ქართული ნევმური სისტემა
მიქაელ მოდრეკილის უაღრესი თავმდაბლობით აღბეჭდილ ამ მინაწერში მთელი სისრულით ვლინდება დიდი მამის ღვაწლი ქართულ გალობაში: "შეწევნითა დიდად სახიერისა ღმრთისაითა მე გლახაკმან და უღირსად ცხოვრებულმან ღელვათა სოფლისათა დანთქმულმან და სიმძიმითა ბრალთა სიმრავლისაითა დაღონებულმან მიქაელ მოდრეკილმან ვიღუაწე და უზეშთაეს უძლურისა ძალისა ჩემისა შრომაი ვაჩუენე და შევკრიბენ საგალობელნი ესე წმიდისა აღდგომისანი რომელნი ვპოენ ენითა ქართველთაითა მეხურნი ბერძნულნი და ქართულნი სრულნი ყოვლითა განგებითა წესისაებრ საეკლესიოისა უფალო ღაღატყავითა და სიმართლით სისწორითა კილოისაითა და უცთომელობითა ნიშნისაითა". ესაა არამარტო ქართულ ენაზე იმ დროს არსებული ყველა საგალობლის თავმოყრა, არამედ მათი გადარჩევა და განწმენდა "არაკეთილთაგან" ("საყუარელნო სხვანიცა გალობანი ნათლისღებისანი მრავალნი მქონდეს: სიტყუად არაკეთილ იყვნეს და ამისთვის არა დავწერენ") და რაც მთავარია, მათი ნევმირება - კილოზე გაწყობა "უცთომელობითა ნიშნისაითა". სწორედ ეს უკანასკნელი განაპირობებს მიქაელ მოდრეკილის "საწელიწდო იადგარის" განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქართული გალობის ისტორიაში.
ნევმები - ძველი სამუსიკო ნიშნები, რომელთა მეშვეობითაც ხდებოდა საგალობლის ჰანგის ჩაწერა, სავარაუდოდ VIII-IX საუკუნეებში ჩამოყალიბდა. მკვლევართა აზრით, მათი გაჩენა დაკავშირებულია საგალობო პრაქტიკაში იოანე დამასკელის მიერ რვა ხმის სისტემის დამკვდირებასა და საგალობლის ჰანგის კანონიზაციასთან. კანონიკური ჰანგის შესწავლისა და მისი მყარად შენარჩუნებისათვის გალობის სწავლების მხოლოდ ზეპირი მეთოდი აღარ კმაროდა. თუმცა ნევმების გაჩენას VIII-IX საუკუნეებიდან ვარაუდობენ, ჩვენამდე მოღწეული პირველი ნევმირებული ძეგლები, თვით ბიზანტიურ პრაქტიკაშიც, X საუკუნიდან შემორჩა, უფრო ადრინდელი ნიმუშები არ მოგვეპოვება. მიქაელ მოდრეკილის "იადგარი", რომელიც 977-988 წლებით თარიღდება, ორიგინალური სამუსიკო ნიშნების შემცველი პირველი ქართული ძეგლია. X საუკუნის ბოლოს კი საკუთარი სამუსიკო დამწერლობის არსებობა, ქართული სამგალობლო კულტურის მაღალ განვითარებაზე მეტყველებს. ქართული ნევმური სისტემა ერთ-ერთ უძველეს ფენომენს წარმოადგენს. იგი თანადროულია ბიზანტიური ნევმური სისტემის განვითარების ადრეული - პალეობიზანტიური ეტაპისა.უძველესი ქართული სამუსიკო დამწერლობა, მიქაელ მოდრეკილის კრებულის გარდა, X-XI საუკუნეების სხვა ძეგლებითაცაა წარმოდგენილი: იოარდანეს ძლისპირთა კრებულ ( 603); უცნობი ავტორის "სადღესასწაულო" ( 596); იელის იადგარი (მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი); სინას მთის ხელნაწერები (შინ 1; შინ. 14); ათონური კოლექციის ხელნაწერი №85. მათგან ზოგიერთი უაღრესად მასშტაბური და ინტენსიურად ნევმირებულია (მიქაელის, იორდანეს კრებულები, შინ. 1), ზოგში კი ნევმები მხოლოდ ფრაგმენტულადაა წარმოდგენილი (იელის იადგარი), მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა მათგანი სისტემის ერთგვაროვნებას გვიდასტურებს. ამ ნიმუშებში დაცულია ერთი ტიპის ნიშნები, საერთოა ნევმირების მეთოდი, არ გვხვდება სხვადასხვა ვარიანტები და განშტოებები. X-XI საუკუნეებში იგი უკვე მკაცრად განსაზღვრულ პრინციპებზეა აგებული, პრინციპებზე, რომლებიც ერთნაირად მოქმედებს სხვადასხვა წარმომავლობის ხელნაწერებში.
