Georgian (Georgia)English (United Kingdom)

(1105 წ.)

შეიკრიბა აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა მეფის დავით აღმაშენებლის ბრძანებით, იმ მიზეზთა გამო, რომელთა შესახებ ქვემოთ არის მსჯელობა.

მთელი ხილული და უხილავი სოფლის და ყველა ცნობილი და გრძნობადი ბუნების არაარსისგან არსებად მომყვანმა ღმერთმა უხილავთა და ზესთა სოფლის ძალთა ბუნება უკვდავებითა და უხრწნელობით შეამკო, ხოლო ქვენა სოფლის ყველა მკვიდრი შექმნასა და ხრწნილებას შორის განაწესა.

ამის შემდეგ მოიგონა რაღაც ახალი და უცხო დაბადებული კაცი, რომელიც თავის თავში ატარებდა თვითონ დამბადებელს, მეტყველისა და უტყვის და ყოველივე შექმნილის ბუნების ზიარებას. მის მიერ, როგორც საერთო საკვრელის მიერ, ღმერთთან შესაერთებლად შეიკრიბება ყველა დაბადებული და ხუთივე სახე არსებათა დაყოფისა თანადროულად დაიშლება. იგი როგორც რაღაც მეორე სოფელი დაამკვიდრა ქვეყანაზე - მცირე დიდში ან დიდი მცირეში. ღმრთივმშვენიერი და დიდებული სამოთხე გააშენა ედემის აღმოსავლეთით. მაგრამ, როდესაც კაცმა თვითმფლობელობის საგნად მისთვის მიცემული სჯული საღმრთო ნების საწინააღმდეგოდ გამოიყენა და ეშმაკის შურით და დედაკაცის ცდუნებით გზას ასცდა, განიდევნა ცხოვრების ხისა, სამოთხისა და ღმრთისაგან ბოროტებისათვის, და სიკვდილითა და ხრწნილებით დასჯილი მრავალი ვნებითა ძვირით მოცულ იქნა.

პირველად ძმის სისხლით ხელშეღებილმა კაენმა ღმრთის მეორე წყევის ღირსი გახადა ქვეყანა, შემდეგ გმირთა სიბოროტემ დამბადებელს შეანანებინა უცხო ცოცხალი კაცის ესოდენ საკვირველებით დაბადება და მიწის პირისაგან ყოველივეს აღმგველი წარღვნის შეჩერება. ამის შემდეგ გოდლის მაშენებელთა თავხედობამ ენათა შერევნით და ტომების დაშლით მეოთხედ დასაჯა კაცთა მოდგმა. ხოლო კერპთა თაყვანისცემის სიბეცემ და დამბადებლის ნაცვლად დაბადებულის მსახურებამ სრულიად განაშორა და უცხო-ყო კაცი შემოქმედი ღმერთისაგან. სოდომელთა სიბილწით ცხოვრების ღაღადისმა ღმერთი აიძულა, ხუთქალაქის მხარე ცეცხლით დაეწვა. შემდეგ ფარაონის გულფიცხელობასა და ეგვიპტელთა უსახურობას არნახული ძალადობისათვის უცხო სამაგიერო და მათ გვამებს უჩვეულოდ დამმარხველი საფლავი მიეზღო.

ამის შემდეგ - დიდი მოსე, სჯული, მღვდელობა, მსხვერპლნი, სხვადასხვა სალხინებელი, მსაჯულნი, მეფობა, წინასწარმეტყველება, მოსახდენის წინასწარ ცნობა, ღმრთის სახეცვლილი გამოცხადებები. მერმე ისევ კერპთმსახურება თვით მოსეს მიერ ეგვიპტიდან გამოყვანილი, სჯულდებული, ამდენი პატივის ღირსქმნილი და ღმრთის პირმშო ძედ აღიარებული ერისაგან. ამის შემდეგ ისევ ძალადობა, ისევ ტყვეობა მრავალჯერ მრავალი ნათესავისა და ბოლოს ბაბილონელთამიერი ტყვეობა, რომელთა მეფის ღმრთისსაწინააღმდეგო გამონაგონნი საქმით ამხილა სამმა ისრაიტელმა ჭაბუკმა, როცა რკინის ბორკილების გამდნობმა ღუმელმა შეუხებლად დაიცვა დაწვისაგან მათი ადვილად დასაწვავი თმები და სამოსელი. შემდეგ კიდევ ქალაქი და ტაძარი, ისევ სჯული და მღვდლობა, და რამდენი რამ იყო სჯულისეული და საკვირველი სჯულიერი მსახურებისეული, მაგრამ ვერც ერთმა ზემოთ ჩამოთვლილთაგანმა ვერ შეძლო ბუნების განკურნება. ტანჯვა და საშინელება, ქველმოქმედებითი სიტკბოება და მათთან ერთად ბუნებითი და დაწერილი სჯულიც უქმნი იყვნენ და უბოროტესი სატკივრისათვის უძლიერესი წამალი იყო აუცილებელი.

ამისთვის თვითგვამოვანი სიბრძნე და ძალა და მამა ღმერთის თანაარსი სიტყვა, რომელიც დასაბამს იყო, ღმერთთან იყო და მარად იყო, მოვიდა თავის ხატთან და უხრწნელი და ყოვლად უბიწო სისხლისაგან ჭეშმარიტებით და საკუთრად ღმრთისმშობლის, მარადის ქალწულის ხორცი შეიმოსა ხორცისათვის და გონიერ და სიტყვიერ სულს შეეზავა ჩვენი სულისათვის მსგავსის მსგავსით განსაწმედად, რადგან მიუღებელი უკურნებელიც არის და თავისი შექმნილის ნაცვლად თვითონ მიიღო ბრძოლა. ამგვარად ყველა ხორცთამიერი განგება ჯვარზე ვნებით, საფლავით და ღმრთივმშვენიერი აღდგომით სრულყო რა ქვეყანაზე, ზეცაში დიდებით აღმავალმა წარავლინა თავისი თორმეტი მოწაფე, რომლებსაც მოციქულები უწოდა, რომ ღმრთის ცოდნის ნათლით სოფლის ყველა მხარეს მოაშორონ უღმრთოების სიბნელე და წმინდა სამების სახელის მიმართ ნათლისცემით ასწავლონ თაყვანისცემა თანაარსი ერთღმრთეებისა და მაცხოვნებელი მცნებების დაცვით დაუბრუნონ კაცს თავდაპირველი ნეტარებითი დიდება.

