამღვდელმთავრო მადლიც მიიღო, ყველაზე საუკეთესო იმპერატორმა მხსნელსა და მეუფეს ეს საგალობელი მიუძღვნა (რადგან იქ მიმდინარე მოვლენების მომსწრე იყო): "მადლი შენ, მეუფეო ყოვლისმპყრობელო და ჩვენო მხსნელო, რადგან ამ კაცს მე სხეულები ჩავაბარე, მაგრამ შენ - სულები, და ჩემი განჩინება როგორც მართებული წარმოაჩინე". რამოდენიმე დღის შემდეგ საღვთო ამბროსი დიდი კადნიერებით ესაუბრა იმპერატორს და გაკიცხა რომელიღაც მმართველი, რომ იგი უწესოდ იქცეოდა. იმპერატორმა მიუგო: "შენი ასეთი კადნიერება ადრეც ვიცოდი, და ნათლად ვუწყოდი [ამის შესახებ], მაგრამ არათუ არ შევეწინააღმდეგე, არამედ დავეთანხმე კიდეც ხელდასხმას. ასე რომ, განკურნე ჩვენი სულების მწვირი, როგორც ამას გკარნახობს საღვთო რჯული". ამრიგად, ეს ითქვა და მოხდა მედიოლანში.


თ ა ვ ი Vll

იმპერატორ ვალენტინიანეს და ვალენტის ეპისტოლე "თანაარსის" შესახებ მიწერილი ასიის დიოცეზისადმი291


[190]როდესაც შეიტყო, რომ ზოგიერთები ასიასა და ფრიგიაში შფოთავდნენ საღვთო დოგმატების გამო, ბრძანა კრების გამართვა ილირიკიაში"292, ხოლო მათ მიერ გამოტანილი განჩინება და დადგენილება შფოთში მყოფთ გაუგზავნა. კრებაზე მისულებმა განაჩინეს, რომ ეპყრათ ნიკეაში გადმოცემული მრწამსი. მან მიწერა და წერილების თანაავტორად მისი ძმა გახადა, ბრძანა, რომ დარჩენილიყვნენ მიღებული დოგმატების საზღვრებში. წავიკითხავთ კანონს, რომელიც ნათლად ქადაგებს კეთილმსახურებას, მსგავსადვე ვალენტიც იმ დროს აკეთებდა საღ განცხადებას საღვთო დოგმატების შესახებ.

"უზენაესი იმპერატორები293, მარადმოსავნი, მძლეველნი, ავგუსტუსნი, ვალენტიანე, ვალენტი, და გრაციანე ასიის, ფრიგიის, კაროფრიგიის, პაკატიანეს დიოცეზების ეპისკოპოსებს, მოკითხვა უფალში.

"როდესაც ილირიკიაში ესოდენ დიდი კრება შედგა და მრავალი კვლევა-ძიება გაიმართა მხსნელი სიტყვის შესახებ, სამგზის ნეტარმა ეპისკოპოსებმა წარმოაჩინეს სამების, მამის, ძის და წმინდა სულის, ერთარსობა. საერთოდ არ იყვნენ ისეთები, რომლებმაც თავი აარიდეს მათთვის სამართლიანად სავალდებულო ლიტურგიას და აღასრულეს დიდი მეუფის მსახურება. ჩვენმა ძალაუფლებამ ბრძანა ამის ქადაგება ისე, რომ ზოგიერთებმა არ თქვან, მივსდევთ ამ მიწის მეუფის მსახურებას, მაგრამ თავს ვერ ვიდებთ ჩვენთვის ხსნის მბრძანებელისას. როგორც ჩვენი ღმერთის სახარება ამბობს, რომელიც ამ მსჯავრს შეიცავს: "მიეცით კეისარს კეისრისა და [191]ღმერთს ღვთისა" (მათ. 22.21). რას იტყვით თქვენ ეპისკოპოსებო და მხსნელი სიტყვის წინამდგომლებო? თუ ასეთი არის თქვენი აღსარება, ასე გიყვართ ერთმანეთი, შეწყვიტეთ იმპერატორის ღირსების შებღალვა და ნუ დევნით ღმერთის ზედმიწევნით მსახურებს, რომელთა ლოცვებით ომები წყდება დედამიწაზე და განდგომილი ანგელოზების თავდასხმებს უკუაქცევენ და ვედრებებით ეშურებიან, რომ უკუაგდონ ყველა განმხრწნელი დემონი, იციან კანონების თანახმად გადასახადის გადახდა და არ უპირისპირდებიან ხელისუფლის ძალაუფლებას, არამედ უმწიკვლოდ იცავენ ზენა მეუფის მცნებასაც და ჩვენს კანონებსაც ემორჩილებიან. თქვენ ვი აჩვენებთ, რომ ურჩი ხართ. ჩვენ გამოვიყენეთ [ყველა საშუალებები] ანიდან ჰოემდე, მაგრამ თქვენ უსარგებლო გახადეთ. ჩვენ გვსურს, ჩვენი თავი თქვენგან შეუბღალავი გვქონდეს, როგორც პილატემ ჩვენს შორის მკვიდრი ქრისტეს294 [საქმის] გამოძიებისას, როდესაც არ სურდა მისი დაღუპვა და მის ვნებას მისგან ითხოვდნენ, შებრუნდა აღმოსავლეთის მხარეს, მოითხოვა წყალი ხელებისთვის, დაიბანა და თქვა: "უდანაშაულო ვარ ამ მართლის სისხლისაგან" (მათ. 28.24). ამგვარადვე ჩვენი ხელისუფლება ყველა გზით ბრძანებდა, არ ედევნათ, თავს არ დატყდომოდნენ, შური არ ჰქონოდათ ქრისტეს ყანის მუშაკებისადმი, არც დიდი მეუფის განმგებლები გაეძევებიათ, რათა ისე არ გეფიქრათ, რომ დღეს ჩვენი ხელისუფლების დროს იზრდებოდეთ [თქვენს] შემწესთან295 ერთად და ავნებდეთ მის296 აღთქმას, როგორც ეს მოხდა ზაქარიას სისხლის შემთხვევაში. მაგრამ ისინი მათ მეოხთან ერთად განადგურდნენ ჩვენი ზენა მეუფის, იესო ქრისტეს მიერ და გადაცემული იქნენ სიკვდილის მსჯავრს მათ წამქეზებელთან, განმხრწნელ დემონთან ერთად. ეს ვუბრძანეთ ზეპირად ამეგეტიოსს, კერონიოსს, დამასს, ლამპონოსს და ბრენტისიუსს. კრების ოქმები გამოგიგზავნეთ თქვენ, რათა იცოდეთ, რაც ამ სათნო კრებაზე მოხდა.

"წერილებს დავურთეთ კრების განჩინებები, რომლებიც შემოკრებულად ცხადყოფს შემდეგს.

[192]"დიდ და მართლმადიდებელ კრებასთან თანხმობაში ვაღიარებთ მამასთან ძის თანაარსობას. და "თანაარსს" არათუ იმგვარად ვიაზრებთ, როგორც ძველად განმარტავდნენ ზოგიერთები, რომლებმაც ყალბად მოაწერეს ხელი297, და აწ სხვები მათ მამებს უწოდებენ; სიტყვის მნიშვნელობას უარყოფენ და ასოებს მიყვებიან, "მსგავსს" წარმოაჩენენ "თანარსის" მეშვეობით, რომლის მიხედვით არცერთი სხვა, მის მიერ შექმნილი ქმნილების მსგავსი არ არის ძე, არამედ მხოლოდ მამას ემსგავსება. ისინი ასე განმარტავენ და მამის ძეს ურჯულოდ რჩეულ ქმნილებად განაჩინებენ. მაგრამ ჩვენ ისე ვფიქრობთ, როგორც ახლა რომსა და გალიაში გამართული კრებები, რომ ერთიდაიგივე არის მამის, ძის და წმინდა სულის არსი, სამ პიროვნებაში, ესე იგი სამ სრულ ჰიპოსტასში. აგრეთვე ვაღიარებთ ნიკეაში გადმოცემული [მრწამსის] მიხედვით ღვთის თანაარსი ძის განხორციელებას წმინდა მარიამისგან, ადამიანებს შორის დამკვიდრებას, ჩვენი გულისთვის მთელი განგებულების აღსრულებას: შობით, ვნებით, აღდგომით და ზეცად აღსვლით; და მის კვლავ მოსვლას. რათა განკითხვის დღეს თითოეული ჩვენგანის ცხოვრების მიხედვით მოგვაგოს; ხორცით სახილველს და თავისი საღვთო ძალის წარმომჩენს, ხორცშემოსილ ღმერთად მყოფს, არათუ ღმერთშემოსილ ადამიანს.

"საპირისპირო შეხედულების მქონეთ შევაჩვენებთ, ასევე მათ, ვინც გულწრფელად არ შეაჩვენეს სიტყვები, რომ შობამდე ძე არ იყო; და წერენ, რომ მოქმედებით შობამდე მამაში იყო როგორც შესაძლებლობა. რადგან ეს სიტყვა ყველა ქმნილებაზე ითქმის, რომლებიც მარად არ მყოფობენ ღმერთთან, როგორც ძე მარად არის მამასთან, მარადიული შობით შობილი".

ამრიგად, ეს განმარტა შემოკრებილად. მე ამ ნაშრომში ჩავურთავ კრების შემდეგ წერილებს.


თ ა ვ ი VIII

ილირიკიაში გამართული კრების სინოდალური ეპისტოლე სარწმუნოების შესახებ


[193]"ილირიკიის ეპისკოპოსები ღვთის ეკლესიებს და ეპისკოპოსებს ასიის, ფრიგიის, კაროფრიგიისა და პაკატიანისა, მოკითხვა უფალში.

"როდესაც ჩვენ ერთად შევიკრიბეთ და მრავალი კვლევა- ძიება გვქონდა მხსნელი სიტყვის შესახებ, ვაჩვენეთ, რომ მამის, ძისა და წმინდა სულის სამება არის თანაარსი. და მართებული იყო, წერილები მოგვეწერა თქვენთვის, არათუ სოფისტურად დაგვეწერა სამების მსახურებაზე, არამედ სიმდაბლით ღირსგვეყო.

"ჩვენი ეს წერილი გამოგიგზავნეთ ჩვენი საყვარელი ძმისა და თანამსახურის, ხუცეს ელპიდიოსის ხელით. არათუ ჩვენი ხელით შედგენილ წერილებში, არამედ ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტეს წიგნებში არის დაწერილი: "მე ვარ პავლესი, მე - აპოლოსი, მე  - კეფასი, მე - ქრისტესი. განა პავლე ეცვა ჯვარს თქვენთვის? ანუ პავლეს სახელით ნათელიღეთ?" (1 კორ. 1.12)

"ეს საკმარისი იყო ჩვენი სიმდაბლისათვის, სრულებით რომ არ მოგვეწერა თქვენთვის ესოდენ დიდი შიშის გამო, რასაც ქადაგებთ მანდ, მთელ თქვენს მიერ მართულ ეპარქიაში, და განაშორებთ წმინდა სულს მამისა და ძისგან. ამგვარად, ჩვენთვის აუცილებელია, გამოგიგზავნოთ ჩვენი უფალი და თანამსახური ელპიდიოსი, რომელსაც აქვს რომაელთა მეფე ხელისუფალის ეს წერილი,რათა შეიტყოს, ამგვარად თუ გიპყრიათ თქვენი ქადაგება.

"შეჩვენებულ იყოს ის, ვისაც მიაჩნია, რომ სამება არ არის თანაარსი. და თუ ვინმე მხილებულ იქნება მათთან თანაზიარებაში, შეჩვენებულ იყოს.

"სამების თანაარსობის მქადაგებლებისთვის განმზადებულია ცათა სასუფეველი. 

[194]"მოგიწოდებთ, ძმებო, სხვაგვარად ნუ მოძღვრავთ და ნუ ფიქრობთ ამაოდ298, არამედ ყოველთვის და ყველგან თანაარსი სამების მქადაგებლები შეძლებთ ცათა სასუფევლის დამკვიდრებას.

"ამის შესახებ ვწერთ და ამის ხსენება გვიპყრია, და ჩვენს ამ წერილს გწერთ მომავალში დასადგინებელ ეპისკოპოსთა ან დადგინებულ თანამსახურთა შესახებ, თუ არიან ასეთები საღი შეხედულებების მქონე ეპისკოპოსებს შორის, რომლებსაც უკვე გავლილი აქვთ სახელმწიფო თანამდებობა, ხოლო თუ არ არის ასეთი, იმავე პრესვიტერიუმიდან იქნან [დადგინებული]. მსგავსადვე ხუცესებსა და დიაკვნებს იმავე სამღვდელო მწყობრიდან, რათა ყველა მხრივ უმწიკვლო იყვნენ და არ იყვნენ სენატიდან და სამხედრო სარდლობიდან.

"ამისთვის არ ვისურვეთ ვრცლად მოგვეწერა, რადგან ყველასგან ერთი გამოვგზავნეთ, ჩვენი უფალი და თანამსახური, ელპიდიოსი, რათა მოშურნედ შეიტყოს თქვენი ქადაგება, ისე თუ გიპყრიათ, როგორც გვსმენია ჩვენი უფლისა და თანამსახურისგან, ევსტათისგან.

"შემდეგ, თუ ოდესმე საცთურში იყავით ჩავარდნილი, განუდეგით ძველ ადამიანს და შეიმოსეთ ახალი. და იგივე ძმა და თანამსახური ელპიდიოსი გასწავლით თქვენ ჭეშმარიტი რწმენის ქადაგებას; იმას, რომ წმინდა სამება, თანაარსი, მამა ღმერთთან, ძესთან და წმინდა სულთან ერთად, წმინდა არს, დიდებულ და გაცხადებულწ მამა ძეში, ძე მამაში, წმინდა სულთან ერთად, საუკუნოდ. როდესაც ეს გაცხადებულია, ცხადად ძალგვიძს წმინდა სამების ერთარსობის აღსარება წინათ ნიკეაში გადმოცემული მრწამსის თანახმად, რომელიც მამებმა დაამტკიცეს. როდესაც ამ მრწამსს ქადაგებენ, ძალგვიძს, გავექცეთ დამღუპველი დემონის მახეებს. როდესაც იგი დამცხრალია, ძალგვიძს მშვიდობაში მცხოვრებლებმა მშვიდობიანი წერილებით პატივი მივაგოთ ერთმანეთს.

"ამრიგად, მოგწერეთ, რათა უწყოდეთ შლეგი არიანელების განყენება, რომლებიც არ აღიარებდნენ მამის არსისაგან არც ძის, [195]არც წმინდა სულის წარმოშობას. დავურთავთ მათ სახელებს: პოლიქრონიოსი, ტელემაქე, ფაუსტუსი, ასკლეპიადე, ამანტიოსი, კლეოპატროსი. და ამგვარად ეს არის სადიდებლად მამისა და ძისა და წმინდა სულისა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ. მრავალ წელს თქვენი გაძლიერებისათვის ვლოცულობთ მამისა და ძის, ჩვენი მხსნელი იესო ქრისტეს წინაშე, წმინდა სულთან ერთად".


თ ა ვ ი IX

აუდიანელთა მწეალებლობის შესახებ


ყოვლადსახელოვანი იმპერატორი ასეთ ყურადღებას იჩენდა სამოციქულო დოგმატების მიმართ. იმ დროს ცხოვრობდა აუდაიოსი, ტომითა და ენით სირიელი, და ახალი დოგმატების გამომგონებელი. მას ადრევე დაეწეო უკეთური მშობიარობის ტკივილები, ხოლო მაშინ გამოვიდა დღის სინათლეზე. ჯერ უგუნურად ჰქონდა გააზრებული: "შევქმნათ ადამიანი ჩვენი ხატებისა და მსგავსების მიხედვით" (შესაქ. 1.26).

იგი ფიქრობდა, რომ ღმერთს ადამიანური სახე ჰქონდა, და მიაჩნდა, რომ სხეულის ასოებით იყო მოსილი, ვერ წვდებოდა საღვთო წერილის აზრს. რადგან ხშირად საღვთო მოქმედებებს ადამიანის ასოების სახელები ეწოდება, ვინაიდან უწვლილესი აზრების შემეცნების ვერშემძლენი ამ [გამონათქვამების] მეშვეობით ადვილად სწავლობენ ღვთის წინაგანგებას. ამ ურჯულოებას დაურთო სხვა ამის მსგავსიც. მანის საცთურისაგან გამოკრიბა [სწავლება], და ამბობდა, რომ არც ცეცხლის და არც წყვდიადის შემოქმედი არ იყო ყოვლიერების ღმერთი. ამას და რამდენ ასეთ [სწავლებას] მალავდნენ მისი თანამოაზრეები.

ამბობდნენ, რომ ემიჯნებოდნენ საეკლესიო კრებულს. რადგან ზოგიერთებმა შემოიტანეს დაწყევლილი მევახშეობა, ზოგიერთები კი ქალებთან ქორწინების კანონით არ ცხოვრობდნენ, ხოლო [196]ზოგიერთები, რომლებიც თავიანთი [ცხოვრების წესით] უცხო იყვნენ მათგან, მათთან ერთად უშიშრად ეზიარებოდნენ, ამბობდნენ, რომ ისინი თავისთვის ცხოვრობდნენ და ფარავდნენ დოგმატების გმობას. საბაბი იყო ქადილით აღსავსე და ფარისევლური მოძღვრების ნაშიერი. რადგან ისინი ბრალს დებდნენ სულთა და სხეულთა მკურნალს, და წმინდა მოციქულებს ეუბნებოდნენ: "მებაჟეებთან და ცოდვილებთან რატომ ჭამს თქვენი მოძღვარი?"  (მარკ. 2.16) მაგრამ ღმერთი ასეთების შესახებ წინასწარმეტყველის პირით ამბობს: "ვინც ამბობს, წმინდა ვარ ნუ შემეხები მე, იგი ჩემი რისხვის კვამლია" (ეს. 45.5). მაგრამ ახლა არ არის მათი მხილების დრო. ამიტომ, გადავალთ თხრობის მომდევნო [თემაზე].

