Georgian (Georgia)English (United Kingdom)

კანონი 1


სამართლიანად ვაღიარებთ დღემდე ჩატარებულ ყოველ კრებაზე წმინდა მამების მიერ დამტკიცებულ კანონებს და მათ მტკიცედ დაცვას ვბრძნაბეთ.

(ტრულ. 2; VII მსოფლ. 1; კართ. 1).

 

კანონი 2


ეპისკოპოსი, რომელიც ფულის სანაცვლოდ მოახდენს ხელდასხმას და, მადლს, რომელიც არ იყიდება, სავაჭრო საგნად აქცევს: ეპისკოპოსს, ქორეპისკოპოსს, მღვდელს ან დიაკონს ან დასის სხვა წევრს ქრთამით დაადგინებს; საძაგელი ანგარებით აკურთხევს ვინმეს ეკონომოსად, ეკდიკად, დეკანოზად ან საერთოდ რაიმე საეკლესიო თანამდებობაზე, - ასეთ საქმეებში მხილებულ, ან თუნდაც მცდელობაში შემჩნეულ ეპისკოპოსს, ხარისხი უნდა აეყაროს; მის მიერ ამ გზით დადგინებული პირი კი ნაყიდი ხელთდასხმისა და დადგინების გარეშე დარჩეს, ჩამოერთვას ფულით შეძენილი პატივი და წოდება. შუამავლის მიმართ კი (თუ ასეთი აღმოაჩინეს) ვადგენთ: სამღვდელო პირი ხარისხიდან განიკვეთოს, ხოლო ერისკაცი, ან მონაზონი ანათემას გადაეცეს.

(მოც. 29; ტრულ. 22,23; VII მსოფლ. 4,5,15,19; ლაოდ. 12; სარდიკ. 2; ბასილი დიდი 90; გენადის ეპისტ.; ტარასის ეპისტ.).

კანონი 3


წმინდა კრებისათვის ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთი სამღვდელო პირი, ანგარების მიზნით, სხვათა მიწის იჯარით შესყიდვასა და საერო საქმეების წარმართვას ცდილობს; ღვთისმსახურებას გულგრილად ეკიდება, ერისკაცთა სახლებს ხშირად სტუმრობს  და ვერცხლისმოყვარეობით შეპყრობილი, მათი ქონების მართვასაც კისრულობს. ამიტომ წმინდა და დიდი კრება განაჩინებს: ამიერიდან ეპისკოპოსმა, კლერიკოსმა და მონაზონმა იჯარით მიწა აღარ აიღოს და საერო საქმეებს საერთოდ განეკრძალოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანონის თანახმად ისინი ვალდებულნი იქნებიან მცირეწლოვნებს მზრუნველობა გაუწიონ, ანდა თუ მთავარეპისკოპოსი დაავალებს საეკლესიო საქმეების მიხედვას, ან უმწეო ქვრივ-ობლებზე მზრუნველობას და, საერთოდ, ისეთი პირების დახმარებას, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ ეკლესიისაგან ყურადღებას. ვინც ამ განჩინების დარღვევას გაბედავს, საეკლესიო განკანონებით დაისაჯოს.

(მოც. 20,81,83; IV მსოფლ. 7; VII მსოფლ. 10; კართ. 16; ორგზ. 11).