მოციქულები, როგორც იმ სიმართლის მზის შარავანდედნი მოეფინენ ქვეყნის კიდით კიდეს და უღმრთო კერპთაყვანისმცემლობის გონებაარეულობის ყველა ნაყოფი სულიერი მახვილით მოჭრეს, სარწმუნოების ცეცხლით მოწვეს და შემწყნარებელი კაცების გული ჯვრის სახნისით აღბეჭდეს, მათში სარწმუნოების კეთილმსახურების თესლი დათესეს, ღმრთეებრივი მშვენიერებით ასწავლეს ერთი და ჭეშმარიტი ღმერთის მსახურება და თაყვანისცემა მრავალი და სიცრუით მოპოვებული ღმერთების ნაცვლად. საკერპო ტაძრებისა და სვეტების ნაცვლად მრავალი ეკლესია და საკურთხეველი აღუმართეს ღმერთს ქვეყნის ყველა მხარეში. ასწავლეს სოფლის სიძულვილი და ხორცის მტრობა იმათ, ვისაც სოფელი (ეს ქვეყანა) ღმერთად შეურაცხავს და ხორციელ გემოთა ძალადობის მონად გაუხდია თავი. ელინური გამონაგონი სიბრძნე, რომელიც ზოგის გულუბრყვილობით მათთვის ღმრთით ბოძებულ სიბრძნედ ითვლებოდა (რის გამოც პავლეს დასცინოდნენ ათენელები), სრული სიბრძნით ამხილეს და ცხად-ყვეს, რომ მათი ზღაპარმწერლობითი ხელოვნება ლაპარაკის ღირსიც არ არის. დიდი კლიმენტოსის მიერ ჩამოყალიბებულ იქნა ოთხმოცდახუთი საეკლესიო კანონი.

მოციქულთაგან ერთი - პირველწოდებული ანდრია, მოციქულთა თავის, პეტრეს ძმა ჩვენამდე მოვიდა, სახარების საცხოვნებელი ქადაგება მთელ საქართველოში იქადაგა, ერის ურიცხვი სიმრავლე ორმაგი ეშმაკეულობის საცთურისგან განაშორა და ასწავლა ერთი ღმერთის, ქრისტეს და მათი თანაარსის სულიწმიდის თაყვანისცემა. ქართლის უმრავლესმა ერმა დიდი დროის შემდეგ დაივიწყა მოციქულის ქადაგება და კერპთა საცთურს დაუბრუნდა.

მოციქულის ქადაგების ნაყოფად მთელი მსოფლიოს ყველა მხარეში აღმოცენდა ღვაწლის დამდები ქრისტეს სიკვდილს მიმსგავსებული მოწამეების სიმრავლე. გავიდა სამასი წელი კონსტანტინეს გამეფებამდე, კონსტანტინე გახდა პირველი ქრისტიანი მეფეთა შორის, თვითონ გახდა მოციქული, საცხოვნებელი ქადაგების მქადაგებელი და ქრისტიანთა ღმრთივმშვენიერი მოქალაქობისათვის თავისუფლების ნათლის მიმფენელი.

ამავე დროს უკვე მაღლით გადმოგვხედა ჩვენ აღმოსავალმა: ვინმე ტყვე დედაკაცმა, რომელსაც ნუნნა კაპპადუკიელს უწოდებენ ჩვენში არსებული საეკლესიო მოთხრობები, თავისი სარწმუნოების მიმართ ნიშებშემოსილი სასწაულების საკვირველთმოქმედებით მიიზიდა ქართველთა სრული მოდგმა.

ქართველთა მეფემ მირიანმა მეფეთა შორის დიდ კონსტანტინესთან გაგზავნა წარმომადგენელი, გამოითხოვა მისგან ანტიოქიის დიდი ეკლესიის საყდრისმპყრობელი ევსტათი და თავის ქალაქ მცხეთაში ჩამოიყვანა. მისი წმინდა ხელით ნათელ-იღო მან და მთელმა ქართველმა ერმა. თვითონ პატრიარქთა შორის სახელგანთქმულმა ევსტათიმ ხელით ჩაუყარა საფუძველი მცხეთაში აშენებულ ეკლესიას, რომელიც დიდი გულმოდგინებით დაამთავრეს რა, განწმინდა იგი და მასში ქართველთათვის ხელთდასხმულ ყო ეპისკოპოსი-კათალიკოსი. ამან, საუკუნოდ ხსენებულმა კონსტანტინე მეფემ შეკრიბა პირველი მსოფლიო წმინდა კრება ნიკეას, რომელსაც სამასთვრამეტი წმინდა მამა ესწრებოდა. მათ ოცი კანონი დაადგინეს. ამ კრებამდე იყო სხვა, ადგილობრივი კრებები: პირველი აკვირიის, რომელმაც 24 კანონი დაადგინა, მეორე ნეოკესარიას, 14 კანონი გამოიტანა. დიდი და მსოფლიო ნიკეის კრების შემდეგაც იყო ადგილობრივი კრებები, როგორიცაა: ღანგრის, რომლის კანონები ოცია რიცხვით, აგრეთვე ანტიოქიის, ოცდახუთი კანონის გამომცემელი, ამასთანავე ფრიგიის ლაოდიკიის კრების კანონები ოცდაერთია. ამათ შემდეგ შედგა მეორე წმინდა და მსოფლიო კრება კონსტანტინეპოლში, რომელსაც ასორმოცდაათი წმინდა მამა ესწრებოდა. მათ შვიდი კანონი მიიღეს. შემდეგ მესამე წმინდა და მსოფლიო კრება ეფესოს, თეოდოსი მეფის მიერ შეკრებილი, მიიღეს რვა კანონი. მეოთხე იყო ქალკედონის მსოფლიო კრება კეთილად მსახური მარკიანე მეფის დროს, რომელსაც ექვსასოცდაათი მამა ესწრებოდა. მიიღეს ოცდარვა კანონი. შემდეგ იყო კართაგენის ადგილობრივი კრება. მისი კანონები ას ოცდათვრამეტია. კონსტანტინეპოლის მეხუთე წმინდა და მსოფლიო კრებამ კანონთა განწესებისათვის მცირედ იზრუნა. ხოლო მეექვსე წმინდა და მსოფლიო კრებამ, რომელიც მეფის სასახლის გუმბათის ქვეშ შეიკრიბა კეთილად მსახური მეფის იუსტინიანეს დროს, შეავსო მეხუთე მსოფლიო კრების ნაკლი, დაადგინა ას ორი კანონი. ნიკეის მეორე (VII) მსოფლიო წმინდა კრებამ დაადგინა თვრმაეტი (ოცდაორი) კანონი. ამის შემდეგ იყო კიდევ ორი კრება იმავე სამეფო ქალაქში, წმინდა და ყოვლადქებული მოციქულების ტაძარში რომ შეიკრიბა, რომელმაც 17 კანონი განაჩინა; წმინდა და მსოფლიო მეშვიდე კრებამ,* რომელიც წმინდა ხატების გამო შეიკრიბა, მხოლოდ სამი კანონი მიიღო.