 

თ ა ვ ი X

მესალიანელთა მწვალებლობის შესახებ


ამ დროს ასევე აღმოცენდა მესალიანელთა მწვალებღობა. მათ ევქიტებს უწოდებდნენ ისინი, რომლებიც ბერძნუღ ენაზე თარგმნიდნენ ამ სახეღწოდებას299. მათი საქმიანობიდან გამომდინარე სხვა სახელიც ჰქონდათ. ენთუზიასტებს უწოდებდნენ, რადგან რომელიღაც დემონის მოქმედებას იწყნარებდნენ [თავიანთ სულში] და მას სულიწმინდის მოსვლად300 აღიქვამდნენ. [ამ] სენის სრულად შემწყნარებლები უკუიქცევიან ხელსაქმისაგან როგორც უკეთურისაგან, ხოლო ეძლევიან ძილს და სიზმრისეულ ზმანებებს უწოდებენ წინასწარმეტყველებას. ამ მწვალებლობის მოთავეები იყვნენ: დადოე და საბა, ადელფიოსი, ჰერმა, სვიმონი და მათთან ერთად სხვებიც, რომლებიც არ განუდგნენ საეკლესიო თანაზიარებას. ამბობდნენ, რომ საღვთო საზრდოს არც სარგებელი მოაქვს, არც ზიანი, რომლის შესახებ მეუფე ქრისტემ თქვა: "ჩემის ხორცის მჭამელი, და ჩემი სისხლის მსმელი, იცოცხლებს საუკუნოდ" (იოან. 6, 51-54).

[197]ცდილობდნენ სნეულების დაფარვას და მხილების შემდეგ უსირცხვილოდ უარყოფდნენ და განკვეთდნენ ამგვარად მოაზროვნეებს, რასაც სულში [თავადვე] დაატარებენ.

მელეტინელთა301 ეკლესიის მმართველმა, საღვთო შურით შემკულმა კაცმა ლეტოიოსმა, როდესაც დაინახა, რომ ამ სენით წარტყვევნილი იყო ბევრი მონასტერი, უფრო კი ავაზაკთა გამოქვაბული, მათ ცეცხლი წაუკიდა და სამწყსოდან მგლები განდეენა.

მსგავსადვე ყველგან სახელოვანმა ამფილოქემ302, ვისაც ლიკაონელთა მიტროპოლიის მწყემსვა ჰქონდა მინდობილი, და მთელ ერს მართავდა, როდესაც შეიტყო, რომ ეს ჭირი მის დიოცეზსაც დაატყდა თავს, განდევნა იგი და მისი სამწყსო გაათავისუფლა ამ მანკიერებისაგან.

ანტიოქიის სახელგანთქმულმა მღვდელმთავარმა ფლაბიანემ303, როდესაც შეიტყო, რომ ისინი ედესაში იმყოფებოდნენ და მათთვის ჩვეული შხამით მეზობლებს თავს ესხმოდნენ, გაგზავნა მონაზონთა ჯგუფი, ისინი ჩაიყვანა ანტიოქიაში და სენის უარმყოფელები შემდეგი სახით ამხილა. მან თქვა, რომ ბრალმდებლები ცილს სწამებდნენ და მოწმეები ცრუობდნენ. ადელფიოსს, უხუცესს, ალერსიანად მოუხმო, მის ახლოს დადგომა უბრძანა, და თქვა: "უხუცესო, ჩვენ ხანგრძლივი ცხოვრება განვლეთ, ზედმიწევნით შევისწავლეთ ადამიანური ბუნება და შევიცანით მოწინააღმდეგე დემონის ხრიკები, ხოლო გამოცდილებით განვისწავლეთ მადლის მზრუნველობაში. ესენი ყმაწვილები არიან და ეს ზედმიწევნით არ უწყიან, ვერ უძლებენ სულიერი სიტყვების მოსმენას. ამიტომ, მითხარი, რას გულისხმობ, როცა ამბობ, მოწინააღმდეგე სული უკან იხევს და ყოვლადწმინდა სულის მადლი გევლინება". ასეთი სიტყვებით მოხიბლულმა ამ უხუცესმა გადმოანთხია მთელი დაფარული შხამი. და თქვა, რომ ღირსეულთათვის არავითარი შეწევნა არ იყო საღვთო ნათლისღებისაგან, მხოლოდ მოშურნე ლოცვა განდევნიდა ჩასახლებულ დემონს. ამბობდა, რომ ყოველ ნაშობს წინაპრისაგან იზიდავს როგორც ბუნება, ასევე დემონები[198]სადმი მონობაც. როდესაც ისინი მოშურნე ლოცვით განიდევნებიან, შემდეგ მოდის ყოელადწმინდა სული, თავისი მოსვლის გრძნობითად და ხილულად მანიშნებელი, სხეულს ვნებების აღძვრისაგან ანთავისუფლებს და სულს უარესისაკენ მიდრეკილებისაგან სრულებით განაშორებს, ისე რომ მეტად საჭირო აღარ არის არც მარხვით სხეულის შეჭირვება, არც მოძღვრებით ლაგამის ამოდება და აღზრდა მართებულად სვლისთვის. მისი მიმღები არა მხოლოდ სხეულის აღძვრებისგან განთავისუფლდება, არამედ ნათლად განჭვრეტს მომავალს და საღვთო სამებას თვალებით უჭვრეტს.

ამგვარად ამოთხარა საღვთო ფლაბიანემ მყრალი წყარო და მოემზადა წყლის ნაკადის გამოსააშკარავებლად. იმ საბრალო მოხუცებულს უთხრა: "ბოროტი დღეებით დაძველებულო, შენი პირი გამხელს შენ და არა მე, შენი ბაგეები მოწმობენ შენზე". როდესაც ეს სენი ცხადი გახდა, სირიიდან განიდევნა, პამფილიაში წავიდა და მანკიერებით აღავსო ის ადგილი.


თ ა ვ ი XI

რა გზებით გადაიხარა ვალენტი მწვალებლობისაკენ


მე კი მოგითხრობთ ისტორიის მომდევნო [ამბავს] და წარმოგიჩენთ იმ ღელვა-ტეხვის დასაწყისს, რამაც ეკლესიების წინააღმდეგ მრავალი უძლიერესი ტალღა აღძრა.

როდესაც ვალენტმა მიიღო იმპერია, პირველად იგი სამოციქულო დოგმატებით იყო შემკული. მაგრამ როდესაც გოთების ისტროსზე გადავიდა და თრაკია მიიტაცა, განიზრახა ჯარის შეკრება და მათ წინააღმდეგ გალაშქრება. იგი ფიქრობდა, რომ საღვთო მადლისგან შიშველი არ მომზადებულიყო, არამედ ყოვლადწმინდა ნათლისღების საჭურველით ყოფილიყო დაცული304. ეს კარგად მოიფიქრა და ძალიან ბრძნულადაც, მაგრამ ამის შემდეგ გააცხადა სულის [199]მრავალი უძლურება და ჭეშმარიტების ღალატი. ჩვენი წინაპრის ადამის მსგავსი ვნებით ევნო ეს უბადრუკი. ისიც მისი მეუღლის სიტყვებით მოიხიბლა, დატყვევდა და არა მხოლოდ ტყვე შეიქნა, არამედ ქალური სიტყვების მოტყუებული მორჩილი. რადგან პირველად ცოლი305 გახდა არიანული საცთურის ნადავლი და ისიც მოინადირა, და მასთან ერთად დაეშურა მკრეხელობის ორმოში ჩავარდნისას. მისი გამცილებელი და იდუმალთმყვანებელი გახდა ევდოქსიოსი. რადგან მას ეპყრა კონსტანტინოპოლის მმართველობა, და ხომალდს არათაუ წარუძღვა, არამედ ჩაძირა ის.


თ ა ვ ი XII

როგორ განდევნა სათნოებით გაბრწყინებული ეპისკოპოსები


მაშინ, მისი განდობის დროს, ფიცით შეკრულ იქნა საბრალო ვალენტი, ისე რომ დარჩა დოგმატის ურჯულოებაში და სხვაგვარად მოაზროვნენი ყველა ადგილიდან განდევნა. ასე მიატოვა მან სამოციქულო მოძღვრება და დადგა საპირისპირო მხარეს. მცირე ხნის გავლის შემდეგ ფიცის დანარჩენი ნაწილიც აღასრულა. ანტიოქიიდან გააძევა დიდი მელეტი, სამოსატიდან - საღვთო ევსები. ლაოდიკიას მოაკლო საკვირველი მწყემსი, პელაგიოსი.

როდესაც ყმაწვილი იყო, მან მიიღო საქორწინო უღელი, თვით სანთიობოში, ქორწინების პირველ ღამეს, სძალი დაარწმუნა, ერთობლივი უბიწოებისთვის მიეგოთ პატივი, და ასწავლა, რომ საქორწინო კავშირის ნაცვლად და-ძმური სიყვარული ჰქონოდათ. ასე წარმართა თავშეკავებულობა, ხოლო საკუთარ თავში ჰყავდა ასევე მისი დები - სათნოებები, მასთან ერთად მროკველები. ამის გამო ერთხმად მიიღო თავმჯდომარეობა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჭეშმარიტების მტერი არ შეუშინდა [მისი] მოქალაქობის სხივებს. მან იგი არაბეთმი გაგზავნა, საღვთო მელეტი კი - სომხეთში, [200]თრაკიაში - ევსები, რომელსაც სამოციქულო ოფლი ჰქონდა დაღვრილი. როდესაც მან შეიტყო, რომ მრავალი ეკლესია მწყემსებისგან დაცლილი იყო, ჯარისკაცის სამოსით შემოსილმა და ტიარით დაბურული თავით მოიარა სირია, ფინიკია და პალესტინა, ხელი დაასხა ხუცესებს და დიაკვნებს, და ეკლესია სხვა ხარისხებითაც აღავსო. და თუ ოდესმე მისი თანამოაზრე ეპისკოპოსი შეხვდა, დაცლილ ეკლესიებში წინამძღვრებად დააყენა.


თ ა ვ ი XIII

სამოსატელთა306 ეპისკოპოს ევსებისა და სხვათა შესახებ


ვფიქრობ, აუცილებლად უნდა შეისწავლონ მათ, ვინც არ იციან, თუ რაოდენი ახოვანება და სიბრძნე გამოიჩინა ევსებიმ, როდესაც მიიღო იმპერატორის კანონი, რომელიც ბრძანებდა მის ჩასვლას თრაკიაში.

ამ ედიქტის მიმტანი მივიდა საღამოს. მან კი სთხოვა მას, რომ ჩუმად ყოფილიყო და დაემალა მოსვლის მიზეზი. თქეა: "თუ შეიტყობს საღვთო შურით გამოზრდილი ხალხი, შენ გეძგერება, ხოლო მე შენი სიკვდილის გამო სასჯელი მომეგება". როდესაც ეს თქვა და მწუხრის ღხთისმსახურება307 ჩვეულებისამებრ აღასრულა, დაახლოებით ძილის დადგომისას, მოხუცი უშიშრად მარტო გამოვიდა ერთი მსახურის თანხლებით; მას მიყვებოდა მსახური, რომელსაც თან მხოლოდ ბალიში და წიგნი მოჰქონდა. ჩავიდა მდინარის ნაპირზე (ქალაქის კედლებთან მიედინება ევფრატი), შევიდა ბორანზე და მეხოფეებს უბრძანა ძევგმისკენ308 მოესვათ ნიჩბებისთვის. როდესაც გათენდა, ძევგმაში ჩავიდა, სამოსატა კი მოთქმა-გოდებით იყო აღსავსე. როდესაც მსახურმა მის მეგობრებს აუწყა, რაც ნაბრძანები ჰქონდა, თუ ვინ უნდა გამგზავრებულიყო მასთან ერთად, და რომელი წიგნები წაეღოთ, ყველა გლოვობდა [201]მწყემსის დაკარგვას და მდინარის გასასვლელი ხომალდებით იყო სავსე.

როდესაც მივიდნენ და იხილეს საწადელი მწყემსი, შეწუხებულები მოთქმითა და ცრემლების ღვრით ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ, რომ ცხვრები მგლებისთვის არ მიეცა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ვერ დაარწმუნეს, დაემორჩილნენ მის მიერ ამოკითხულ სამოციქულო კანონს, რომელიც ნათლად ბრძანებს მთავრებისადმი და ხელისუფლებისადმი მორჩილებას (იხ. ტიტ. 3.1). ზოგმა მას ოქრო მიართვა, ზოგმა - ვერცხლი, ზოგმა კი - ტანისამოსი, სხვებმა - მსახურები უცხო და შორეულ მიწაზე უზრუნველყოფილი ცხოვრებისათვის. მაგრამ მან მცირე რამ მიიღო ნაცნობებისაგან, ყველა მოძღვრებითა და ლოცვებით აღჭ ურვა და შეაგონებდა მათ, რომ სამოციქულო დოგმატებისთვის ებრძოლათ, და წავიდა ისტროსში. ისინი კი თავიანთ ქალაქში ჩავიდნენ, ერთმანეთს ამხნევებდნენ, რომ გაეძლოთ მგლების შემოტევებისთვის.

ხოლო მე გიამობობთ მათი რწმენის მგზნებარებისა და სიწმინდის შესახებ; უსამართლობად მიმაჩნია, ჩანაწერის მეშვეობით მარადიული ხსოვნის დირსი რომ არ გახდეს.

მას შემდეგ, რაც არიოზის დაჯგუფების წევრებმა მთელი სამწყსო განძარცვეს საუკეთესო მწყემსისაგან, მის ნაცვლად სხვა წინამძღვარი დაადგინეს. ქალაქის არცერთი მაცხოვრებელი, არც სიღარიბეში მცხოვრები, არც სიმდიდრით გამორჩეული, არც მსახური, არც ხელოსანი, არც მიწათმოქმედი, არც მებაღე, არც კაცი, არც ქალი, არც ახალგაზრდა, არც მოხუცი არ დადიოდა ჩვეულებისამებრ საეკლესიო შეკრებაზე. იგი309 მარტო დადიოდა, არც არავინ ეკითხებოდა მას რაიმეს, არც ხმას სცემდა. თუმცა, ამბობენ, რომ იგი დიდი თავაზიანობით იქცეოდა. მოგახსენებთ ამის მტკიცებულებასაც. ერთხელ დაბანვა განიზრახა, მსახურებმა დაკეტეს აბანოს კარები, შესვლის მსურველთ არ უშვებდნენ. როდესაც მან კარებთან ხალხი დაინახა, ბრძანა, გაეღოთ და უშიშრად შემოეშვათ დასაბანად. იგივე გააკეთა შიგნით გუმბათებში. როდესაც დაინახა [202]მისი ბანაობისას მის გვერდით მდგომები, მიიწვია, მასთან ერთად გიეზიარებიათ თბილი წყალი. მაგრამ ისინი ხმაამოუღებლად იდგნენ. მან იფიქრა, რომ მათი დგომა მისდამი პატივის გამოსახულება იყო, მყისვე ადგა და გავიდა. ისინი კი ფიქრობდნენ, რომ წყალი მისი მწვალებლობის უწმინდურობას ეზიარა და იგი კანალიზაციაში ჩაუშვეს, და ბრძანეს სხვა წყლის განელება მათთეის. როდესაც მან ეს შეიტყო, ქალაქი დატოვა, სისულელედ და უგუნურებად მიიჩნია მტრულ ქალაქში ცხოვრება და საზოგადო სიძულვილის მოხვეჭა.

როდესაც ევნომიოსმა (ასე ერქვა მას) ქალაქი დატოვა, მის ნაცვლად ლუკიუსი დააყენეს, აშკარა მგელი და ცხვრების მტერი. მაგრამ მწყემსისაგან მიტოვებული ცხვრები მწყემსის საქმეებს იქმოდნენ, რამეთუ აღასრულებდნენ სამოციქულო მოძღვრებას და უბიწოდ იცავდნენ მას. ის, თუ როგორ სძულდა იგი ყველას, ამას სხვა ამბავი გაუწყებთ.

აგორაზე ახალგაზრდობა ერთმანეთს ბურთს ესროდა და თამაშით ტკბებოდა. ამ დროს იგი იქ გადიოდა, მოხდა ისე, რომ ბურთი გადავარდა და [მისი] ვირის ფეხებს შუა გაიარა. მათ შეწუსებულებმა შესძახეს, ფიქრობდნენ, რომ ბურთი მწვირით აღივსო. იგი მიხვდა და მის ერთ-ერთ თანმხლებს უბრმანა, შეჩერებულიყო და გაეგო, თუ რა მოხდა. ყმაწვილებმა კი ცეცხლი გააჩაღეს და ბურთი ცეცხლის ალზე გადაისროლეს, ეგონათ, რომ ასე განწმენდდნენ. ვიცი, რომ ყმაწვილური საქციელი იყო და ძელი310 ჩეეულების ნაშთი, თუმცა, საკმარისი იმის დასამტკიცებლად, თუ როგორი სიძულვილი ჰქონდა ამ ქალაქს არიოზის დაჯგუფების მიმართ. ლუკიოსი არ ეშურებოდა ევნომიოსის თვინიერებას, არამედ მმართველები დაარწმუნა, რომ მრავალი სხვა მღვდელიც გადაესახლებიათ. საღვთო დოგმატების გამო გამოჩენილი მებრძოლები კი რომაელთა იმპერიის უკიდურეს მხარეებში გაგზავნა: დიაკვნობით ღირსქმნილი ევოლკიოსი - ოაზისში, უკაცრიელ დაბაში; ანტიოქოსი, დიდი ევსების ნათესაობით [203]შემკული (მისი ძმისშვილი იყო), მრავალი მისთვის დამახასიათებელი კეთილი საქმით გაბრწყინებული და მღვდლობით ღირსქმნილი, სომხეთის რომელიღაც უკიდურეს მხარეში. ის, თუ როგორ იბრძოდა საღვთო დოგმატებისთვის, ცხადი შეიქნება ამ საქმეების შემდეგ. რადგან როდესაც საღვთო ევსებიმ მრავალი ბრძოლისა და ამდენივე გამარჯვების შემდეგ მიიღო მოწამეთა აღსასრული, ჩეეულებისამებრ გაიმართა ერის კრება, მოვიდა იობინოსიც, იმ დროს პერეს ეპისკოპოსი311. მას მცირე ხნის განმავლობაში არიანელებთან ეჭირა თანაზიარება. ყველამ ამ საღვთო კაცის მონაცვლედ ანტიოქოსს მისცა ხმა, და როდესაც წმინდა ტრაპეზთან მიიყვანეს და მუხლი მოადრეკინეს, მოტრიალდა და დაინახა იობინოსი, რომელსაც თავისი მარჯვენა მის თავზე ჰქონდა დადებული. მან მოიშორა ხელი და უბრძანა განშორებოდა ხელდამსხმელებს, ამბობდა, რომ ვერ აიტანდა იმ მარჯვენას რომელიც მკრეხელობით აღასრულებდა საიდუმლოებებს.

