წმიდა ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე)
2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა წმინდანად შერაცხა ("ქართული საეკლესიო საგალობლების გადარჩენისათვის გაწეული ღვაწლის გამო") იღუმენი ექვთიმე კერესელიძე, რომელსაც სახელად წმიდა ექვთიმე აღმსარებელი ეწოდა და მისი ხსენების დღედ დაადგინა ახ. სტ. 2 თებერვალი/ძვ. სტ. 20 იანვარი.
ცხოვრება და მოღვაწეობა
“დიდება შენდა, უფალო იესო ქრისტე, ძალო ცხოვრებისა ჩემისაო, რამეთუ რომელი არა ვიცოდი, მადლითა შენითა ვისწავლე, და რომელი არა შემეძლო, შემძლებელ მყავ დაწერად წიგნისა ამისა მხიარულებით... და აწ მშრომელი წარვალს, ხოლო ნაშრომსა ამას შეგვედრებ შენ, რათა ჰგიებდეს ერთა შორის ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ”.
იღუმენ ექვთიმე კერესელიძის მინაწერი სანოტო ხელნაწერზე
იღუმენი ექვთიმე (ესტატე) კერესელიძე დაიბადა 1865 წელს რაჭაში, სოფელ სადმელში, სოლომონ და მართა კერესელიძეების კეთილმორწმუნე ოჯახში. სადმელის სამრევლო სასწავლებლის დასრულების შემდგომ რაჭაში არსებული მძიმე ეკონომიური პირობების გამო 15 წლის ყმაწვილი ესტატე გაემგზავრა ჯერ ქუთაისში, შემდგომ – თბილისში, სადაც ერთ-ერთი სასტუმროს მზარეულის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. მალე გაიცნო წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხაზინდარი და მოურავი, მაქსიმე როსტომის ძე შარაძე, რომელმაც მნიშვნელოვნად იმოქმედა მის ცხოვრებისეულ არჩევანზე. მაქსიმე შარაძემ ესტატე კერესელიძესა და სხვა მორწმუნე ახალგაზრდებთან ერთად თბილისში დააარსა უფასო ”საღმრთო წიგნთ-საკითხავი”, რომლის მიზანი მოსახლეობაში მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცება და ძველი ქართული საეკლესიო გალობის შესწავლა და გავრცელება იყო. ”საღმრთო წიგნთ-საკითხავს” სულიერ ხელმძღვანელობას უწევდნენ წმიდა მღვდელთმთავარი ალექსანდრე ოქროპირიძე (+1907) და დეკანოზი პეტრე კენჭოშვილი (შემდგომში ალავერდელი ეპისკოპოსი (+1909)).
ძველ ქართულ საეკლესიო გალობას საძმოს წევრები სწავლობდნენ ცნობილი სრული მგალობლის, თავად მელქისედეკ ნაკაშიძისაგან, რომელიც ათონის წმიდა მთის ქართველთა სავანეში იყო განსწავლული.
1890-იანი წლებიდან მაქსიმე შარაძემ და ესტატე კერესელიძემ წმიდა ილია მართლის შუამდგომლობით შეიძინეს სტამბა, რომლის საშუალებითაც ინტენსიურად შეუდგნენ საღმრთო წიგნების ბეჭდვასა და გავრცელებას. ესტატემ კარგად შეისწავლა მესტამბის მძიმე ხელობა, მაქსიმე შარაძე კი ამ დროს გაზეთ ”ივერიის” ექსპედიტორად მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ წმიდა ილია მართლის ხელმძღვანელობით გამომავალი გაზეთი ”ივერია” მათ სტამბაში იბეჭდებოდა. ესტატესა და მაქსიმეს ახლო ურთიერთობა ქონდათ ბეთანიის, ზედაზნის, თბილისის ფერისცვალებისა და შიომღვიმის მონასტრების ბერებთან.