კანონი 4


სათანადო პატივი უნდა მიეგოს იმას, ვინც ჭეშმარიტად და გულწრფელა მოღვაწეობს სამონაზვნო ცხოვრებაში. იმ პირთა მიმართ კი, რომლებიც მხოლოდ მოსაჩვენებლად იცვამენ სამონაზვნო სამოსელს, ეკლესიაში კი შფოთი შემოაქვთ და სამოქალაქო საქმეებსაც ხელს უშლიან, თვითნებურად გადადიან ქალაქიდან ქალაქში და იმდენად გაკადნიერდნენ, რომ საკუთარი მონასტრის აშენებასაც კი ბედავენ, განვაჩინებთ: ქალაქის ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე არსად დაარსონ და ააშენონ მონასტერი ან სამლოცველო სახლი. მონაზვნები კი, რომელ ქალაქში და მხარეშიც არ უნდა იყვნენ, ეპისკოპოსს უნდა ექვემდებარებოდნენ, მდუმარება დაიმარხონ, მარხვითა და ლოცვით დაკავდნენ და განუშორებლად იმ ადგილებში იღვაწონ, სადაც ამქვეყნიური ცხოვრებიდან გასვლის აღთქმა დადეს; არ ჩაერიონ არც საეკლესიო და არც საერო საქმეებში და მათში მონაწილეობის მისაღებად მონასტრები არ დატოვონ, საიდანაც გამოსვლა მათ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ქალაქის ეპისკოპოსის ნებართვით შეუძლიათ. გარდა ამისა, მონასტერში და, მით უმეტეს მონაზვნად, არ უნდა იქნეს მიღებული მონა თავისი ბატონის ნებადაურთველად. ამ განჩინების დამრღვევთათვის ეკლესიასთანჰ ერთობიდან განკანონებას ვაწესებთ, რათა არ დაიგმოს ღმერთის სახელი. ქალაქის ეპისკოპოსს კი მონასტრებზე სათანადო ზრუნვა ევალება.

(მოც. 82; IV მსოფლ. 24; ტრულ. 40-49,85; VII მსოფლ. 17-21; ღანგ. 3; კართ. 63; ორგზ. 1-7).


კანონი 5


ვბრძანებთ: ქალაქიდან ქალაქში მიმავალი ეპისკოპოსებისა და კლერიკოსების მიმართ, წმინდა მამათა მიერ დადგენილი კანონები ძალაში დარჩეს.

(მოც. 14,15; I მსოფლ. 15,16; IV მსოფლ. 10,20,23; ტრულ. 17,18; ანტიოქ. 13,21; სარდიკ. 15,16; კართ. 54,90).

კანონი 6


გადაჭრით ვაცხადებთ: არავინ იყოს ხელთდასხმული ზოგადად, არც მღვდელი, არც სხვა ქვემო საფეხურის საეკლესიო წოდების პირი, არამედ დაწესებით რომელიმე ქალაქის ან სოფლის ეკლესიაში, ან სამარტვილო ტაძარში, ან მონასტერში. ზოგადად ხელთდასხმულთა შესახებ წმინდა კრება განაჩინებს: მათი მსახურება დაუშვებელია და მათი ხელთდასხმა უკანონოდ ჩაითვალოს, მათი ხელთდამსხმელის სამარცხვინოდ.

(მოც. 15; I მსოფლ. 15,16; ნეოკეს. 13).

კანონი 7


ვინც ერთხელ სამღვდელო დასში დაეწესა, ან მონაზვნად აღიკვეცა, მათ შესახებ განვაჩინებთ, რომ ისინი სამხედრო სამსახურში არ უნდა შევიდნენ, არც საერო პატივს დაუბრუნდნენ. ვინც ამ კანონის საწინააღმდეგოდ მოიქცევა და სინანულით კვლავ არ მიუბრუნდება იმას, რაც მანამდე ღმერთისთვის აირჩია, შეჩვენებულ იქნეს.

(მოც. 6,20,81,83; IV მსოფლ. 3,16; ტრულ. 21; VII მსოფლ. 10; კართ. 16; ორგზ. 11).

კანონი 8


საგლახაკოს, მონასტრისა და სამარტვილოს კლერიკოსები, წმინდა მამების გადმოცემისამებრ, შესაბამისი ქალაქის ეპისკოპოსის დაქვემდებარებაში უნდა იყვნენ და ნუ გაკადნიერდებიან იმდენად, რომ მისი მმართველობიდან გამოვიდნენ. ვინც ამ განჩინებას დაარღვევს (რა ფორმითაც არ უნდა იყოს) და თავის ეპისკოპოსს არ დაემორჩილება: კლერიკოსი არსებული კანონების შესაბამისად დაისაჯოს, ხოლო მონაზონი, ან ერისკაცი, ეკლესიასთან ერთობიდან განკანონდეს.