მაგრამ ეს დიდი ხნის შემდეგ არ მომხდარა. ხოლო იმ დროს იგი წასული იყო შიდა სომხეთში. საღვთო ევსები ისტროსში გადავიდა მაშინ, როდესაც გოთებმა თრაკია მიიტაცეს და ქალაქებს ალყა შემოარტყეს, როგორც ამას ცხადყოფს მისი ჩანაწერები.

 

თ ა ვ ი XIV

წმინდა ბარსეს შესახებ, ასევე ედესის ეპისკოპოსისა და მის თანმხლებ პირთა გადასახლების შესახებ


ბარსე, რომლის სახელი ახლა ფრიად განითქვა არა მხოლოდ ედესაში, რომელსაც მართავდა, და მის მეზობელ ქალაქებში, არამედ ფინიკიაში, ეგვიპტესა და თებეში (ყველა ეს ქვეყნები მოიარა ამ სათნოებით გამოჩენილმა ლამპარმა). პირველად ვალენტმა ბრძანა მისი გადასახლება კუნძულ არადოზე312. მაგრამ შემდეგ შეიტყო, [204]რომ ათასობით ხალხი ყველა მხრიდან მასთან მიედინებოდა (რამეთუ სამოციქულო მადლით იყო აღსავსე და სიტყვით განდევნიდა სნეულებებს); და გააგზავნა ეგვიპტის ქალაქ ოქსირინქში313. მაგრამ როგორც კი მისმა სახელმა იქაც შემოკრიბა ყველა, ცათა ღირსი მოხუცი ბარბაროსების მეზობლად მდებარე უკიდურეს ციხე-სიმაგრეში (ფენო იყო მისი სახელწოდება) წაიყვანა. ამბობენ, არადოში დღემდეა შემონახული მისი სარეცელი და უდიდესი პატივით არის ღირსქმნილი. რადგან მრავალი დავრდომილი მასზე დაწოლილი რწმენის მეშვეობით მოინაყოფებდა ჯანმრთელობას.


თ ა ვ ი XV

ედესაში მომხდარი დევნულების შესახებ, ასევე ედესელი ხუცესების, ევლოგიოსის და პროტოგენოსის შესასებ


ვალენტმა კვლავ განძარცვა სამწყსო მწყემსისაგან და მწყემსის ნაცვლად მგელი დაადგინა. როდესაც გაემართა ედესაში, ყველამ დატოვა ქალაქი და ქალაქის წინ მოიყარა თავი. პრეფექტს (მაშინ მოდესტოსი იყო) უბრძანა, შეეკრიბა მისი ჯარისკაცები, რომელთაც სჩვეოდათ გადასახადების ამოღება, წაეყვანა, რაც კი იქ შეიარაღებული ძალები იყო, და დაერბია შეკრებილი ხალსი, მათრახით ეცემა, ჩუგლუგები და, თუ საჭირო იყო, სხვა საბრძოლო იარაღიც გამოეყენებია. გამთენიიდან, როდესაც პრეფექტი ბრძანებას ასრულებდა და ფორუმს გაივლიდა, დაინახა, რომ ქალს ხელით ჩვილი მიყავდა და ძალიან ჩქარობდა; სამხედრო მწყობრს კვეთდა და არცერთი მათგანს ზედაც არ უყურებდა. რადგან სული საღვთო მოშურნეობით ჰქონდა აღგზნებული და ადამიანურ შიშს არ იწყნარებდა, არამედ ასეთ საშიშროებას სასაცილოდ და სათამაშოდ მიიჩნეედა.

მაშინ, როდესაც პრეფექტმა ის დაინახა და მიხვდა, რაც ხდებოდა, მივიდა და ჰკითხა, თუ სად მიდიოდა. მან მიუგო: "შევიტყვე, რომ [205]საღვთო მსახურების წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ და მსურს თანამორწმუნეებთან მისვლა; მწადია, მათთან ერთად მივიღო თქვენ მიერ მოყენებული ჭრილობები". პრეფექტმა ჰკითხა: "ჩვილი რატომღა მიგყავს?" მან კი მიუგო: "რათა იგი ჩემთვის საწადელ აღსასრულს ეზიაროს". როდესაც პრეფექტმა ეს შეიტყო ამ ადამიანისგან და მისი მეშვეობით შეიცნო ყველას მისწრაფება, იმპერატორს აუწყა და განუცხადა მომავალი მკვლელობის უშედეგობა. უთხრა: "ამ საქმიდან მხოლოდ სახელის შერცხვენას მოვიმკით, ხოლო მათ გულმოდგინებას ვერ დავაცხრობთ". როდესაც ეს თქვა, არ დაუშვა, რომ ხალხს განეცადა მოსალოდნელი ტანჯვა-წამება. მათ მეთაურებს, ვგულისხმობ ხუცესებს და დიაკვნებს, უბრძანა, მასთან მისულიყვნენ და ორიდან ერთი აერჩიათ, ან დამორჩილებოდნენ და ზიარებოდნენ მგელს, ან ქალაქიდან გაძევებული და რომელიღაც უკიდურეს მხარეებში გაგზავნილი ყოფილიყვნენ. როდესაც ყველა შეიკრიბა, ცდილობდა ალერსიანი სიტყვებით დაეყოლიებინა და დამორჩილებოდნენ იმპერატორის კანონმდებლობას. ეუბნებოდა, რომ სიშლეგით აღსავსე იყო, ესოდენი და ასეთი [იმპერიის] მმართველ იმპერატორს დაპირისპირებოდა ერთი მუჭა ხალხი.

ყველა ხმაამოუღებლად იდგა. მათ წინამძღვარს (იგი იყო ევლოგი, ღირსადქებული კაცი) მიმართა პრეფექტმა: "რატომ პასუხს არ გვცემ ჩვენს შეკითხვაზე?" მან კი მიუგო: "არ ვფიქრობდი, რომ საჭირო იყო მეპასუხა, მაშინ როცა არაფერი გიკითხია". პრეფექტმა უთხრა: "მრავალი სიტყვა წარმოვთქვი და შეგაგონებდით თქვენ სასარგებლოდ". ევლოგიმ მიუგო, რომ სიტყვები ყველას მიმართ ითქვა და, რომ მან უჯეროდ მიიჩნია სხვებს გამოყოფოდა და ეპასუსა. "თუ მხოლოდ მე მკითხავ, ჩემს აზრს გაგიცხადებ". პრეფექტმა უთხრა: "ეზიარე იმპერატორთან ერთად". მან ირონიულად და გონებამახვილურად მიუგო და უთხრა: "ნუთუ მან იმპერიასთან ერთად მღვდლობაც მიიღო?" პრეფექტმა იგრძნო ირონია, განრისხდა და გაკიცხა მოხუცებული და დასძინა: "ეს არ მითქვამს, გონებაშერყეულო, არამედ შეგაგონებდით, რომ მათ [206]ზიარებოდით, რომლებსაც იმპერატორი ეზიარება". როდესაც მოხუცმა თქვა, რომ ყავდა მწყემსი და ემორჩილებოდა მის წამისყოფას, მაშინ შეიპყრო [მათგან] ოთხმოცი კაცი და თრაკიაში გაგზავნა. როდესაც მიემგზავრებოდნენ, ძალიან მრავალრიცხოვანი მომსახურებით ტკბებოდნენ, ქალაქები და სოფლები ეგებებოდნენ მათ და პატივს ძლევამოსილ მებრძოლებს მიაგებდნენ. მაგრამ შურმა შეჭურვა მოწინააღმდეგეები, და იმპერატორს აცნობეს, რომ მათ მიერ განზრახული უპატიობა ამ კაცებს ძალიან დიდ პატივს ანიჭებდა. როდესაც ვალენტმა ეს შეიტყო, ბრძანა, ორ-ორად დაეყოთ ისინი, ზოგი თრაკიაში, ზოგი არაბეთის უკიდურეს მხარეებში, სხვები კი თებაიდის დაბებში მიმოეფანტათ. ამბობდნენ, ისინი, რომლებიც ბუნებას შეეუღლებია, სისასტიკემ გაყარა ერთმანეთს და ძმები ერთმანეთს განაშორა. ევლოგი, რომელიც სხვებს წინამძღვრობდა, და მის შემდეგ მეორე, პროტოგენოსი, თებელთა ანტინონში გაგზავნეს.

მაგრამ მე არ მივცემ დავიწყებას მათ სათნოებას. მას შემდეგ, რაც ქალაქის ეპისკოპოსი მათი თანამოაზრე აღმოჩნდა, ეზიარებოდნენ საეკლესიო კრებულს. მაგრამ დაინახეს, რომ შეკრებილები ძალიან მცირე იყვნენ. როდესაც იკითხეს, შეიტყვეს, რომ ქალაქის მოსახლეობა წარმართები314 იყვნენ. ბუნებრივია, შეწუხდნენ და იგლოვეს მათი ურწმუნოება. მაგრამ ისინი თვლიდნენ, რომ ურვა არ იყო საკმარისი, არამედ ზრუნავდნენ მათი განკურნებისთვის ძალის მოსახვეჭად. რადგან საღვთო ევლოგი, რომელიც ოთახში იყო დაყუდებული, მთელი დღე და ღამე ყოვლიერების ღმერთს სთხოვდა. ღირსადქებულმა პროტოგენოსმა, რჯულის წერილებში განსწავლულმა და სწრაფ წერაში გაწაფულმა, სათანადო ადგილი იპოვა და მათი სასწავლებელი და აღსაზრდელი გახსნა, ყმაწვილთა მასწავლებელი გახდა, იქ ასწავლიდა სწრფად წერას და საღვთო სიტყვებით ზრდიდა. რადგან მათ დავითის ფსალმუნებს კარნახობდა და სამოციქულო მოძღვრების საბოძვარის შესასწავლად შეამზადებდა. როდესაც ერთ-ერთი ყმაწვილი დასნეულდა, მივიდა მის [207]სახლში, შეეხო მის მარჯვენას და სენი ლოცვით განდევნა. როდესაც შეიტყვეს სხვა ყმაწვილების მამებმა, მიყავდათ იგი მათ სახლებში და სთხოვდნენ დაუძლურებულთა განკურნებას. მაგრამ იგი ამბობდა, რომ მანამ არ შეევედრებოდა დმერთს სნეულების გასადევნელად, სანამ სნეული ნათლობის ნიჭის ღირსი არ შეიქნებოდა. ისინი გულმოდგინედ ემორჩილებოდნენ, რადგან გამოჯანსაღებისაკენ უბიძგებდათ მათი სწრაფვა და ერთსა და იმავე დროს სხეულისა და სულის ჯანმრთელობას იმკიდნენ. თუ ოდესმე რომელიმე გამოჯანმრთელებული დაეშურებოდა საღვთო მადლთან ზიარებას, ის ევლოგისთან მიყავდათ, კარზე უკაკუნებდნენ, სთხოვდნენ გაღებას და მონადირებულზე სამეუფო ბეჭდის დასმას. იგი წუხდებოდა, რადგან ლოცვას წყვეტდა, მაგრამ ამბობდა, რომ უფრო აუცილებელი იყო ცთომილებაში მყოფის გამოხსნა. ყველა გაკვირვებული იყო, როდესაც ხედავდა პროტოგენოსს, რომელიც ასე სასწაულმოქმედებდა და ამდენ ადამიანს გადასცემდა ღვთისმცოდნეობის სინათლეს და მაინც პირველ ადგილს ევლოგის უთმობდა და ნანადირევი მასთან მიჰყავდა. ამრიგად, ბუნებრივად ხვდებოდნენ, რომ ევლოგის სათნოება გაცილებით დიდი და აღმატებული იყო. მას შემდეგ, რაც დაცხრა ღელვა და წმინდა მშვიდობა დამყარდა, ებრძანათ, უკან დაბრუნებულიყვნენ. ისინი ყველამ დამწუხრებულმა და მოტირალმა გაუშვა, განსაკუთრებით იმ ეკლესიის წინამძღვარმა, რომელსაც მოაკლდა მათი მიწათმოქმედება315. როდესაც ისინი სახლში მივიდნენ, იმ დროს დიდი ბარსე დაუმწუხრებელ ცხოვრებაში იყო გადასული და საღვთო ევლოგის316 მიანდეს მის მიერ მართული ეკლესიის სადავეები. ღირსადქებულ პროტოგენოსს ებრძანა კარას მიწის დამუშავება, იმ ქალაქის, რომელიც დაუმუშავებელი იყო და წარმართული ეკლებით იყო სავსე, და ესაჭიროებოდა დიდი შრომისმოყვარეობა. ეკლესიებში მშვიდობის დასადგურების შემდეგ მოხდა შემდეგი რამ.


თ ა ვ ი XVI

კესარიის ეპისკოპოს წმინდა ბასილის შესახებ, ასევე მის წინააღმდეგ ვალენტისა და პრეფექტ მოდესტუსის მიერ ნამოქმედარის შესახებ


[208]ვალენტმა, შეიმლება ითქვას, ყველა ეკლესიას განაშორა მწყემსი და დაიძრა კესარიისაკენ, რომლის მაცხოვრებლები კაბადოკიელები არიან. იმ დროს მას მართავდა ბასილი დიდი, მსოფლიოს მნათობი. მას მიუგზავნა პრეფექტი და უბრძანა, რომ დაერწმუნებინა ბასილი ევდოქსიოსთან ზიარებაზე, ხოლო თუ არ დაემორჩილებოდა, განედევნა. მან წინდაწინ უწყოდა, თუ რა სახელი ჰქონდა ამ კაცს, და ჯერ არ სურდა, შეეტია მისთვის, რათა ნამდვილი შეტევა თავად არ მიეღო და ამით დამარცხებულს სხვებისთვის სიმამაცის ნიმუშად არ გაეხადა. მაგრამ მისი ხრიკი ობობას ქსელის მსგავსად წარმოჩნდა. რადგან სხვა მღვდელმთავრებისთვის სარგებლის მოსატანად საკმარისია ძველი ამბები, და ისინი როგორც რამ კოშკები რწმენის კედელს ურყევად განამტკიცებენ. როდესაც პრეფექტი ბასილი დიდის გადასაყვანად კესარიაში ჩავიდა, პატივი მიაგო მას და თავაზიანი სიტყვებით მიმართა. შაგონებდა, დაეთმო ჟამისთვის და არ მიეტოვებია ამოდენა ეკლესია დოგმატების მცირეოდენი უზუსტობის გამო. ასევე დაპირდა იმპერატორის მეგობრობას და მისი მეშვეობით იგი მრავალს გაუწევდა ქეელმოქმედებას. მაგრამ ამ ღვთის კაცმა უთხრა, რომ ასეთი სიტყვები ყმაწვილებს შეეფერებოდა; "რადგან მათ და მათ მსგავსთ ასეთ სიტყვებზე პირი აქვთ დაღებული. მაგრამ საღვთო სიტყვებით გამოზრდილები ეერ აიტანენ საღვთო დოგმატების რომელიმე მარცვლის გამოტოვებას. ამის გამო, თუ საჭირო იქნება, სიკვდილის ყველა სახეობას მივესალმები. ხოლო იმპერატორის მეგობრობას კეთილმსახურებასთან შეერთებულს დიდ რამედ მივიჩნევ, ამის გარეშე კი მას დაღუპვას ვუწოდებ". როდესაც პრეფექტი განრისხდა და უგუნურება უწოდა, საღვთო [209]ბასილიმ მიუგო: "ვლოცულობ, რომ ეს უგუნურება მარადის მეპყრას". მას შემდეგ, რაც უბრძანა წასულიყო, ამ საქმეზე ეფიქრა და მოგვიანებით განეცხადებია მისი აზრი, სიტყვებს მუქარაც მოაყოლა. ამბობენ, რომ ამ ყოვლად სახელოვანმა კაცმა მიუგო: "მე იგივე კაცი მოვალ დილით, შენ კი არ შეცვალო აზრი, არამედ შეასრულე მუქარა". ამ სიტყვების შემდეგ პრეფექტი შეხვდა იმპერატორს და ამცნო მისი ნათქვამი, აუწყა ამ კაცის სათნოება, მისი სულის სიმამაცე და ახოვანება. მაშინ იმპერატორი დადუმდა და შევიდა. მაგრამ როდესაც სახლში იხილა ღვთივმოვლენილი კვეთებები (რადგან მისი ეაჟიშვილი დაუძლურდა და თვით სიკვდილის კართან იმყოფებოდა, ხოლო ცოლი სხვადასხვა ვნებებს მოეცვა), შეიცნო ამ სამწუხარო მოვლენათა მიზეზი. სთხოვა ამ ღვთის კაცს, რომელსაც სასჯელებით ემუქრებოდა, სახლში შემოსულიყო. სარდლებმა შეასრულეს საიმპერიო ბრძანება. დიდი ბასილი მივიდა სასახლეში. როცა იხილა, რომ მისი ძე უკვე აღსასრულის პირას იყო, აღუთქვა, რომ მას სიცოცხლისკენ მოაბრუნებდა, თუ ღირსი გახდებოდა კეთილმსახურთა ხელიდან მიეღო ყოელადწმინდა ნათლოსღება. ეს თქვა და გავიდა. მაგრამ მან უგუნური ჰეროდეს მსგავსად გაიხსენა [მის მიერ დადებული] ფიცები, ბრძანა, რომ მასთან მყოფ არიანელებს მოენათლათ ბავშვი, და მან მყისვე მიიღო ცხოვრების აღსასრული. შეინანა ვალენტმა და იაზრა, თუ რა ზიანი მიაყენა ფიცის დაცვამ. ერთ-ერთ ტაძარში შევიდა, დიდი ბასილის მოძღვრებით დატკბა და სამსხვერპლოში ჩვეულებისამებრ ძღვენი მიიტანა. მან უბრძანა, საღვთო ფარდების შიგნით შემოსულიყო და მრავალი სიტყვა უთხრა საღვთო დოგმატების შესახებ, მან კი მოისმინა ნათქვამი. იქ ესწრებოდა დემოსთენედ წოდებული, საიმპერიო სამზარეულოს განმგებელი, რომელიც მსოფლიოს მოძღვარს კიცხავდა და თვითონ კი ბარბაროსულად მეტყველებდა. საღვთო ბასილის გაეღიმა და უთხრა: "უსწავლელი დემოსთენეც317 ვიხილე". როდესაც იგი ძალიან გაწყრა და დაემუქრა, ბასილი დიდმა მიუგო: "შენი საქმე არის ნუგბარი კერძების მომზადებაზე ზრუნვა; საღვთო დოგმატების მოსმენა კი არ ძალგიძს, [210]ყურები გაქვს დახშული". ეს უთხრა მას. იმპერატორი ისე აღფრთოვანდა ამ კაცით, რომ უმშვენიერესი მიწა, რომელიც მას ჰქონდა, იქვე მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფ ღარიბებს აჩუქა, მათ, რომლებსაც მთელი სხეული დასნეულებული ჰქონდათ და ძალიან ბევრი მკურნალობა ესაჭიროებოდათ. ასე რომ, დიდმა ბასილიმ ვალენტის პირველ შეტევას ამგვარად დააღწია თავი. როდესაც იგი კვლავ მოვიდა და პირვანდელი საქმეები უკვე დავიწყებული ჰქონდა (რადგან მატყუარების აზრებით იყო ალყაშემორტყმული), უბრძანა, გადასულიყო საპირისპირო მხარის დაჯგუფებაში. მას შემდეგ, რაც არ დაემორჩილა, ბრძანა მისი გადასახლების შესახებ კანონის დაწერა. მაგრამ როდესაც ცდილობდა მისი ხელისმოწერით დამტკიცებას, ასოს ერთი ხაზიც ვერ გაავლო, რადგან კალამი გატყდა. როდესაც მეორე და მესამე კალამსაც იგივე ზიანი მიადგა და ამ ურჯულო კანონის დამტკიცებას მაინც ჯიბრით ცდილობდა, მარჯვენა აუკანკალდა და შეშინდა. როცა სული ძრწოლით აევსო, ქარტა ორივე ხელით დახია. ყოვლიერების განმგებელმა დაარწმუნა, რომ სხვებსაც თავად მან მოუვლინა ეს ვნებები და იგი318 შეთქმულებებზე უფრო ძლიერად წარმოაჩინა. მის გარშემო მომხდარი მოვლენების მეშვეობით საკუთარი ძალა აჩვენა, ხოლო სხვა განგებულების მეშვეობით საუკეთესო კაცთა სიმამაცე იქადაგა.

