Georgian (Georgia)English (United Kingdom)

მიქაელ მოდრეკილის იადგარი ტაო-კლარჯეთისა და პალესტინის ქართული სამგალობლო სკოლების შემოქმედებით მიღწევათა შემაჯამებელ და დამაგვირგვინებელ ეტაპს ასახავს. კრებული შედგენილია X საუკუნის მეორე ნახევარში (977-988 წლებში). ამ დროისთვის ქართული ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულები ეროვნული შემოქმედებითი ნაკადის ზრდის ტენდენციებს ავლენენ. ბიზანტიური წარმომავლობის ნათარგმნი იადგარები უფრო ინტენსიურად ივსება ქართველ ჰიმნოგრაფთა თხზულებებით. ამას ხელი შეუწყო ეროვნული ეორტოლოგიის შემუშავებამ, წმინდა ქართული დღესასწაულების დაწესებამ, რომლებიც ეროვნული  წმინდანების ხსენებასა და სხვა ღირსშესანიშნავი მოვლენების აღნიშვნას დაუკავშირდა. შეიქმნა ორიგინალური ჰიმნები, მიძღვნილი წმიდა ნინოსა (sin.59) და წმინდა აბოსადმი (ამ უკანასკნელს საგალობლები მიუძღვნეს იოანე ქონქოზისძემ და სტეფანე სანანოისძემ, ჰიმნები შესულია ხელნაწერში S-425), აგრეთვე, საბა განწმენდილის სახელზე, რომლის ხსენება განსაკუთრებულად აღინიშნებოდა საქართველოში (ჰიმნების ავტორია ბასილ საბაწმინდელი), მარხვანის თითქმის მთელი სტიქარონული ნაწილი (იოანე მინჩხისა, შესული ხელნაწერებში sin. 5 და sin. 75) და სხვა.

მიქაელ მოდრეკილის იადგარის განსაკუთრებული ღირსება იმით აიხსნება, რომ მასში თავმოყრილი და სისტემატიზებულია მანამდე არსებული მთელი ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა (ძლისპირები, გალობანი, სტიქარონები, ოხითანი), სხვადასხვა ავტორთა საგალობლები, როგორც ორიგინალური, ისე ნათარგმნი. მას, გარდა საკუთარისა, შეტანილი აქვს იოანე მტბევარის, იოანე მინჩხის, გიორგი მერჩულეს, ბასილ ხანძთელის, კურდანას და სხვა ანონიმურ ავტორთა ჰიმნები. ბიზანტიური ჰიმნოგრაფია წარმოდგენილია იოანე დამასკელის, კოზმა იერუსალიმელის, ანდრეა კრიტელის, სტეფანე საბაწმინდელის, იოსებ მგალობლისა და ანონიმი ავტორების საგალობლებით. ხელნაწერი სავარაუდოდ 1264 გვერდს მოიცავდა. ჩვენამდე 544 გვერდია მოღწეული (კრებული თავბოლონაკლულია).

ერთი მოსაზრებით, მიქაელი ოშკში მოღვაწე ბერი ყოფილა (კორნელი კეკელიძე); სხვა თვალსაზრისით მას შატბერდში უღვაწია (პავლე ინგოროყვა). მიჩნეულია, რომ "მოდრეკილი" დაყუდებულს ნიშნავს.

იადგარში წარმოდგენილი დაახლოებით ორასი საგალობლიდან მიქაელ მოდრეკილს უეჭველი მონაცვლეობით ოთხი ჰიმნი მიეკუთვნება - ორი აღდგომის (მესამე და მეშვიდე ხმისა), ერთი ნათლისღების (პირველი ხმისა), ერთი კი - ძველი და ახალი სჯულის მამებისადმი მიძღვნილი (მერვე ხმისა). ხსენებულ საგალობელთაგან სამს ახლავს კრიპტოგრამული წარწერა: "დასდებელნი თქუმულნი ორმეოცისა, ათისა, ექუსასისა, ერთისა, ხუთისა და ოცდაათისანი". იგი პოლიევქტოს კარბელაშვილმა გაშიფრა; თავდაპირველად მან ამოიკითხა სახელი მიქაელი. ამდენად, მიქაელ მოდრეკილის ავტორობა საიდუმლო დამწერლობით დასტურდება. მეოთხე საგალობლის გასწვრივ აშიაზე წერია - მიქაელისი (საგალობელი აკროსტიქულია. ამგვარ კიდურწერილობაში საცისკრო კანონის გარდა მონაწილეობს დასდებლები "უფალო ღაღატყავსა" და "აქებდით ზედა"). ხსენებული საგალობლების გარდა, სამეცნიერო ლიტერატურაში მიქაელ მოდრეკილს რვა ხმა აღდგომის საგალობელთა მესამე, ახალი ფენის ნაწილს აკუთვნებენ, კერძოდ ჰიმნებს, რომლებსაც აქვთ მინაწერი: "ქართულნი". შესაბამისად, აღდგომის ციკლის ახალი ფენის ცამეტი საგალობლიდან შვიდის ავტორად მიქაელ მოდრეკილია მიჩნეული.

