საუბარი ქართულ გალობაზე ვატოპედის მონასტრის რეგენტთან
“ქართველისთვის მრავალხმიანობა არის აზროვნების ნორმა...”
21 თებერვალს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მეტად საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ვატოპედის მონასტრის მგალობელთა გუნდის რეგენტი, ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი (ანდრეას დიმიტრიუ) ქართველ მუსიკოსებს შეხვდა და ქართულ და ბიზანტიურ გალობაზე ესაუბრა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: მუსიკადმცოდნეები – მაგდა სუხიაშვილი და ეკატერინე ონიანი, საპატრიარქოს პრესცენტრის უფროსი, დეკანოზი დავით შარაშენიძე და პერსცენტრის წარმომადგენლები. შეხვედრაზე თარჯიმნობდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საპატრიარქოს თანამშრომელი ეკატერინე დუღაშვილი.
ბერ ნიკოდიმოსს მუსიკალური განათლება ბუდაპეშტის კონსტერვატორიაში აქვს მიღებული და იგი კარგად იცნობს როგორც ევროპულ, ისე აზიურ მუსიკას. მას უჩვენეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული X-XI სს. და XIX-XX სს. ნევმირებული კრებულები და ისაუბრეს ქართული საეკლესიო მუსიკისა და ბიზანტიური და ქართული რვა ხმის სისტემის კანონზომიერებებზე. მამა ნიკოდიმოსი ძველი ქართული საეკლესიო გალობით დაინტერესდა.
ვითვალისწინებთ ჩვენი საზოგადოების ინტერესს აღნიშნული საკითხის მიმართ და მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ ამ საუბრის ჩანაწერს (შემოკლებულია მხოლოდ ის ფრაგმენტები, სადაც საუბარია მხოლოდ მუსიკოსებისთვის გასაგებ საკითხებზე და მეტად დამძიმებულია მუსიკალური ტერმინოლოგიით).
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: მე მოსმენილი მაქვს ქართული საგალობლები ათონის მთაზე, ძირითადად, ბატონი მალხაზ ერქვანიძის გუნდის შესრულებით. ამით შემოიფარგლება ჩემი წარმოდგენა ქართულ გალობაზე. მინდოდა თქვენთან მესაუბრა იმაზე, თუ როგორ განვითარდა ქართული გალობა ისტორიულად და როგორ მოვიდა დღევანდელ დღემდე. საეკლესიო საგალობლებთან დაკავშირებით წაკითხული მაქვს ერთი სტატია, რომელიც ინტერნეტში ვიპოვე და ბატონ მალხაზსაც გადავუგზავნე (ავტორი ინგლისურენოვანია, სამწუხაროდ, გვარი არ მახსოვს). ის წერს, რომ ზოგადად საეკლესიო გალობას დასაბმი ჩაუყარა იერუსალიმურმა გალობამ, სწორედ აქ წარმოიშვა და აქიდან განვითარდა შემდეგ კილოს სისტემა სხვადასხვა მიმართულებით; ასე მოხდა ყველგან და მათ შორის ქართულ გალობაშიც. აი, მხოლოდ ეს ვიცი ამ საკითხთან დაკავშირებით.
ეკატერინე ონიანი: პიტერ ჯეფრი ხო მარ არის ამ სტატიის ავტორი?
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: დიახ, სწორედ ჯეფრია.
მაგდა სუხიაშვილი: ის საგალობლები, რომლებიც ჩაწერილი გვაქვს და მოისმინეთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილად არის ნიმუშები იმ უწყვეტი ტრადიციისა, რომელიც უძველესი დროიდან მომდინარეობს. მაგრამ ამის ჩაწერა სანოტო სისტემაზე XIX საუკუნეში მოხდა. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველომ დაკარგა სახელმწიფოებრიობა, ეკლესიას გაუუქმდა ავტოკეფალია და უკვე არა პატრიარქი, არამედ ეგზარქოსი მართავდა ჩვენს ეკლესიას. მან ეკლესიაში ისეთი რეფორმა განახორციელა, რამაც მგალობელთა გუნდების დაშლა გამოიწვია. ტრადიცია განადგურების საშიშროების წინაშე დადგა, რადგან ახალგაზრდა თაობა უკვე ვეღარ ეუფლებოდა გალობას. ამ დროს ერთადერთი გამოსავალი იყო ამ საგალობლების გადაწერა ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე. საილუსტრაციოდ შევარჩიეთ ერთი და იმავე ავტორის ხელნაწერები. იგი გახლავთ დღეს უკვე წმინდანად შერაცხილი წმინდა ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე). აი, ეს არის ნევმირებული ხელნაწერები.
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: როდესაც ამ საგალობლების ჩაწერა მოხდა, ნევმები გაშიფრეს, თუ სმენით იცოდნენ საგალობლები და ამის მიხედვით გადაიტანეს?
მაგდა სუხიაშვილი: ეს იყო ექვთიმე აღმსარებლის პირადი უბის წიგნაკი, რომელსაც იყენებდა, როცა სწავლობდა საგალობლებს მგალობელ მელქისედეკ ნაკაშიძისგან. ამ ნიშნების დახმარებით იგი ზეპირად ასწავლიდა ექვთიმეს. ჩვენ გვაქვს შემორჩენილი XIX-XX საუკუნეების ნევმიერებული ხელნაწერი, რომელთაგან ზოგიერთი უფრო მეტად ავლენს მსგავსებას შუა საუკუნეების ნევმებთან, ზოგი – ნაკლებად.
როცა საჭირო გახდა ამ საგალობლების ნოტებზე გადაწერა, ასეთი კრებულები უკვე ხუთხაზიან ნოტაციაზე შეიქმნა. ამ სახით ექვთიმე კერესელიძემ ჩვენამდე 5 ათასზე მეტი საგალობელი მოიტანა.
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: და პირდაპირ სამ ხმაზეა გაწყობილი?
მაგდა სუხიაშვილი: დიახ, სამ ხმაზე. ახლა ხდება ამ ხელნაწერების გამოცემა და რედაქტირება. ანჩისხატის, მალხაზ ერქვანიძისა და ზოგიერთი სხვა გუნდი სწორედ ამ რეპერტუარს გალობს.
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: პირველი ხმა არის ზედა ამ ნაწერებში?