ამრიგად, ვალენტს აქედან გაუცრუვდა თავისი შეტევების იმედი.


თ ა ვ ი XVII

დიდი ათანასეს აღსასრულისა და პეტრეს ხელდასხმის შესახებ


ალექსანდრიაში ძლევამოსილმა ათანასემ მრავალი ბრძოლისა და ამდენივე გვირგვინის შემდეგ მიიღო ღვაწლისაგან გამოხსნა და გადავიდა ღვაწლისაგან თავისუფალ ცხოვრებაში. [ეკლესიის] [211]თავმჯდომარეობა საუკეთესო კაცმა, პეტრემ მიიღო. პირველად იგი იმ ნეტარის319 თავმა განაჩინა, მაგრამ მასთან ერთად ყველამ განაჩინა, მღვდლებმაც და მაღალი თანამდებობისა და ღირსების მქონეთაც. ასევე მთელმა ერმა თავისი კმაყოფილება მოწონების შეძახილებით გამოხატა. იგი ათანასეს ოფლისღვრის წილმქონე იყო, სახლშიც და გადასახლების დროსაც მასთან ერთად იმყოფებოდა, და ყოველგვარ საფრთხეში მასთან რჩებოდა. ამიტომ შეიკრიბნენ მეზობლად მყოფი მღვდელმთავრები320, ასევე მათაც მიატოვეს ასკეტურ პალესტრები321, ვინც იქ ატარებდა ცხოვრებას, და ათანასეს საყდრის მემკვიდრეობის ღირსი გახადეს პეტრე.

 

თ ა ვ ი XVIII

პეტრეს დამხობისა და არიანელი ლუკიოსის შემოყვანის შესასებ

მას შემდეგ, რაც იგი დაჯდა სამღვდელმთავრო საყდარზე, პროვინციის მმართველმა მყისვე შეკრიბა წარმართთა და იუდეველთა ბრბო და ეკლესიას კედელი შემოავლო, ითხოვდა პეტრეს გამოსვლას; წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდევნით იმუქრებოდა. ამას იქმოდა, და ამით იმპერატორის გულს აამებდა, და ვინც საპირისპიროს ფიქრობდა, მათ განსაცდელებით აღავსებდა. სინამდვილეში კი უღმერთო რისხვით იყო წარტყვევნილი. კერპების მსახურებაზე იყო მიჯაჭვული და ეკლესიის ღელვა-ტეხვა უბრწყინვალეს დღესასწაულად მიაჩნდა. როდესაც საკვირველმა პეტრემ დაინახა ეს მოულოდნელი ბრძოლა, ფარულად წავიდა, ხომალდში ჩაჯდა და რომში გაემგზავრა.

რამოდენიმე დღის შემდეგ ევძოიოსმა ანტიოქიიდან ლუკიუსი წამოიყვანა და ჩამოვიდა, და ეკლესიის [სადავეები] მას გადასცა. მისი უღმერთობისა და უკანონობის საქმეები სამოსატას გამოცდი[212]ლი ჰქონდა. ათანასეს მოძღვრებით გამოზრდილმა ხალხმა როდესაც საპირისპირო საზრდო იხილა, განუდგა საეკლესიო კრებულს.

ლუკიოსმა კერპების მსახური შუბოსნების დახმარებით ზოგი აწამა, ზოგი დაამწყვდია, ზოგი იძულებული გახადა, გაქცეულიყო, სხვების სახლები კი ბარბაროსების მსგავსად დაარბია. მაგრამ ამ ამბებს ღირსადქებული პეტრე უკეთესად მოგვითხრობს თავის ეპისტოლეში. [მას შემდეგ, რაც] მე ლუკიოსის ერთი ბოროტმოქმედება გიამბეთ, ამ ეპისტოლეს ჩავურთავ თხზულებაში.

ეგვიპტეში ანგელოზთა მოქალაქობისთვის მოშურნე კაცები სახელმწიფოს შფოთს გაექცნენ და ცხოვრებას უდაბნოში ატარებდნენ. მათ ქვიშიანი და უნაყოფო [მიწა] ნაყოფიერად წარმოაჩინეს, ღმერთს უტკბილეს და უმშვენიერეს ნაყოფად უძღვნიდნენ სათნოებას, რომელიც მან დააკანონა. ეს მოქალაქობა სხვა მრავალმაც წამოიწყო, ხოლო ასკეტური განწესებების მასწავლებელი322 ეს მრავალსაგალობელი323 ანტონი გახდა, რომელმაც უდაბნო ასკეტებისთვის სათნოების სასწავლებლად წარმოაჩინა. ეს საბრალო და სამგზის უბადრუკი [ლუკისი] დევნიდა მის მიმდევრებს (რადგან თავად [ანტონი] უდიდესი და უმშვენიერესი ტვირთით მყუდრო ნავსადგურს მიადგა). ამ საღვთო დასის წინამძღვრები, დიდებული მაკარი, მისი სეხნია, ისიდორე და სხვები, გამოქვაბულებიდან გამოიყვანა და რომელიღაც კუნძულზე გაგზავნა, რომელიც ურჯულო ადამიანებით იყო დასახლებული; მათ არასოდეს არ მიეღოთ კეთილმსახურების მოძღვრება. როდესაც ბორანი კუნძულს მიუახლოვდა, მათთან პატივდებულმა დემონმა მიატოვა იქ აღმართული კერპი, რომელიც წინათ საცხოვრებლად ჰქონდა, ქურუმის ქალიშვილი გააშლეგა და გონებადაკარგული გამოიყვანა ნაპირთან, სადაც მეხოფეებმა მიაყენეს ბორანი. მან ქალიშვილის ენა თავის იარაღად გამოიყენა და მისი მეშვეობით შეჰღაღადა ის, რაც ფილიპეში პითონის სულის მქონემ (იხ. საქმე 16.16). ყველა, კაცებიც და ქალებიც, უსმენდა, როდესაც იმ დემონმა თქვა: "ოჰ, თქვენს ძალაუფლებას, ქრისტეს მსახურებო! ყველგან [213]ვიდევნებით თქვენს მიერ, ქალაქებიდანაც და სოფლებიდანაც, მთებიდანაც და ბორცვებიდანაც, მოსახლეობისგან ცარიელი უდაბნოდანაც. იმედი გვქონდა, რომ ამ მომცრო კუნძულზე მცხოვრებნი განვშორდებოდით თქვენს ისრებს, და ეს იმედიც გაგვიცრუვდა. რადგან იქიდან გამოგაგზავნეს მდევნელებმა, არა იმისათვის, რომ თქვენ გტანჯოთ, არამედ, რათა ჩვენ განვიდევნოთ თქვენი მეშვეობით. ამ კუნძულიდანაც მივდივართ, რადგან გვტყორცნით თქვენი სათნოების სხივებს". როდესაც ეს და ამის მსგავსი სიტყვები წარმოთქვეს, ქალიშვილი ძირს დაეცა, ისინი კი უკვალოდ გაქრნენ. ამ საღვთო დასმა ილოცა და ქალიშვილი აღადგინა, და მშობლებს ჭკუაზე მოსული და ჯანმრთელი გადასცა.

ამ საოცრების მნახველები დაეცნენ ამ წმინდანების ფეხებთან და გამოხსნის საშუალებებთან ზიარებას სთხოვდნენ. მოძღვრების სხივებით გაბრწყინებულებმა გაანადგურეს კერპთა ხეივანი და ყოვლადწმინდა ნათლობის მადლის ღირსი გახდნენ. როდესაც ეს მოვლენები გაცხადდა ქალაქში, მოსახლეობა შეიყარა და ლუკიოსს ყვედრიდა, ამბობდნენ, რომ მათ ღვთივმოვლენილი რისხვა დაატყდებოდათ თავს, თუ წმინდანთა საღვთო დასს არ გაანთავისუფლებდნენ. ლუკიოსს ისე შეეშინდა ქალაქში აღძრული შფოთის, რომ ნება დართო ღვთივშთაგონებულ კაცთა გამოქვაბულებში დაბრუნებაზე. ეს საკმარისია მისი სისაძაგალისა და უღმერთობის საჩვენებლად. მის დანაშაულებს უფრო ნათლად გვაუწყებს საკვირველი პეტრეს წერილები. მე ცოტას გავირბენ და ეპისტოლის შუა ნაწილს ჩავურთავ თხზულებაში.

 

თ ა ვ ი XIX

ალექსანდრიის ეპისკოპოს პეტრეს ეპისტოლიდან, თხრობა ლუკიოსის დროს ალექსანდრიაში მომხდარი მოვლენების შესახებ

[214]"როდესაც პროვინციის მმართველი იყო პალადიოსი, მუდამ კერპების წინაშე განრთხმული წარმართული მწვალებლობა ხშირად ფიქრობდა ქრისტეს წინააღმდეგ გალაშქრებაზე. მან ზემოთ ნახსენებ ბრბოს თავი მოუყარა და ეკლესიის წინააღმდეგ აღძრა ისე, თითქოს ბარბაროს დევნიდა დასამორჩილებლად. მაშინ, სწორედ მაშინ მოხდა ყველაზე ცუდი ამბავი. მაგრამ მხოლოდ მოყოლის მსურველს შემაურვებს გახსენება; ცრემლები უზომოდ ვღვარე და დიდი ხნით დავრჩებოდი ამით ვნებული, საღვთო ზრახვას რომ არ დავეწყნარებინე. ეკლესიაში, რომელსაც ეწოდებოდა თეონა, შევიდა ბრბო. იგი წმინდა სიტყვების ნაცვლად კერპების სადიდებელ ხმებს აღმოუტევებდა, საღვთო წერილის კითხვის ნაცვლად, თავხედურად ტაშს უკრავდნენ და ურცხვად გაჰყვიროდნენ, ქრისტეს ქალწულებს შეურაცხყოფდნენ, რის გამეორებასაც ენა ვერ აიტანს, რადგან "ამის თქმაც სირცხვილია". როგორც კი ვინმე კეთილგონიერი მოისმენს ამას, ყურებს დაიხშობს და ილოცებს, უმალ ყრუ გახდეს, ვიდრე ამ სამარცხვინო სიტყვებს უსმენდეს. მაგრამ ნეტავი მხოლოდ სიტყვებით ეკმარათ ცოდვის ჩადენა და სიტყვების გარყვნილება საქმით არ გადაემეტებინათ. რადგან ლანძღვა, როგორიც არ უნდა იყოს, ადვილად ასატანია მათთვის, ვისთანაც მკვიდრობს ქრისტესეული გონიერება და საღვთო სწავლებები. მაგრამ ისინი, მრისხანების სამოსლით დასაღუპად შემობლარდნულები, ცხვირაპრეხილები, დიდი ხნის განმავლობაში, ასე ვთქვათ, როგორც წყაროდან, ისე გადმოაჩქეფებდნენ დამცინავ და ბილწ ლაყბობას; დახიეს სამოსელი ქრისტეს წმინდა ქალწულების, რომელთა ასკეზა წმინდანთა ნიმუშს გამოსახავდა. როგორიც [215]ბუნებით იყვნენ, შიშვლებს მთელ ქალაქში ტრიუმფით დაატარებდნენ, ერთობოდნენ ამ გარყვნილებით ისე, როგორც მათ სურდათ. სრულებით ველური და ბარბაროსული იყო მათი ქცევა. თუ ვინმე თანაგრძნობით ხელს შეუშლიდა, და შემაგონებელი სიტყვებით მიმართავდა, დასახიჩრებული მიდიოდა. მაგრამ, ვაი, უბედურება! მრავალმა დაითმინა სხეულის ძალადობით გარყვნა, მრავალ ქალწულს კეტები ურტყეს თავში და გააშეშეს; იმის ნებასაც არ იძლეოდნენ, რომ სხეულები დაეკრძალათ. მრავალ სხეულს დღემდე ვერ პოულობენ მგლოვიარე მშობლები. მაგრამ რატომ ვყვები ამ მცირეს, როცა უფრო დიდზე უნდა გადავიდე? რატომ ვყოვნდები ამ ამბებზე და რატომ ძალუმად არ მივიწვვ იქითკენ, რაც საჩქაროა? რაზეც კარგად ვიცი, რომ გაოცდებით და დიდ ხანს დარჩებით ჩვენთან ერთად გაქვავებული, უფლის კაცთმოყვარებით განცვიფრებული, რომ ყველაფერი ბოლომდე არ მიუშვა. რაც წერილის მიხედვით "არც მომხდარა, არც სმენილა ჩვენი მამების დღეებში" (იოილ. 1.2), ის თვით სამსხვერპლოში შეასრულეს ამ უღმერთოებმა.