ამ წმინდა კრებების დადგენილ კანონებთან ერთად არიან და აღირიცებიან თითოეული წმინდა მამის მეირ განწესებული კანონებიც:

დიონისე ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსის ოთხი კანონი.

პეტრე ალექსანდრიელი მღვდელმთავრისა და მოწამის თხუთმეტი კანონი.

გრიგოლ ნეოკესარიელი ეპისკოპოსისა და საკვირველმოქმედის კანონიკური ეპისტოლე.

ბასილი დიდის ოთხმოცდახუთი კანონი.

მისივე კანონიკური ეპისტოლე დიოდორე ტარსელის მიმართ.

მისივე კანონიკური ეპისტოლე გრიგოლი ხუცესის მიმართ.

მისივე კანონიკური ეპისტოლე ქორეპისკოპოსთა მიმართ.

მისივე კანონიკური ეპისტოლე მისი ხელქვეითი ეპისკოპოსების მიმართ.

მისივე ამფილოქე იკონიელის მიმართ სულიწმიდის შესახებ მიწერილი თავებიდან.

გრიგოლ ნოსელის რვა კანონი.

ტიმოთე ალექსანდრიელის თხუთმეტი კანონი.

ფილოთეოს (თეოფილე) ალექსნადრიელის ღმრთის გამოცხადებისათვის თქმულიდან.

მისივე სხვა ათი კანონი.

მისივე ეპისტოლე აფინგიონ ეპისკოპოსის მიმართ.

მისივე ეპისტოლე აგათონ ეპისკოპოსის მიმართ.

მისივე ეპისტოლე მინა ეპისკოპოსის მიმართ.

კირილე ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსის შვიდი კანონი.

გენადი წმინდა კონსტანტინეპოლელი პატრიარქის და მასთან ერთად წმინდა კრების ეპისტოლე ირგვლივ მდებარე სამთავროების მიტროპოლიტების მიმართ.

ეს არის წმინდა და საეკლესიო კანონთა კრებული, დაბეჭდილი და შენახული ყოველგვარი შემატებისა და მოკლების გარეშე. ამათი ცოდნა, მიყოლა და მტკიცედ პყრობა მართებს ყველა ქრისტიანული მადიდებლობის წინამძღვარ მღვდელმთავარს, მღვდელსა და დიაკვანს, ჩვენს შორის მოძღვრად სახელდებულ მონაზვნებს და მთლიანად და სრულიად მართლმადიდებელთა ეკლესიას. ჩვენ ეს ყველაფერი იმიტომ ვახსენეთ, რომ თავიდანვე ჩვენი სიტყვის სახე განვმარტოთ.

დასაბამს ღმერთმა დაჰბადა კაცი ხატად და მსგავსად თვისად, რომ, როგორც ზემოთ ვთქვით, მის მიერ ხილულისა და უხილავის საზოგადო საკვრელით თავის თავში შეაერთოს ყოველი შესაცნობი და გრძნობადი დაბადებული, რომ სათნოებით ექცეს თავის შემოქმედს საკუთრებად, ხოლო ის ასეთი მადლის სიმდიდრისაგან გაშიშვლდა ცთომის მიერ და განდგომილ და შერისხულ მონათა მონობა მოუტანა თავს.

მაგრამ მისმა სახიერმა დამბადებელმა თითქოსდა თავს იდვა მისი ხელით ქმნილი ამოდენა საქმის - კაცის უგულებელყოფა, მაგრამ ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის და მარადის ქალწულის უხრწნელ საშოში არა პირველისამებრ ეჭვის მადლით, არამედ გვამოვნებით შეაერთა იგი თავის თავთან და ზესთა ბუნებისა გააღმერთა მისგან მიღებული და მასთან ერთგვამქმნილი კაცი, რომელიც იყო პირმშო ყოველი შექმნილისა. მან თავს იდვა მრავალ ძმათა შორის პირმშოდ ყოფნა და ყრმებსაც ეზიარა ხორცით და სისხლით. მან, რომელიც ერთია და ყველას თავი, ჩვენ, მისი სახელის მიმართ წოდებულნი, მადლით მის ძმად აღიარებულნი და იმ თავის გვამად გამოჩენილნი, იქ აგვიყვანა, სადაც თვითონ არის ჩვენი იმედის თავი. წმინდათა თანამოღვაწე და ღმრთის თანამკვიდრნი გაგვხადა და სულის სამკვიდრებლად გამოგვაჩინა, რადგან როცა თავის მიმართ შეიკრიბება თითოეული ასო, ცომად გარდაიქმნება ყოველივე აზელილი.