იადგარი აღკაზმულია რიტმული პუნქტუაციის ნიშნებითა და ნევმებით. ნევმების რაოდენობა 23 ნიშნით განისაზღვრება. ნიშნები განლაგებულია ინტერვალებით, სტრიქონს ზემოთ და სტრიქონს ქვემოთ, რაც ძველი ქართული სამუსიკო დამწერლობის ორიგინალობაზე მიუთითებს.

მიქაელ მოდრეკილის ანდერძიდან ირკვევა, რომ იგი განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდა კილოს "სიწმინდეს და სისწორეს", სამუსიკო ნიშნების "უცთომელობას". აქედან ჩანს, რომ მიქაელი საგალობლების არა უბრალო შემკრებია, არამედ უბადლო ნევმატორი (ძველი ტერმინოლოგიით "მნიშვნელი"), შესანიშნავი მუსიკოს-მგალობელი და მუსიკის თეორეტიკოსი.

მიქაელ მოდრეკილის ანდერძი კიდევ ერთ მეტად საგულისხმო ცნობას შეიცავს, საიდანაც ჩანს, რომ ამ პერიოდისათვის ქართველები თხზავდნენ ორიგინალურ ძლისპირებს და მათ კილოებს: "შევკრიბენ საგალობელნი ესე წმიდისა აღდგომისანი, რომელნი ვპოვენ ენითა ქართველთაჲთა მეხურნი: ბერძულნი და ქართულნი, სრულნი ყოვლითა განგებითა წესისაებრ საეკლესიოჲსა", - წერს იგი. "ქართულნი" ამ შემთხვევაში ყოვლითურთ ორიგინალურ პოეტურ-სამუსიკო ქმნილებებს, ქართული კილოს მქონე ძლისპირებს გულისხმობს. იმავე მნიშვნელობისაა შემდეგი სახის მითითებები: "ქართულნი ძლისპირითურთ" (იგი მესამე ხმის აღდგომის დასდებელს ერთვის წინ) ან "თჳთნი" (საკუთარი კილოს მქონე). ეს უკანასკნელი ხელნაწერებში ქართველი ავტორის შესახებ მითითებებს ახლავს (მაგალითად, იოანე მინჩხის ჰიმნებს). ძლისპირის გარეშე წარმოდგენილი საგალობლებიც თვითავაჯ ჰიმნებადაა მიჩნეული, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ტექსტში ამგვარი მითითება. ასეთია, მაგალითად კურდანაჲს აღდგომის მეშვიდე ხმის სტიქარონები.

მიქაელის ანდერძში ყურადღებას იქცევს ტერმინი "მეხური". იგი საგალობლის კილოზე, ჰანგზე მიანიშნებს. ეტიმოლოგიურად ეს სიტყვა ბერძნულ "იხოსს" (ხმას) უკავშირდება. ჰიმნოგრაფებს, რომელთა ამოცანას თხზულებათა რვა ხმის მრავალრიცხოვან კილოებზე გაწყობა შეადგენდა, "მეხელებს" უწოდებდნენ. "მეხელნი... მოძღურად მყუანან და ღმერთშემოსილადო", - წერს წმიდა გიორგი მთაწმინდელი ერთ-ერთ ანდერძში.

მიქაელ მოდრეკილის იადგარიდან ჩანს, რომ X საუკუნეში საქართველოში მოღვაწეობდა მეხელეთა მთელი პლეადა, რომელთაც ერთნაირად ხელეწიფებოდათ როგორც საგალობლის პოეტურ ტექსტზე "ჴმისა დადებისაჲ ჴელყოფაჲ" (ანუ ამა თუ იმ კილო-მოდელზე სასულიერო პოეტური ტექსტის მისადაგება), ასევე საგალობელთა ახალ, ორიგინალურ კილოთა შეთხზვა.

მაგდა სუხიაშვილი

გაზეთი "ქართული გალობა", №7, 2007 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 16 FEBRUARY 2012 11:33)