"რადგან ჭაბუკი, რომელსაც უარყოფილი ჰქონდა თავისი მამრობითი სქესის ბუნება და ესწრაფოდა ქალობას, თვალები, როგორც წერია, საოლავით ჰქონდა შეღებილი, სახე ფერუმარილით - შეფაკლული, როგორც მათ კერპებს, ქალის მსგავსი გარეგნობით324, თვით წმინდა საკურთხევლის წინ, სადაც წმინდა სულის გარდამოსვლას მოვუხმობთ325, როგორც რამ უწესო სცენის წინ წრიული ბრუნვებით და ხელების კვანწვით როკავდა, გარშემო მდგომები იცინოდნენ და უწმინდურ ხმებს აღმოუტევებდნენ. მაგრამ ისინი უწესობად მიიჩნევდნენ რა ამ საქციელს, მას უფრო მოსაწონად თვლიდნენ ვიდრე უწმინდურად. მათგან ერთმა სამარცხვინო საქმეებში ყველაზე უფრო თავგამოდებულმა სამოსელიცა და მოკრძალებაც შემოიძარცვა, და როგორც ბუნებით იყო, ისეთი326 დასვეს ეკლესიის საყდარზე და ქრისტეს წინააღმდეგ გამოსული ორატორი უწოდეს. რადგან იგი საღვთო სიტყვების ნაცვლად [216]სასირცხვილოს წარმოთქვამდა, კრძალული სიტყვების ნაცვლად - გარყვნილს, კეთილმსახურების ნაცვლად - უღმერთოს, თავშეკავების ნაცვლად - სიძვას, მრუშობას, მამათმავლობას, ქურდობას, რჩევას იძლეოდა, რომ ცხოვრებაში ჭამა-სმა სხვა რამეებთან ერთად სასარგებლო იყო327. როდესაც მოვლენები ასე ვითარდებოდა და მე ეკლესიას მოშორებული ვიყავი (რადგან როგორ არ ვიქნებოდი, როდესაც ჯარისკაცები მოდიოდნენ, ხალხი უწესობისათვის ვერცხლით იყო მოსყიდული, ფულით უხვად დასაჩუქრებულები, წარმართთა ბრბო უდიდეს დაპირებებს იძლეოდა?), ჩვენი მონაცვლე იქნა გაგზავნილი, ვინმე ლუკიოსი,რომელიც მგლის უკეთური საქმეების კეთებას ეშურებოდა და ამქვეყნიური თანამდებობის მსგავსად ეპისკოპოსობა ოქროთი იყიდა, არათუ მართლმადიდებელი ეპისკოპოსების კრებით, არც ჭეშმარიტ კლერიკოსთა განჩინებით, არც ერის მოთხოვნით, როგორც ამას ბრძანებს საეკლესიო კანონები. ასეთთან არ იმყოფებოდნენ (რადგან არ შეეძლო ქალაქის ჩვეულებრივი შესასვლელით შესვლა) არც რომელიმე ეპისკოპოსი, არც ხუცესი, არც დიაკონი, არც ერის სიმრავლე, არც მონაზვნები მიუძღოდნენ წინ წმინდა წერილიდან საგალობლების სიმღერით; არამედ იყო ევძოიოსი, რომელიც წინათ, ნიკეაში წმინდა და დიდ კრებაზე, არიანელებთან ერთად განყენებულ იქნა და ჩვენი ქალაქის, ალექსანდრიის დიაკონი იყო, ვინც ანტიოქიელთა ეკლესიას ანადგურებდა თავისი წინამძღვრობით. აგრეთვე ჯარისკაცთა უზომო სიმრავლის თანხლებით იქ იმყოფებოდა საიმპერიო საბოძვართა გამგებელი328, სახელად მაგნუსი, ყოველთვის ყოველგვარი ურჯულოებით ცნობილი კაცი. მან იულიანეს დროს გადაწვა ბერიტელთა (ეს არის ფინიკიელთა სახელოვანი ქალაქი) ეკლესია, ნეტარსახსენებელი იობიანოსის დროს იძულებული იყო საკუთარი ხარჯებით აეგო ის; ცოტაც და თავსაც დაკარგავდა, რომ არ მიეღო შეწყალება იმპერატორთან მრავალგზის ტრიალისგან.

"აწ მოგიწოდებთ, რომ მომხდარ მოვლენებზე შურის საგებლად აღძრათ თქვენი მოშურნეობა, რომელსაც მართებს, რომ აქედან [217]აღრაცხოს, თუ როგორი და რაოდენი სიბილწე იქნა ჩადენილი ღვთის ეკლესიის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც ეს ზემოხსენებული ტირანი329 ჩვენს წინააღმდეგ ამხედრდა. როგორც თქვენი ღვთისმოსაობისგან, ასევე ყველა მხარის მართლმადიდებელი ეპისკოპოსებისგანაც ხშირად უარყოფილი ლუკიუსი იმყოფებოდა იმ ქალაქში, რომელიც კეთილგონივრული საბაბით იყო მის მიმართ მტრულად განწყობილი. არა მხოლოდ ფსალმუნებში ღვთისმგმობელის უგუნური სიტყვების მსგავსად ამბობს: "ქრისტე არ არის ჭეშმარიტი ღმერთი"; არამედ ცხოვრების წესითაც იხრწნება და სხვასაც ხრწნის, ხარობს შემოქმედის ნაცვლად ქმნილების თაყვანისმცემლების330 მხრიდან მხსნელის წინააღმდეგ მიმართულ მკრეხელობებზე. როდესაც წარმართების მსგავსი აზრები აქვს, რატომ ვერ ბედავს ეს დამაქცეველი ახალი ღმერთის თაყვანისცემას? რადგან იგი მათ პირისპირ ამ საქებარი სიტყვებით ესალმებოდა: "კეთილი იყოს შენი მობრძანება, ეპისკოპოსო, რომელიც ძეს უარყოფ. სერაპისი შენ მეგობრებთან მიგიღებს", - ასე უწოდებდნენ თავიანთ მშობლიურ კერპს. ზემოხსენებულმა მაგნუსმა, მისი უღმერთობის განუყოფლად თანამოზიარემ, უხეშმა ჯარისკაცმა და სასტიკმა სატრაპმა მყისვე, ისე რომ ხელიდან არ გაეშვა გადამწყვეტი წუთი, შეკრიბა მის შეხედულებებს დამორჩილებული ბრბო, შეიპყრა ხუცესები და დიაკვნები, რიცხვით ოთხმოცდაათი, რომელთაგან ზოგიერთის ასაკი ოთხმოც წელს აღემატებოდა, როგორც ბილწ საქციელზე და რომაელთა კანონების მტრობაზე შეპყრობილები, სახელმწიფო სამსჯავროზე განსაჯა და სათნოებისათვის დადგენილი ქრისტიანთა კანონების უმეცარმა აიძულა, ეღალატათ მოციქულთაგან მამების მეშვეობით ჩვენთვის გადმოცემული მშობლიური სარწმუნოებისათვის. იგი ამტკიცებდა, რომ ამის გამო ყველაზე კაცთმოყვარე ავგუსტუსი ვალენტი ნასიამოვნები დარჩებოდა. დიდი ხმით გაჰყვიროდა: "უბედურებო, ირწმუნეთ არიანელთა შეხედულებები, ირწმუნეთ. თუნდაც ჭეშმარიტ მსახურებას აღასრულებდეთ, ღმერთი შეგინდობთ, გააკეთეთ ეს არა ნებაყოფლობით, არამედ [218]იძულებით. რადგან იძულებისთვის რჩება თავის მართლება, ნებაყოფლობითს კი ბრალდება მოსდევს. ამიტომ, ასეთი აზრები გედოთ თვალწინ და მხნედ მოდით, გადადეთ ყოველგვარი ზრუნვა, ხელი მოაწერეთ არიოზის დოგმატებს, რასაც ახლა ქადაგებს ლუკიუსი (სახელდებით წარმოთქვა). კარგად იცით, რომ მთავრობის მორჩილთ იმპერატორისგან გექნებათ ფული, სიმდიდრე და ჯილდო; ხოლო უარის მთქმელები მიიღებთ საპყრობილეს, წამებას, ტანჯვას, შოლტებს, სასჯელს, ჩამოგერთმევათ ფულიც და ქონებაც, სამშობლოდან გაგაძევებენ და გაუსაძლის ადგილებში გადასახლებას მიგისჯიან".

"ეს "კეთილშობილი" სიცრუით განაზავებდა მუქარას, ყველა კეთილმსახურს შეაგონებდა და აიძულებდა, აზრი შეეცვალათ. მაგრამ ისინი ყოველგვარ ტანჯვა-ვაებაზე უფრო მწარედ კეთილმსახურების ღალატს მიიჩნევდნენ (რადგან ასეც იყო), [მისი] სიცრუისა და მუქარებისადმი სათნოებისა და კეთილშობილური სულის დამორჩილებაზე უარის მთქმელები იძულებული იყვნენ მისთვის ასე ეპასუხათ: "შეწყვიტე, შეწყვიტე ამ სიტყვებით ჩვენი დაშინება, შეაჩერე ფუჭი სიტყების თქმა. რადგან ჩვენ არც ახალი მოსულები ვართ, არც ახალ ღმერთს ვცემთ თაყვანს. დაუფიქრებლად აქაფებ ტალღებს და ძლიერი ქარივით დევნი მათ. კეთილმსახურების დოგმატებით სიკვდილამდე ვმოქალაქობთ, ღმერთს ოდესმე არც უძლურად მყოფად, არც სიბრძნის არმქონედ, არც ჭეშმარიტების გარეშე არსებულად მივიჩნევთ, არც ისე, რომ ოდესღაც იყო მამა, ოდესღაც კი არ იყო, ამ ურჯულო არიანელების თანახმად, ძეს ჟამიერად და წარმავალად რომ ვთვლიდეთ. რადგან თუ შლეგი არიანელების მიხედვით ძე ქმნილება არის, არ ყოფილა მამის თანაარსი, ძის არმყოლი მამაც არარსებულამდე დავა, მათი მიხედვით ოდესღაც მამაც არ იყო. მაგრამ თუ მარად არსებობს მამა, ცხადია, არსებობს მისგან, ჭეშმარიტისგან, და არათუ მშობლისაგან გადმოდინებით (რადგან ღმერთი უვნებელი არის). ასე რომ, როგორ არ იქნება უგუნური და შლეგი ის, ვინც ძეზე ფიქრობს, [219]რომ "იყო დრო, როდესაც არ იყო", რომლის მიერაც ყოველივე მადლით არსებობად შემტკიცდა. ნიკეაში შეკრებილმა, მთელ მსოფლიოში მყოფმა ჩვენმა მამებმა, რომელთაგან განვრდომილები ბუნებრივია უმამოები გახდნენ, შეაჩვენეს არიოზის ბოროტი შეხედულება, რომლის [სწავლებასაც] აწ ეს ახალი კაცი წინამძღვრობს. და მათ განაცხადეს, რომ ძე არათუ მამისაგან განსხვავებული არსის არის, რის თქმასაც ახლა გვაიძულებ, არამედ - იმავე არსის. ისინი კეთილმსახური შეხედულებებით მშვენივრად გაიაზრეს და საღვთო სიტყვების მრავალი გამონაკრებიდან თანაარსი აღიარეს.

"როდესაც მათ ასეთი და ამის მსგავსი სიტყვები წარმოთქვეს, მრავალი დღით [დილეგში] ჩაამწყვდია, ფიქრობდა, რომ აზრს შეიცვლიდნენ. მაგრამ მათ როგორც ასპარეზზე საუკეთესო მორკინალებმა სიმხდალე სრულებით ჩააცხრეს და თავიანთ თავს საღვთო აზრების მეშვეობით მამათა საგმირო საქმეებით ამხნევებდნენ, კეთილმსახურების მიმართ უფრო კეთილშობილური აზრი ეპყრათ და ტანჯვას სათნოებაში წვრთნად რაცხდნენ. როდესაც აწ ასე იბრძოდნენ და, როგორც ნეტარი პავლე  წერს, ანგელოზთათვისაც და კაცთათვისაც სანახაობად იქცნენ (იხ. l კორ. 6,9), მთელი ქალაქი მიეშურებოდა ქრისტეს მორკინალთა სანახავად, როდესაც მათ მოთმინებით დაძლიეს მტარვალი მსაჯულის შოლტები და დათმენის გზით უღმერთობის წინააღმდეგ გამარჯვების ძეგლები აღმართეს, და არიანელების წინააღმდეგ ტრიუმფით წარმოჩნდნენ ისინი, რომლებზეც ეს სასტიკი მტერი ფიქრობდა, რომ მუქარებითა და ტანჯვა-ვაებით დაიმორჩილებდა და ქრისტესთვის უღმერთოებს გადასცემდა. როდესაც მძიმე განზრახვების მეშვეობით განხორციელებულ ტანჯვათა შეტევებში ხელი მოეცარა, როდესაც მთელი ერი შეურვებული იყო და სხვადასხვაგვარად ძლიერ გლოვობდა, ყოველგვარ კაცთმოყვარებას მოკლებულმა ამ სასტიკმა კაცმა მისთვის ნაცნობი ბრბო კვლავ უწესობისათვის შეკრიბა მათ სამსჯავროზე, უფრო კი იმაზე, რასაც დიდი ხნის წინ გამოტანილი განაჩენი ეწოდება, ზღვის სანაპიროზე. კერპთაყვანისმცემლებმა [220]და იუდეველებმა ჩვეულებისამებრ თავიანთი ძვირფასი ბღავილი ამოუშვეს მათ წინააღმდეგ, როდესაც მათ არ ისურვეს შლეგი არიანელების აშკარა მწვალებლობის მიღება. მთელი ერი გლოვობდა სამსჯავროს წინ. განაჩინეს მათი გაყვანა ალექსანდრიიდან და ფინიკიის ჰელიოპოლისში331 დასახლება, სადაც მოსახლეობიდან ვერავინ იტანდა ქრისტეს სახელის მოსმენასაც, რადგან ყველა მეკერპე იყო.

"შემდეგ ბრძანა მათი ჩასხმა ხომალდში, თავად სანაპიროზე იდგა (რადგან სახელმწიფო აბანოების მახლობლად გამოიტანა მათ წინააღმდეგ განაჩენი), აჩვენებდა შიშველ მახვილს, ფიქრობღა, რომ ამით შეაშინებდა მათ, რომლებიც ორპირი მახვილით ხშირად მუსრავდნენ მოწინააღმდეგე დემონებს. ასე უბრძანა მათ, გაეცურათ, ისე რომ თან არ წაეღოთ რაც სახმარი იყო, სრულებით არ შემსუბუქებოდათ გადასახლების სიმძიმე. ვგონებ, საკვირველი და დაუჯერებელი არის, რომ ზღვა აქაფდა, ამის გამო უკმაყოფილო და არ სურდა, რომ, ასე ვთქვათ, ამ კაცების მიღებით ზიარებოდა უსამართლო ბრძანებას. უმეცართ აჩვენა მსაჯულის ბარბაროსული არჩევანი. რადგან ნამდვილად უნდა ითქვას, "ზეცა განცვიფრებული იყო ამის გამო" (იერ. 2.12).

"რადგან შეურვებული იყო მთელი ქალაქი და ამ დრომდეც გლოვობს. ზოგიერთები მკერდზე ერთმანეთზე იცემდნენ ხელებს და დიდ ხმაურს გამოსცემდნენ, ზოგიერთი კი ხელებსა და თვალებს ზეცად აღაპყრობდნენ და ძალადობაზე დაამოწმებდა, მხოლოდ ამას გაიძახოდნენ: "ისმინე, ზეცავ, ყური დაუგდე მიწავ" (ეს. 1, 2), რადგან უკანონობა მოხდა. და ყველაფერი მთლიანად მოთქმა-გოდებით იყო აღსავსე, შფოთი და გლოვა მთელ ქალაქში როკავდა, მდინარემაც ანაზდად ცრემლებით მოცულმა თავისი ნაკადით ზღვა ნაპირებიდან გადმოიყვანა. როდესაც ზემოხსენებული პირი332 იდგა სანაპიროზე, მეხოფეებს უბრძანა, აფრები გაეშალათ, მაშინ ქალწულთა და დედაკაცთა ერთმანეთში აღრეულმა ვაი-ვიშმა, მოხუცთა და ყმაწვილთა ცრემლებთან შეწნულმა ურვამ, ყველას [221]ღაღადისმა გადაფარა აქაფებული ზღვის ტალღებით წარმოქმნილი ხმაური. ამგვარად, ისინი მიცურავდნენ ჰელიოპოლისში, იქ, სადაც ყველა ბორგნეულობდა333, სადაც [გავრცელებული იყო] სიამოვნების მიმართ ეშმაკისეული ჩვეულებები, სადაც მხეცების საშიში ბუნაგები იყო; რადგან ცას წრიულად ყველა მხრიდან მთები ჰქონდა შემოჯარული. შუა ქალაქმი ხალხის თვალწინ ყველა ერთად და თითოეული თავისთვის გლოვობდა და მოთქვამდა; არც ტირილს წყვეტდნენ ქალაქის პრეფექტის, პალადიუსის ბრძანებით, იგიც ყველაზე დიდი ეშმაკეული334 იყო. მოტირალთაგან მრავალი ჯერ მოიტაცეს და დაამწყვდიეს, შემდეგ ტანჯეს, საფხეკებით აწამეს ფენესუსისა335 და პროკონესუსის336 მაღაროებში გაგზავნეს, - ადამიანები, რომლებიც ეკლესიისათვის საღვთო შურით აღძრული მებრძოლები იყვნენ.

"მრავალი მათგანი მონაზონი იყო, რომლებიც ასკეზის გამო უდაბნოში ცხოვრობდა, დაახლოებით ოცდაცხრა კაცი. ცოტა მოგვიანებით დიაკონი, რომელმაც მოგვიტანა რომის ეპსკოპოსის, ჩვენი საყვარელი დამასის მანუგეშებელი და თანამოზიარე წერილები, უკან ხელშეკრული, ჯალათების მიერ სამსჯავროში იქნა წაყვანილი, თითქოს ვიღაც სახელგანთქმელი ბოროტმოქმედი ყოფილიყო. მას სასიკვდილო ტაჯვა-წამება მიაყენეს, ქვებითა და ტყვიებით თვით ყელის არეში ძლიერ იქნა ნაცემი, შემდეგ ჩასვეს ხომალდში ზღვაში სხვების მსგავსად. მას შუბლზე გამოსახული ჰქონდა საღვთო ჯვრის ნიშანი, არც მზრუნველობას, არც მსახურებას არ ღებულობდა, და გადაგზავნილ იქნა ფენესუსის მაღაროებში, რომლებიც არის სპილენძის. როდესაც მსაჯული ტანჯავდა ყმაწვილთა ნაზ სხეულებს, ზოგიერთი მათგანი მაშინვე აღესრულა, დაკრძალვაც არ ღირსებია, როდესაც მშობლები, ძმები, ნათესავები და, როგორც ყვებიან, მთელი ქალაქი ითხოვდნენ, რომ მათთვის მიეცათ მხოლოდ ეს ერთი უკანასკნელი სათხოვარი. მაგრამ, ვაი, ამ არაადამიანურ მსაჯულს, უფრო კი ჯალათს! ღვთისმოსაობის გამო მებრძოლები მკვლელებთან ერთად არ განისჯებოდნენ და [222]მათი სხეულები დაუმარხავი რჩებოდა. მშვენივრად მებრძოლნი მხეცებისა და ფრინველებისათვის საჭმელად იყვნენ მიგდებული. სინდისის გამო მამებისადმი თანალმობის გამოხატვის მსურველთ კანონდარღვევის ჩამდენთა მგავსად თავს კვეთდნენ. რომაელთა რომელი კანონი და ბარბაროსთა რომელი შეხედულება ანადგურებდა მშობლებისადმი თანალმობის გამომჩენთ? ძველთაგან ოდესმე ვის სად ჩაუდენია ასეთი უკანონობა? ოდესღაც ფარაონმა ბრძანა ებრაელთა მამრების ამოხოცვა, მაგრამ მას შურმა და შიშმა აფიქრებინა ამ ბრძანების გაცემა. მაშინდელი [განზრახვა] ახლანდელზე რამდენად უფრო კაცთმოყვარული იყო! რამდენად უფრო საწადელია უსამართლობის არჩევანის შემთხვევაში! რამდენად უმჯობესია უკანონობის განსჯის შემთხვევაში! თუმცა, ბოროტებანი ერთმანეთს ვერ განშორდება.