ამისთვის მოგვეცა პირველად ბუნებითი და მერმე დაწერილი რჯული, განკაცდა ღმერთი, ამისთვის იყო ქალწულისაგან შობა, ბაგა, შეხვევა, მადიდებელი ანგელოზები, ვარსკვლავის მოძრაობა, მოგვთაგან ძღვენის მორთმევა, წინადაცვეთა, ნათლისღება, ზეციდან დამოწმება, გამოცდა, ჩვენთვის ჩაქოლვა და ვნება უვნებელისა, გაცემა, დალურსმვა, დამარხვა, აღდგომა, ზეცას აღსვლა. ამისთვის იყო მოციქულთა ქადაგება, მოწამეთა სისხლი, მოძღვართა სწავლანი, ღირსნი მამების ოფლი, კეთილმსახური და მორწმუნე მეფეების გულმოდგინება, ღმრთისმოყვარე მთავრების მოწადინება, ღმრთის სახის მღვდელმთავრობის რწმუნებულთა გამბედაობა მოწინააღმდეგის მიმართ, მღვდლებისა და სამღვდელოების სიმხნით თანამებრძოლობა, ცოდვისთვის სიმამაცით წინააღმდეგობის გაწევა, ნივთიერი ქონებისაგან დაცლილი მონაზვნების დასისა და ქრისტეს მოყვარე ერის სასულიერო დასთან ერთხმობა.

ამისთვის იქნა ქრისტესმოყვარე და ღმრთივდაცული მეფეების მიერ ღმრთისმოყვარე ეპისკოპოსებისა და ღმრთის სათნოყოფილი მამების კრებების მოწვევა დროდადრო, რომ საქმით სრულყოფილი სარწმუნოებით ღმერთთან შეაერთონ ქრისტიანები, რომელთა მონდომებას კეთილად მიჰბაძა ჩვენმა გვირგვინოსანმა, საყვარელმა და სასურველმა ძემ დავითმა, რომელიც ერთდროულად მხნეც არის და ბრძენიც, მართალიც და წმინდაც, მყუდროცა და მშვიდიც, სახიერიც და ტკბილიც, მოწყალეც და ძვირუხსენებელიც და მიმსგავსებულია სახიერებით ღმრთისა, რომელიც აღმოუბრწყინებს მზეს კეთილთა და ბოროტთა და ყველას თანასწორად ზრდის წვიმით. გარეშე ბრძოლაში წინ ვერვინ აღუდგება და გარეგნული შესახედაობით სხვა კაცთა შორის სწორუპოვარია. დიდად კეთილი არის, როგორც გმირი, მშვენიერია, როგორც სიძე, ბრწყინვალეა როგორც ცისკარი, ნაყოფიერია სიკეთით, როგორც აღმოსავლეთი, წარმატებებით ყვავილოვანია, როგორც ღმრთის სამოთხე, თავს არ იდვა, რომ უფრო მეტად არ ეღვაწა შინაგანი სულის სიკეთის გაბრწყინვებისთვის, რადგან ისინი წარმავალნი, ხოლო ესენი ღმრთის უსასრულობასთან ერთად უსასრულონი არიან. ამიტომ შეიკრიბა ღმრთისმოყვარე  ეპისკოპოსთა, პატიოსან მღვდელთა, ღირს დიაკონთა, ქრისტესმოყვარე მონაზონთა, დაყუდებულთა და მეუდაბნოეთა კრება ქართლის მიდამოებში, ორ ახლოს მდებარე საეპისკოპოსოსში - რუისსა და ურბნისში. ქართველთა უბიწო სარწმუნოებას რაიმე ბიწი არ შეჰხებია, ეს ღმერთმა ნუ ქნას! არ გეცრუვებით შენ, სიწმინდით მშობელო ჩვენო წმინდაო კათოლიკე ეკლესიაო, არც გაგცემთ შენ, ჩვენო სიქადულო - მართლმადიდებლობავ, რომლისთვისაც არასოდეს გვიღალატნია, რაც მისი შეცნობის ღირსნი გავხდით და რისი მოწმეც ჭეშმარიტებაა. ეს შეკრება მოხდა სხვა საეკლესიო, სამღვდელო და საქრისტიანო საკითხთა ძიებისთვის. ამ კრების თავი, წინამძღვარი და სახე იყო ღმრთის კუთვნილი, სულიერი სიმშვიდით მოსეს მსგავსი, დიდი სამოელისებრ ერისთვის მლოცველი და სრულყოფადთა მადლით მცხებელი ღირსი მთავარეპისკოპოს-კათალიკოსი იოვანე, მთელი საქართველოს მამათავარი, და მასთან ერთად  იღვწოდა სრულად ზემოთ ჩამოთვლილი მრავალრიცხოვანი კრებული.

კანონი 1

პირველ რიგში განვკვეთეთ და მღვდლობის პატივი ჩამოვართვით ისეთ ეპისკოპოსებს, რომლებიც ღირსეულად ვერ ატარებენ მღვდელმთავრობის პატივს და უღირსნი არიან პირველი მწყემსმთავრის ქრისტესი, რადგან სიწმინდის შეხება არაწმინდისგან არ შეიძლება. ღმრთის ახლოს მყოფი - ცეცხლის ახლოს მყოფია, და აუცილებელია, რომ სუფთა ოქრო იყოს. ასეთნი არ შეგვიკრავს, არც შეგვიჩვენებია, ღმერთმა ნუ ქნას! არამედ უბრალოდ ერისკაცებთან ერთად ზიარების უფლება მივეცით, თუ ამიერიდან სიწმინდეს შეინახავენ. მათ ნაცვლად დავადგინეთ სხვები, ასაკითაც და საქმითაც სარწმუნონი, რომლებმაც კეთილად გამოაწრთეს ხორცი და დაუმორჩილეს სულს.