(I მსოფლ. 15,16; IV მსოფლ. 6,10).


კანონი 9


თუ რომელიმე კლერიკოსს სამართლებრივი დავა ექნება სხვა კლერიკოსთან, გვერდს ნუ აუვლის თავის ეპისკოპოსს და სამოქალაქო სასამართლოს ნუ მიმართავს. თავდაპირველად თავის ეპისკოპოსთან აწარმოოს საქმე, ან მისი ნებართვით ორივე მხარის მიერ არჩეულმა პირებმა შეადგინონ სასამართლო. ხოლო ვინც ამის საწინააღმდეგოდ მოიქცევა, კანონის ძალით დაისაჯოს; თუ კლერიკოსს თავის, ან სხვა ეპარქიის ეპისკოპოსთან აქვს სამართლებრივი დავა, მაშინ სამთავროს კრებამ გადაწყვიტოს; ხოლო თუ მიტროპოლიტის უკმაყოფილო იქნება ეპისკოპოსი ან კლერიკოსი, მაშინ დიდი სამთავროს ეგზარქოსს მიმართოს, ან კონსტანტინოპოლის სამეუფო საყდარს და მის წინაშე გასამართლდეს.

(მოც. 74,75; I მსოფლ. 6; II მსოფლ. 6; IV მსოფლ. 17,19,21,28; ტრულ. 8; ანტიოქ; 14,15,20; ლაოდ. 40; სარდიკ. 4; კართ. 8.10.11.12.15.18.19.53.59.104.107.128.129.130.132).

კანონი 10


კლერიკოსს არა აქვს უფლება ერთდროულად ორი ქალაქის ეკლესიაში ირიცხებოდეს, ე.ი. იქ, სადაც თავიდან იქნა ხელთდასხმული და, იმავდროულად, სხვაგან, სადაც ის გადავა როგორც უმეტესში - ამაო დიდების სურვილით. ვინც ასე მოიქცევა, დაბრუნებულ იქნეს საკუთარ ეკლესიაში, სადაც თავდაპირველად ხარისხი მიანიჭეს და მხოლოდ იქ იმსახუროს; ხოლო თუ ვინმე ერთი ეკლესიიდან მეორეში გადაიყვანეს, მაშინ მას აღარაფერი ესაქმება პირველ ეკლესიასთან, არც მასზე დაქვემდებარებულ სამარტვილო ტაძრებთან, საგლახაკოებთან თუ მწირთა თავშესაფრებთან. ვინც გაკადნიერდება და ამ დიდი და მსოფლიო კრების დადგენილების შემდეგაც ჩაიდენს აკრძალულ ქმედებას, მათ მიმართ კრება ხარისხიდან განკვეთას განაჩინებს.

(მოც. 15; I მსოფლ. 15,16; IV მსოფლ. 5,20,23; ტრულ. 17,18; ანტიოქ. 3; სარდიკ. 15,16; კართ. 54,90).


კანონი 11


განვაჩინებთ, რომ ყველა უქონელსა და დახმარების მთხოვნელს, როდესაც მათ სადმე გამგზავრება სურთ, მათი სიღატაკის დადასტურების შემთხვევაში ეკლესიიდან მხოლოდ სამშვიდობო ეპისტოლე მიეცეთ და არა - დასამტკიცებელი, რამეთუ დასამტკიცებელი ეპისტოლე უნდა გაიცეს მხოლოდ იმ პირზე, რომლებიც შეძლება ეჭქვეშ აღმოჩნდნენ.

(მოც. 12,13,22,23; IV მსოფლ. 13; ტრულ. 17; ანტიოქ. 6,7,8,11; ლაოდ. 41,42; სარდიკ. 7,8,9; კართ. 23,106).