"ნაამბობი დაუჯერებელია, არაადამიანური და საზარელი, სასტიკი და ბარბაროსული, ულმობელი და მწარე. მაგრამ ამით იკვეხნიდნენ არიოზის სიშლეგის მორჩილნი და მღეროდნენ. როდესაც მთელი ქალაქი გლოვობდა ("რადგან არ იყო სახლი, სადაც არ იყო მოკლული", როგორც "გამოსვლათაში" წერია337), კვლავ არ დაცხრნენ და უკანონობისადმი მოუყირჭებლობის თვისებას ივითარებდნენ. რადგან უარესისთვის ავარჯიშებდნენ ნებელობას, იქამდე, რომ პროვინციის ეპისკოპოსებსაც წვდებოდნენ თავიანთი ბოროტების შხამით, უსამართლობის საჭურველად საიმპერიო საბოძვართა უფროსს, მაგნუსს იყენებდნენ.

"ზოგი სენატს გადასცეს, სხვები თავიანთი შეთქმულების მსხვერპლი გახადეს ისე, როგორც ისურვეს. ეწადათ, ყველა მხრიდან ყველაფერი მოენადირებინათ [თავიანთი] ურჯულოებისათვის, არცერთ დანაშაულს არ უშვებდნენ ხელიდან. ყოველივეს მოივლიდნენ მწვალებლობის მამის, ეშმაკის მსგავსად ეძებდნენ, ვინმე შთაენთქათ (1 პეტ. 5,8).

"როდესაც ყველაფერში სრულებით მოეცარათ ხელი, ეგვიპტიდან თერთმეტი ეპისკოპოსი, კაცები ყრმობიდან სიბერემდე ასკეზის [223]გულისთვის უდაბნოში მცხოვრებნი, სიტყვითა და საქმით სიამეთა დამმორჩილებელნი და კეთილმსახური მრწამსის ურცხვენელად მქადაგებელნი, კეთილმსახურების დოგმატების რძით გამოკვებილნი და დემონების წინააღმდეგ ხშირად ძლევის ამღებნი, სათნოებით მოწინააღმდეგის შემარცხვენელნი, რომლებიც უბრძენესი სიტყვით სტელაზე აკრავდნენ არიანულ მწვალებლობას, - ისინი ზემოხსენებული პირის338 სისასტიკის გამოყენებით გადაასახლეს უფლის მკვლელი იუდეველების მიერ დასახელებულ ქალაქში, სახელად დიოკესარიაში. და რადგანაც ჰადესი339 არ ივსება ძმების სიკვდილით, მთელი დედამიწიდან ჩადიოდნენ დანაშაულებს ეს შეშლილები და უგუნურები ტოვებდნენ თავიანთი სისასტიკის ძეგლებს; სურდათ, რომ ბოროტებით ყოფილიყვნენ ცნობილი. რადგან, აჰა, კვლავ კათოლიკე ეკლესიის კლირიკოსები, რომლებიც ანტიოქიაში ცხოვრობდნენ, მოშურნე მონაზვნებთან ერთად მათი დრამატურგიის საქმეთა დასამოწმებლად იქნენ გამოყვანილი. იმპერატორის სასმენელი აღძრეს მათ წინააღმდეგ და პონტოს ნეოკესარიაში გადასახლებისთვის შეამზადეს; ისინი კი უმალ სიცოცხლეს დათმობდნენ იმ ადგილების სიველურის გამო. ასეთი ტრაგედიები შეიწყნარა იმ ჟამმა, - დუმილისა და დავიწყების ღირსი; მაგრამ თხზულებებში იქნა ჩართული მხოლოდშობილის წინააღმდეგ აღძრული ენების სამხილებლად. მკრეხელობის სიშლეგის შემწყნარებლები არა მხოლოდ ყოვლიერების მეუფის განგმირვას ცდილობდნენ, არამედ მისი მოსავი მსახურების წინააღმდეგაც შეურიგებელი ომი წამოიწყეს".


თ ა ვ ი XX

სარკინოზთა დედოფლის, მაბიას340 შესახებ, ასევე მონაზონ მოსეს ხელდასხმის შესახებ


[224]იმ ხანად341 ისმაელიტთა ტომმა მიიტაცა რომაელთა სახელმწიფოს მეზობელი ქვეყნები. მათ მეთაურობდა მაბია. იგი არ შემოისაზღვრებოდა იმ ბუნებით, რომელიც მას მიეღო, და ვაჟკაცური აზროვნებით გამოირჩეოდა  მრავალი შეტაკებების შემდეგ მან ზავი დადო, შემდეგ მიიღო ღვთისმცოდნეობის ნათელი და ითხოვა, მისი ერისთვის მღვდელმთავრად დაეყენებიათ ვინმე მოსე. რომელიც სახლობდა ეგვიპტისა და პალესტინის საზღვარზე. ვალენტმა მიიღო მისი თხოვნა და ბრძანა, რომ ეს ღვთის კაცი ალექსანდრიაში წაეყვანათ და იქ მიეღო სამღვდელმთავრო მადლი, რადგან ეს ქალაქი ძალიან ახლოს იყო. როდესაც იქ ჩავიდა და დაინახა, რომ ლუკიუსი ცდილობდა მასზე ხელის დადებას, ეთხრა: "ნუ იყოფინ, რომ შენი ხელით ვიქნე ხელდასხმული! რამეთუ შენი მოხმობით არ მოვა სულიწმინდის მადლი". ლუკიუსმა მიუგო: "საიდან ხვდები, როდესაც ამას ამბობ?" მან კი: "არათუ ვხვდები და ისე ვამბობ, არამედ ნათლად ვიცი, რომ სამოციქულო დოგმატებს ებრძვი, და საწინააღმდეგოს ამბობ, და მკრეხელურ სიტყვებს უკანონო საქმეებსაც უმატებ. რომელ ურჯულოს არ დაუცინია შენს გამო საეკლესიო შეკრებებისათვის? რომელი ღირსადქებული კაცი არ იქნა განდევნილი? რომელ მხეცურ და ბარბაროსულ დანაშაულს არ ჩრდილავს, რასაც შენ ყოველდღე სჩადიხარ?" ამას ეუბნებოდა თამამად. როდესაც იგი ამ სიტყვებს ისმენდა, მოიწყლა და შეშინდა, კვლავ არ აგზნებულიყო შეწყვეტილი ომი. ამიტომ, ბრძანა, რომ მოეყვანათ სხვა ეპისკოპოსები, რომლებიც მან მოითხოვა. ღირსადქებულ სარწმუნოებასთან ერთად სამღვდელმთავრო მადლიც მიიღო და დაბრუნდა მათთან, რომლებიც ითხოვდნენ მას, და სამოციქულო მოძღვრებითა და საკვირველქმედებით ჭეშმარიტებისაკენ წარმართა ისინი.

ამრიგად, ალექსანდრიაში ასეთი დანაშაულები ჩაიდინა ლუკიუსმა342 და ასე განაგო საღვთო მზრუნველობამ.


თ ა ვ ი XXI

კონსტანტინოპოლში ჩადენილ დანაშაულებათა შესახებ


[225]არიოზის დაჯგუფების წევრებმა კონსტანტინოპოლში კეთილმსახური ხუცესებით გაავსეს ხომალდი და ტვირთის გარეშე ზღვაში გაუშვეს. შემდეგ მათ თანამოაზრეთაგან ზოგიერთი სხვა ნავში ჩასვეს და უბრძანეს, რომ ცეცხლი წაეკიდათ ხუცესთა ხომალდისათვის. როდესაც ეს ხდებოდა, ისინი ებრძოდნენ ცეცხლსა და ზღვას, ბოლოს, ზღვის სიღრმეში გადაეშვნენ და მოწამის გვირგვინი მოიპოვეს.

ვალენტმა დიდი ხანი დაჰყო ანტიოქიაში. მან ყველას, ელინებსაც და იუდეველებსაც, და სხვებსაც, ვისაც ქრისტიანის სახელი ჰქონდა მორგებული და სახარებისეული მოძღვრებების საწინააღმდეგოს ქადაგებდა, ხელშეუხებლობა მიანიჭა343. საცთურს დამონებულნი აღასრულებდნენ წარმართულ საიდუმლოებებს344, და მან ნება დართო, რომ იულიანეს შემდეგ იობიანუსის მიერ ჩაქრობილი სიცრუე კვლავ აგზნებულიყო. დიოს, დიონისეს და დემეტრას ორგიები არათუ პარაბისტში345 აღსრულდებოდა, როგორც კეთილმსახურის ზეობისას, არამედ შუა ფორუმზე დარბოდნენ ბახუსის მსახურები. მხოლოდ სამოციქულო მოძღვრების შუამდგომელთა წინააღმდეგ ომობდა. ჯერ იყო და ისინი ტაძრების სახლებიდან განდევნა, რადგან ყოვლადსახელოვან იობიანუსს მათთვის გადაცემული ჰქონდა ახლად აგებული ეკლესია. შემდეგ მთის ძირში იკრიბებოდნენ და მეუფეს საგალობლებით მიაგებდნენ პატივს, და საღვთო სწავლებებით განსცხრებოდნენ, იტანდნენ პირქარის, ზოგჯერ თავსხმა წვიმის, ნამქერისა და ყინვის შემოტევებს, ზოგჯერ კი - უძლიერეს სიცხეს. ვალენტი ნებას არ იძლეოდა, რომ ასეთ ღვაწლში შეწევნა მიეღოთ, არამედ მათ დასაშლელად ჯარისკაცები გაგზავნა.



თ ა ვ ი XXII

როგორ შეკრიბეს ანტიოქიაში ფლაბიანემ და დიოდორემ მართლმადიდებელთა ეკლესია


[226]ფლაბიანემ და დიოდორემ, როგორც რამ ზვირთსაქცევებმა გააპეს შემოტეული ტალღები. როდესაც მათი მწყემსი მელეტი იძულებული იყო, რომ შორს ეცხოვრა, ისინი ზრუნავდნენ სამწყსოზე, მგლებს წინ აღუდგებოდნენ თავიანთი ახოვანებითა და სიბრძნით, და ცხვრებს სათანადოდ მკურნალობდნენ. ასე რომ, მთის ძირიდან განდევნილები ცხვრებს მახლობელი მდინარის ნაპირებთან მწყსიდნენ. რადგან ვერ შეძლეს ბაბილონში დატყევეებულთა მსგავსად ძეწნაზე ჩამოეკიდათ საგალობლები, არამედ შემოქმედსა და ქველმოქმედს მისი მეუფების ყველა ადგილას უგალობდნენ. მაგრამ მტერი არც ამ ადგილას უშვებდა, მეუფის ღვთისმეტყველ კეთილმსახურ სამწყსოთა კრება რომ შემდგარიყო. კვლავ ამ საკვირველ მწყემსთა წყვილმა საბრძოლო სასწავლებელში შემოკრიბა საღვთო ცხვრები და სულიერი ბალახი უჩვენა. უბრძენესმა და უმამაცესმა დიოდორემ, როგორც რამ ვრცელმა და დიდმა მდინარემ თავისიანებს წყალი მიუტანა, ხოლო მოწინააღმდეგეთა მკრეხელობა ჩამორეცხა. იგი არ ფიქრობდა მისი ჩამომავლობის წარჩინებულებაზე და რწმენის გულისთვის შევიწროვებას სიხარულით ითმენდა.

ქველი ფლაბიანე, იგიც კეთილშობილთაგან იყო აღმოცენებული, ხოლო კეთილშობილებად მხოლო კეთილმსახურებას რაცხდა და, ისე მიიღო დიდი დიოდორე346 როგორც მწვრთნელმა ხუთჭიდის მორკინალი. იმ დროს საეკლესიო კრებულებში არ ქადაგებდა, ხოლო ამისათვის მოღვაწეთ უშურველად ანიჭებდა მსჯელობებისა და წმინდა წერილის განაზრებებიდან. არიანული მკრეხელობის წინააღმდეგ მშვილდს მოზიდავდა, როგორც რამ აზრისმიერი კაპარჭიდან იღებდა ისრებს. სახლშიც და საჯაროდაც საუბრობდა [227]და მწვალებელთა ბადეებს იოლად არღვევდა და მათ წამოწყებას ობობას ქსელის მსგავსად წარმოაჩენდა. მათთან ერთად იბრძოდა ეს აფრაატიც, ვისი მოქალაქეობაც აღვწერეთ "ღვთისმოყვარეთა ისტორიაში". მან ცხვრების გადარჩენა ამჯობინა სიმყუდროვეს, მიატოვა ასკეტის ქოხი და თავს იდო მწყემსის ჯაფა. ის, თუ სათნოების რა სიმდიდრე დააგროვა მან, ვფიქრობ, ახლა ამაზე ზედმეტია საუბარი, როცა ეს სხვა ნაშრომშია აღწერილი. მაგრამ მის [საქმეთაგან] მხოლოდ ერთს მოგითხრობთ, რომელიც მეტად შეეფერება ამ ისტორიას.


თ ა ვ ი XXIII

წმინდა მონაზონ აფრაატთან დაკავშირებული ამბები


მდინარე ორონტი ჩრდილოეთიდან უვლიდა სასახლეს, ხოლო სამხრეთიდან უდიდესი გადახურული გალერეა ქალაქის კედელზე იყო დაშენებული და ორივე მხრიდან კოშკები ჰქონდა მიდგმული. სასახლესა და მდინარეს შორის არის დიდი გზა, რომლითაც გამოდიოდნენ ქალაქიდან კარიბჭის გავლით და ის მიუძღვებოდა ქალაქის შემოგარენში მდებარე სოფლებში. ამ გზით დადიოდა საღვთო აფრაატი და გადიოდა სამხედრო სასწავლებელში347, და ღვთის ცხვრებს სათანადოდ მკურნალობდა. როდესაც იმპერატორი სასახლის გალერეადან ზემოდან გადმოყურებდა, დაინახა ის, თხის ტყავი მოესხა და მხცოვანი სწრაფად მიაბიჯებდა. როდესაც ვიღაცამ უთხრა, რომ ეს იყო აფრაატი, რომელზეც ქალაქის მოსახლეობა იყო ჩამოკიდებული, მას მიმართა: "მითხარ, სად მიდიხარ"? მან კი ბრძნულად და ჯეროვნად მიუგო: "შენი იმპერიისათვის სალოცავად". იმპერატორმა უთხრა: "კი მაგრამ მონაზვნური კანონის თანახმად სალოცავად სახლში უნდა იჯდე". ამ საღვთო კაცმა კი მიუგო: "ძალიან კარგად ამბობ, იმპერატორო, ასე უნდა მოვიქცე, და [228]ამ დრომდე ასეც ვიქცეოდი, ვიდრე მხსნელის ცხვრები მშვიდობით ტკბებოდნენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც დიდი შფოთი გადაიტანეს და ნადირივით შეპყრობის დიდი საფრთხე დაუდგათ, აუცილებელია, ყველა გზას მივმართოთ და გადავარჩინო ყრმები". უთხრა: "იმპერატორო, მითხარი, ვინმე ქალიშვილი რომ იჯდეს შიდა ოთახში და სახლზე ზრუნავდეს, ამ დროს კი დაინახოს, რომ ცეცხლის ალი ავარდა და მამისეული სახლი იწვის, რისი გაკეთება ჯერარს, მიპასუხე? შიგნით ჯდომა და იმის ყურება, თუ როგორ იწვის სახლი და ცეცხლის შემოტევის ასე დატოვება? თუ ოთახს დაემშვიდობოს, ირბინოს ზემოთ და ქვემოთ, წყალი მოზიდოს და ცეცხლი ჩააქროს? ცხადია, ამას იტყვი, რადგან ეს იქნება ქალიშვილის გამჭრიახი და გონივრული საქციელი. აწ ამას ვიქმ, იმპერატორო. რადგან როდესაც შენ ჩვენ მშობლიურ სახლში ცეცხლი შემოაგდე, დავრბივართ და ვცდილობთ მის ჩაქრობას". ასე მიუგო მას. ის კი დაემუქრა და გააჩუმა. საიმპერიო საძინებელ ოთახზე მიჩენილთაგან ერთ-ერთს, რომელიც უფრო კადნიერად დაემუქრა ღვთის კაცს, ევნო შემდეგი რამ. როდესაც მას იმპერატორის აბანოზე მზრუნველობა მიანდეს, ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ მალევე ჩავიდა მასში იმპერატორისთვის მოსამზადებლად. როდესაც შიგნით იმყოფებოდა, გონება დაკარგა, გაუნელებელ ცხელ წყალში ჩავიდა და აღესრულა კიდევაც. იმპერატორი იჯდა და ელოდა, თუ როდის აცნობებდა, რომ აბანოში შესულიყო. მას შემდეგ დიდ ხანი გავიდა, იმპერატორმა სხვები გაგზავნა, რათა ეუწყებია დაყოვნების მიზეზი. როდესაც ისინი შიგნით შევიდნენ, და ყველაფერი დაათვალიერეს, იგი იპოვეს გაუნელებელ წყალში მკვდარი და სიცხისგან აღსრულებული. როდესაც ეს შეატყობინეს იმპერატორს, შეიცნეს აფრაატის ლოცვის ძალა. მაგრამ ურჯულოთა დოგმატებს არ განუდგნენ, არამედ ფარაონის მსგავსად გაუსასტიკდათ გული. ამ გონებამიხდილმა შეიტყო რა ამ წმინდანის საკვირველმოქმედება, მაინც დარჩა კეთილმსახურებაზე გაცოფებული.