კანონი 2

ამასთანავე ხელთდასხმის დროს სულმოკლეობა და აჩქარება, როგორც უწესო და უკანონო საქციელი, ავკრძალეთ. ვადგენთ, რომ ამიერიდან აღარავინ გაბედოს არაფრის ქმნა, გარდა იმისა, რასაც კანონი განაწესებს: ეპისკოპოსი ხელთდასხმულ უნდა იქნეს ოცდათხუთმეტი წლისა, მღვდელი - ოცდაათი წლისა, დიაკონი - ოცდახუთი წლისა, წიგნისმკითხველი - რვა წლისა.

კანონი 3

ამასთან ერთად ვკრძალავთ ხელთდასხმის უწესო წესს, როცა ვინმე ერთსა და იმავე დღეს მიიღებს ხელთდასხმას წიგნისმკითხველად, ჰიპოდიაკვნად, დიაკვნად, მღვდლად და ეპისკოპოსადაც. თუ ასეთი რამ კიდევ იქნეს სადმე, ხელთდასხმულიცა და ხელთდამსხმელიც განიკვეთოს მღვდლობისგან, რადგან პირველად ჯეროვანია წიგნის მკითხველად და ჰიპოდიაკვნად ხელთდასხმა. ორივე ამ ხარისხის ერთ დღეს მინიჭება შეიძლება, შემდეგ - დიაკვნად. როცა დიაკვნობაში დაყოფს რამდენიმე ხანს და ემსახურება მღვდლებს დღეების განმავლობაში, შემდეგ აკურთხონ მღვდლად. თუ ეპისკოპოსი უნდა გახდეს, შვიდი დღის ჟამისწირვის შემდეგ მოიყვანონ ეპისკოპოსად ხელთდასხმისათვის. ეს ეხება იმათ, ვისაც რაიმე საჭირო მიზეზი აჩქარებს, ხოლო ვისაც სათანადო მიზეზი არა აქვს ასაჩქარებლად, მათ წელი და წლები უნდა დაყონ თითოეულ ხარისხში და უფრო მეტად - დიაკვნობაში, რადგან დიაკონთა სიმრავლის გარეშე ვერც ერთი საეკლესიო წესი ვერ იქნება სათანადოდ მშვენიერი. ამიტომ ვამცნებთ ყველა ეპისკოპოსს, რომ დიაკონთა უფრო გამრავლებისათვის იღვწოდნენ თავიანთ ეკლესიებში. მონაზონს, რომელიც მღვდელი ან ეპისკოპოსი უნდა გახდეს, ჯერ მონაზონთა დიდი სქემით სრულყოფას ვუბრძანებთ და შემდეგ შეიძლება მისი მღვდლად კურთხევა.

კანონი 4

ხელთდასხმის შესრულების წესი ისე უნდა აღსრულდეს, როგორც ნეტარებით მოხსენიებული გიორგი მთაწმიდლის ახალ ”კურთხევანშია” აღწერილი. ეკლესიის კურთხევა, საკურთხევლის დამყარება და ღმერთმყოფელი მირონის განწმენდა ასევე უნდა შესრულდეს, როგორც მასშია მოხსენებული.

კანონი 5

ქრთამის და საფასურის შესახებ, რომელსაც ხელთდამსხმელნი მიიღებენ ხელთდასხმადთაგან, წმინდა მოციქულთა და მამათა მიერ ადრე დადგენილისამებრ ჩვენც განვსაზღვრავთ, რომ ასეთი უნდა ჩამოშორდეს ეკლესიას და მას უნდა აეკრძალოს მღვდლობა თავის მაკურთხეველთან ერთად. ამიერიდან ასეთი რამის ჩადენა არავინ გაბედოს. ვინც გაბედავს, შეჩვენებულ იქნეს ისე, როგორც სვიმონ მოგვი პეტრე მოციქულისგან (შდრ. საქმე მოციქ. 8, 9-20). ნუ მიიღებენ ნურაფერს ნურასოდეს, ნურც ხელთდასხმამდე, ნურც ხელთდასხმის დროს, ნურც ხელთდასხმის შემდეგ, ნურც ქრთამს, ნურც ძღვენს, ნურც ევლოგიას; კათალიკოსი - ეპისკოპოსებისა, დიაკვნებისა, ქორეპისკოპოსებისაგან, ეპისკოპოსები - დიაკვნებისა, მღვდლებისა, ქორეპისკოპოსებისა, სამღვდელო დასის სხვა წარმომადგენელთა და ეკლესიის მნეთაგან.

კანონი 6

სამღვდელო ჭურჭლის და ღმრთისადმი შეწირულ სიწმინდეთა შესახებ, როგორიცაა ბარძიმ-ფეშხუმი, სამწერობელი, ყოველივე ეკლესიისთვის შეწირული და ერთხელ ღმრთისათვის მიცემული ოქრო, ვერცხლი, თვალ-მარგალიტი, მინა, სტავრა, სირმით ნაქსოვი, სპილენძი, რკინა, ხე, თიხა, ქვა, - ვადგენთ წმინდა კანონთა მიხედვით, რომ არავის მიეცეს მათი ხმარების უფლება, ტყვეთა გამოსახსნელადაც კი, გინდ უქმად და უხმარად ეწყოს და ფეხით სათელად ეყაროს ეკლესიის საგანძურში. ხოლო თუ ვინმე გაბედავს მათ ხმარებას ეკლესიის გარეთ, გარდა იმ საჭიროებისა, რისთვისაც ეს ნივთები დაწესებულია და რა სახითაც ეკლესიის სამსახურებლად ან საკურთხევლისთვის შექმნილია, მას მოელოდეს ამქვეყნად ბაბილონელთა მეფის ბალტაზარისა (შდრ. დან. 5, 23-31) და ანანიას და საფირას სასჯელი (შდრ. საქმე მოც. 5, 1-10), ხოლო იმქვეყნად საუკუნო ცეცხლი, გამზადებული ეშმაკებისა და მათი ანგელოზებისთვის.

კანონი 7

ამასთან ერთად ისიც გავიხსენოთ, რომ ეკლესიისა და საკურთხევლის გარეშე არც ნათლისცემა შეიძლება, არც გვირგვინთა კურთხევა. არ შეიძლება არც მონაზონის კურთხევა ეპისტოლითა და სქემით. არც მონაზონ-მღვდელს აქვს ნება გვირგვინის კურთხევისა. არც მღვდელს აქვს ნება, მონაზონი აკურთხოს.