კანონი 12


შევიტყვეთ, რომ საეკლესიო დადგენილების მიუხედავად, ზოგიერთი ეპისკოპოსი საერო ხელისუფლებას მიადგა და პრაგმატული დასაბუთებით ერთიანი სამთავროს ორად გაყოფა მოახერხა, რათა ამგვარად ერთ სამთავროში ორი მიტროპოლიტი ყოფილიყო. ამიტომ წმინდა კრებამ განაჩინა: მომავალში ეპისკოპოსმა მსგავსი არაფერი მოიმოქმედოს, ხოლო ვინც შეეცდება, თავისი ხარისხიდან განიკვეთოს, ქალაქმა კი, რომელიც სამეფო ბრძანებულებით მიტროპოლიის სახელით იქნება პატივდებული, მხოლოდ ამ პატივით ისარგებლოს, ანუ დედაქალაქის ყველა უფლებით; მისმა მმართველმა ეპისკოპოსმაც მხოლოდ მიტროპოლიტის პატივით ისარგებლოს.

(მოც. 34; I მსოფლ. 6,7; II მსოფლ. 2,3; III მსოფლ. 8; IV მსოფლ. 28; ტრულ. 36,38).

კანონი 13


უცნობი კლერიკოსის მსახურებაზე დაწესება, მისი ეპისკოპოსისაგან გაცემული განსატევებელი წიგნის გარეშე, საერთოდ არსად შეიძლება.

(მოც. 12,13,32,33; IV მსოფლ. 11; ტრულ. 17).

კანონი 14


რადგან ზოგიერთ ეპარქიაში წიგნის მკითხველებისა და მგალობლებისათვის ქორწინება ნებადართულია, წმინდა კრებამ განაჩინა: მათგან არავის აქვს უფლება სხვა რჯულის აღმსარებელი მოიყვანოს ცოლად; თუ ისინი უკვე იმყოფებიან ასეთ ქორწინებაში, ჰყავთ შვილები, რომლებიც მწვალებლუირად არიან მონათლულნი, მაშინ უნდა მოხდეს მათი კათოლიკე ეკლესიაში მოქცევა; ხოლო თუ შვილები ჯერ არ არიან მონათლულნი, არ უნდა მოხდეს მათი მონათვლა მწვალებლებთან, არც მათი შეუღლება შეიძლება მწვალებლებთან, იუდეველებთან, ან წარმართებთან. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, როცა ის პიროვნება, რომელიც მართლმადიდებელთან ქორწინდება, მართლმადიდებლურ რწმენაში მოქცევის პირობას დადებს. წმინდა კრების ამ განჩინების დამრღვევი, კანონის შესაბამის ეპიტიმიას ექვემდებარება.

(მოც. 26,45,65; ტრულ. 6,72; ლაოდ. 10,31-34, 37,39; კართ. 21).

კანონი 15


ქალის ქიროტესირება დედათდიაკვნად შესაძლებელია არა ნაკლებ ორმოცი წლის ასაკში, თანაც გულდასმითი გამოცდის შემდეგ. დედათდიაკონი, რომელიც რამდენიმე ხანს მსახურებაში დაჰყოფს და შემდეგ დაქორწინდება, მასთან შეუღლებულ პირთან ერთად ანათემას გადაეცეს - როგორც ღვთაებრივი მადლის შეურაცხმყოფელი.

(I მსოფლ. 19; ტრულ. 14,40; ბასილი დიდი 44).

 

კანონი 16


ქალწულმა, რომელმაც უფალ ღმერთს შესწირა თავი, ისევე როგორც მონოზონმა, აღარ უნდა იქორწინოს. თუ ვინმე ამას ჩაიდენს, ეკლესიასთან ერთობა აეკრძალოს; თუმცა, ამასთანავე, ვადგენთ: ადგილობრივ ეპისკოპოსს მიეცეს ასეთ პირთა მიმართ კაცთმოყვარეობის გამოვლინების სრული უფლება.