მაგდა სუხიაშვილი: დიახ, ზედა – პირველი ხმა არის. რა თქმა უნდა, ეს არის მოდალური სისტემა.
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: ეს ჩემთვის ნათელია.
მაგდა სუხიაშვილი: სირთულე დღეს ჩვენთვის ისაა, რომ ძველ მგალობელთა მიერ ცოცხალი შესრულებით არსებული აუდიო ჩანაწერები არცთუ ისე ბევრია. ამიტომ ახლა ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე ჩაწერილი საგალობლების ზუსტად კილოური თავისებურებების კვლევა მიმდინარეობს და იმის დადგენა, თუ როგორ ჟღერდა ეს ჰანგი. ეს ცისკრის საგალობლების კრებულია და მთლიანად რვა ხმაზეა გაწყობილი ყველა საგალობელი. ძველად, ჩვენთან, ისევე როგორც ათონის მთაზე, დღემდე არის მიღებული, - სამოციქულოსა და სახარების საკითხავების გარდა, მწუხრსა და ცისკარზე ყველაფერი გალობით სრულდებოდა. ზოგიერთ მონასტერში ეს წესი შენარჩუნდა XX საუკუნის დასაწყისამდე; თუმცა ყველგან ამ ტრადიციის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ტიპის სამგალობლო სკოლები არსებობდა?
მაგდა სუხიაშვილი: დიახ, სხვადასხვა სკოლა არსებობდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ საბაზისო ჰანგები მათ, ძირითადად, ერთი ჰქონდათ. ეს უკვე გამოკვლეული და დასაბუთებულია. მაგრამ გამოხატული იყო სკოლის ინდივიდუალური თავისებურებები და ამდენად, აღმოსავლეთ საქართველოს საგალობლები განსხვავდებოდა დასავლეთ საქართველოს საგალობლებისაგან.
რაც შეეხება ახალ სამუსიკო დამწერლობას, ნევმების პრინციპი იგივეა, რაც X-XI საუკუნეებში. ნევმები განლაგებულია ინტერვალებით სტრიქონქვემოთ და სტრიქონზემოთ. აი, აქაც, ამ ხელნაწერში, შეგვიძლია ვნახოთ ასეთი ნიშნები...
მინდა ასევე შევეხო მრავალხმიანობის ტრადიციას. ყველაზე ძველი ცნობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოში გალობის მრავალხმიანობის შესახებ, ეს არის XII საუკუნით დათარიღებული წყარო. გელათში მოღვაწე ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი საუბრობს სამ ხმაზე, სამუსიკო ტერმინების მოშველიებით და ასახელებს სამივე ხმას – ზახრი, ჟირი, ბამი და აღნიშნავს, რომ სამი ხმის ერთობლივი ჟღერადობის ეს ჰარმონია, ეს ხმოვანება არის სულიწმინდისმიერი.
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: მამა დავით, მსოფლიოს ეკლესიაში არსებობს რამე ისეთი ცნობა, რომელიც კრძალავს მრავალხმიანობობას გალობაში?
დეკანოზი დავითი: არა, არ არსებობს. ეს ჩვენი ტრადიციის ნაწილია. რაც ახლა მაგდამ აღნიშნა, იოანე პეტრიწი ამ შედარებას სამების დოგმატის განმარტებისას იყენებდა, როდესაც სამების პირებზე საუბრობდა.
დღეს ეს პოლიფონია განსხვავებულია და ზოგჯერ, უცოდინრობის გამო, ევროპულ პოლიფონიასთან არის აღრეული. სწორედ ეს იწვევს ყველაზე დიდ გაუგებრობას.
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: მესმის და ამას, ამ თვალსაზრისით, არ აქვს რამე კავშირი ეკლესიურ კანონიკასთან.
მაგდა სუხიაშვილი: ჩვენთან, საეკლესიო წრეების ზოგიერთ წარმომადგენელთა შორის ვერ მიჯნავენ მოდალურ მრავალხმიანობას ტონალურ ჰარმონიულობისაგან.
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: დიახ, ეს წარმოშობს ეკლექტიკას – სამგალობლო რეპერტუარში ევროპეიზებული საგალობლების დამკვიდრებას ვგულისხმობს.
დეკანოზი დავითი: მაგრამ ძველ ქართულ საგალობლებში ეს ეკლექტიკა არ არის, - ამის ნიმუშია ის, რასაც მალხაზ ერქვანიძის გუნდი ასრულებს. უბრალოდ, თანამედროვე სულისთვის ეს გალობა დამახასიათებელი აღარ არის. და იმისთვის, რომ მის სულს ჩასწვდე, დიდი შრომა და გარჯაა საჭირო. სამივე ხმას დასწავლა სჭირდება. უნისონი კი, - როცა ერთ ხმას ისწავლი და მერე ბანებს შეუწყობ, - გაცილებით ადვილია. ძველი ქართული საგალობლების მართებულად შესრულებისთვის ბევრი შრომაა საჭირო და ბევრს ეს შრომა ეზარება.
მაგდა სუხიაშვილი: აქვე მინდა დავურთო, რომ ძველი მგალობლები იმდენად იყვნენ გაწაფულნი მეორე და მესამე ხმის შეწყობაში, რომ საკმარისი იყო, ერთი ხმა სცოდნოდათ და დანარჩენ ორს თვითონვე უწყობდნენ.
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: კილოური სისტემა, როგორც ვხედავ, უფრო პირველ ხმაშია გამოკვეთილი, არა?
მაგდა სუხიაშვილი: არა, ერთობლივად, სამივე ხმა ერთად ქმნის კილოს.
ეკატერინე ონიანი: უნისონის პრობლემა იმიტომ წამოიჭრა, რომ სომბოლურად უნისონი რწმენაში ერთობას გამოხატავს და ამიტომ არის გაიდეალებული ამგვარი გალობა. მაგრამ ქართულ გალობაში საქმე სხვა პროცესებთან გვაქვს. ქართველისთვის მრავალხმიანობა არის აზროვნების ნორმა... ქართულ გალობაში ერთ ხმას დანარჩენი ხმები პარალელურად შეეწყო კვინტებით და ოქტავებით და, ფაქტობრივად, ძირითადი ხმა სხვა სიმაღლეზე გაიმეორა. და ამით მრავალხმიანობაში უნისონურობის პრინციპი განხორციელდა.