კანონი 8

პირველი ან მეორე გვირგვინის კურთხევის შემდეგ ცოლ-ქმარს წმინდა საიდუმლოს ზიარება მართებთ იმ დღეს, რომელ დღესაც იკურთხნენ, თუ რაიმე ზომასგადასული სიბილწით შეპყრობილნი არ არიან. თუ უზიარებლობით დასჯილნი არიან, შემდეგ შეასრულონ მათთვის დაკისრებული უზიარებლობის კანონი.

კანონი 9

მეორე გვირგვინის მაკურთხეველი მღვდელი სადილზე ნუ მივა ჯვარდაწერილებთან. მეორედ დაქორწინებულ ცოლ-ქმარს პირველი გვირგვინის მსგავსი კურთხევით ნუ აკურთხებენ. ამ დადგენილების დამრღვევი მღვდელი განიკვეთოს, ხოლო ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს.

კანონი 10

 

ვადგენთ, რომ ამიერიდან ჩვილი ქალ-ვაჟის გვირგვინი არ ეკურთხოს. თუ მათ მშობლებს საჭიროდ მიაჩნდეთ, დაინიშნონ ისინი ერთმანეთზე და შემდეგ, როცა სრულწლოვანებას მიაღწევენ, იქორწინონ. ქალი 12 წელზე უმცროსი ნუ დაქორწინდება. ამ კანონის დამრღვევი, ზემოხსენებული განჩინების თანამდები იყოს.

კანონი 11

ქორეპისკოპოსად კათალიკოსმა და ეპისკოპოსმა აირჩიონ სჯულისა და საღმრთო წიგნთა მცოდნე მღვდელი ან დიაკონი და ღმრთის შიშით ემცნოს მას ყველა ქრისტიანული წესის უბიწოდ დაცვა. მან არაფერი არ უნდა გასცეს ქრთამად, არაფრი გაყიდოს ვერცხლზე, როგორც იუდამ უფალი, რათა მისი ჩამოსახრჩობი თოკი არ მიიღოს მემკვიდრეობით.

კანონი 12

ზემოთქმულის შემდეგ, გვგონია, საჭიროა ამის გახსენებაც: ძალიან ბევრი და აურაცხელია მოძღვრად წოდებული მონაზვნების რიცხვი. ერთ მონასტერში ხუთი, ათი, ხშირად ოცი და ოცდაათიც არის, თუ მონასტერი დიდია. ეს კი მრავალი შფოთისა და განხეთქილების მიზეზი ხდება. ამისთვის ვადგენთ, რომ ამიერიდან შეწყდეს ამგვარი უწესობა. პირველად ამას დავაწესებთ: იმას, ვინც სამღვდელო პირი არ არის, არა აქვს უფლება, იყოს სულის განმკითხველი, რადგან მას ჯერ შეკვრისა და გახსნის უფლება უნდა ჰქონდეს და შემდეგ შეუძლია სულთა განკითხვას მიჰყოს ხელი. ამასთანავე, დიდ მონასტრებში ორ-ორო, ხოლო მცირეში საკმარისია, რომ იყოს თითო მოძღვარი. თუ ვინმე ამ დადგენილებას გადავა, უეჭველად გაიგონოს მან, რომ ჭეშმარიტების გარდამავალთ და ურჩებს, სიცრუის მორჩილებს - რისხვა, სულისწყრომა, ჭირი, გაჭირვება და ა.შ.

კანონი 13

ის წესი, რომლითაც შეკრებილებს დასასხდომად მოუწოდებენ, ამიერიდან ნუღარ იქნება. მონასტერში ნუ მოაწყობენ ერის სავაჭრო შეკრებას, მონასტერში ნურც სხვა სამოქალაქო და ამქვეყნიური წესი შესრულდება, რათა სალოცველი ადგილის ავაზაკთა გამოქვაბულად გადაქცევით თქვენი სულების ”ფარდულები” საღმრთო სიტყვით არ დაიქცეს, როგორც ფულის დამხურდავებელთა ტაბლები (შდრ. მათე 21, 12-13). ამის ჩამდენნი წმინდა მამებისა და კრებათამიერი განკანონების ღირსნი გახდებიან.

კანონი 14

ერთ საკურთხეველთან ერთი და იმავე შესაწირავის შეწირვით მრავალი სულისთვის მრავალი მღვდლის მიერ ჟამისწირვა წესი არ არის და უკუგდებულია, იგი ნუღარსად შესრულდება. კიდევ უფრო დიდი საეპისკოპოსო ეკლესიის ან მონასტრის საკურთხეველზე არ არის წესი ჟამისწირვის შესრულება ვინმე ერთისთვის, არც ცოცხლისთვის, არც მიცვალებულისთვის, აღაპისა და სულის სახსენებლად დაწესებული დღის გარდა. წესია, რომ ჟამისწირვა აღსრულდეს იმ ეკლესიის მაშენებლებისა, შემომწირველებისა და ერთად ცოცხალი და მიცვალებული ყველა ქრისტიანისთვის. ერთი კაცისათვის ან ერთი სულისათვის პატარა სამლოცველოში ან ეკლესიის შტოში ერთმა მღვდელმა უნდა წიროს ჟამი.

კანონი 15

ვინც ხაჩეცართა, სომეხთა ღმრთისმავნებლობით მწვალებლობიდან მართალ და უზაკველ სარწმუნოებას შეუდგება, წმინდა და კათოლიკე ეკლესიას შეუერთდება და შეაჩვენებს ერთბუნებიანთა ბილწ მწვალებლობას, რომელიც ჩვენი ჭეშმარიტი ღმერთის ქრისტეს შესახებ უვიცად ამბობს, რომ იგი არის ერთი ნებისა და ერთი მოქმედებისა, ღმრთეებისა და კაცობისაგან შეზავებული, არც ღმრთაებრივი და არც კაცობრივი, არამედ რაღაც შერეული და უცხო, მათთვის განვაწესებთ ასე: სრულიად ნათელ-სცენ, როგორც წარმართებს, რადგანაც დიდი ეკლესიები, როგორიცაა ანტიოქიის საპატრიარქო საყდარი და სხვა მისი მიმდევარი აღმოსავლეთის ეკლესიები, ასე მოქმედებენ.