(IV მსოფლ. 7; ტრულ. 44,46,47; ანკვ. 19; ბასილი დიდი 6,18,19,20,60).

კანონი 17


თითოეულ ეპარქიაში, სოფლებსა თუ დაბებში არსებული სამრევლოები უცვლელად უნდა დარჩნენ მათი მმართველი ეპისკოპოსების ხელისუფლების ქვეშ, მით უფრო, თუ ისინი ოცდაათი წლის მანძილზე დავის გარეშე წინამძღვრობდნენ და მართავდნენ აღნიშნულ სამრევლოებს; ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ოცდაათწლიანი ვადის გასვლამდე რაიმე დავას ჰქონდა ან ექნება ადგილი სამრევლოთა განმგებლობის თაობაზე, მაშინ ვინც თავს განაწყენებულად ჩათვლის, ამის შესახებ სარჩელი აღძრას სამთავრო კრების წინაშე; ვინც თავისი მიტროპოლიტის მხრიდან დაიჩაგრება, შეუძლია მიმართოს დიდი სამთავროს ეგზარქოსის, ანდა კონსტანტინოპოლის საყდრის სამსჯავროს; ხოლო, თუ ხელისუფლების ძალისხმევით რომელიმე ქალაქი იქნება დაბრუნებული, ან შემდგომში დაბრუნდება, მაშინ საეკლესიო სამრევლოების დანაწილება, დაე, სამოქალაქო და საერო წესით დადგენილ ტერიტორიულ დაყოფას შეესაბამებოდეს.

(I მოსფლ. 6; ტრულ. 25; და ყველა პარალელური ადგილი, რომლებიც მოყვანილია IV მსოფლ. კრების მე-9 კან.).

კანონი 18


თანამზრახველობითი დანაშაული ან ბრბოს თავშეყრა შეთქმულების მიზნით, გარეშე [სამოქალაქო] კანონებითაც იკრძალება; მით უფრო დაუშვებელია მსგავსი ქმედება საღვთო ეკლესიაში, - ნუ იყოფინ! თუ რომელიმე კლერიკოსი ან მონაზონი ბოროტთანამზრახველობასა და შეთქმულებაში იქნება მხილებული, ანდა, ეპისკოპოსის ან თანამოძმის წინააღმდეგ ვერაგობაში, სრულიად განიკვეთოს თავისი ხარისხიდან.

(მოც. 31; II მსოფლ. 6; III მსოფლ. 3; ტრულ. 31,34; ღანგ. 6; სარდ. 14; ანტიოქ . 5; კართ. 10,11; ორგზ. 13,14,15).

კანონი 19


ჩვენს ყურამდე მოაღწია, რომ სამთავროებში კანონებით დადგენილი ეპისკოპოსთა კრებები არ ტარდება, რის გამოც ბევრი საეკლესიო საქმე, რომელიც გადაჭრას საჭიროებს, უგულებელყოფილია. ამიტომ წმინდა კრება განაწესებს: თითოეულ სამთავროში წელიწადში ორგზის შედგეს ეპისკოპოსთა კრება და გადაიჭრას ყველა წარმოჩენილი საკითხი, შეკრების ადგილი მიტროპოლიტმა განსაზღვროს. იმ ეპისკოპოსებს კი, რომლებიც კრებაზე არ გამოცხადდებიან, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისათვის თავიანთ ქალაქებში იქნებიან, სრულიად ჯანმრთელნი და ყოველგვარი აუცილებელი და გადაუდებელი საქმეებისაგან თავისუფალნი, ძმური სიყვარულით გულისწყრომა გამოეცხადოთ.

(მოც. 34,37; I მსოფლ. 5; II მსოფლ. 2; ტრულ. 8; VII მსოფლ. 6; ანტიოქ. 20; ლაოდ. 40; კართ. 18,73).