სწორედ ბეთანიის მონასტერში დაეუფლნენ საღმრთო წერილის კითხვასა და ტიპიკონს. მაქსიმეს და ესტატეს მიმოწერა ჰქონდათ ათონის წმიდა მთაზე ქართველთა სავანის ბერებთან და მათგან ივერთა მონასტრის წიგნთსაცავიდან გადმოწერილ წმინდანთა ცხოვრებასა და ქადაგებებს ღებულობდნენ, რომელთაც მდაბიო ენაზე გადმოტანის შემდგომ მრავლად ბეჭდავდნენ და უფასოდ ავრცელებდნენ ქართულ სიტყვას მონატრებულ ხალხში. მათ თავიანთი სტამბის საშუალებით 25 წლის განმავლობაში დასტამბეს ოთხი ათასამდე სასულიერო შინაარსის სხვადასხვა გამოცემა – საღვთისმსახურო წიგნები, ქადაგებანი, წმინდანთა ცხოვრება, ფსალმუნნი, საღმრთო სჯული და სხვა სხვადასხვა დასახელების. მათ შორის 500-მდე წიგნი პირადი ხარჯით გამოსცეს. ხალხი სამართლიანად უწოდებდა მათ სტამბას ”ბერების სტამბას”, რადგან იქ მომუშავე ადამიანები გამოირჩეოდნენ კეთილმსახურებითა და წმინდა ცხოვრებით.
1891 წელს მაქსიმემ და ესტატემ მელქისედეკ ნაკაშიძის მეშვეობით გაიცნეს ცნობილი მომღერალი და მუსიკოსი ფილიმონ ქორიძე, რომელმაც მათ ევროპული სანოტო დამწერლობა შეასწავლა. ესტატე კერესელიძეს განსაკუთრებული ნიჭი და ლამაზი კალიგრაფია აღმოაჩნდა და ამიტომ ფილიმონ ქორიძე მას ანდობდა საგალობელთა სანოტო ხელნაწერების გადათეთრებას.
მე-19 საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ძალადობით გაუქმებას სავალალო შედეგები მოჰყვა: იძარცვებოდა და ნადგურდებოდა უძველესი ეკლესიის ფასდაუდებელი საუნჯე. ქართული საეკლესიო გალობაც გარდაუვალი საფრთხის წინაშე დადგა. საჩქაროდ უნდა გამონახულიყო გზა და საშუალება ქართული საეკლესიო კილოების დაფიქსირებისა, რადგან ძველი საგალობო დამწერლობის მცოდნენი დღითიდღე მცირდებოდნენ და ეს მრავალსაუკუნოვანი მუსიკალური საგანძური სამუდამოდ იკარგებოდა. წმიდა მღვდელთმთავართა – ალექსანდრე ოქროპირიძისა და გაბრიელის, ქიქოძის, ასევე, წმიდა ილია მართლის უშუალო ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა ამ საშვილიშვილო საქმის სასიკეთოდ დაგვირგვინება.
წმიდა მღვდელთმთავარ გაბრიელის თაოსნობით 1884 წელს ქუთაისში დაარსებულმა ქართული გალობის აღმადგინებელმა კომიტეტმა შეკრიბა ძველი ქართული გალობის მცოდნე სასულიერო პირები და ერისკაცნი. ფილიმონ ქორიძემ მცოდნეთა მიერ გადმოცემული ათასობით საგალობელი გადაიტანა ნოტებზე. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ საგალობლების დაბეჭდვა და გავრცელება ვერ მოხერხდა. მაქსიმე შარაძემ და ესტატე კერესელიძემ გადაწყვიტეს, ისინი თავიანთი ხარჯით დაესტამბათ; ეს განზრახვა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსს შეატყობინეს და მისგან სათანადო თანხმობისა და სანოტო ხელნაწერების მიღების შემდგომ შეუდგნენ საგალობელთა დაბეჭდვას.
მათ საკუთარი ხარჯით დაბეჭდეს ფილიმონ ქორიძის მიერ ნოტებზე გადაღებული ძველი ქართული საეკლესიო გალობის ექვსი კრებული:
- ლიტურგია მღვდლისა და მღვდელთმთავრისათვის - 70 გვ. 1895 წ.
- მიცვალებულის საგალობელი - 26 გვ. 1899 წ.
- საგალობელნი პირველ შეწირულისა, ბასილი დიდისა, მღვდლის კურთხევისა და ქორწინებისა - 76 გვ. 1901 წ.
- აღდგომის საგალობელნი - 80 გვ. 1904 წ.
- სადღესასწულო განიცადეები - 72 გვ. 1908 წ.
- სადღესასწაულო საგალობელნი წირვისა - 80 გვ. 1911 წ.
1899 წელს ამავე სტამბაში დაიბეჭდა ძმები კარბელაშვილების მიერ ნოტებზე გადაღებული ქართლ-კახური კილოს საგალობელთა ორი კრებული – წმიდა იოანე ოქროპირის ლიტურგია და შობის დღესასწაულისა.