სავარაუდოდ, ქართული ნევმური სისტემის ჩამოყალიბების საწყისი ფაზა ამ დროისათვის, უკვე განვლილი ეტაპი იყო და აღნიშნული ხელნაწერები გვიჩვენებენ არა მისი განვითარების პროცესს, არამედ შედეგს. მაშინ, როდესაც მის თანადროულ პალეობიზანტიურ ნოტაციას მკვლევარები განვითარების პირველ სტადიად განიხილავენ. ყოველივე ეს ქართული ნევმური ნოტაციის არქაულობაზე მეტყველებს.
ქართულ სამუსიკო ხელნაწერებში ნათლად წარმოჩინდება ქართული ნევმური სისტემის თავისებურებანი. ეს თავისებურებებიც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ვინაიდან მათ ანალოგი არ მოეპოვებათ სხვა საგალობო სისტემებში: ნიშნების მოთავსება სიტყვიერი ტექსტის ზემოთ და ქვემოთ და მათი არასილაბური განლაგება (ანუ ნევმები მოთავსებულია პოეტური ტექსტის არა ყოველ მარცვალზე, არამედ ინტერვალებით). მართალია, ნევმების ასეთი განლაგებით ქართული ნოტაცია გარკვეულწილად ემსგავსება ბიზანტიურ ეკფონეტიკურ ნიშანთა სისტემას, მაგრამ ეს მსგავსება მხოლოდ გარეგნულია. ეკფონეტიკური ნიშნები, რომლითაც “იკითხვენ ბერძენნი სახარებასა და სამოციქულოსა”, იყო არა საგალობო, არამედ საკითხავების ნიშნები და ისინი აკონტროლებდნენ მეტყველების “მღერადობას”. მათი ფუნქცია ქართულ ტრადიციაში იმთავითვე განსაზღვრული იყო და განსხვავდებოდა სამუსიკო ნევმებისაგან. ეკფონეტიკური ნიშნები საღვთისმსახურო პრაქტიკაში გამოიყენებოდა IV საუკუნიდან, განსაკუთრებით აქტიურად კი – VIII-XIII საუკუნეებში. სავარაუდოდ, სწორედ ამ პერიოდში (VIII-IX სს.) დაიწყო ქართული ნევმური სისტემის ჩამოყალიბების პროცესი და შესაძლოა, მას ზოგიერთი მისთვის ახლობელი პრინციპი გაეთავისებინა. ყოველ შემთხვევაში, ნიშნების თავისებური განლაგება სტაბილური აღმოჩნდა ქართული ნევმური სისტემისათვის და იგი მყარადაა შენარჩუნებული XVIII-XX საუკუნეების ხელნაწერებშიც.
გვიანდელ ხელნაწერებში ასევე შენარჩუნებულია ნევმების ერთი საინტერესო თვისება – სტრიქონზედა და სტრიქონქვედა ნიშნები ერთმანეთს სარკისებურად არეკლავს. იქმნება ერთგვარი სიმეტრიული სტრუქტურა – ცენტრში ჰიმნის სიტყვიერი ტექსტი, მის ზემოთ და ქვემოთ განლაგებული ნევმები კი გრაფიკულად ერთმანეთის სარკისებურად შებრუნებულ ვარიანტებს წარმოადგენენ და ტექსტისკენ არიან მიმართულნი. სიმეტრიულ სტრუქტურაში, მთავარი კომპონენტი, როგორც წესი, ცენტრშია მოთავსებული. ქართული ნევმური სისტემის სიმეტრიული აღნაგობა, რომლის ცენტრალურ ადგილს ჰიმნის პოეტური ტექსტი იკავებს, ხაზს უსვამს საგალობელში სიტყვიერი ტექსტის პრიმატს. საგალობელი ხომ, უპირველეს ყოვლისა, ლოცვაა – ღვთისადმი აღვლენილი, ლოცვაში კი პირველადი და მთავარი სიტყვაა.
სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ნევმური სისტემა უკვე XIX საუკუნის დასასრულისთვის ქართველ და უცხოელ მოღვაწეთა ყურადღების ცენტრში მოექცა და დღემდე მეცნიერთა შეუნელებელი ინტერესის საგანს წარმოადგენს, ჯერ კიდევ ამოუხსნელია და კვლავ მრავალ საიდუმლოს იმარხავს.
ეკატერინე ონიანი
გაზეთი “ქართული გალობა”, №9, 2007 წ.
ბოლოს განახლდა (TUESDAY, 14 FEBRUARY 2012 19:00)