კანონი 21


გარკვეულ ეკლესიას მიკუთვნებულ კლერიკოსებს, როგორც უკვე დავადგინეთ, არა აქვთ სხვა ქალაქის ეკლესიაში დაწესების უფლება; ისინი უნდა დაკმაყოფილდნენ იქ მსახურებით, სადაც თავიდანვე გახდნენ ამის ღირსნი, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როცა ვინმე თავის სამშობლოს დაკარგავს და იძულებით გადავა სხვა ეკლესიაში. თუ ეპისკოპოსმა ამ დადგენილების შემდეგ სხვა ეპისკოპოსის კლერიკოსი მიიღოს, ჩვენი განჩინების თანახმად ორივე განიკვეთოს ეკლესიასთან ერთობიდან, შეწყნარებულიცა და შემწყნარებელიც, სანამ კლერიკოსი თავის ეკლესიას არ დაუბრუნდება.

(მოც. 15; I მსოფლ. 15,16; IV მსოფლ. 5,10,23; ტრულ. 17,18; ანტიოქ. 3; სარდიკ. 15,16; კართ. 54,90).

კანონი 21


სასულიერო პირთა, ან ერისკაცთაგან, რომლებიც ეპისკოპოსებს ან მღვდლებს უჩივიან, არ უნდა იყოს საჩივარი მარტივად და გამოუძიებლად მიღებული, არამედ წინასწარ მოხდეს მომჩივან პირთა შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა.

(მოც. 74; II მსოფლ. 6; IV მსოფლ. 9; კართ. 8,11,12,13,30,128,129).

კანონი 22


სასულიერო პირებს ეკრძალებათ თავიანთი ეპისკოპოსის სიკვდილის შემდეგ მისი კუთვნილი ნივთების მითვისება, როგორც ეს აკრძალულია ძველი კანონებითაც (მოც. მე-40 კან.); ამის ჩამდენი, თავის თავს ხარისხიდან განკვეთის საშიშროების წინაშე აყენებს.

(მოც. 40; ტრულ. 35; ანტიოქ. 24; კართ. 22,26,81).

კანონი 23


წმინდა კრების ყურებამდე მოაღწია, რომ ზოგიერთი კლერიკოსი და მონაზონი თავისი ეპისკოპოსის დავალების გარეშე, ზოგი კი მის მიერ ზიარებისაგან განყენებულიც, მიდის სამეფო ქალაქ კონსტანტინოპოლში და იქ დიდხანს ცხოვრობს, თესავს შფოთს, არღვევს ეკლესიის სიმშვიდეს და ზოგიერთი პირის სახლეულობასაც კი აწუხებს. ამის გამო კრებამ განაჩინა: თავდაპირველად წმინდა კონსტანტინოპოლის ეკლესიის ეკდიკმა შეახსენოს ასეთ სასულიერო პირს კანონი და მოსთხოვოს მას სამეფო ქალაქიდან წასვლა, ხოლო თუ ეყო უსირცხვილობა და არ დამორჩილდა, მაშინ იმავე ეკდიკის მიერ, ძალით იქნეს გაძევებული და თავის ადგილზე დაბრუნებული.

(მოც. 15; I მსოფლ. 15,16; IV მსოფლ. 5,10,20; ტრულ. 17,18; ანტიოქ. 3,11; სარდიკ. 7,8,9,15,116; კართ. 54,75,97).

კანონი 24


ეპისკოპოსის ნებით ერთხელ ნაკურთხი მონასტერი, სამუდამოდ მონასტრად დარჩეს; მისი კუთვნილი ქონება დაცულ იქნეს და მომავალში არადროს გადაკეთდეს ერისკაცთა საცხოვრებლად. ხოლო ვინც ამას დაუშვებს, კანონის შესაბამის სასჯელს დაექვემდებაროს.

(IV მსოფლ. 4; ტრულ. 49; VII მსოფლ. 13,17; ორგზ. 1; კირილე ალექს. 2).