მაქსიმე შარაძისა და ესტატე კერესელიძის სახსრებით შესაძლებელი გახდა ფილიმონ ქორიძის გურიაში მივლინება, რათა ძველი ქართული გალობის ზედმიწევნით მცოდნე ანტონ და დავით დუმბაძეებისაგან ნოტებზე გადაეღო უნიკალური საგალობლები. ფილიმონ ქორიძე წლების განმავლობაში მუშაობდა უძველეს საგალობელთა გადასარჩენად, ხოლო ნამუშევარს თბილისში უგზავნიდა საიმედო მოწაფეს – ესტატეს.
1901-02 წლებში უანგარო მოღვაწე მაქსიმე შარაძე უკურნებელი სენით – ჭლექით დაავადდა. ხუთი წლის განმავლობაში ებრძოდა მძიმე ავადმყოფობას და მთელი ამ ხნის განმავლობაში ღვთის მადლობისა და კურთხევის გარდა სიტყვა არ დასცდენია. 1907 წელს, წმიდა ილია მართლის მოწამეობრივი აღსასრულიდან ექვსი თვის თავზე გარდაიცვალა მისი ერთგული მაქსიმეც. ეს უდიდესი დანაკარგი ესტატე კერესელიძისათვის აუნაზღაურებელი დარჩა. დაღონებულ ესტატეს განსაცდელი უერთგულესი მეგობრის დაკარგვისთანავე ეწვია – მარტოდ დარჩენილ მოღვაწეს სტამბისა და მისი ქონების გაყოფას სთხოვდნენ; მისდა სავალალოდ ქონების ჩამონათვალში უძვირფასესი ხელნაწერებიც შედიოდა. წარმოსადგენია ესტატეს მწუხარება, როდესაც რამდენიმე ხელნაწერი კრებული ჩამოართვეს და უცნობი მიმართულებით წაიღეს. ესტატე დარდისაგან ავად გახდა. ამას დაემატა ყველა მესტამბისათვის ჩვეული ფილტვების სისუსტე და რომ არა რაჭიდან ჩამოსული ძმისწულების მზრუნველობა, იგი ცოცხალი ვერ გადარჩებოდა. გამოჯანმრთელებისთანავე ესტატე ხელნაწერების მოსაძიებლად გაეშურა. საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ სანოტო კრებულები საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წიგნთსაცავში მოხვედრილიყო, რომლის ხელმძღვანელი იმხანად წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) იყო. საგულისხმოა სიტყვები, რითაც მიუმართავს ესტატე კერესელიძეს ექვთიმე თაყაიშვილისათვის: “ყველა ეს წიგნები და საგალობლები ფილიმონ ქორიძის დაწერილია, ესენი კიდევ მოუთავებელია, ჯერ კიდევ ბევრი ხარჯი და შრომა სჭირდება, რომ მოთავდეს, და სწორედ როცა მოთავდება, ყველასათვის დიდად სასიამოვნო და სასარგებლო იქნება! და მეც ამისი მსურველი ვარ, რომ ასე მოთავებულად მუზეუმში დავაწყო დასაცავად, ჩვენს მომავალი თაობის სასარგებლოდ. ამისთვის ვზრუნავ, ვშრომობ და რაც აკლია, ვაწერინებ სამ ხმაზე გამშვენებით. მე ჩემს შეძლებასა და ფულს მაგ კეთილი საქმისათვის არა ვზოგავ და სხვის შეწევნასა და დახმარებას არავისა ვსთხოვ” (კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტი – 830).
მალე ესტატე კერესელიძემ ჟურნალ “შინაური საქმეების” რედაქტორის, მღვდელმოწამე სვიმონ მჭედლიძის დახმარებით სტამბა და ხელნაწერები ქუთაისში გადაიატანა. სამწუხაროდ, არსებული მძიმე ვითარების გამო მათი თანამშრომლობა არ შედგა. ქუთაისში ესტატემ კვლავ სცადა სანოტო კრებულების დაბეჭდვა, მაგრამ უბინაობის გამო გაიძარცვა ყუთები, სადაც დაბეჭდილი ფურცლები ინახებოდა და დამწუხრებულმა მხოლოდ რამდენიმე მათგანს მიაგნო ქუთაისის ბაზარში ხორცის გამყიდველთან.
მალევე, ბახმაროში ყოფნისას გარდაიცვალა დიდი მოღვაწე ფილიმონ ქორიძე. მთელი 30 წლის ნაშრომი – ათეულობით ხელნაწერი ექვთიმეს პასუხისმგებლობაში დარჩა. მხოლოდ მან იცოდა ამ საგანძურის რეალური ფასი.