 

თ ა ვ ი XXIV

წმინდა მონაზონ იულიანესთან დაკავშირებული ამბები


[229]იმ ხანად ეს მრავალსაგალობელი იულიანეც, რომელიც წინათ ვახსენეთ, იძულებული შეიქნა, მიეტოვებინა უდაბნო და ანტიოქიაში შესულიყო. ვინაიდან სიცრუით გამოკვებილები და ცილისწამების ძალიან იოლად მქსოველები, ვგულისხმობ არიოზის შეხედულებების გამზიარებლებს, დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ ეს დიდი ადამიანი მათ მხარეზე იყო. ჭეშმარიტების მნათობებმა, ფლაბიანემ და დიოდორემ, და აფრაატმაც, ამ კაცთან გაგზავნეს სათნოების მორკინალი, ვამბობ აკაკიზე, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ მეტად ბრძნულად მართავდა ბეროელთა ეკლესიას. ისინი მას სთხოვდნენ, რომ შეებრალებინათ მრავალი ათასი ადამიანი, ემხილებინა მოწინააღმდეგეთა ცრუმეტყველება და განემტკიცებინა ჭეშმარიტების ქადაგება. თუ რამდენი საკვირველმოქმედება ქმნა მან ამ უდიდეს ქალაქში მისი დაბრუნებისა და წასვლის დროს, ჩვენს მიერ აღწერილია "ღვთისმოყვარეთა ისტორიაში", რისი წაკითხვაც ხელმისაწვდომია მსურველთათვის. ვგონებ, ადამიანური ბუნების მკვლევართაგან არავინ შეეჭვდება, რომ ჩვენს კრებულში მან თავი მოუყარა ქალაქის მთელ მოსახლეობას. რადგან საკვირველება მოხდა, რომ მთლიანობაში მან გაიყოლა ყველა. ის, რომ დიდი საკვირველებები ქმნა, ამას ჭეშმარიტების მტრებიც დაგვემოწმებიან.

ეს [საკვირველებები] წინათ, კონსტანციუსის დროს ალექსანდრიაში დიდმა ანტონიმ348 ქმნა. მან დატოვა უდაბნო და მთელ ამ ქალაქში დადიოდა, ყველას ასწავლიდა, რომ სამოციქულო მოძღვრების მქადაგებელი იყო ათანასე, ხოლო ჭეშმარიტების მოწინააღმდეგეები - არიოზის მომხრეები. ასე იცოდნენ ამ ღვთის კაცებმა, თუ რა შეეფერებოდა თითოეულ ჟამს, როდის მყუდროების შეწყნარება იყო საჭირო, და როდის უდაბნოს ამჯობინებდნენ ქალაქს.


თ ა ვ ი XXV

იმ ხანად სხვა რომელმა მონაზვნებმა გამოიჩინეს თავი


[230]იმ ხანად სხვებიც იყვნენ, რომლებიც სამონაზვნო ფილოსოფიის ბრწყინვალებას მისდევდნენ. ქალკედონის349 უდაბნოში იყვნენ აბიტოსი, მარკიანოსი350, აბრაამი351 და მათთან ერთად სხვებიც, რომელთა აღრიცხვაც ძნელია, და რომლებიც ვნებიან სხეულებში უვნებელი ცხოვრებით იღვწოდნენ. აპამეის352 მხარეში იყვნენ აგაპეტოსი353, სვიმონი354, პავლე, და სხვებიც, რომლებიც უმწვერვალეს ფილოსოფიას შემოკრებდნენ [თავის თავში]. ძევგმატის355 [უდაბნოში] - პუბლიუსი და პავლე. კირესტონელთა356 ქვეყანაში ყოვლად სახელოვანი აკეფსიმა კელინში იყო დაყუდებული და სამოცი წლის გამავლობაში ამგვარად ატარებდა ცხოვრებას, ვერც ხედავდნვნ და ვერც ხმას სცემდნენ. ღირსადქებული ძევმატიოსის, თუმც მხედველობა ჰქონდა დაკარგული, ირგვლივ დადიოდა ცხვრებს განამტკიცებდა და მგლებსაც ებრძოდა. ამის გამო გადაწვეს მისი ქოხი, მაგრამ ყველაზე ძლიერმა მორწმუნე სარდალმა ტრაიანემ სხვა აუშენა მას და სხვა მსახურებაც გაუწია. ანტიოქიაში იყვნენ: მარიანოსი, ევსები, ამიანე, პალადიოსი და სვიმონი, აბრაამი და მათთან ერთად სხვებიც, რომლებმაც საღვთო ხატი უმწიკვლოდ შეინარჩუნეს. აღვწერეთ როგორც მათი, ასევე ამათი ცხოვრება. უდიდესი ქალაქის ახლოს მდებარე მთა ბაღნარის მსგავსად გამშვენდა. რადგან მასზე გაბრწყინდა პეტრე გალატიელი, მისი სეხნია ეგეიპტელი, რომანოზი, სევეროსი,ზენონი, მოსე, მალქოსი და სხვა მრავალი, რომელთა შესახებ მრავალი უმეცარი არის, მაგრამ ღმერთისთვის ცნობილია.


თ ა ვ ი XXVI

დიდიმე ალექსანდრიელის და ეფრემ ასურის შესახებ


[231]იმ დროს თავი გამოიჩინეს ედესაში საკვირველმა ეფრემმა357, ხოლო ალექსანდრიაში დიდიმემ358, რომლებიც წერდნენ ჭეშმარიტების დოგმატების მტრების წინააღმდეგ. ერთი სირიულ ენას იყენებდა და სულიერი მადლის სხივებს ფენდა. მას არ ეგემა ელინური განათლება და ისე ამხელდა ელინთა ცთომილების ნაირგვარობას და ააშკარავებდა მწვალებლობის მთელი მზაკვრობის უძლურებას. ძველად ჰარმონიოსმა359 და ბარდესანმა360 რაღაც ოდები შეთხზეს, გალობის სიამოვნებისთვის უღმერთობა მიებათ, მსმენელებს ხიბლავდნენ და დასაღუპად მოინადირებდნენ. ამიტომ, მან იქიდან აიღო საგალობლის ჰარმონია და შეუზავა კეთილმსახურება, და მსმენელებს მიართვა ერთდროულად უტკბილესი და სასარგებლო წამალი. ეს სიმღერები ახლაც უფრო მეტად ამხიარულებენ ძლევამოსილ მოწამეთა დღესასწაულებს. დიდიმემ კი, რომელსაც სიყმაწვილიდან დააკლდა თვალის ჩინი, მიღებული ჰქონდა პოეტური და რიტორიკული განათლება. ასევე არითმეტიკისა და გეომეტრიის, ასტრონომიის და არისტოტელეს სილოგიზმების და პლატონის მჭევრმეტყველების სწავლებები სმენით ჰქონდა მიღებული. იგი მათ სწავლობდა არა როგორც ჭეშმარიტებას, არამედ როგორც ჭეშმარიტების საჭურველს სიცრუის წინააღმდეგ. აგრეთვე ნასწავლი ჰქონდა საღვთო წერილის არა მხოლოდ წერილები, არამედ აზრებიც. იმ ხანად ისინი ბრწყინავდნენ ასკეტიზმსა და სათნოების ზრახვებში.


თ ა ვ ი XXVII

იმ დროს ასიასა და პონტოში მცხოვრები გამოჩენილი ეპისკოპოსები


[232]ეპისკოპოსთა შორის იყო ორი გრიგოლი, ნაზიანზელი361 და ნოსელი362; ეს იყო დიდი ბასილის ძმა, ხოლო ის - მისი პირველი მეგობარი და თანაშემწე. კაბადოკიაში ისინი კეთილმსახურების გამო საუკეთესო მებრძოლები იყვნენ. მათთან ერთად საუკეთესო იყო პეტრეც, რომელსაც ბასილთან და გრიგოლთან საერთო მშობლები ყავდა, მაგრამ გარეშე განათლება მათთან ერთად არ ჰქონდა მიღებული, თუმცა ცხოვრებით ბრწყინავდა.

პისიდიაში იყო ოპტიმუსი363, ლიკაონიაში - ამფილოქე, რომლებიც ნამდვილად წინაპართა სარწმუნოების გამო იყვნენ საბრძოლოდ განწყობილი და მოწინააღმდეგის შეტევებს უკუაქცევდნენ. დასავლეთში დამასი, რომის [ეკლესიის] წინამძღვარი, და ამბროსი, რომელსაც მინდობილი ჰქონდა მედიოლანის [ეკლესიის] მართვა, შორიდან უკუაგდებდნენ თავდამსხმელებს. მათთან ერთად ისინი, რომლებიც იძულებული იყვნენ, დასახლებულიყვნენ [იმპერიის] უკიდურეს მხარეებში, წერილებით განამტკიცებდნენ თავისიანებს და მტრებს ანადგურებდნენ. ყოვლიერების განმგებელმა ღელვატეხის სიდიდეს ტოლძალოვანი მესაჭეები და მოწინააღმდეგეთა სარდლების სიძლიერეს სათნოება დაუპირისპირა, და ჟამის ძნელბედობას ბოროტებისაგან დამცავი წამლები უბოძა. არა მხოლოდ ამ წინაგანგების [საბოძვრები] გადასცა ეკლესიებს კაცთმოყვარე უფალმა, არამედ მზრუნველობის სხვა სახითაც ღირსყო ისინი.

 

თ ა ვ ი XXVIII

ვალენტის მიერ დიდი ვალენტინიანესადმი ომის თაობაზე მიწერილის შესახებ, ასევე ამ მორწმუნის მიერ პასუხად მიწერილის შესახებ


[233]როდესაც გოთების ერი საომრად აღიძრა, ბოსფორთან მიათრიეს ის, ვისაც მხოლოდ კეთილმსახურთა წინააღმდეგ ლაშქრობა ჰქონდა ნასწავლი. მაშინ შეიცნო ამ არარაობამ საკუთარი უძლურება, ძმას მიწერა და ჯარი სთხოვა. მაგრამ მან მიწერა, რომ წმინდა არ იყო ღმერთთან მებრძოლი კაცის დაცვა, არამედ სამართლიანი იქნებოდა, რომ დაეცხრო მისი კადნიერება. ეს უბადრუკი ამ სიტყვებზე დიდი მწუხარებით აღივსო, მაგრამ არ განაგდო მისი კადნიერება, არამედ დარჩა ჭეშმარიტების წინააღმდეგ ამხედრებული364.


თ ა ვ ი XXIX

კომიტი ტერენტიუსის კეთილმსახურების შესახებ


სომხეთიდან დაბრუნდა ტერენტიუსი და გამარჯვების ძეგლები აღმართა. იგი იყო საუკეთესო სარდალი და კეთილმსახურებით შემკული. მას ვალენტმა უბრძანა, ძღვენი ეთხოვა მისგან, მან კი განუცხადა ის, რაც სჭირდებოდა კეთილმსახურებით გამოზრდილს. რამეთუ მან ითხოვა არა ოქრო, არც ვერცხლი, არც მიწა, არც ძალაუფლება, არც სახლი, არამედ ის, რომ ერთი ეკლესია მიეცა სამოციქულო მოძღვრებისთვის წინა რიგებში მებრძოლთათვის. როდესაც მან მიიღო მისი მუდარა და შეიტყო მისი შინაარსი, განრისხდა და დახია, უბრძანა, სხვა რამ ეთხოვა. მაგრამ მან [234]შეაგროვა ნაგლეჯები და თქვა: "იმპერატორო, მივიღეთ და გვიპყრია ძღვენი და სხვას არ მოვითხოვ. რამეთუ ყოვლიერების მსაჯული არის ჩემი მიზნის მსაჯული".


თ ა ვ ი XXX

სარდალ ტრაიანეს კადნიერების შესასებ


ბთსფორზე გადასვლის შემდეგ [ვალენტი] თრაკიაში ჩავიდა, ჯერ კონსტანტინოპოლში დაყო დიდი ხანი, რადგან ომის ეშინოდა.

მან ბარბაროსების წინააღმდეგ სარდალი ტრაიანე გაგზავნა ჯართან ერთად. მას შემდეგ, რაც იგი დამარცხებული დაბრუნდა, ვალენტმა იგი ძალიან გაკიცხა, სირბილესა და სიმხდალეში დაადანაშაულა. მაგრამ მან ნამდვილი მამაკაცისათვის შესაფერისი კადნიერებით მიუგო: "არათუ მე დავმარცხდი, იმპერატორო, არამედ შენ გაუშვი ხელიდან გამარჯვება, როდესაც ღმერთის წინააღმდეგ დაირაზმე, და მისი მფარველობა ბარბაროსებისკენ შეაბრუნე. რამეთუ, ვინაიდან შენ ეომებოდი მას, იგი ბარბაროსებთან ერთად დაირაზმა, ხოლო ღმერთს გამარჯვებაც მიყვა და ღვთის მიერ ნაწინამძღვრებ ჯარებთან მივიდა. ნუთუ არ იცი, ეკლესიებიდან განდევნილები ვის გადაეცი?!" მასთან ერთად აღიარეს არინთეოსმაც და ვიქტორმაც, - ისინიც სარდლები იყვნენ, - რომ ეს ასე იყო, და იმპერატორს ურჩიეს, არ განრისხებულიყო მხილების შეუღლებულ ჭეშმარიტებაზე.


თ ა ვ ი XXXI

კონსტანტინოპოლელი მონაზვნის, ისააკის365 და სკვითიის ეპისკოპოს ბრეტანიონის კადნიერების შესახებ


[235]ამბობენ, როდესაც ისააკმა, რომელსაც მახლობლად მონაზვნური სენაკი ჰქონდა, შეიტყო, რომ იმპერატორი ლაშქართან ერთად მიდიოდა. გასაგებად შესძახა: "სად მიდიხარ, იმპერატორო, როცა ღმერთის წინააღმდეგ ლაშქრობ და იგი არ გივის შემწედ? რამეთუ მან აღძრა შენს წინააღმდეგ ბარბაროსები, მას შემდეგ, რაც შენ მათ წინააღმდეგ მრავალი ენა აღძარი საგმობლად, და მის წინაშე მგალობლები საღვთო სახლებიდან განდევნე. ასე რომ, შეწყვიტე ომი და შეწყდება ომი. დაუბრუნე სამწყსოებს საუკეთესო მწყემსები და უშრომლად მიიღებ გამარჯვებას. მაგრამ თუ ამას არ იქმ და ისე გაილაშქრებ, ფუჭი იქნება მცდელობა, ისე როგორც ძნელია სადგისის ცემა. რადგან ვერ დაბრუნდები და ჯარსაც დაღუპავ". იმპერატორი განრისხდა და უთხრა: "კიდეც დავბრუნდები და კიდევაც მოგკლავ, და სიცრუის წინასწარმეტყველების გამო სამართლიანად დაგსჯი". მაგრამ იგი სულ არ შეშინდა და შესძახა: "მომკალი, თუ მხილებულ იქნება ჩემი სიტყვების სიცრუე".

ბრეტანიონს, ყოველგვარი სათნოებით გაბრწყინებულს, ვისაც მთელი სკვითიის ქალაქები მინდობილი ჰქონდა სამღვდელმთავრო მართვისათვის, მოშურნეობით აღეგზნო გონება და ვალენტი ამხილა დოგმატების შერყვნასა და წმინდანების წინააღმდეგ უკანონო ქმედებებში. მან უსაღვთოეს დავითთან ერთად დაუყვირა: "ვამბობდით შენს მოწმობებზე მეფეთა პირისპირ და არ შეგვრცხვა".


თ ა ვ ი XXXII

გოთების წინააღმდეგ ვალენტის ლაშქრობის შესახებ, და თუ როგორ ზღო უღმერთობის სასჯელი


[236]მან უგულებელყო ის საუკეთესო მრჩევლები და ჯარი საბრძოლოდ წინ გაგზავნა, თვითონ კი რომელიღაც დაბაში იჯდა და ელოდა გამარჯვებას. ჯარისკაცებმა ვერ გაუძლეს ბარბაროსების ზეწოლას, უკან მიიქცნენ და დევნულები იღუპებოდნენ; ესენი სწრაფად გარბოდნენ, მაგრამ ისინი მთელი ძალით მისდევდნენ მათ.

ბარბაროსები ჩავიდნენ იმ დაბაში, სადაც ვალენტმა შეიტყო მარცხის შესახებ და დამალვას ლამობდა. ბარბაროსებმა ცეცხლი შეაგდეს და დაბასთან ერთად კეთილმსახურების მოწინააღმდეგეც დაწვეს. ამგვარად ზღო მან ამავე ცხოვრებაში სასჯელი იმ სისაძაგლეებისთვის, რაც მან ჩაიდინა.

 

თ ა ვ ი XXXIII

როგორ ეზიარენ გოთები არიანულ საცთურს

ვფიქრობ, მიზანშეწონილია, რომ მათ, ვინც არ იცის, ვაუწყოთ, თუ როგორ მიიღეს ბარბაროსებმა არიანული სენი.