მგალობლებმა ზეპირად იცოდნენ, როგორ უნდა შეეწყოთ ხმები იმიტომ, რომ უკვე ჩამოყალიბებული გახლდათ იმის ზოგადი კანონზომიერებები, რის მიხედვითაც ეწყობოდა ხმები... ქართულ აზროვნებას მოთხოვნილება აქვს, რომ უნისონში კი არა, მრავალ ხმაში იგალობოს და ამით მელოდია არ იცვლება. ამგვარად, ერთხმიანობას მრავალხმიანობაში გამოვხატავთ. ხოლო, რაც შეეხება სტრიქონქვედა ნევმებს, რადგანაც გაშიფრული არ არის, ძალიან ძნელდება იმის თქმა, თუ რას წარმოადგენს იგი – ხმა არის თუ მელოდიური ფორმულის ერთ-ერთი შემადგენელი. მთლიანობაში მცდელობები იყო სტრიქონზედა და სტრიქონქვედა ნევმების შედარებისა, იმიტომ რომ ნევმურ ფორმულაში ძალიან მკაფიოდ გამოიყოფა ისეთი კომბინაციები, რომლებშიც პერიოდულად მეორდება ნევმური კონსტრუქციები. როდესაც ისინი შევადარეთ ჩვენთვის ნაცნობ ნოტებზე ჩაწერილ მაგალითებს, პირველი ხმის მიმოქცევები, უმრავლეს შემთხვევაში, ერთმანეთს დაემთხვა; ანუ უკვე რაღაც შესაბამისობები გამოჩნდა. პირველ ხმას ვადარებდით, რადგან იგი არის წამყვანი ხმა.
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: დიახ, მთავარი ის არის, რომ ხმა ნამდვილად ამით ჩანს. რაც ახლა მითხარით, სწორედ ეს შევამჩნიე აქ, ამ ხელნაწერებში. პირველ ხმას ქართულ გალობაში აქვს თავისი მელოდია, ხოლო მეორე და მესამე ხმები მას ეწყობა; წამყვანი კი არის პირველი ხმა.
მაგდა სუხიაშვილი: სწორედ ბრძანებთ. პირველი ხმა ქართულ გალობაში არის კანონიკური ხმა, მეორე და მესამე ხმები კი შეიძლებოდა სხვადასხვანაირად შეწყობილიყო. ეს იყო, გარკვეული თვალსაზრისით, იმპროვიზაციული ხელოვნება. თუმცა, მგალობლებს ასწავლიდნენ ხმათა შეწყობის გარკვეულ პრინციპებს, რომლებიც მეორე და მესამე ხმათა შეწყობაში ვლინდება. იმდენად, რომ როდესაც ჩქარობდნენ, ძველი მგალობლებიდან რაც შეიძლება მეტი საგალობელი ჩაეწერათ, იძულებული იყვნენ, მხოლოდ პირველი ხმა ჩაეწერათ, იმის იმედით, რომ მოგვიანებით მეორე და მესამე ხმებს ქართული გალობის სხვა მცოდნე პირების დახმარებით შეაწყობდნენ. სამწუხაროდ ბევრი ასე ცალხმაში ჩაწერილი საგალობელი შემორჩა და ის მცოდნე პირები, რომელთაც იმხანად იცოდნენ, როგორ შეეწყოთ ხმები, დღეს უკვე ცოცხალი აღარ არიან. ამიტომ კვლევა რთულად და ნელა მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯებიც გვაქვს, მაგრამ ის ცოდნა, რაც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ, ნაწილობრივ დაკარგულია და ბოლომდე გახსნილი არ არის. თქვენ იცნობთ მალხაზ ერქვანიძეს; მინდა გითხრათ, რომ ამ კვლევაში მას საკმაოდ დიდი წინგადადგმული ნაბიჯები აქვს.
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: ხომ არ არსებობს ისეთი ხელნაწერები, რომ ხუთხაზიანზეც იყოს და ნევმებითაც?
მაგდა სუხიაშვილი: დიახ, სულ რამდენიმე საგალობელია და გამოცემულია კიდეც. კახი როსებაშვილმა გაშიფრა არტემ ერქომაიშვილის მიერ ნაგალობები ძველი ქართული საეკლესიო საგალობლები და მისი ხელნაწერის მიხედვით დასვა ნევმები. არტემ ერქომაიშვილი გახლავთ XX საუკუნის ძველ მგალობელთა პლეადის უკანასკნელი წარმომადგენელი. იგი XX საუკუნის 60-იან წლებში გარდაიცვალა. სამწუხაროდ, აქ ახლა არ გვაქვს ეს გამოცემა, მაგრამ შეგვიძლია მოგაწოდოთ.
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: ვინც ეს ჩაწერა, იცოდა, ამ საგალობელს რომელი ნევმები შეესაბამებოდა და განმარტავს კიდეც რომელი რომელია, თუ უბრალოდ აწერდა, რომ ეს ნიშანი აქ უნდა იყოსო?
მაგდა სუხიაშვილი: არტემ ერქომაიშვილმა იცოდა, მაგრამ კახი როსებაშვილმა არ იცოდა, - უბრალოდ გადმოიტანა. ნევმების განმარტებები არ არის წარმოდგენილი, თუმცა მოთავსებულია იმ მარცვლებზე, სადაც უნდა იყოს.
ეკატერინე ონიანი: XIX-XX საუკუნის ნევმები განსხვავებულია ძველისგან. მიუხედავად იმისა, რომ საერთო კანონზომიერებები გააჩნია, მაინც ინდივიდუალურ მიდგომას გვიჩვენებს, - ანუ გამოთქვამს იმას, თუ როგორ შეიძლება იყოს მისთვის გამოხატული რაღაც მელოდია. ხოლო X-XI საუკუნის ნევმები ერთიანი სისტემაა; და რაიმე ინდივიდუალური განშტოებები იქ არ არის. X საუკუნეში უკვდე იმდენადაა ჩამოყალიბებული ეს სისტემა, რომ საკმაოდ მასშტაბურ და განსხვავებულ ხელნაწერებში ერთი და იგივე ნევმირებაა.