კანონი 16

აგრეთვე განვაწესებთ, რომ მართლმადიდებელი მამაკაცი მწვალებელ ან წარმართ დედაკაცს ან დედაკაცი მამაკაცს არ უნდა შეეუღლოს, რადგან ყველა მართლმადიდებელი ღმრთის ტაძარია ჩვენში დამკვიდრებული მისი სულისათვის, ხოლო ყველა ბოროტად მადიდებელი და ყველა არა მადიდებელი - ეშმაკის ტაძარია. არაფერი აქვს საერთო ღმრთის ტაძარს კერპებთან, ბნელს - ნათელთან, მოწმობს საღმრთო მოციქული. ვინც ამიერიდან გაბედავს ამის ქმნას, განკანონებულ უნდა იქნეს ის პირველთქმული კანონით.

კანონი 17

შევიტყვეთ, რომ მრავალი სჩადის ასეთ უწესობას, ეს უფრო ეხება დიდგვაროვან, წარჩინებულ და არა უბრალო კაცებს. ეს უწესობა ხდება კიდით-კიდემდე და არაერთგან: გვირგვინს უკურთხებენ ერთხორცად შესაერთებელ მეუღლეებს და აკურთხევენ დედაკაცის გვირგვინს სხვა უცხო მამაკაცთან და მამაკაცისას - სხვა მამაკაცთანვე. რა უნდა იყოს ამაზე უწესო და უფრო სასაცილო? ეს ხომ სავსებით ჰგავს მარკიონის მოწაფეთა საქციელს, რომლებიც მკვდრის მაგიერ ნათლავენ ცოცხალს. ამგვარად გვირგვინკურთხეულნი, მამაკაციც და დედაკაცის, უნდა ჩაითვალონ მემრუშე ცოლ-ქმრად, რადგან კურთხევისას სხვისი სახელი  იხსენიება და სინამდვილეში კი სხვა არის წარმოდგენილი. რაც შეეხება ორ მამაკაცს, რომლებმაც ერთად იკურთხეს გვირგვინი, ვინ და რა სახელი უნდა მოიგონოს მათთვის, გარდა იმისა, რომ დასცინოს მათ და აბუჩად აიგდოს ასეთი, ჩვენი სჯულისა და კეთილწესიერების, კაცობრივი ქცევისა და ჩვეულების-გარეშე უსჯულოება. ამის გამო ვადგენთ: მათ, ვინც აქამდე ასე არიან კურთხეულნი და მოხუცებულობის ასაკს მიღწეულნი, შევუნდოთ არცოდნის მიზეზით, ხოლო თუ მომავალში სადმე აღმოჩნდებიან ასეთნი, ისინი სჯულიერ ცოლ-ქმრად ნუ ჩაითვლებიან. ამიერიდან ნურავინ გაბედავს ამის ქმნას. თუ სადმე მოხდეს ასეთი რამ, ის ოთხი კურთხეული და ორი მათი მაკურთხეველი მღვდელი, - ექვსივე განკანონებულ იქნენ.

კანონი 18

ღმრთის გამამწარებელი უბილწესი საძაგლობა, სადომელთა ცოდვა, არ ვიცით, როგორ შეეთვისა ამ მოდგმას. მან სულ ჩამოაშორა იგი და გააუცხოვა ღმერთისაგან. ვისთანაც მან განსასვენებელი პოვა, მათთვის ვადგენთ შემდეგს: მრავალგზის, მრავალი მოდგმის მიერ მრავალი და ურიცხვი ცოდვა ყოფილა ჩადენილი, როგორიცაა: მტრობა, შური, სიძულვილი, კაცისკვლა, მრუშობა, ცრუფიცობა, ბოლოს ყოველი ბოროტების საწყისი - კერპთმსახურება და თაყვანისცემის გადატანა დამბადებლიდან დაბადებულთა მიმართ. მაგრამ არც ერთი ამათგანის გამო არ აღელვებულა აუღელვებელი ღმერთი, როგორც თვითონ უთხრა აბრაამს: ”სოდომისა და გომორის ღაღადება მოვიდა ჩემამდე და ჩამოვედი სანახავად, არის თუ არა მათი ღაღადებისამებრ მათი საქმეები” (შდრ. დაბ. 18, 20-21). ამის შემდეგ ნახეთ, თუ რა მოხდა! კაცთათვის ღმრთისაგან სამსახურებლად გაჩენილი ნივთები თავისი ბუნების საწინააღმდეგოდ როგორ შეიცვლიან ბუნებრივ ძალას და უცხო ცოდვის აღსაგველად უცხო ქმედების უნარს შეიძენენ: მუდამ აღმა მოძრავი ეთერის ცეცხლის მსუბუქი ბუნება როგორც რაღაც სქელი და მძიმე, დაღმა ჩამოედინება და მძაფრი წვიმის საშინელებით ჩქეფს, გოგირდთან არეული, რათა დაფერფლოს მრავალი ადამიანის უკეთური სიბილწე. ხოლო ჰაერის ნაზი, თხელი და უფერული ბუნება, რომელიც ცოცხალ არსებათა სუნთქვისა და სიცოცხლის მიზეზია, შეიცვლის თავს ხშირი ალმურის სისქედ, ხელით საძიებელი სიბნელის ფერად და დამახრჩობელ კვამლად, ნიშნად რისხვისა. ამასთან ერთად მიწა - მყარი, მტკიცე და მასზე დამყარებულ სხეულთა მტვირთველი, ვეღარ იტვირთავს მათ საძაგელ სიბილწეს, პირველად შესძრავს თავის საფუძველს, სიღრმიდან ამოდუღებული ჰაერით ამოიტანს თავისი სიმტკიცის საფუძველს და მიწაში ჩააქცევს მათი მაღალი კოშკებისა და ტაძრების სიმაგრეს. შემდეგ გააღებს მანამდე გაუღებელ პირს და ჩაყლაპავს არა არსებებს, არამედ უკვე დამწვარ ძვლებსა და ოდესღაც ადამიანად ყოფილ რაღაც საწყალობელ ნეშტებს. წყალიც უცხოდ და შეცვლილად გამოიყურება მათთვის და აღარ არის შვების მომგვრელი და მოსახმარი. იგი მათი ნეშტის აღსახოცად მოედინება მათეული ქვეყნის მიწაზე, უფრო კი მათ საფლავად ქმნილ ჯოჯოხეთზე, ისე შეცვლილი ბუნებით სხვა წყლებისგან, როგორც ისინი აჭარბებენ სხვა ადამიანებს წრეგადასული სიბილწით. ამ ურჯულოებამ უმრავლესი ქვეყნების დამპყრობელი ასურასტანელთა სამეფო სპარსთა და მიდთა ტყვედ აქცია და სრულიად აღმოფხვრა სახსენებელი არა მხოლოდ მეფისა და ძალაუფლების მქონეთა, არამედ საერთოდ მათი კაცობისა. ამ ცოდვამ სომეხთა დიდი და მსოფლიოს ყველა მხარეში ხმაგავარდნილი მოდგმა, მათი სამეფოთი და მთავრებით, არა მარტო დაამხო და დაამდაბლა, არამედ სულ მოსპო კაცთა შორის მათი სახელი. დღეს ვერ იპოვი მათ შორის ვერც მეფესა და ვერც მთავარს, რომელსაც დაუმონებელი თავისუფლება ჰქონდეს, მთელი დედამიწა რომ მოიაროთ. ამ სიბილწემ სპარსელთა მაღალი და რომის სამეფოს მარად მოწინააღმდეგე სამფლობელო მხეცის ბუნების მქონე ავაზაკი კაცების თავდასხმებით მიწამდე დაამდაბლა და აქამდე მათი ძალადობის მორჩილად დატოვა.