კანონი 25


რადგანაც ზოგიერთი მიტროპოლიტი, როგორც შევიტყვეთ, უგულებელყოფს მასზე მინდობილ სამწყსოს ინტერესებს და აჭიანურებს ეპისკოპოსის დადგინებას, ამიტომ წმინდა კრებამ განაწესა: ეპისკოპოსის ხელთდასხმა უნდა მოხდეს სამი თვის განმავლობაში, თუ გარდაუვალი საჭიროება არ მოითხოვს ამ ვადის გაგრძელებას. ვინც ასე არ მოიქცევა, საეკლესიო ეპიტიმიით დაისჯება. გარდა ამისა, დაქვრივებული ეკლესიის შემოსავალი ხელშეუხებლად იქნეს დაცული ეკონომოსის მიერ.

(მოც. 58; ტრულ. 19,35; სარდიკ. 11,12; კართ. 17,121,123; ორგზ. 17).

კანონი 26


რადგან, ზოგიერთ ეკლესიაში, როგორც ჩვენ გავიგეთ, საეკლესიო ქონებას ეპისკოპოსები განაგებენ ეკონომოსის გარეშე, ამიტომ დავადგინეთ, ყველა ეკლესიას, რომელსაც ეპისკოპოსი ჰყავს, ეკონომოსიც უნდა ჰყავდეს საკუთარი დასიდან, რომელმაც საეკლესიო ქონება უნდა განაგოს თავისი ეპისკოპოსის ნებისამებრ, რათა საეკლესიო მშენებლობა მოწმის გარეშე არ მიმდინარეობდეს, ამ მიზეზით არ განიავდეს ქონება და სამღვდელოების განკითხვის საბაბი არ გაჩნდეს. ვინც ასე არ მოიქცევა, დამნაშავე იქნება საღვთო კანონების თანახმად.

(მოც. 38,41; IV მსოფლ. 25; ტრულ. 35; VII მსოფლ. 11,12; ანკვირ. 15; ღანგ. 7,8; ანტიოქ. 24,25; კართ. 26,33; ორგზ. 7; თეოფილე ალექს. 10; კირილე ალექს. 2).

კანონი 27


მათ მიმართ, ვინც ქალს მოიტაცებს შეუღლების მიზნით, ან მომტაცებლის ხელშემწყობი იქნება, ანდა, მომტაცებელთა მრჩეველი, წმინდა კრება ადგენს: თუ ეს პირები კლერიკოსები იქნებიან, პატივი აეყაროთ, ხოლო თუ ერისკაცები - შეჩვენებულ იქნენ.

(მოც. 67; ტრულ. 92; ანკვ. 11; ბასილი დიდი. 22,25,26,30,36,42).