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: რომელიმე ერთი ხმა რომ შეასრულოს მგალობელმა, მსმენელი მიხვდება რომელ ხმას გალობს?
მაგდა სუხიაშვილი: დიახ, ამა თუ იმ ხმას აქვს თავისი მელოდიური მოდელი, გარკვეული ფორმულები.
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: რატომ არის პირველი პირველი ხმა? ანუ რა ნიშნით არის იგი პირველი?
მაგდა სუხიაშვილი: პირველ ხმას აქვს თავისი მელოდიური ფორმულები, რომელიც არის მისი კუთვნილება, - ფონდია პირველი ხმის მელოდიური ფორმულების. ეს ნამდვილად ვიცით. თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ ხმის ფორმულა შეიძლება დაემთხვეს. მაგრამ, თავისი ფორმულების ფონდის თვალსაზრისით, ძირითადად, ხმები გამიჯნულია. თუმცა გამონაკლის შემთხვევაში ეს ფორმულები შეიძლება გამოვიყენოთ სხვა ხმაშიც. ასეთი მაგალითებიც გვხვდება. რამდენადაც ჩვენ ვიცით, ბიზანტიურშიც არის ასეთი მოგზაური ფორმულები.
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: მაინტერესებს, ”რომელი ქერუბიმთას” საგალობელი ყველა ხმაზე გაქვთ, თუ თქვენთან ერთ ხმაზეა იგი?
მაგდა სუხიაშვილი: გვაქვს რამდენიმე ჰანგი ”რომელი ქერუბიმთას” საგალობლისა, რომელსაც ხმა მითითებული არ აქვს. რაც შეეხება რვა ხმათას პრინციპს, ზოგიერთი საგალობელი რვავე ხმისა არ მოგვეპოვება, ბევრი დაკარგულია.
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ”რომელი ქერუბიმთას” საგალობელი და ისიც, რაც მის ნაცვლად იგალობება, - ძველი ტრადიციის მიხედვით, ბიზანტიურში იყო გვერდითი მერვე ხმის საგალობლები. და რუსულშიც, ე.წ. ”ზნამენსკი რასპევშიც”, ასეა. მაინტერესებდა, როგორც არის ქართულში?
მაგდა სუხიაშვილი: ”რომელი ქერუბიმთას” ერთ-ერთი ჰანგი მერვე ხმას განეკუთვნება, სხვებზე არაფერია მითითებული, ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვით.
ეკატერინე ონიანი: საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ბიზანტიურთან მიმართებაში ბევრი პარალელია ჩვენთან. რა ხმაზეც არის ბიზანტიურში დღესასწაულები, წმინდანთა ხსენებები და სხვა, იმავე ხმაზეა ხოლმე ქართულ მსახურებაშიც.
მაგდა სუხიაშვილი: შეიძლება ეს ინფორმაციაც საინტერესო იყოს თქვენთვის. მაგალითად, მერვე საცისკრო კანონის შემდეგ რომ ”უპატიოსნესა ქერუბიმთასა” იგალობება, - ეს ყოფილა რვა ხმაზე. რაჟდენ ხუნდაძე ამბობს, რომ მარტო ერთი ხმა შემორჩაო და დანარჩენი მგალობლებმა ჭალანგანიძეებმა იცოდნენ, მაგრამ გარდაიცვალნენ და აღარ გვაქვსო.
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: შეიძლება თქვენს კვლევაში დაგეხმაროთ ის კანონზომიერება, თუ როგორ არის დაყოფილი კანონების ჯგუფი, - საცისკრო კანონები და ძველი აღთქმის შემცველი შინაარსის საგალობლები ე.წ. უმცირესობები; შეგიძლიათ ისინი შეადაროთ ხმების მიხედვით,
მაგდა სუხიაშვილი: დიახ, ეს მუშაობა ჩვენთან მიმდინარეობს. სტიქარონებს თავისი რვა ხმა აქვს, ტროპრებს თავისი რვა ხმა და ასევე თავისი ფორმულები.
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: ამ ხუთხაზიან სისტემას ერთი საფრთხე აქვს: აი, რასაც ახლა ვუყურებ, აქ არის სოლ ბემოლი და სხვაგან სულ სხვა რამეა, ამან ცოტათი დამაბნია; მაგრამ მერე რომ დავაკვირდი, შევნიშნე, რომ ფორმულა არის ერთნაირი.
მაგდა სუხიაშვილი: ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე ამ საგალობლების ჩაწერა გამოუვალი მდგომარეობის გამო მოხდა. რა თქმა უნდა, როგორც აღვნიშნე, ეს ქმნის პრობლემას კილოს დადგენის თვალსაზრისით. და ჩვენ, ძველი ჩანაწერების მეშვეობით, ვცდილობთ აღვადგინოთ ის, რაც სინამდვილეში იყო.
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: როდესაც თავდაპირველად ბიზანტიური მუსიკა ჩაიწერა ამბროსის მიერ, მას ჰქონდა ცოდნა ოთხხაზიანი ძველი სისტემისა და ხუთხაზიან მუსიკალურ სისტემაზე მოგვიანებით გადაიწერა. ანუ შეუსაბამობა ან რამე დარღვევა ოთხხაზიანის ხუთხაზიანზე გადატანისას, თეორიულად არ არსებობს. როდესაც დავაკვირდი ხუთხაზიან ნოტაციაზე გადატანილ ქართულ საგალობლებს, კანონზომიერება არა მარტო ფორმულებში დავიჭირე და დავაკვირდი, რომ ფორმულები არ იცვლებოდა, არამედ აღმოვაჩინე ის კანონზომიერებაც, რასაც მეორე და მესამე ხმის ცვლილება იძლევა. ამგვარად, ვეთანხმები თქვენს აზრს იმის თაობაზე, რომ ნევმური დამწერლობა შეიძლება იყოს ნოტებზე გადმოტანილი და კანონიკა არ დაირღვეს. ეს ჩემთვის ნათელია და ამ საკითხში წინააღმდეგობა არ მიჩნდება.
მაგდა სუხიაშვილი: უნდა ითქვას, რომ კილოს საკითხთან მიმართებაში კიდევ ბევრია საკვლევი...