არ ვიცით, თუ საიდან შემოაღწია ამ უკეთურებამ ქრისტეს მოღვაწედ სახელდებულ ერში: ”რაჲ ზიარებაჲ იყო ბელიარისი ქრისტეს თანა?” (II კორ. 6,15), რომ უცხო ტომთა ხელში ჩავარდნით და მათი მახვილის მოქმედებით ისრაელის ნეშტიღა დაგვრჩა. თუ დავრჩით იმავე უკეთურებაზე, ვაი ჩემდა, თუ დავდუმდი და აღარ ვთქვი ეს ძნელი სათქმელი, ყველასთვის რომ ცხადია. ჩვენც ხომ უნდა მოვერიდოთ მას. ამისთვის ვამცნებთ ყველას - დიდსა და მცირეს, მდიდარსა და ღარიბს, მეფესა და მთავარს, აზნაურსა და მდაბიოს, მღვდელსა და არამღვდელს, მოწესესა და ერისკაცს, მოხუცს, ახალგაზრდას და შუახნის კაცს, ყველა თანამდებობას, დასს, ჯგუფს, ყველა ასაკს - განუდგეს ამ ყველა ვნებაზე უფრო საძაგელ სიბილწეს და ასე განვამტკიცებთ ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელით: ყველა მართლმადიდებელ ქრისტიან, ამ სიტყვათა მსმენელ სულს, რომელიც ამ ძეგლის წაკითხვის შემდეგ არათუ მარტო არ მიატოვებს სოდომური ცოდვის სიბილწეს და საქმით არ მოიმოქმედებს ამას, არამედ თუნდაც ხუმრობით და სიტყვით იტყვის რაღაც საამისოს, ამის გამომხატველ და მიმსგავსებულ სიტყვას და საქმეს წარმოაჩენს, უთუოდ თავს დაატყდება ამ საწუთროში საშინელება და ცოცხლად ჯოჯოხეთში ჩამგდები რისხვა, გოგირდში არეული სოდომური ცეცხლის მსგავსად. ხოლო იმქვეყნად ამ ცოდვის ჩამდენს მიიღებს იგი, ვინც დადის უფლის წინაშე და სწვავს ირგვლივ ღმერთის მტრებს. ხორცის სიყვარული ღმრთის მტრობაა და ვინც გახრწნის ღმრთის ტაძარს, მას ღმერთი გახრწნის. ამასთან ერთად ჩვენგან, საღმრთო მონობის ღირსქმნილი უღირსი მონებისაგან, ვაი ჩვენდა, ისინი დაიმკვიდრებენ არა კურთხევას, არამედ საუკუნო შერცხვენასა და მხილებას.

კანონი 19

ერთმანეთის პატივით თაყვანისცემის მიზეზად ჩვენ შორის მყოფი ღმრთის ხატება არის აღსარებული და ქადაგებული ჩვენს დიდ მოძღვართა და მამათა მიერ. ცხადია, ღმრთის ხატის თაყვანისმცემელი ღმერთს სცემს თაყვანს მისი საშუალებით და ღმრთის ხატის მაგინებელიც ღმერთს აგინებს უეჭველად, როგორც წერს ამას წმინდათა შორის დიდი ბასილი.

ამიტომ ვადგენთ, რომ ეს ღმრთის შემაწუხებელი და შეურაცხმყოფელი ცოდვა სრულიად მოისპოს ყველა ენისა და ჩვენი მოდგმისაგან და ვინც ამიერიდან შეაგინოს თავისი სული, გონება და პირი ზემოთქმული უსახური გინებით, ისიც განკანონებულ იქნეს.


--------------------------------------------------------------------------------------------

* იგულისხმება სოფიაწმიდის (კონსტანტინეპოლში) ტაძარში შეკრებილი ადგილობრივი კრება, რომელმაც დაამტკიცა VII მსოფლიო კრება.

 

"დიდი სჯულის კანონი" - თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ

ახალქართული ვერსია მოამზადეს მანანა დოლაქიძემ და გულნარა ნინუამ

თბილისი, 2009

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 21 October 2011 21:55)