ესტატე კერესელიძემ საბოლოოდ აირჩია მონაზვნობის გზა, რომლისთვისაც სიყრმიდანვე განიმზადებდა თავს. მას სულიერ ხელმძღვანელობას უწევდა იმ დროის უდიდესი მოსაგრე, ღირსი მამა ალექსი შუშანია.
1912 წლიდან იმერეთის ეპისკოპოსის გიორგი ალადაშვილის კურთხევით, ესტატე კერესელიძე მორჩილად განწესდა გელათის მონასტერში, ხოლო ამავე წლის 23 დეკემბერს ღირსი ექვთიმე მთაწმინდელის სახელზე ბერად აღკვეცა იღუმენმა ანთიმოზმა. 1913 წლის მაისიდან იგი იეროდიაკონია. ამ დროიდან იწყება ყველაზე დაძაბული მოღვაწეობა მამა ექვთიმესი. გელათი იყო ის ადგილი, სადაც ჯერ კიდევ ტიპიკონის სრული წესების დაცვით სრულდებოდა ღვთისმსახურება. სწორედ ამიტომ აირჩია მან გელათის მონასტერი. მამა ექვთიმემ გადაწყვიტა ზედმიწევნით მოეწესრიგებინა ფილიმონ ქორიძის ნოტებზე გადატანილი საგალობლები და ტიპიკონის მიხედვით გაეწყო. ამისათვის მრავლად შეიძინა სანოტო ფურცლები და შეუდგა უმძიმეს და უდიდეს საქმეს – ხელნაწერი ნოტების მოწესრიგებასა და გადათეთრებას. მამა ექვთიმე ოთხი წლის განმავლობაში მთავარდიაკვნად ემსახურებოდა მონასტრის კრებულს. ამ ხნის განმავლობაში იგი ერთადერთი დიაკონი იყო მონასტერში და მსახურება თითქმის ყოველდღე უხდებოდა. საკვირველია, როგორ ახერხებდა ამ ორი ურთულესი მოვალეობის აღსრულებას.
1917 წელს მამა ექვთიმე ხელდასხმულია მღვდელ-მონაზვნად იმერეთის ეპისკოპოსის გიორგის მიერ.
1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, მისი ავტორის – კოტე ფოცხვერაშვილის თხოვნით, მამა ექვთიმეს მიერ იქნა დასტამბული, ვინაიდან მაშინდელ საქართველოში ნოტის მცოდნე მესტამბე სხვა არავინ მოიძებნა.
სამწუხაროდ, სოციალ-დემოკრატების მთავრობამ საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გატარება დაიწყო. მონასტრებს ჩამოერთვა მიწები და მატერიალური ქონება, რის გამოც ასობით ბერ-მონაზონი ელემენტარულ საარსებო წყაროს მოკლებული აღმოჩნდა. გელათის მონასტრის საძმომ სწორედ ამ ძმიმე წლებში გამოირჩია იკონომოსად მღვდელ-მონაზონი ექვთიმე. მეტად სახიფათო დროის მიუხედავად, როდესაც საგანგაშოდ გახშირდა ტაძრებისა და ღვთისმსახურების გაძარცვის შემთხვევები, მამა ექვთიმე სოფელ-სოფელ ჩამოვლით, მორწმუნე მრევლის შემოწირულობებით ახერხებდა საძმოს სათანადოდ უზრუნველყოფას.
1920 წელს გელათის კრებულმა მღვდელ-მონაზონი ექვთიმე იმერეთის საეპარქიო კრებაზე დასასწრებად გამოირჩია.