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: ერთი რამ მაინტერესებს: დიდი ხუთშაბათის მერვე ხმის საგალობელი ”სერობასა საიდუმლოსა”, რომელსაც წირვაზე ”ალილუიას” შემდეგ ვგალობთ და ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს იმავე დროს ნაგალობები სხვა ტროპარი (რომელიც ერთსა და იმავე ადგილას იგალობება, ოღონდ სხვადასხვა დღეს – განსხვავებული საგალობელია), - ბიზანტიურ ტრადიციაში ეს ჰანგები ერთმანეთს ჰგავს, ფაქტობრივად, ერთნაირია. ქართულ საეკლესიო კრებულში ვნახე, რომ დიდი ხუთშაბათის ეს საგალობელი იგივეა, რაც ჩვენთან, მაგრამ მეორე საგალობელი ”მოვალს სიძე” – სრულიად განსხვავებულია იმისგან, რაც ჩვენშია, ანუ ეს სულ სხვა ხმის საგალობელია. მერვე ხმა, რაც დავაკვირდი, ჰგავს ჩვენსას, ბიზანტიურ ხმას. აი, ასეთი საკითხები მაინტერესებს.
ეკატერინე დუღაშვილი: ჩვენი მუსიკოსები, ალბათ, სულ 15 წელია, რაც ამ საკითხებს იკვლევენ... ხომ ასეა, თუ რამდენი წელია, რაც იკვლევთ?
მაგდა სუხიაშვილი: საქართველოში სამუსიკო მედიევისტიკა (მეცნიერება, რომელიც შეისწავლის შუა საუკუნეების სამუსიკო შემოქმედებას) ჯერ ძალიან ახალგაზრდა მეცნიერებაა. კომუნისტური რეჟიმის პერიოდში, ფაქტობრივად, 80-იანი წლების ბოლომდე, აკრძალული იყო საეკლესიო მუსიკის კვლევა.
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: მესმის; ამიტომ მიმაჩნია, რომ შედარებითი კვლევა, ანუ იმის შესწავლა, თუ როგორ ვითარდებოდა ბიზანტიური გალობა ქართულთან მიმართებაში, ბევრ რამეს წარმოაჩენს.
მაგდა სუხიაშვილი: დიახ, ეს აუცილებელია; ჩვენც ასე ვფიქრობთ. თქვენთვის, შეიძლება, საინტერესო იყოს წმინდა გიორგი მთაწმინდელის ანდერძები, საიდანაც ჩანს, რომ ქართული გალობა ძველთაგანვე თავის დამოუკიდებელ გზაზე დგას... ორი ასეთი ანდერძი არსებობს, რომელშიც საუბარია ქართული გალობის სხვაობაზე ბერძნულისაგან. იგი წერს ”ქართული ავაჯის” თაობაზე, ტრადიციულ ძლისპირებზე, რომლებიც ”ბერძულთა არა უდარე არიან”, ე.ი. ქართული ძლისპირები ბერძნულს არაფრით ჩამოუვარდებაო. ავაჯი ჰანგს ნიშნავს, ამით გიორგი მთაწმინდელი წარმოაჩენს, რომ ქართული გალობა ბერძნულისგან განსხვავებული იყო.
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: მინდა იმაზე გესაუბროთ, რაც დასავლეთში, კათოლიკებთან მოხდა. მოგეხსენებათ, მათ ყველაფერზე დამახინჯებული და დაბნელებული წარმოდგენა აქვთ. როდესაც გერმანელებმა იტალიელებისგან გრიგორიანული მუსიკა აიღეს, მათ თქვეს, რომ ეს წმინდაა და ამის შეხება არ შეიძლება. მაშინ მათ ამ გრიგორიანულ მუსიკას გერმანული სიტყვები დაადეს და ასე გალობდნენ. მოგვიანებით მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ამ ტექსტს არავითარი კავშირი არ აქვს ამ მელოდიასთან. მართლაც, საგალობელის ტექსტი ჰანგთან სრულ შეუსაბამობაში იყო, რადგან არსებულ მელოდიაზე ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულად, მექანიკურად დაადეს სიტყვები. ეს არის მეტად ბუნდოვანი და გაუგებარი რამ და ამის გაკეთება დიდი შეცდომაა. რუსებიც, დაახლოებით, მსგავსად იქცევიან, - მექანიკურად გადმოაქვთ ბიზანტიური მელოდია და ცდილობენ, მექანიკურად შეუთავსონ მას რუსული სიტყვები. და ქართველებიც ასევე იქცევიან. რა თქმა უნდა, ეს არის არასერიოზული და სრულიად მიუღებელი.
ეკატერინე ონიანი: საქმე ისაა, რომ ადრეულ საუკუნეებში, როცა საეკლესიო სივრცე ერთიანი იყო და გალობაც ერთი იყო ყველგან, და არა კონკრეტულად ბიზანტიური, - საქართველოში არსებობდა დასდებლის მეცნიერება, რომელიც მეცნიერულად ასაბუთებდა, თუ როგორ შეეწყოთ უკვე არსებული მელოდია ტექსტისთვის. იმათ იცოდნენ, ეს როგორ უნდა გაეკეთებინათ. მაგრამ ეს გახლდათ დროებითი მოვლენა, ვიდრე ჩამოყალიბდებოდა ეროვნული გალობა მსოფლიო ეკლესიებში. მაგრამ მაშინაც ეს მაღალპროფესიულ და მეცნიერულ დონეზე კეთდებოდა და არა მექანიკურად. და რაც მთავარია, მაშინ ამის აუცილებლობა არსებობდა.
მაგდა სუხიაშვილი: მინდა ვახსენო სლავური ტრადიცია. ესეც მონოდიაა; თავის დროზე მათ პირდაპირ გადმოიღეს ბიზანტიური ნიშნები და ეს ნიშნები დღესაც აქვთ. მაგრამ ამ ნიშნებმა თანდათან შეიცვალა მნიშვნელობა და ბიზანტიური ჰანგები ძალიან მალე გახდა სლავური, ანუ თვითმყოფადი იერი შეიძინა. მათი ძველი, ზნამენური გალობა არის თვითმყოფადი მრავალხმიანიც და ერთხმიანიც.
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: არა, მე ადრეულ საუკუნეებს არ ვგულისხმობ, მე ვსაუბრობ იმათზე, ვინც ახლა აკეთებს ამას დამახინჯებულად.