როდესაც ისინი ისტროსზე გადავიდნენ და ვალენტთან ზავი დადეს, იმ დროს იქ იმყოფებოდა სახელგატეხილი ევდოქსიოსი და იმპერატორს ურჩია, რომ გოთები დაერწმუნებია მასთან ზიარებაზე. მათ ძველად მიღებული ჰქონდათ ღვთისმცოდნეობის სხივები და სამოციქულო დოგმატებით იყვნენ გამოზრდილი. მან უთხრა: [237]"აზრების თანაზიარება შეიქმს უფრო მტკიცე მშვიდობას". ეს აზრი მოიწონა ვალენტმა და მათ ბელადებს შესთავაზა დოგმატებში თანხმობა. მაგრამ მათ მიუგეს, რომ ვერ აიტანდნენ მშობლიური მოძღვრების მიტოვებას. იმ დროს მათი ეპისკოპოსი იყო ულფილა, რომელსაც ძალიან ენდობოდნენ და მის სიტყვებს უცვლელ კანონებად ღებულობდნენ. ისიც სიტყვებით მოხიბლა ევდოქსიოსმა, ფულით აცთუნა და დაარწმუნა, რომ ბარბაროსებს მიეღოთ იმპერატორთან ზიარება. დაარწმუნა იმის თქმით, რომ დავა პატივმოყვარეობის გამო ატყდა და დოგმატებს შორის არ იყო რაიმე განსხვავება. ამიტომ დღემდე ამბობენ გოთები, რომ მამა ძეზე მეტია, მაგრამ ძეზე ქმნილების თქმას ვერ თავს იდებენ, თუმცა ამის მთქმელებს ეზიარებიან. მაგრამ მიუხედავად ამისა მამათა მოძღვრება სრულად არ მიუტოვებიათ. ულფილამ ისინი დაარწმუნა, რომ ზიარებოდნენ ევდოქსიოსთან და ვალენტთან ერთად, უთხრა, რომ დოგმატებს შორის არ იყო განსხვავება, არამედ ამაო დავამ წარმოშვა გაყოფა366.

-----------------------------------------------------------------------------

თარგმანი შესრულებულია შემდეგი გამოცემიდან: J. P. Migne, Patrologiae Cursus Completus, Patrologiae Graecae Tomus 82, p. 881-1280.

შენიშვნები

280[339]იოვიანუსი იყო სინგიდუნუმის (თანამედროვე ბელგრადის) კომიტის, ვარონიანუსის ძე. ის დაიბადა 330 ან 331 წ., მეფობდა 363 წლის ივნისიდან 364 წლის თებერვლამდე.

281 - იგულისხმება განდგომილება.

282
- ἐμαρτυρήθησαν, ქრისტეზე დაამოწმეს, ე.ი. ეწამნენ. ქართული სიტყვა წამება თავდაპირველი მნიშვნელობით ნიშნავდა არა ტანჯვას, არამედ დამოწმებას, მაგრამ ვინაიდან ქრისტეზე დამოწმება ამავე დროს მისთვის ტანჯვასაც ნიშნავდა, "წამებამ" ხალხის ცნობიერებაში ტანჯვის მნიშვნელობა შეიძინა და მისი სინონიმი გახდა.

283
- ბრიტანეითში ქრისტიანობამ ფეხი მოიკიდა ავგუსტინეს მისიანდე 200 წლით ადრე. 208 წელს ცნობებმა ბრიტანული ქრისტიანობის შესახებ მიაღწია ტერტულიანემდეც აფრიკაში.

284
- უნდა ვივარაუდოთ, რომ აქ იბერიის ეკლესიაც იგულისხმება.

285 - დადასტანი არის ნაკლებად ცნობილი ადგილი, რომელიც მდებარეობდა ანკვირიისა და ნიკეას შორის გზის შუაში. იოვიანუსი ნავახშმევს შევიდა ახლად აშენებულ ოთახში. კარი ჯერ კიდევ სველი იყო და ნახშირის ღუმელი იდგა ჰაერის გასათბობად. დილით იგი საწოლში მკვდარი ნახეს (იხ. ამიანე მარცელიუსი, რომის ისტორია, XXV.10.12.13).

286 - ვალენტი.

287
- ἀπένειμε - სიტყვ. გამოყო.

288 [340]კონსტანტინეს კონსტიტუციის მიხედვით იმპერიის თორმეტი დიოცეზის მმართველის გარდა არსებობდა 116 პროვინციის მმართველის, რექტორების, კორექტორების, პრეზიდების და კონსულების თანამდებობები. ამბროსი დანიშნული იყო ლიგურიისა და ემილიის კონსულის, პრობუსის მიერ. არის გადმოცემა, რომ როდესაც პრობუსი მას ამ თანამდებობაზე ნიშნავდა იწინასწარმეტყველა და უთხრა: "Vade; age non ut judex, sed ut episcopus" ("წადი და იმოქმედე არა როგორც მსაჯულმა, არამედ როგორც ეპისკოპოსმა").

289 - στάθμη.

290 - κανόν.

291 - იმპერიის თორმეტი დიოცეზი იყო შემდეგი: 1) ოქსიენი, 2) პონტიკა; 3) ასია; 4) თრაკია; 5) მიზია; 6) პანონია; 7) ბრიტანია; 8) გალია; 9) ევნენსისი; 10) იტალიკიანა; 11) ჰისპანია; 12) აფრიკა.

292
- კონსტანტინეს დროს დასავლეთის ილირიკია (Illiricum Occidentale) მოიცავდა დალმაციას, პანონიას, ნორიკუმს და სავიას. აღმოსავლეთის ილირიკია (Illiricum Orientale) კი - დაკიას, მიზიას, მაკედონიას და თრაკიას.

293 - αυτοκράτορες, ლათ. imperatores.

294 - ἐν ἡμῖν πολιτευομένου Χριστοῦ.

295 - ე.ი. ეშმაკთან.

296 -  ე.ი. უფლის.

297 - იგულისხმება ნიკეის კრებაზე მიღებული მრწამსი.

298 [341]μὴ ἐτεροδιδασκαλεῖν, μηδὲ ἑτεροκενοδοξεῖν.

299 - სირიული სახელი, საიდანაც მომდინარეობს "მესალიელები" ან "მასალიელები", ნიშნავს მლოცველ ერს.

300
- παρουσία.

301 - მელეტინა (მალატია) იყო მცირე არმენიის მეტროპოლია. ამ ქალაქში დაამარცხეს რომაელებმა სპარსეთის შაჰი ხოსრო ნუშირვანი 577 წ.

302 - წმ. ამფილოქე, იკონიის მთავარეპისკოპოსი, იყო წმ. ბასილი დიდის მეგობარი და გრიგოლ ღვთისმეტყველის ბიძაშვილი. დაიბადა, სავარაუდოდ, დაახლოებით 344 წ.

303
- 381 წლამდე არ ჩანს როგორც ეპისკოპოსი.

304 - ვალენტი მოინათლა 368 წელს.

305 - ალბია დომინიკა.

306 - სამოსატა იყო კომაგენეს დედაქალაქი ევფრატის სანაპიროზე. აქ დაიბადა სახელგანთქმული ლუკიანე. ეს ქალაქი იყო ევსების საეპისკოპოსო, რომელიც იყო ბასილი დიდის და გრიგოლ ღვთისმეტყველის მეგობარი. 

307
- λειτουργία.

308 - ძევგმა მდებარეობდა ევფრატის მარჯვენა ნაპირზე, ძველი აპამეასა და სელევკიას მოპირდაპირე მხარეს.

309 - ახლად დადგენილი წინამძღვარი.

310
[342]იგულისხმება ცეცხლით განწმენდის წარმართული ჩვეულება.

311 - იოვიანუსი იყო ბასილი დიდის და ევსები სამოსატელის მეგობარი. პერა არის ევფრატენსისის ქალაქი.

312 - კუნძული ფინიკიის სანაპიროს მახლობლად.

313 - მდებარეობდა ნილოსის ნაპირას. ამ ქალაქს ასე იმიტომ ეწოდებოდა, რომ მისი მოსახლეობა სტრაბონის გადმოცემით თაყვანს სცემდა შუბს.

314
- Ελληνας.

315
- ე.ი. სულთა ყანობირის საღვთო დამოძღვრით დამუშავება.

316
- ევლოგი 369 წ. იმყოფებოდა რომში, 379 წ.  - ანტიოქიაში, 381 წ.  - კონსტანტინოპოლში.

317
- ადარებს სახელგანთქმულ ბერმენ ორატორს.

318 - იგულისხმება ბასილი დიდი.

319 - იგულისხმება ათანასე დიდი.

320 - ე.ი. მეზობელ ეპარქიებში ვინც მსახურებდა.

321
- παλαιστρα - საბრძოლო ხელოვნების შესწავლის ადგილი, ფიზიკური აღზრდის სასწავლებელი, სკოლა.

322 - παιδοτρίβης - ფიზიკური ვარჯიშების, გიმნასტიკის მასწავლებელი. ნიშანდობლივია, რომ ანტიკური ბერძნული ფიზიკური აღზრდის კულტურის გამომხატველი ტერმინები ქრისტიანულ მწერლობაში გადავიდა ამჯერად სულიერი აღზრდის გამოსახატავად. ასევე [343]შდრ. ქრისტიანი მოწამის ან აღმსარებლის წოდება მორკინალად (ათლეტად).

323
- πολυύμνητος.

324
- θηλυμόρφῳ τῷ σχήματι.

325 - κάθοδον τοῦ ἁγίου Πνεύματος ἐπικαλούμεθα.

326
- ე.ი. დედიშობილა.

327 - იხ. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის XXV სიტყვა. ქართული თარგმანი გამოიცა ალმანახ "გზა სამეუფოში", №2, 1995 წ.

328 - κόμης κομητατησίων λαργιτιόνων - იმპერატორის კარზე არსებული თანამდებობის ლათინური სახელწოდების comitatensium largitionum comes-ს კალკირებული თარგმანი.

329
- იგულისხმება ლუკიუსი.

330 - შდრ. რომ. 1.25.

331 - კოელე-სირიაში, ორონტის წყაროების მახლობლად, სადაც შემორჩენილია ანტონიუს პიუსის მიერ აგებული მზის ტაძრის ნანგრევები.

332
- იგულისხმება მაგნუსი.

333
- δεισιδαιμονῶν. შდრ. საქმე 16.22.

334 - δεισιδαιμονεστάτος.

335[344]ვალეზიუსი მას აიგივებს პატრას არაბეთმი მდებარე ფინონთან, ამჟამად ტაფილეჰი.

336 - მარმარას ზღვაში ამავე სახელწოდების კუნძული.

337 - გამოს. 12, 30.

338
- იგულისხმება მაგნუსი.

339
- ბერძნულ მითოლოგიაში მიწის ქვეშ მიცვალებულთა საუფლო, ქრისტიანი მწერლები მას ჯოჯოხეთის აღსანიშნავად იყენებდნენ.

340 - შდრ. სოძომენე, დასახ. ნაშრ., 6. 38, სოკრატე, დასახ. ნაშრ., 4, 36.

341 - დაახლოებით 375 წ.

342 - სოძომენე (VI. 38) ლუკიუსს ახასიათებს როგორც თავაზიანად მოსაუბრეს: "მანამდე ნუ განმსჯით, ვიდრე არ გაეცნობით ჩემს მრწამსს". ლუკიუსი განდევნილ იქნა ალექსანდრიიდან, როდესაც ვალენტის ზეობა დასრულდა მისი სიკვდილით 378 წ.

343 - ἀδειαν - სიტყვ. უშიშრობა.

344 - τελετὰς.

345
- παράβυστον - ათენის საიდუმლო სამსჯავრო, ἐις παραβύστῳ - საიდუმლოდ, ფარულად, ჩაკეტილში.

346 - დიოდორე ამ დროს არის ხუცესი.

347
- იგულისხმება მისი ასკეტური მოსაგრეობის ადგილი.

348[345]ანტონი დიდი დაიბადა 250 წელს, ზემო ეგვიპტეში. ათანასე დიდი მას უწოდებს "ასკეტიზმის დამფუძნებელს". მისი ცხოვრების მიხედვით 335 წელს იგი ჩავიდა ალექსანდრიაში არიანელების წინააღმდეგ გამოსასვლელად. ის გარდაიცვალა 355 წელს თავის სენაკში, ამათას, მაკარის, სერაპიონის და ათანასეს გარემოცვაში.

349
- სირიაში ქალკისის მახლობელი რეგიონი; ის უნდა განვასხვავოთ მაკედონიის ქალკიდიკისგან.

350
- წარმოშობით თეოდორიტეს საეპისკოპოსოდან, კვიროსიდან იყო.

351
- ეწეოდა მისიონერულ მოღვაწეობას. მოგვიანებით მისი ნების საწინააღმდეგოდ გახდა კარას ეპისკოპოსი.

352
- სავარაუდოდ აპამეა ორონტის მახლობლად.

353 - აპამეის ეპისკოპოსი, მარკიანუსის მეგობარი და მოწაფე.

354
- ასევე მარკიანოსის მოწაფე. ორმოცდაათი წლის განმაელობაში სწავლობდა ასკეტიზმის ფიოლოსოფიას (იხ. წმ. იოანე ოქროპირის 55-ე ეპისტოლე).

355
- ძევგმას მახლობლად, ევფრატის სანაპიროზე, აპამეის საწინააღმდეგო მხარეს.

356 - კვიროსის მახლობლად.

357 - წმინდა ეფრემ ასურს ეკლესია უწოდებს "სინანულის მოძღვარს". იგი დაიბადა 306 წელს ნიზიბისში ღარიბ ქრისტიანულ ოჯახში. ის ახალგაზრდობაში ქურდობის ბრალდებით ჩასვეს საპყრობილეში, სადაც პირობა დადო, რომ მოინანიებდა მის წინანდელ ცოდვებს [346]და თავს ღმერთს მიუძღვნიდა. ეფრემი მალე გაამართლეს, რის შემდეგაც ის წავიდა მთაში, შეუერთდა იქ მცხოვრებ განდეგილებს და დაემოწაფა სახელგანთქმელ იაკობ ნიზიბინელს. იაკობის გარდაცვალების შემდეგ ეფრემი ნიზიბისში ეწეოდა სამოძღვრო მოღვაწეობას. 363 წელს, როდესაც სპარსელებმა დაიპყრეს ნიზიბისი, ეფრემი გადავიდა ედესაში. წმინდა მამა ძალიან ნაყოფიერი მწერალი იყო. ის წერდა მწვალებლების, მარკიონიტების, მანიქეველების, ცნობილი გნოსტიკოსის ბარდესანის და არიანელების წინააღმდეგ. მან დაგვიტოვა ღრმა სულიერებით განმსჭვალული ჰიმნები. წმ. ეფრემ ასურის გარდაცვალების თარიღი უცნობია. დაახლოებით შეიძლება დასახელდეს 373 წელი.

358 - მოღვაწეობდა 309-399 წ.წ.-ებში. ოთხი წლიდან ბრმა იყო. მაგრამ ძალიან განათლებელი იყო. იგი ათანასე დიდმა შეცვალა ალექსანდრიის კატეხეტური სასწავლებლის თავმჯდომარის თანამდებობაზე. ნეტარი იერონიმე მას უწოდებდა წინასწარმეტყველს და მის მოძღვარს, მან თარგმნა მისი ტრაქტატი "სულიწმინდის შესახებ". დიდიმე არის მრავალი ეგზეგეტიკური ნაშრომის ავტორი, რომელთა უმრავლესობას ჩვენამდე არ მოუღწევია. მეხუთე მსოფლიო კრებაზე, 553 წელს (ზოგი მკვლევარის აზრით თვით კრების გამართვამდე) ორიგენესთან და ევაგრე პონტოელთან ერთად დაადანაშაულეს მწვალებლობაში და გადასცეს ანათემაზე.

359 - ჰარმონიოსი ეწეოდა სამწერლობო მოღვაწეობას სირიულ და ბერძნულ ენებზე II საუკუნის მიწურულს.

360 - ბარდესანი, ანუ ბარ დაისანი, გამოჩენილი სირიელი გნოსტიკოსი, დაიბადა 155 წელს.

361
- გრიგოლ ნაზიანზელს ასე ეწოდა არა იმიტომ, რომ ის იყო ნაზიანზის (კაბადოკიაში) ეპისკოპოსი, არამედ მისი მამის გამო, [347]რომელიც იყო მისი თანამოსახელე და იყო ნაზიანზის ეპისკოპოსი. ის ჯერ იყო სასიმის ეპისკოპოსი, შემდეგ - კონსტანტინოპოლის.

362
- წმ. ბასილი დიდის უმცროსი ძმა. იგი დაიბადა 335 წელს. ის იყო კაბადოკიის ნაკლებად ცნობილი ქალაქი ნისის ეპისკოპოსი 372 წლიდან 395 წლამდე. მათი მშობლები იყვნენ: მამა - ბასილი (პროფესიით ადვოკატი), დედა - ემილია. ათი შვილიდან უმრწემესი, პეტრე იყო სებასტიის ეპისკოპოსი.

363
- პისიდიის ანტიოქიის ეპისკოპოსი. ესწრებოდა 381 წ. კრებას კონსტანტინოპოლში.

364 - ამ დროს ვალენტინიანე უკვე გარდაცვლილი იყო (375 წ.), როდესაც გოთებმა გადალახეს მდ. დანუბა და გააპარტახეს თრაკია (376 წ.). თეოდორიტეს "ვალენტინიანეს"’ ნაცვლად უნდა დაეწერა  "გრაციანე", "ძმის" ნაცვლად - "ძმიშვილი".

365
- შესაძლოა ისააკი, რომელიც უპირისპირდებოდა   წმ. იოანე ოქროპირს (იხ. სოძომენე, დასახ. ნაშრ. VIII, 9).

366
- ქრისტიანობა გოთებში, რეინის ნაპირას მოსახლე გერმანულ ტომებში პირველად ჩანს 300 წელს, როდესაც ვისიგოთებმა ჩაიგდეს ხელში პირველობა, რომლებსაც გაყვნენ ოსტგოთები. ისინი მოქცეულ იქნენ არიანელების გავლენით და მიიღეს არიანული მრწამსი. ეპისკოპოს ულფილას შრომების ფრაგმენტები შემონახულია შემდეგ ხელნაწერებში: 1) Codex Argenteus უფსალაში, 2) Codex Carolinus, 3) ამბროსისეული ფრაგმენტები.

 



ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ზურაბ ჯაშმა

საეკლესიო ბიბლიოთეკა, ტ. X, გამომცემლობა "ახალი ივირონი", 2008 წ.

კავებში ([]) ჩასმული ნუმერაციით მითითებულია გამოცემის გვერდები

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 31 მაისი 2013 13:28)