დადგა ავადსახსენებელი 1921 წელი. ქუთაისში კომუნისტური ხელისუფლების მოსვლისთანავე მამა ექვთიმე დაპატიმრებულ იქნა, როგორც ახალი წყობისათვის არასაიმედო პიროვნება. საბედნიეროდ, ბრალდების არქონის გამო რამდენიმე თვეში იგი გაათავისუფლეს. ეს იყო უმძიმესი პერიოდი დევნისა და შევიწროებისა; გელათის ბერები ყოველდღე ელოდნენ შეურაცხყოფასა და დარბევას. მღვდელ-მონაზონი ექვთიმე ამ წლებშიც კი აგრძელებდა კრებულებზე მუშაობას, რაც მის თანამოძმეებშიც გულწრფელ გაკვირვებას იწვევდა. ხშირად ეტყოდნენ ბერები: “როცა შემოვდივართ დღე და ღამე, სულ დაყრდნობილი ხარ მაგიდაზე, სულ სწერ და სწერ. ნეტავი რა სარგებლობა გაქვს?” მამა ექვთიმე საპასუხოდ მიუგებდა: “მე ამაში ვპოულობ დიდ სიმდიდრეს, ეს ოქრო-ვერცხლზე და თვალ-მარგალიტზე უძვირფასესი საუკუნო საუნჯეა! მე არ წარმომიდგენია როგორც მუქთა საქმე; არა, არამედ მე წარმოდგენილი მაქვს ჩემი თავი, როგორც ოქროსმჭედელი და თვალ-მარგალიტის დამლაგებელი! მე ხანდახან გაკვირვებაში მოვდივარ: ვინ მოუშვა ჩემამდე ეს ძვირფასი სიმდიდრე, რომ მე უღირსი ამაში ხელს ვურევ!” (კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტი – 830).
1923 წელს უღმერთო მთავრობის მიერ გელათის მონასტერი გაუქმებულად გამოცხადდა. გელათის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ნესტორ ყუბანეიშვილს მისცეს რამდენიმე დღის ვადა, რათა სამუდამოდ დაეტოვებინათ მონასტერი. შეძრწუნებულმა მამა ექვთიმემ იმის შიშით, რომ საგალობელთა ხელნაწერები არ განადგურებულიყო, ორმოცამდე უზარმაზარი კრებული ქუთაისში საიმედო ოჯახში გადამალა.
1924 წელს კომკავშირელებმა საძირკვლამდე დაანგრიეს წმიდა მეფის, დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარი. იმავე წელს უღმრთოთა ხელით დახვრეტილ იქნა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი ერთგულ სასულიერო პირებთან ერთად. სასულიერო პირთა დევნა-განადგურების ისტერიამ პიკს მიაღწია.
მამა ექვთიმე იძულებული გახდა დაეტოვებინა გელათი და ხელნაწერები შედარებით უსაფრთხო ადგილას გადაეტანა. განსაცვიფრებელია, ასეთ დროს, როდესაც თბილისი-ქუთაისის გზაზე სრულიად უმიზეზოდ მოიკლა ათასობით ადამიანი, როგორ მოახერხა მამა ექვთიმემ ერთი ურემი ხელნაწერების ქუთაისიდან მცხეთაში მარტოდმარტო გადატანა.
ამ პერიოდიდან მღვდელ-მონაზონი ექვთიმე განწესებულ იქნა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც საგულდაგულოდ გადამალა სასწაულებრივად გადარჩენილი ხელნაწერები. 1925 წელს, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი მეტეხის ციხეშია დატყვევებული, ხოლო საქართველოს ეკლესიის უკლებლივ ყველა მსახური საშინელ დევნას განიცდის, საღმრთო განგებულებით მამა ექვთიმე კვლავაც აგრძელებს საეკლესიო გალობის იშვიათი ნიმუშების გადარჩენას. სვეტიცხოვლის ტაძრის წიგნთსაცავში მან მიაკვლია ძლისპირის უძველეს ნევმირებულ კრებულს. ძველი ქართული სამუსიკო დამწერლობის საუკეთესო მცოდნე მოღვაწემ ეს საგალობლებიც ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე გადმოიტანა. სვეტიცხოველში მისი გულშემატკივარი და თანმგრძნობი გახლდათ ეპისკოპოსი პავლე ჯაფარიძე. ამ პერიოდში მამა ექვთიმე სულიერ მოძღვრობას უწევდა სამთავროს დედათა მონასტერს.
1929 წლიდან მამა ექვთიმე ზედაზნის მონასტერში განაწესეს. მან ახლა იქ აიტანა ქართული გალობის ხელნაწერები და დიდ რკინის ყუთებში საიმედოდ დაცული მიწაში დაფლა, რადგან ყოველ წუთს იყო მონასტრის აკლების საშიშროება. უზარმაზარი სადარდებელი ჰქონდა უკვე მოხუცებულ მამა ექვთიმეს – რა ბედი ეწეოდა ამ კრებულებს მისი გარდაცვალების შემდეგ? წლების განმავლობაში ატარებდა იგი ამ მძიმე სულიერ ტვირთს.
ოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში კვლავ გაცხოველდა რეპრესიები საქართველოში და, სწორედ, ასეთ უიმედო დროს გამოაჩინა ღმერთმა საშველი. თბილისის “მეტეხის” მუზეუმის ერთ-ერთმა თანამშრომელმა – დავით დავითაშვილმა, რომელიც ფარული ქრისტიანი იყო, ბეთანიის ბერებთან – არქიმანდრიტებთან იოანე მაისურაძესა და გიორგი მხეიძესთან საუბრისას მწუხარება გამოთქვა ფილიმონ ქორიძის მიერ ჩაწერილი ძველი ქართული საგალობლების დაკარგვის გამო და როდესაც მათგან შეიტყო, ხსენებული ხელნაწერები ზედაზნის მონასტერში იღუმენ ექვთიმესთან ინახებაო, იმავე დღეს ზედაზნის მონასტრისკენ გაეშურა. მამა ექვთიმე პირველად დაეჭვებით შეხვდა უცხო ადამიანს, ხოლო როდესაც მასში გულწრფელი სიხარული დაინახა, მიენდო მას და თბილისში წამოჰყვა. მამა ექვთიმეს აკვირვებდა მუზეუმის თანამშრომლების განცხადება – ამ ხელნაწერებს არათუ შევინახავთ, არამედ ამათი გადარჩენისათვის შესაძლოა, მთავრობისაგან მადლობაც კი დაისმახუროო.
შეიქმნა კომისია ისტორიკოსებისა და მუსიკოსების შემადგენლობით, რომელმაც ამ ხელნაწერების განსაკუთრებული ფასეულობა და დიდი ისტორიული მნიშვნელობა დაადასტურა. მამა ექვთიმემ 1935 წლის ნოემბერში სახელმწიფო მუზეუმს გადასცა 34 სანოტო კრებული, რომელიც 5532 საგალობლისა და რამდენიმე სასულიერო შინაარსის ხელნაწერისაგან შედგებოდა.
ყველა ეს საგალობელი ამჟამად დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ მამა ექვთიმეს გაწეული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადა და, ამასთანავე სთხოვა, სახარებისა და სამოციქულოს კილოში კითხვის ნიმუშები ნოტებზე გადაეტანა. მამა ექვთიმემ ეს თხოვნა მაშინვე აღასრულა.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში უფრო მეტად დამძიმდა მონასტრების მდგომარეობა. მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მიხეილი (მანდარია), რომელსაც სანოვაგე მოჰქონდა ბერებისათვის, კომენდანტის საათის დარღვევისათვის, სოფელ საგურამოს გზაზე მოკლეს, ახალგაზრდა ბერი პართენი (აფციაური) ყალბი ბრალდებით დააპატიმრეს, მოხუცი მწირ-ბერი საბა (ფულარიანი) გარდაიცვალა. მამა ექვთიმე მარტოდმარტო დარჩა ზედაზნის მონასტერში.
მოხუც მოღვაწეზე მისი სულიერი შვილები – სამთავროს დედათა მონასტრის მონაზვნები ზრუნავდნენ. 1944 წლის ზამთარში მოძღვრის მოსანახულებლად ასულ მონაზონ ზოილეს (დვალიშვილი) და რამდენიმე დედას მამა ექვთიმე სარეცელზე მიჯაჭვული დახვდათ. მცირე ხანში მამა ექვთიმემ მშვიდობით მიაბარა სული უფალს. იგი დაკრძალეს ზედაზნის მონასტრის ეზოში, საკურთხეველთან ახლოს. ასე აღესრულა ჩვენი დროის ეს უდიდესი მოსაგრე. მისი მდიდარი ბიბლიოთეკის ნაწილი სამთავროს მონასტერში გადაიტანეს. იქ ახლაც ინახება მამა ექვთიმეს რამდენიმე ხელნაწერი. სამწუხაროდ, მისი პირადი არქივი, რომელიც ძმისშვილის ოჯახში ინახებოდა, დაუდევრობით განადგურდა.
იღუმენი ექვთიმე კერესელიძე საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებული მოღვაწეა. ფასდაუდებელია მისი დამსახურება ძველი ქართული საეკლესიო გალობის გადარჩენის საქმეში. რომ არა მისი ურყევი რწმენა და თავდადება, ქართველი ერის მუსიკალური საუნჯე ესოდენი მრავალფეროვნებით ჩვენამდე ვერ მოაღწევდა.
მოამზადა ლუარსაბ ტოგონიძემ
გაზეთი “საპატრიარქოს უწყებანი”, №34(242), 2003 წ.
ბოლოს განახლდა (MONDAY, 13 FEBRUARY 2012 18:06)