დეკანოზი დავითი: ძალიან ბევრი თანამედროვე კომპოზიტორის მიერ შესრულებული ფსევდო-ბიზანტიური გალობაც დღეს გასაღებულია, როგორც ძველი. ასე არ არის?
მაგდა სუხიაშვილი: და ეს ყველაფერი ხელოვნურად თავსმოხვეული გამოდის.
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: რა თქმა უნდა, საწყისი გალობისა ერთი იყო; იყო საერთო სისტემა, მაგრამ შემდეგ განვითარება წაიყვანა სხვა, ინდივიდუალური მიმართულებით.
მაგდა სუხიაშვილი: სწორედ ბრძანებთ. ქართული კულტურა, ფაქტობრივად, ბიზანტიურის კვალდაკვალ ვითარდებოდა და ესეც გასათვალისწინებელია. გვაქვს ცნობები, რომ უკვე V საუკუნეში ქართველებს საბაწმინდის მონასტერში ჰქონდათ თავიანთი ეკლესია, სადაც ქართულად ასრულებდნენ ღვთისმსახურებას და ქართულად გალობდნენ. იმხანად ჯერ ბიზანტიური გალობა არ იყო საბოლოოდ ჩამოყალიბებული. ბიზანტიური და ქართული სამგალობლო კულტურის ჩამოყალიბება პარალელურად მიმდინარეობდა. ამდენად, ჩვენ ძველთაგანვე დავადექით გზას თვითმყოფადობისაკენ.
მინდა დავურთო, რომ ძალიან გვიყვარს ბიზანტიური გალობა, მაგრამ ვგალობთ ბერძნული სიტყვებით. ჩემი მოძღვრის კუთხევით წირვაზე მგალობლები ზოგიერთ ბერძნულ საგალობელს ასრულებდნენ, მაგრამ ეს იყო ბერძნული საგალობელი ბერძნული სიტყვებით და ყველას ძალიან მოგვწონდა.
დეკანოზი დავითი: ჩვენც ვგალობთ ტაძარში ოღონდ ბერძნული სიტყვებით. ქართულ გალობაზე უარის თქმა, პრაქტიკულად, საკუთარ წარსულზე უარის თქმას ნიშნავს.
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: ერთი მომენტი მინდა აღვნიშნო. 400 წელი ჩვენ თურქების ბატონობის ქვეშ ვიყავით. იმ დროს დაეცა და დაკნინდა ყველაფერი ბერძნული. თურქების უღელქვეშ ბერძნები, როგორც ნივთები, ისე ვიყავით. სწორედ მაშინ დავკარგეთ უძველესი ბიზანტიური ნევმები. 1802 წელს, როცა საბერძნეთი გათავისუფლდა, დღეს არსებული ახალი სისტემა შევქმენით. მაშინ ბერძნების ნაწილმა, ვინც ევროპაში გავიდა და იქაური განათლება მიიღო, გადაწყვიტა, ”ახალ კულტურულ საფეხურზე” აეყვანა საბერძნეთი და მაშინ ჩადეს ეს გამა გალობაში. მიმაჩნია, რომ ესეც შეცდომა იყო. თავის საწყისში არც ქართულსა და არც ბიზანტიურ გალობას ეს არ ექნებოდა. იყო ის საერთო სისტემა და ამ სისტემიდან გამომდინარე ყალიბდებოდა საგალობლების ის ფორმულები, რომელიც შეიძლება მერე თვითმყოფადად გარდაიქმნა და განვითარდა.
ეკატერინე ონიანი: მიგვაჩნია, რომ არანაკლებ საინტერესო იქნება ბერძნებისათვისაც ქართული მუსიკის გამოკვლევა, ძველი ბიზანტიური გალობის აღდგენის საქმისთვის, იმიტომ, რომ აქ უფრო მეტად შეიძლება იყოს შემონახული არქაული შრეები.
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: დიახ, მართალს ბრძანებთ. სწორედ ამიტომაა, რომ მაინტერესებს რაღაც საკითხები.
მაგდა სუხიაშვილი: ჩვენთან სადა კილოს შენარჩუნებას საგანგებო ყურადღება ეთმობოდა. გამშვენებაც, ასე ვთქვათ, რეგლამენტირებული იყო, არ შეიძლებოდა ზომაზე მეტად გაემშვენებინათ საგალობლის ჰანგი. რამდენადაც ვიცით, ბიზანტიური გალობა მთლიანად არის გადატანილი მელიზმატურ (გამშვენებულ – ავტ.) სტილში. ამ მხრივ არის კიდეც მეცნიერების მოსაზრება, რომ ძველი ტრადიციული შრეების დაცვა ქართულ საგალობელში მოხერხდა. მაინტერესებს, როგორ მიგაჩნიათ, რამდენად არის დაცული ძველი შრეები ბიზანტიურ გალობაში, როდესაც მთლიანად მოხდა მელიზმატურზე გადასვლა?
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: ბიზანტიური გალობის განვითარების პერიოდიზაცია – პალეობიზანტიურ, მერე შუაბიზანტიურ და გვიანბზიანტიური – ასეთი მკაცრი განსაზღვრებით სხვადასხვაგვარი არ ყოფილა. გალობა იცვლებოდა, ვითარდებოდა, რაღაცეები იკარგებოდა. ეს ბუნებრივი განვითარების პროცესია. როდესაც საბერძნეთში აყვავების პერიოდი იდგა XIV-XV საუკუნეებში, არსებობდა მრავალი მელიზმატური ჯგუფი. ჩვენი ცნობილი ჰიმნოგრაფი ლიკურ გოსიესის “პოლიხრონიონი” 45 წუთი გრძელდება. თურქოკრატიის დროს აუცილებლობა გახდა, რომ, პირიქით, შემოკლებული ყოფილიყო მსახურებაც, გალობაც და უფრო მცირე დროში დასრულებულიყო. მაგრამ იმ შინაარსით ხმები მაინც გადარჩენილია; ფორმულები არის შეცვლილი.
მაგდა სუხიაშვილი: როგორც ცნობილია, მკვლევარები წერენ, რომ ძველად იყო დიატონური კილოები, ე.ი. რვავე ხმა იყო დიატონური, ხოლო ქრომატიული და ენჰარმონიული კილოები უფრო მოგვიანებით გაჩნდა; ანუ რვა ხმის სისტემამ ევოლუცია განიცადა...