კანონი 28


მივყვებით რა ყველა საკითხში წმინდა მამათა განწესებებს, ვაღიარებთ ამჟამად წაკითხულ კანონს ას ორმოცდაათი ღვთისსათნომყოფელ ეპისკოპოსთაგან, რომლებიც კონსტანტინოპოლში, ახალ რომად წოდებულ ქალაქში იყვნენ შეკრებილნი ნეტარხსენებული იმპერატორის, თეოდოსის ზეობისას; ჩვენც იგივეს განვაჩინებთ, და ვამტკიცებთ კონსტანტინოპოლის, ამ ახალი რომის წმინდა ეკლესიის უპირატესობას. რადგან, ძველი რომის საყდარს მამებმა სამართლიანად მიანიჭეს უპირატესობა, რამეთუ ის სამეფო ქალაქი იყო, იმავე აზრით აღძრულმა ას ორმოცდაათმა ღვთისსათნომყოფელმა ეპისკოპოსმაც მისი თანაბარი უპირატესობა მიანიჭა ახალი რომის წმინდა საყდარს, განსაზღვრეს რა სამართლიანად, რომ ქალაქი, რომელსაც პატივი ერგო ყოფილიყო მეფისა და სენატის ადგილსამყოფელი და ძველ სამეფო ქალაქ რომის თანასწორი უპირატესობა მიეღო, საეკლესიო საქმეებშიც მის მსგავსად განდიდდება და მის შემდეგ მეორე იქნება. მხოლოდ ამიტომ პონტოს, აზიისა და თრაკიის სამთავროების მიტროპოლიტები, ასევე აღნიშნული სამთავროების უცხოტომელთა ეპისკოპოსები, უნდა დადგინდნენ კონსტანტინოპოლის ეკლესიის წმინდა საყდრის მიერ; შესაბამისად, ზემოდასახელებული სამთავროების თითოეულმა მიტროპოლიტმა სამთავროს ეპისკოპოსებთან ერთად უნდა დაადგინონ ეპარქიის ეპისკოპოსები, როგორც ეს საღვთო კანონებით არის დაწესებული; ხოლო თავად მიტროპოლიტები, ზემოთ დასახელებული სამთავროებისა, როგორც უკვე ითქვა, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის მიერ დგინდება, ოღონდ, ჩვეულებისამებრ, მისი გამორჩევა წინასწარ უნდა მოხდეს ერთსულოვნად და შემდეგ წარედგინოს მას ხელთდასხმისათვის.

(მოც. 34; I მსოფლ. 4,6,7; II მსოფლ. 2,3; III მსოფლ. 8; IV მსოფლ. 9,17; ტრულ. 36,39; ანტიოქ. 9).

კანონი 29


ეპისკოპოსის სამღვდელო ხარისხში დამცრობა მკრეხელობაა; თუ რაიმე სამართლიანი ბრალდება მას საეპისკოპოსო მსახურებიდან განაყენებს, მაშინ მან სამღვდელო ადგილიც არ უნდა დაიკავოს, ხოლო თუ ყოველგვარი დანაშაულის გარეშეა თავისი ღირსებიდან გადაყვანილი, მაშინ დაუყოვნებლივ იქნეს აღდგენილი საეპისკოპოსო პატივში.

(ტრულ. 3,26; ანკვირ. 1,2; ნეოკეს. 9; ბასილი დიდი 27,70).

კანონი 30


რადგან კეთილკრძალულმა ეგვიპტელმა ეპისკოპოსებმა დღეს თავი შეიკავეს მთავარეპისკოპოს ლეონის ეპისტოლეზე ხელმოწერისაგან, იმ მიზეზით კი არა, რომ ეწინააღმდეგებიან კათოლიკე რწმენას, არამედ ეგვიპტის სამთავროში არსებული ჩვეულებიდან გამომდინარე - რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ არაფერი გააკეთონ თავიანთი ეპისკოპოსის კურთხევისა და განწესების გარეშე - და ამიტომ ითხოვენ მათი მხრიდან ხელმოწერის გადავადებას დიდი ქალაქის, ალექსანდრიის მომავალი ეპისკოპოსის დადგინებამდე, ჩვენ სამართლიანად და სათნო საქმედ მიგვაჩნია, დავტოვოთ ისინი თავიანთი ხარისხით სამეფო ქალაქში და მოკლე ვადა მივცეთ დიდი ქალაქის, ალექსანდრიის ეპისკოპოსის დასადგინებლად. ხოლო, ვინაიდან საკუთარ ხარისხში რჩებიან, წარმოადგინონ თავდებნი, თუ მათ ეს შეუძლიათ, ან ფიცი დადონ და ამით ეჭვი განაქარვონ.

(მოც. 6,20,25,34,81; ანტიოქ. 9; სარდ. 7; ბასილი დიდი 10,64,82).

 

კანონები მოტანილია წიგნიდან: "მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები

ეპისკოპოს ნიკოდიმის (მილაში) განმარტებებით".

რუსულიდან თარგმნა ვლადიმერ ჩხიკვაძემ

თბილისი, 2007

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:14)