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: ჩვენც ასე ვიცით. მაგრამ ეს დიატონური, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რასაც ჩვენ დღეს დიატონურს ვუწოდებთ.
მაგდა სუხიაშვილი: დიახ, რა თქმა უნდა, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვითარება ხდება არა მარტო დროის ფაქტორის მიხედვით; რვა ხმის სისტემა სხვადასხვანაირად იჩენს თავს სხვადასხვა ტრადიციაში.
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: როცა მოხდა საგალობლების გადმოტანა ნოტაციაზე, გარკვეულწილად, ბუნებრივია, ამან გამოიწვია ეს გარკვეული ცვლილებები.
მაგდა სუხიაშვილი: ამას ჩვენც ვწუხვართ, რომ ძველ მგალობელთა აუდიოჩანაწერები მცირერიცხოვანია და ამ მხრივ მემკვიდრეობითობა, რომელიც უწყვეტად იყო დაცული, გაწყდა.
ქართულთან პარალელის გავლების მიზნით ერთი საკითხი მაინტერესებს. რამდენად მკაცრად აქვს ყველა ხმას თავისი ფორმულები ბიზანტიურ გალობაში? ხომ არ არის აქაც მოგზაური ფორმულები? ამის შესახებ მუსაიკალურ ლიტერატურაში ორი სხვადასხვა მოსაზრება წაგვიკითხავს, ამიტომ გვაინტერესებს თქვენი აზრი, დღეს როგორ არის?
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: არის მოგზაური ფორმულებიც, მაგრამ არის ისეთებიც, რომლებიც არ იცვლება. ერთ მაგალითს მოვიყვან: XVI საუკუნეში ერთ-ერთმა ჰიმნოგრაფმა “რომელი ქერუბიმთას” ახალი ჰანგი დაწერა და იგი რვავე ხმაზე შეიძლება შესრულდეს. მაგრამ ეს საკუთარი ფორმულები, ზოგადად, ყოველ ხმას აქვს.
მაგდა სუხიაშვილი: ე.ი. ოდნავ მაინც რაღაც კილოური ცვილებები შეინიშნება?
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: დიახ. რადგან თითოეულ ხმას თავისებური ურთიერთობა აქვს კილოსთან.
დეკანოზი დავითი: თვითონ ქართული მუსიკის კვლევისთვის ბიზანტიური მუსიკის ძირფესვიანი კვლევა დაგვეხმარება, ისევე როგორც პირიქით – ბიზანტიური გალობის კვლევაში დაგეხმარებათ ძველი ქართული საეკლესიო გალობის შესწავლა.
მაგდა სუხიაშვილი: რა თქმა უნდა.
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: დიახ, მეც ასე ვფიქრობ.
ეკატერინე დუღაშვილი: კარგი იქნება, თუკი ამ საკითხებს საპატრიარქოში კონფერენცია მიეძღვნება.
დეკანოზი დავითი: ძალიან კარგი იქნება. ჩვენს ეკლესიაში არსებობს ჯგუფი, რომელსაც იმდენად ზედაპირული მიდგომა აქვს ბიზანტიური გალობისადმი, რომ ამან ხალხში ძალიან სერიოზული პროტესტი გამოიწვია. ამ ჯგუფს უნდოდა ბიზანტიური მუსიკის პროპაგანდა და აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული სიტუაცია მიიღეს. იმიტომ, რომ ეს გაკეთდა არაპროფესიულად; და ვინც ეს გააკეთა, მათ ჯგუფში არც ერთი მუსიკოსი არ იყო! როდესაც ნახეს ათონის მთაზე გაწყობილი გალობა, ცხადია, ძალიან მოეწონათ. შეუძლებელია ამან ძლიერი შთაბეჭდილება არ მოახდინოს ადამიანზე! როცა ათონიდან ჩამოვიდნენ, პირდაპირ აიღეს ეს ჰანგი და ზედ ქართული სიტყვები დაადეს. და ასე მივიღეთ სრული გაუგებრობა – აღარც ბიზანტიური არ იყო და ვერც ქართული გახდა.
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: არ ღირს ამაზე საუბარი, ეს უდავოდ არასერიოზულია.
მაგდა სუხიაშვილი: რაც მთავარია, როგორც ერთ-ერთ კონფერენციაზე ითქვა, მათ ჩათვალეს, რომ მელიზმატიკა (გამშვენება) ზედმეტია და რიგ შემთხვევებში მოხსნეს.
დეკანოზი დავითი: ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი არის სწორედ ის მონასტერი, სადაც ახლა ვიყავით.
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: ნუ ღელავთ ამაზე. მესმის თქვენი და გეთანხმებით.
ის 3-4 დღე, რაც აქ ვარ, სულ მინდა ის ძველი გალობა მოვისმინო ცოცხალი შესრულებით, რაზეც თქვენ საუბრობთ – მალხაზ ერქვანიძის გუნდი, ან ანჩისხატის გუნდი. სამწუხაროდ, ჯერ ვერ მოხერხდა.
მაგდა სუხიაშვილი: ჩვენი, პროფესიონალი მუსიკოსების და საპატრიარქოში დაარსებული გალობის ცენტრის ძალისხმევა არის მიმართული იქითკენ, რომ როგორმე აღდგეს ძველი ქართული გალობის ტრადიცია. ჩვენ გვაქვს რამდენიმე სამგალობლო სკოლა: გელათური, აღმოსავლურ-ქართული გალობა და სხვა.
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: ქართულ ფოლკლორში ხომ არის ერთხმიანი სიმღერები? მოსმენილი მაქვს ჰამლეტ გონაშვილის ხალხური სიმღერები. აი, იქაც ერთი ხმა მიდის.
მაგდა სუხიაშვილი: ჩვენთან არის ერთხმიანი სიმღერები, რაც გამომდინარეობს სოციალური ფუნქციიდან, ჟანრიდან – ეს შეიძლება იყოს გუთნური, ურმული, როცა კაცი მარტო ზის ურემზე და მღერის, ან ნანა – ესენი ბუნებრივად ერთხმიანია; მაგრამ, მაგალითად, ნადური არ შეიძლება იყოს ერთხმიანი. სხვა ტიპის სიმღერა ყველა მრავალხმიანია. მრავალხმიანობა არის ქართული ადამიანის სამუსიკო ენა. სხვაგვარად მისთვის წარმოუდგენელია სიმღერა. როდესაც ქართველი კაცი მარტოა და ერთ ხმას რომ გალობს ან მღერის, მაშინაც კი თავის თავს უბანებს მეორე და მესამე ხმის ბგერებს.
დეკანოზი დავითი: ჩვენს ტაძარში არის ფოლკლორული ანსამბლი ”მთიები”, რომელიც ასრულებს ავთენტურ ფოლკლორულ მუსიკას და რომ მოგესმინათ მათი შესრულებით ხალხური სიმღერები, ძალიან ბევრი რამ გასაგები გახდებოდა ქართული პოლიფონიის ტრადიციასთან დაკავშირებით.
მაგდა სუხიაშვილი: კიდევ ერთი კითხვა მაქვს: ქართულ გალობაში ასეა – სტიქარონებში არის ხმის თავისი ინტონაციური ფორმულები, კონდაკებს – თავისი ფორმულები აქვს, ოხითას – თავისი ფორმულები აქვს, სძლისპირებს – თავისი. ასევე არის თანამედროვე ბერძნულშიც?
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: დიახ, რა თქმა უნდა.
მაგდა სუხიაშვილი: დიახ, ადრე რომ ბიზანტიურშიც ასე იყო, ამის შესახებ წაკითხული მაქვს, მაგრამ მაინტერესებდა თქვენგან მომესმინა, - დღესაც თუ ასეა.
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: დიახ, დღესაც ასეა.
დეკანოზი დავითი: ძალიან რთულია ანტიფონური გალობა. დღეს ეს მხოლოდ ერთ-ორ ტაძარში სრულდება და საყოველთაო ხასიათი, სამწუხაროდ არ აქვს. კარგი იქნება ამის აღდგენა.
მაგდა სუხიაშვილი: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო საგანგებო დადგენილება ყველა ქართულ ტაძარში ძველი ქართული საეკლესიო გალობის აღდგენასთან დაკავშირებით. მაგრამ წმინდა სინოდის გადაწყვეტილების მიუხედავად, ჯერ ამისთვის ვერ მიგვიღწევია. ასევე უნდა ითქვას, რომ ამ საქმეს ძალიან დიდი მხარდაჭერა სჭირდება; რადგან ეს უდიდეს შრომასთან არის დაკავშირებული. დღეს კი მგალობლისათვის ეს არის მეორეული პროფესია. მგალობელი სხვა საქმეზე არ უნდა ფიქრობდეს, ის უნდა იყოს იმდენად უზრუნველყოფილი, რომ ეს უზარმაზარი რეპერტუარი შეისწავლოს და მის დახვეწაზე იმუშაოს. დღეს ეს ჩვენთვის არის ფუფუნება. ახლა, სამწუხაროდ, მგალობლის პროფესია არ არის ისე დაფასებული, როგორც უწინ იყო...
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: რაც მე მხიბლავს ბიზანტიურ გალობაში, ის არის, რომ მოკლედაც შეიძლება იგი შეასრულო და ვრცლადაც და ამის საშუალებას ხმა იძლევა.
მაგდა სუხიაშვილი: ეს ჩვენთანაც არის.
ეკატერინე ონიანი: ჩვენთან კიდევ სხვა მომენტიც არის; ესაა – კალიფონიური გალობის შესაბამისი გამშვენებული გალობა. ბიზანტიურში, რადგანაც იგი ერთხმიანია, იმ ერთი ხმის ხარჯზე ხდება გამშვენება და ამიტომ ძალიან გაგრძელებული და ვრცელია. არსებობს მოსაზრება, რომ კანონიკური გალობა უფრო მეტად დაცული არის ჩვენთან, იმიტომ რომ ის ძალიან მნიშვნელოვნად არ განვითარებულა ჰორიზონტალში მისი მრავალხმიანი ბუნების გამო.
დეკანოზი დავითი: იქნებ ახლა რამე დავგეგმოთ სამომავლოდ. ხომ არ ფიქრობთ, რომ საჭიროა ჩატარდეს მართლმადიდებლური კონფერენციები, ფორუმები, სადაც თავის კვლევებს ერთმანეთს გააცნობენ საეკლესიო მუსიკის მკვლევარები და ერთმანეთს თავის გამოცდილებას გაუზიარებენ? ასეთ კონფერენციაზე ჩამოხვიდოდით?
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: მე ბერი ვარ და მონასტრიდან ძნელად გამოვდივარ. შემიძლია დაგეხმაროთ იმით, რომ დაგაკავშიროთ იმ ადამიანებს, ვისაც ვიცნობ.
დეკანოზი დავითი: დიახ, ეს კარგი იქნება, მაგრამ სწორედ ათონის მთიდან გაჟღერებული პოზიციაა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო საზოგადოებისთვის. ის, ვინც ავტორიტეტულ პოზიციას გამოხატავს ამ კონფერენციაზე, უნდა იყოს სასულიერო პირი და, იმავდროულად, მეცნიერი მუსიკოსი და მკვლევარი. იმიტომ, რომ როდესაც მარტო მკვლევარი საუბრობს, ის მხოლოდ მეცნიერულ სენტენციებს გადმოგვცემს.
ბერ-დიაკონი ნიკოდიმოსი: ასეთს არავის ვიცნობ, მაგრამ გავიკითხავ, თუ არის სასულიერო პირი, განათლებით მუსიკოსი. თქვენ მოიფიქრეთ კონფერენციის თემატიკა და შემდეგ დავაგზავნოთ მოსაწვევები, ჩვენთან ბევრი ადამიანი ჩამოდის.
მაგდა სუხიაშვილი: თან მეტი კავშირია საჭირო ამ სფეროში. ჩვენი გასვლა, მათი ჩამოსვლა, ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება. ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება ერთობლივად.
მოამზადა მარიამ გაგუამ
გაზეთი ”საპატრიარქოს უწყებანი”, №10(582)-11(583), 2011 წ.
ბოლოს განახლდა (MONDAY, 19 DECEMBER 2011 21:12)